ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით
გულითადად გილოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.
ფასდაუდებელია ღვაწლი აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილისა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ანატომიურ სკოლას და უდიდესი ამაგი დასდო საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებას. მის მიერ დაარსებულმა ინსტიტუტმა ღირსეულად გააგრძელა ეს საშვილიშვილო საქმე და რვა ათწლეულის განმავლობაში მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა შექმნა.
ინსტიტუტის მიღწევები ეფუძნება არაერთი თაობის დაუღალავ შრომას, ძიებასა და აღმოჩენას მორფოლოგიური და ბიოსამედიცინო მეცნიერების მიმართულებით. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ის საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევით ცენტრს წარმოადგენს.
მის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილს. აღსანიშნავია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და ქალბატონი ნინოს ურთიერთობაც, რომელიც გულწრფელი პატივისცემითა და კეთილგანწყობით გამოირჩეოდა.
სამედიცინო კვლევითი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ინსტიტუტის როლი პალიატიური და რეგენერაციული მედიცინის განვითარების მიმართულებით, რაც მოყვასის სიყვარულის, მასზე ზრუნვისა და თანადგომის ნათელი გამოხატულებაა.
მინდა, ამ ღირსშესანიშნავ დღეს დავლოცო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ბატონი დიმიტრი კორძაია, მეცნიერები, მკვლევრები, თითოეული თანამშრომელი; აქ მოღვაწე გარდაცვლილთა უკვდავი სულები კი უფალს შევავედრო და შევთხოვო, სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს!
უფალმა მოგმადლოთ სიბრძნე და ძალა, რათა კვლავაც დაუღალავად ემსახუროთ საყვარელ საქმეს, სამშობლოს, საზოგადოების კეთილდღეობასა და მეცნიერების განვითარებას.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
შიო III
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
