პროფესორი კლიმენტი აჩელაშვილი – მეცნიერი, პედაგოგი და მაღალი პიროვნული კულტურის ადამიანი

თარიღი: 2026-10-27 17:33:10

ზოგიერთი პედაგოგი ცოდნით გვამახსოვრდება, ზოგი პიროვნული კულტურით, გამორჩეულები კი ამ ორი თვისების იშვიათი ერთიანობით. წლების გასვლის შემდეგ ვაცნობიერებთ, რომ ნამდვილი პედაგოგის მნიშვნელობა მხოლოდ გადაცემული ცოდნით არ განისაზღვრება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ გვასწავლის აზროვნებას, გვიღვივებს ინტერესს, გვაძლევს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და გვაგრძნობინებს, რომ თითოეული სტუდენტი პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებს.

პროფესორი კლიმენტი აჩელაშვილი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. ჩემთვის იგი ერთდროულად გახლდათ პედაგოგი, რომლისგანაც ეკონომიკურ აზროვნებას ვსწავლობდით, მეცნიერი, რომლის პროფესიონალიზმი პატივისცემას იწვევდა, და პიროვნება, რომლის კეთილგანწყობა, თავმდაბლობა და ურთიერთობის კულტურა წლების შემდეგაც განსაკუთრებული სითბოთი მახსენდება. მისი დაბადებიდან 85 წლისთავი ჩემთვის არა მხოლოდ გამოჩენილი ქართველი ეკონომისტის სამეცნიერო მემკვიდრეობის გახსენების, არამედ იმ მასწავლებლისთვის მადლობის თქმის შესაძლებლობაცაა, რომელმაც თავისი ლექციებითა და პიროვნული მაგალითით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩემს პროფესიულ და პირად მეხსიერებაში.

ლექციები, რომლებიც პროფესიული და პიროვნული ზრდის საშუალებას გვაძლევდა

მესამე კურსზე კვირაში ექვსი საათი გვქონდა ბატონი კლიმენტის ლექციები. ერთი შეხედვით, ასეთი დატვირთვა საკმაოდ სერიოზული უნდა ყოფილიყო, მაგრამ აუდიტორიაში შექმნილი ატმოსფერო მის ლექციებს განუმეორებელ ხიბლს აძლევდა! დღესაც განსაკუთრებული სიცხადით მახსენდება, როგორ ჰარმონიულად უთავსებდა ერთმანეთს ეკონომიკას, მათემატიკას, ლოგიკურ მსჯელობას, ანალიზსა და დისკუსიას. ეს არ იყო მხოლოდ სასწავლო მასალის თანმიმდევრული გადმოცემა. ლექციის პროცესში ეკონომიკური მოვლენა, მათემატიკური მეთოდი და ლოგიკური დასკვნა ბუნებრივად ერთიანდებოდა.

ბატონი კლიმენტი მიგვანიშნებდა, რომ ეკონომიკა მხოლოდ თეორიებისა და ფორმულების ერთობლიობა არ არის. იგი აზროვნების განსაკუთრებული წესია, რომელიც მოვლენებს შორის კავშირების დანახვას, მიზეზებისა და შედეგების გააზრებას, არგუმენტების შეფასებასა და დასაბუთებული დასკვნების გამოტანას მოითხოვს. მათემატიკა ამ პროცესში სიზუსტის ინსტრუმენტად გვევლინებოდა, მსჯელობა კი მიღებული შედეგების გააზრებაში გვეხმარებოდა. ბატონი კლიმენტი ამ პროცესს ისე ოსტატურად წარმართავდა, რომ ექვსსაათიანი ყოველკვირეული დატვირთვის მიუხედავად, დაღლას თითქმის ვერ ვგრძნობდით. პირიქით, ლექციები ინტერესს გვიღრმავებდა და გვაგრძნობინებდა, რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს მეცნიერება, როდესაც ღრმა ცოდნას აზროვნების კულტურაც ავსებს. დღეს, როდესაც საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებას ვუფიქრდები, კიდევ უფრო მეტად ვაფასებ ისეთი გარემოს შექმნის უნარს, რომელშიც სტუდენტს ფიქრი, შეკითხვის დასმა და საკუთარი მოსაზრების გამოთქმა სურს. ბატონი კლიმენტი ამ ყველაფერს ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ახერხებდა.

გამოცდა, რომელზეც მხოლოდ დამახსოვრებული ცოდნა არ ფასდებოდა

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ბატონი კლიმენტის დამოკიდებულება სტუდენტების შეფასებისადმი. გამოცდაზე მას სტუდენტის ცოდნისა და აზროვნების უნარის დანახვა აინტერესებდა. მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სტუდენტის მიერ შესწავლილი მასალის სიზუსტით გადმოცემა, არამედ ისიც, შეეძლო თუ არა საკითხის გააზრება, მსჯელობა და პასუხის დასაბუთება.

ბატონ კლიმენტის ყველა სტუდენტისადმი დიდი კეთილგანწყობა ჰქონდა, განურჩევლად მათი აკადემიური მოსწრებისა. იგი თითოეულში ცდილობდა დაენახა დადებითი მხარე, შესაძლებლობა ან აზროვნების ის ელემენტი, რომელსაც შემდგომი განვითარება შეიძლებოდა დაფუძნებოდა.

შენიშვნის მიცემაც განსაკუთრებული კორექტულობით შეეძლო: საყვედურის ნაცვლად მისი სიტყვა ხშირად მინიშნებას ჰგავდა, რაც სტუდენტს დაფიქრების, ცოდნის თუ ქცევის გადამოწმების და გაუმჯობესების სტიმულს აძლევდა. მსგავსი მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. კეთილგანწყობა აკადემიური მოთხოვნების შემცირებას სულაც არ ნიშნავს. პირიქით, ნამდვილი პედაგოგიური კულტურა მაღალი მოთხოვნების და ადამიანის პატივისცემის შეთავსებაში ვლინდება. ბატონი კლიმენტი ცოდნასა და აზროვნებას აფასებდა, მაგრამ არასოდეს კარგავდა მხედველობიდან თავად სტუდენტს, მის პიროვნებას.

გამოცდას სწავლების პროცესის გაგრძელებად აღიქვამდა და თავადაც კმაყოფილი იყო, როცა სტუდენტი საკითხის განხილვისას პრობლემის დასმას, ურთიერთკავშირების აღწერას, ანალიზს, მსჯელობას და დასკვნის დასაბუთებას ახერხებდა. იგი გვასწავლიდა, რომ ეკონომიკური მეცნიერების შესწავლა ფორმულების ცოდნით არ მთავრდება და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას გულისხმობს.

მეცნიერი, რომლისთვისაც ეკონომიკური ანალიზი სისტემური აზროვნება იყო

პროფესორ კლიმენტი აჩელაშვილის პედაგოგიური ოსტატობა მჭიდროდ უკავშირდებოდა მის სამეცნიერო ინტერესებსა და კვლევით გამოცდილებას. იგი დაიბადა 1941 წლის 10 ოქტომბერს, ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში. საშუალო სკოლა მედალზე დაამთავრა. სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო, შემდეგ კი მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1965 წელს ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით დაამთავრა.

1965–1968 წლებში იგი სწავლობდა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ხოლო 1968–1975 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ეკონომიკის ინსტიტუტში. ის ჩამოყალიბდა ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების მკვლევრად და ეკონომიკური პროცესების მოდელირების სპეციალისტად. შემდგომი პროფესიული ცხოვრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირა, სადაც ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, ხოლო 1991–2006 წლებში ხელმძღვანელობდა ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრას.

ბატონი კლიმენტის სამეცნიერო ინტერესების ძირითადი მიმართულებები იყო ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება, დარგთაშორისი და რეგიონთაშორისი კავშირების კვლევა და მაკროეკონომიკური რეგულირების პრობლემები. მის ნაშრომებში ეკონომიკა წარმოდგენილი იყო არა იზოლირებული მოვლენების და ცალკეული მაჩვენებლების ერთობლიობად, არამედ ურთიერთდაკავშირებულ სისტემად, რომლის გააზრებაც მეცნიერულ სიზუსტეს და რთული პროცესების ურთიერთმიმართების ფორმალიზებულ დანახვას მოითხოვს. 2004 წელს მას ქართველ ეკონომისტთა ჯგუფთან (პროფესორი იური ანანიაშვილი, პროფესორი იაშა მესხია, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, პროფესორი გიორგი წერეთელი) ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში ნაშრომთა ციკლისთვის „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“, 2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2016 წელს ივანე ჯავახიშვილის მედლით. უნივერსიტეტის ფუძემდებლის სახელობის ჯილდო მისთვის იმითაც იყო ძვირფასი, რომ იგი მას გადასცა ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობის კურსდამთავრებულმა რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

კოლეგა და ადამიანი პროფესიული ავტორიტეტის მიღმა

წლების შემდეგ, როდესაც მასწავლებელს უკვე კოლეგის თვალითაც უყურებ, მის პიროვნებაში ახალ მნიშვნელობას იძენს ის თვისებები, რომლებიც სტუდენტობისას, შესაძლოა, უბრალოდ ბუნებრივად გეჩვენებოდა. ბატონი კლიმენტი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, კეთილგანწყობითა და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული კულტურით. მისი პროფესიული ავტორიტეტი თანაარსებობდა უბრალოებასა და სითბოსთან; ცოდნა კი არასოდეს სჭირდებოდა ადამიანებთან ურთიერთობაში უპირატესობის საჩვენებლად.

უნივერსიტეტის აკადემიური გარემო მხოლოდ მეცნიერული შედეგებით არ ყალიბდება. მას ქმნიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ განსხვავებული აზრის მოსმენა, კოლეგის პატივისცემა, სტუდენტის თუ თანამშრომლის მხარდაჭერა და საერთო საქმისთვის პასუხისმგებლობის აღება. ბატონი კლიმენტის მაგალითი ამ ღირებულებების მნიშვნელობას ნათლად წარმოაჩენდა. მისგან ვისწავლეთ არა მხოლოდ ის, რასაც გვიხსნიდა, არამედ ისიც, თუ როგორ შეიძლება ცოდნის გაზიარება მსჯელობის კულტურით, კორექტულობითა და ადამიანებისადმი კეთილგანწყობით.

პროფესორ კლიმენტი აჩელაშვილის ღვაწლი ეკონომეტრიკის კათედრის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამავე დროს, კათედრა წარმატებით განაგრძობს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას პროფესორ იური ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, რომლის გარშემოც გაერთიანებული არიან პროფესორ კლიმენტი აჩელაშვილის კოლეგები და აღზრდილები. მათი საქმიანობა ხელს უწყობს კათედრაზე ჩამოყალიბებული აკადემიური ტრადიციების გაგრძელებასა და განვითარებას.

ოჯახი — სიყვარულის, ერთგულებისა და თაობათა მემკვიდრეობის სივრცე

პროფესორ კლიმენტი აჩელაშვილის პიროვნების წარმოჩენა მისი ოჯახის გახსენების გარეშე შეუძლებელია. ბატონი კლიმენტის სამაგალითო მეუღლე, ნატალია და ორი შესანიშნავად აღზრდილი შვილი მარინა და დავითი, მისი თანამოაზრეები არიან. ორივე მათგანმა ეკონომიკური მეცნიერების გზა აირჩია და დღეს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას ეწევიან, რაც მხოლოდ პროფესიის გაგრძელებას არ ნიშნავს; მასში შეიძლება დავინახოთ ოჯახში გაზიარებული ინტერესისა და პროფესიული ფასეულობების თაობიდან თაობაზე გადაცემაც. ბატონი კლიმენტის მემკვიდრეობა, ამდენად, მის სამეცნიერო ნაშრომებსა და აღზრდილ სტუდენტებთან ერთად, ოჯახშიც ცოცხლობს შვილების არჩევანსა და იმ გზაში, რომელსაც ისინი წარმატებით აგრძელებენ საერთაშორისო ასპარეზზე.

მადლიერება, რომელიც წლების შემდეგაც ცოცხლობს

პროფესორი კლიმენტი აჩელაშვილი 2019 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი წასვლა მძიმე დანაკლისი იყო ოჯახის, მეგობრების, კოლეგებისა და მრავალი თაობის სტუდენტებისთვის. თუმცა ადამიანის ხსოვნა მხოლოდ დანაკარგის განცდით არ განისაზღვრება: იგი ცოცხლობს დატოვებულ ცოდნაში, გაზიარებულ ღირებულებებსა და ადამიანურ დამოკიდებულებაში, რომელიც მისი მაგალითის წყალობით ჩვენშიც გრძელდება.

ბატონი კლიმენტის დაბადებიდან 85 წლისთავზე, განსაკუთრებით ნათლად ვგრძნობ, რამდენად ძვირფასია ასეთი მასწავლებლის გვერდით გატარებული დრო. სტუდენტობისას მისი ლექციები სიამოვნებას გვანიჭებდა; წლების შემდეგ კი კიდევ უფრო ღრმად ვაფასებ იმ ინტელექტუალურ კულტურას, პედაგოგიურ ოსტატობასა და სითბოს, რომლებიც ამ გამოცდილებას განსაზღვრავდა. მჯერა, მასწავლებლის ერთ-ერთი უმაღლესი მიღწევა ის არის, რომ მისი გავლენა წლების შემდეგაც გრძელდება არა მხოლოდ იმით, რაც მისგან ვისწავლეთ, არამედ იმითაც, თუ როგორ ვცდილობთ თავად მოვექცეთ ჩვენს კოლეგებს და სტუდენტებს, როგორ ვაფასებთ მათ აზროვნებას და როგორ ვუწყობთ ხელს მათ განვითარებას. პროფესორ კლიმენტი აჩელაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებას ეკუთვნის, ხოლო პედაგოგიური და პიროვნული მაგალითი იმ ადამიანების მეხსიერებას, რომლებმაც ბედნიერებად ჩათვალეს მისგან სწავლა და მასთან ერთად მუშაობა.

ბატონო კლიმენტი, მადლობა ყველაფრისთვის, რაც გვასწავლეთ და რაც თქვენი პიროვნებით დაგვანახეთ. მადლობა ცოდნისთვის, რომელიც დაგვიტოვეთ, და სითბოსთვის, რომელიც წლების გასვლის მიუხედავად, არ ნელდება. ნათელი იყოს თქვენი ხსოვნა!

მადლიერებით,
ნინო მიქიაშვილი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის

ასოცირებული პროფესორი

Facebook
Twitter
LinkedIn