საქართველოში დაკვირვებითი ასტრონომიის ახალი ერა იწყება

თარიღი: 2025-11-05 18:39:38

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია თავიდანვე მოიაზრებოდა, როგორც ავტონომიური სამეცნიერო-კვლევითი და კულტურული ცენტრი. ამაზე ნათლად მეტყველებს არსებული სამეცნიერო და მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიქმნა მთა ყანობილზე აკადემიკოს ევგენი ხარაძის ხელმძღვანელობით. ის მოიცავდა როგორც ასტრონომიული დაკვირვებებისათვის საჭირო სპეციალურ ნაგებობებს, ლაბორატორიებს, სახელოსნოებს, ასევე, თანამშრომელთა საცხოვრებელ შენობებს, საკონფერენციო და საექსკურსიო სივრცეებს, მდიდარ ბიბლიოთეკას, კლუბს, სასადილოს ორსართულიან შენობას (რომელიც ასევე სტუმრების მისაღებად გამოიყენებოდა), სკოლას, საბავშვო ბაღს და საფოსტო განყოფილებასაც კი. ობსერვატორია თავისი არსებობის მანძილზე წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას. ყოველწლიურად ათასობით ადამიანი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი, სტუმრობდა ობსერვატორიას, ტარდებოდა სამეცნიერო პოპულარული ლექციები და შეხვედრები.

2003 წელს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიუერთეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ქვეყნის უძველესი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება გახდა ახლად დაფუძნებული უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული. შედეგად ობსერვატორიაში გაუქმდა სამეცნიერო საბჭო, სამეცნიერო განყოფილებები, წყობიდან გამოვიდა ტელესკოპები, დაიხურა ძვირადღირებული აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები, ობსერვატორიას ჩამოერთვა და გაიყიდა თბილისის განყოფილების შენობა, რომელიც აუცილებელი იყო ობსერვატორიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება ობსერვატორიის დამოუკიდებელი სტატუსის აღდგენის თაობაზე. ამავე წლიდან ობსერვატორიას ეწოდება სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, რაც ასახავს როგორც ევგენი ხარაძის დამსახურების აღიარებას, ასევე, სახელმწიფოს ამჟამინდელ დამოკიდებულებას ობსერვატორიის მიმართ.

რა გაკეთდა მას შემდეგ, რაც ობსერვატორიას დამოუკიდებელი სტატუსი დაუბრუნდა? შეიქმნა (აღდგენილ იქნა) ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭო;  შეიქმნა სამეცნიერო განყოფილებები (მზისა და მზის სისტემების განყოფილება; გალაქტიკებისა და ვარსკვლავების განყოფილება; თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილებ) და დეპარტამენტები; თბილისში გაიხსნა და შესაბამისად აღიჭურვა ობსერვატორიის ქალაქის ოფისი;  რეაბილიტაცია ჩაუტარდა ობსერვატორიის რამდენიმე შენობას;  მთა ყანობილზე აღდგენილია ობსერვატორიის ბიბლიოთეკა; მოეწყო ობსერვატორიის ე.წ. მინის ბიბლიოთეკის საცავი, შეძენილია სპეციალური სკანერები არსებული დაკვირვებითი მასალის გაციფროვნებისთვის;  დასრულების ფაზაშია ობსერვატორიის (მთა ყანობილზე) ე.წ. „ციფრული მუზეუმის“ პროექტი, რომელსაც ახორციელებს იტალიური კომპანია ITT (მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით). პროექტის მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულნი ობსერვატორიის თანამშრომლები. მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ძალისხმევით შეძენილ იქნა ახალი, თანამედროვე, ავსტრიული წარმოების 1.5 მეტრიანი ტელესკოპი და იტალიაში დამზადებული გუმბათი, რომელთა ინსტალაცია და ტესტირება განხორციელდა 2024 წელს; ობსერვატორიამ აღიდგინა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) წევრის სტატუსი (2022 წ.) 2023 წელს საქართველო/ობსერვატორია გახდა ავტორიტეტული სამეცნიერო გამოცემის Astronomy and Astrophysics-ის სპონსორი ქვეყანა დამკვირვებლის სტატუსით, რაც ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს გამოაქვეყნონ სტატიები ამ ჟურნალში თანხის გადახდის გარეშე. ყოველწლიურად გამოიცემა ასტრონომიული კალენდარი. ობსერვატორიაში ტრადიციულად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო  საქმიანობა და მეცნიერების პოპულარიზაცია. ყველა ამ სიხლის სათავეში, 2019 წლიდან 2025 წლის მაისამდე იდგა დირექტორი რევაზ ჭანიშვილი, რომელიც 2025 წლის მაისიდან ალექსანდრე თევზაძემ შეცვალა.

,,ობსერვატორიაში ამჟამად კვლევა მიმდინარეობს ორი მიმართულებით – თეორიული მიმართულებით და დაკვირვებითი პრაქტიკული მიმართულებით. ჩვენთან განხორციელდა ობსერვატორიის რეაბილიტაციის და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა და წელს უკვე მწყობრში შევიდა ავსტრიული წარმოების ავტომატური რობოტული ტელექსკოპი 1.5 მეტრი დიამეტრისა. ამ ზომის ტელესკოპი ობსერვატორიას ბოლო 50 წლის განმავლობაში არ ჰქონია. რეაბილიტაციის პროგრამასა და ობსერვატორიის აღჭურვაში 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველოში დაკვირვებითი ასტრონომიის ახალი ერა იწყება. ამავე დროს, ობსერვატორიას, გარდა სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისა, აქვს ასტრონომიული მეცნიერების პოპულარიზაციისა და მოსახლეობის კონსულტირების ფუნქცია. საგანმანათლებლო-საკონსულტაციო და მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახური მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მხრიდან ნებისმიერ მომართვაზე ამომწურავ პასუხს იძლევა. თუკი მოქალაქეს ან რომელიმე ორგანიზაციას დააინტერესებს მზის ან მთვარის დაბნელების შესახებ ინფორმაცია არა მხოლოდ დღეს, არამედ თუნდაც 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ ასეთი ინფორმაციის მიწოდებას. ძალიან გვიხარია, რომ მოყვარული ასტრონომები ასეთი თემებით ინტერესდებიან და მოგვმართავენ ხოლმე. ამჯერად ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა ასტროტურების წარმართვა. მოქალაქეებს ან ტურისტებს შეუძლიათ მოვიდნენ და დაათვალიერონ ობსერვატორია, ცალკე გამოყოფილი მუზეუმის ოთახი, სადაც გვაქვს ობსერვატორიაში არსებული ტელესკოპის მაკეტი, ჩვენი ცნობილი მეცნიერების მიღწევების ამსახველი ცნობარი და სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი. ასე რომ, ასტრონომიული მუზეუმის ფუნქციონირება და მისი შემდგომი განვითარება, რომელსაც ვგეგმავთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ტურისტულად მიმზიდველი პროექტების განხორციელება ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა. ამასთან ერთად, ასტროტურიზმის კომერციული მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია ობსერვატორიებისთვის დამატებითი შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით.  საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა მსგავს საქმიანობას და ყოველწლიურად ემსახურებოდა ათასობით ვიზიტორს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნებისა და ხარისხის თვალსაზრისით ეს მომსახურება აშკარად ჩამორჩება თანამედროვე ციფრული სამყაროს მოთხოვნებს. ამდენად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩვენს ობსერვატორიაში (მთა ყანობილზე) ასტროტურიზმის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სრულყოფა და განვითარება“, – აღნიშნა საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ამჟამინდელმა დირექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

Facebook
Twitter
LinkedIn