იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

თარიღი: 2026-11-08 15:07:08

30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია და ასისტენტ-პროფესორი, ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი გიორგი ამირანაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ჰამბურგში. ვიზიტის მიზანი იყო მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო სიმპოზიუმში „მომავლის ხედვა კერძო სამართალში“ მონაწილეობა, აგრეთვე ინსტიტუტთან აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განხილვა.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, 1-2 ოქტომბერს, ინსტიტუტში გაიმართა სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც კერძო სამართლის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს მიეძღვნა. სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ ჰამბურგის მერიაში გაიმართა საზეიმო ცერემონია და ოფიციალური მიღება.

ვიზიტის ფარგლებში ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, სამეცნიერო პერსონალთან და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან. კერძოდ, თამარ ზარანდია და გიორგი ამირანაშვილი შეხვდნენ ინსტიტუტის მმართველ დირექტორს, პროფესორ რალფ მიხაელსს და ინსტიტუტის ერთ-ერთ დირექტორს, პროფესორ ანნა როეტელს. შეხვედრები ასევე გაიმართა ინსტიტუტის ემერიტუს დირექტორებთან – პროფესორ კლაუს ჰოპტთან (იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია) და პროფესორ რაინჰარდ ციმერმანთან.

გარდა ამისა, ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლებს – პროფესორ ირინა დიკოვსკასა და დოქტორ ბისეტ სენა გიუნეშს, აგრეთვე ბიბლიოთეკის დირექტორს, კლაუდია ჰოლანდს, და მკითხველთა მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელს, ელკე ჰალსენ-რაფელს.

ვიზიტის ფარგლებში, ინსტიტუტის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ინსტიტუტს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს – ბაგრატ კურაპალატის სამართლის პირველი მუხლის (X-XI საუკუნეები) ქართული ტექსტი, შესრულებული იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლის, კალიგრაფ დავით მაისურაძის მიერ, გერმანული თარგმანით

Facebook
Twitter
LinkedIn