UniConn — როგორ იქცა თსუ-ის სტუდენტის იდეა სოციალურ ქსელად
საუნივერსიტეტო წლები ბევრისთვის ცხოვრების ყველაზე საინტერესო და, ამავდროულად, გამოწვევებით სავსე პერიოდია. ლექციები, გამოცდები, ახალი მეგობრების შეძენა, სამსახურის ძიება – ეს ყველაფერი სტუდენტური ყოველდღიურობაა. სწორედ ამ გამოწვევების ერთ სივრცეში მარტივად მოსაგვარებლად შეიქმნა ახალი ქართული აპლიკაცია UniConn. მის უკან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი იუნის ვალიევი დგას, რომელმაც კანადელ მეგობართან ერთად სტუდენტებისთვის ახალი, დახურული და უსაფრთხო სოციალური ქსელი შექმნა.
როგორც იუნისი იხსენებს, სტარტაპის შექმნაზე ყოველთვის ოცნებობდა. ერთხელაც, გაიაზრა, რომ საუკეთესო იდეები სწორედ რეალური პრობლემების გადაჭრიდან მოდის. „რამდენიმე დღე ვფიქრობდი, ჩემივე ცხოვრებიდან ავიღე მაგალითები და რადგან სტუდენტი ვარ, იდეაც ბუნებრივად გაჩნდა. ვიფიქრე აპლიკაციაზე, სადაც მხოლოდ სტუდენტები ვიქნებოდით, შეგვეძლებოდა კონტაქტი და ერთმანეთის დახმარება“, – გვიყვება ის. სტუდენტების წინაშე არსებულ პრობლემებზე ფიქრი 2026 წლის მარტში დაიწყო და მალევე რეალურ პროექტად იქცა.
განსხვავებით Facebook-ის, Instagram-ისა და სხვა პლატფორმებისგან, UniConn-ის აპლიკაციაში მხოლოდ კონკრეტული უნივერსიტეტების სტუდენტები ქმნიან პროფილებს.
იუნისის თქმით, სტუდენტებს აპლიკაციაში მრავალფეროვანი შესაძლებლობები აქვთ:
- ახალი მეგობრების ან თანამობინადრის პოვნა;
- სტუდენტური ვაკანსიების მოძიება;
- ლექციებსა თუ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვებზე სწრაფი პასუხების მიღება კურსელებისგან;
- წიგნებისა და სხვა სასურველი ნივთების ყიდვა-გაყიდვა ან გაცვლა;
- საკუთარი აზრების ანონიმურად გაზიარება;
- საერთო ღონისძიებების დაგეგმვა და უნივერსიტეტის სიახლეების ერთ სივრცეში მიღება.
„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პლატფორმა, სადაც სტუდენტებს არ მოუწევთ მუდმივად სხვადასხვა აპლიკაციებს შორის გადართვა და შეძლებენ საკუთარი სტუდენტური ცხოვრების მარტივად, ერთი ადგილიდან მართვას“, – აღნიშნავს დამფუძნებელი.
სტუდენტობის პარალელურად მსგავს პროექტზე მუშაობა დიდ ენერგიას მოითხოვს. იუნისის კანადელი პარტნიორი ძირითადად პროგრამულ მხარეს უზრუნველყოფს, თავად კი მარკეტინგს, ოპერაციებსა და მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. „დღე და ღამე მხოლოდ ამ სტარტაპზე ვმუშაობთ და სოციალური ცხოვრება თითქმის აღარ გვაქვს, მაგრამ მჯერა, რომ თუ არ დავნებდები, ყველა დაბრკოლებას უკან მოვიტოვებ“, – ამბობს ის და ხაზს უსვამს იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვინც აპლიკაციის შექმნის პირველივე დღეებიდან დაუდგა გვერდში.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, სტუდენტებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო: ,,ყველაზე მეტად ის დაგვამახსოვრდა, როცა მეოთხეკურსელებმა გვითხრეს – მხოლოდ იმაზე გვწყდება გული, რომ ეს აპლიკაცია ჩვენს პირველ კურსზე ყოფნისას არ არსებობდაო. როდესაც ასეთ გულწრფელ შეფასებას ისმენ, ხვდები, რომ შენი აპლიკაცია მართლა აგვარებს პრობლემებს“.
UniConn-ის გუნდის მიზანია ჯერ საქართველოს ყველა უნივერსიტეტის მოცვა, შემდეგ კავკასიის რეგიონში და ბოლოს – აშშ-ში, ევროპასა და გლობალურ ბაზარზე გასვლა.
რას ურჩევს იუნისი თსუ-ს სხვა სტუდენტებს, რომლებსაც ინოვაციური იდეები აქვთ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ? „ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ საერთოდ არ სცადო. არ არის აუცილებელი, თავიდანვე ყველაფერი იდეალური იყოს. მთავარი რჩევა ისაა, რომ თეორიაში ფიქრს და ოცნებას მალე დაანებოთ თავი და საქმეზე გადახვიდეთ. ბევრი არ ილაპარაკოთ იმაზე – რას გააკეთებთ, უბრალოდ აიღეთ და გააკეთეთ! იპოვეთ ვინმე, ვინც გვერდში დაგიდგებათ და დაიწყეთ.“
ცნობისთვის: აპლიკაცია UniConn-ის გადმოწერა მსურველებს ამ ეტაპზე App Store-დან შეუძლიათ, სამომავლოდ კი – Play Store-დანაც.
