ერთი გაცვლითი სემესტრი, ორი უნივერსიტეტი და ახალი აკადემიური პერსპექტივა ნინო აბულაძის სტუდენტურ ცხოვრებაში
თსუ-ის ინგლისურენოვანი ეკონომიკის პროგრამის — ISET-ის მესამე კურსის სტუდენტმა ნინო აბულაძემ ერთი სემესტრი საფრანგეთში, კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში (Université Clermont Auvergne) გაატარა. საერთაშორისო აკადემიურ გარემოში მიღებულმა გამოცდილებამ მას არა მხოლოდ ეკონომიკის საკითხების განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვის შესაძლებლობა მისცა, არამედ საკუთარი ცოდნის ახალ გარემოში გამოცდის საშუალებაც. წინ კიდევ ერთი გაცვლითი სემესტრია — ამჯერად ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში.
ნინო აბულაძის გაცვლითი პროგრამით დაინტერესება თსუ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონკურსებით დაიწყო. გაცვლითი შესაძლებლობების შესახებ მანამდე უფროსკურსელებისგან, ISET-ის ლექტორებისა და ადმინისტრაციისგანაც სმენოდა. განსაკუთრებით აინტერესებდა კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტი, რომელთანაც ISET-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ განაცხადის შევსებას არ გულისხმობდა. საჭირო იყო დოკუმენტების სწორად მომზადება და მიმღები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის დეტალურად გაცნობა — იმის გარკვევა, რა საგნების არჩევა შეეძლო, რამდენად შეესაბამებოდა ისინი თსუ-ში გავლილ და გასავლელ კურსებს, როგორი იყო სწავლების სტრუქტურა და ენა.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს უფროსკურსელებმა და სტუდენტებმა, რომლებსაც გაცვლითი პროგრამით სარგებლობის გამოცდილება უკვე ჰქონდათ. მათთან ერთად ნინოს ISET-ის ადმინისტრაციაც ეხმარებოდა. პრაქტიკულ რჩევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა: გამოცდილების გაზიარება აპლიკანტს საშუალებას აძლევდა, წინასწარ გაეთვალისწინებინა ის საკითხები, რომელთა მოგვარებაც კონკურსის მონაწილეს დამოუკიდებლად უწევდა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ინტერვიუ აღმოჩნდა: „ვფიქრობ, რომ თუ აპლიკანტი წინასწარ კარგად შეისწავლის მიმღებ უნივერსიტეტს, მის საგნებსა და სილაბუსებს და ექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი — რომელი საგნების გავლა სურს და რატომ — ეს ინტერვიუზეც აუცილებლად გამოჩნდება“, — ამბობს ნინო.
მისი გამოცდილებით, მნიშვნელოვანია სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილების ყურადღებით მომზადებაც. ინტერვიუს დროს კი გადამწყვეტი მხოლოდ ნერვიულობის დაძლევა არ არის — აპლიკანტმა საკუთარი მოტივაცია გულწრფელად უნდა გამოხატოს და აჩვენოს, რომ გაცვლითი პროგრამისთვის გააზრებული მიზანი აქვს.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ნინო საფრანგეთში, კლერმონ-ფერანში, კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში სწავლობდა. ერთი სემესტრი უცხო ქვეყანაში მისთვის, ახალი აკადემიური გარემოს გაცნობასთან ერთად, დამოუკიდებლად ცხოვრებისა და განსხვავებულ კულტურასთან ადაპტაციის გამოცდილებაც აღმოჩნდა. ის ახლა იხსენებს, რომ დიდი გავლენა მოახდინა უნივერსიტეტში არსებულმა საერთაშორისო მულტიკულტურულმა გარემომ და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ლექტორებთან ურთიერთობამ, რაც ეკონომიკის მიმართულების სტუდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების განხილვა, მათი შედარება და ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მიმართ განსხვავებული მიდგომების გაანალიზება საშუალებას იძლეოდა, მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოფარგლულიყვნენ და რეალურად გაეაზრებინათ ის განსხვავებული გზები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იმავე პრობლემის გადასაჭრელად ირჩევენ. შედარებითმა ანალიზმა სტუდენტს საშუალება მისცა, გაეანალიზებინა, როგორ უკავშირდება ეკონომიკური გადაწყვეტილებები კონკრეტული ქვეყნის სოციალურ და ინსტიტუციურ გარემოს. „ამან დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საკითხების სხვადასხვა ქვეყნის პერსპექტივიდან განხილვა“, — აღნიშნავს ნინო.
უცხო უნივერსიტეტში სწავლისას ნინოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რომ ახალ გარემოში აკადემიური გამოწვევების დასაძლევად საჭირო ცოდნა უკვე ჰქონდა. მისი შეფასებით, თსუ-ში, კერძოდ კი ISET-ში, მიღებულმა განათლებამ გაცვლითი პროგრამისთვის კარგად მოამზადა. ინგლისურ ენაზე სწავლაც სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან ამ ფორმატს შეჩვეული იყო. მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, ეკონომიკის ისტორია, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და სხვა გავლილი კურსები უცხო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის მყარ საფუძვლად იქცა. ამ მომზადებამ ნინოს სამაგისტრო დონის რამდენიმე კურსის (MA level) არჩევის შესაძლებლობაც მისცა. მისი გამოცდილება აჩვენებს, რომ გაცვლითი პროგრამა მხოლოდ სხვა უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა არ არის. ეს არის გარემო, სადაც სტუდენტი საკუთარ ცოდნას განსხვავებული აკადემიური მოთხოვნების პირობებში ამოწმებს და ხედავს, რამდენად შეუძლია უკვე ათვისებული მასალის გამოყენება ახალ კონტექსტში.
კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებად ნინო Development Microeconomics-ის სამაგისტრო დონის კურსს გამოყოფს. როგორც იხსენებს, თავდაპირველად არ ელოდა, რომ ეს საგანი ასე ძალიან მოეწონებოდა, თუმცა საბოლოოდ ის გაცვლითი სემესტრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კურსად იქცა. ნინოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საგნის შინაარსი, არამედ ისიც, რომ კურსის განმავლობაში გაწეული შრომა საბოლოო შედეგში აისახა — მან სტუდენტებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში ნინომ სწავლების განსხვავებული მეთოდებიც გამოსცადა. მისი დაკვირვებით, სახელმძღვანელოები შედარებით ნაკლებად გამოიყენებოდა; ლექტორები ძირითადად თავად ამზადებდნენ სლაიდებს, ჩანაწერებს, სტატიებსა და სხვა სასწავლო მასალებს. ზოგიერთ კურსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ლექციებზე დასწრებასა და აქტიურ მონაწილეობას. გამოცდებისთვის მომზადებას კი ამარტივებდა ის, რომ ბევრი ლექტორი სტუდენტებს წინა წლების გამოცდებს, ტესტებსა და სავარჯიშოებს აწვდიდა. ამგვარი მასალები მათ საშუალებას აძლევდა, უკეთ გაეგოთ გამოცდის ფორმატი და ცოდნა სისტემურად შეემოწმებინათ.
სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა შემთხვევების ანალიზსა (case studies) და სამეცნიერო ნაშრომების განხილვას. ერთ-ერთ კურსზე სტუდენტებს კონკრეტული სამეცნიერო ნაშრომის შესახებ პრეზენტაციის მომზადებაც მოუწიათ, რაც საკითხის სიღრმისეულად შესწავლისა და არგუმენტირებული წარდგენის შესაძლებლობას იძლეოდა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კურსი Microfinance and Green Performance. ამ საგნის ფარგლებში სტუდენტებს ონლაინ ჩართვისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ინტერვიუს შესაძლებლობა მიეცათ. საუბრის დროს მათ ორგანიზაციის საქმიანობის, მიზნებისა და მისიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება ნინოს საერთაშორისო აკადემიური გზის დასასრული არ არის. მომდევნო სემესტრს ის ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში გაატარებს, ამჯერად ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული გაცვლითი პროგრამით. ნინო იმედოვნებს, რომ ეს გამოცდილება უკვე მიღებულ ცოდნასა და საერთაშორისო ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამდიდრებს და მის აკადემიურ და პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
