გილოცავთ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს!
1946 წელს აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის ინიციატივით ინსტიტუტის დაარსება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოში მორფოლოგიური მეცნიერებებისა და ექსპერიმენტული მედიცინის განვითარებისათვის. შეიქმნა სამეცნიერო ცენტრი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კვლევითი ტრადიციების ჩამოყალიბებასა და ახალი სამეცნიერო მიმართულებების განვითარებას. ინსტიტუტის დამფუძნებელი, აკადემიკოსი ალექსანდრე ნათიშვილი, ქართული მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი, პირველი ქართულენოვანი ანატომიური სახელმძღვანელოების ავტორი და ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი იყო. მისმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოში სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში. დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსით, ინსტიტუტი აგრძელებს ამ მემკვიდრეობას და ავითარებს თანამედროვე ბიოსამედიცინო კვლევებს, მათ შორის, მოლეკულური პათოლოგიის, ორგანოთა რეგენერაციის, ნეიროდეგენერაციული პროცესებისა და ციფრული პათოლოგიის მიმართულებებით.
ვულოცავთ ინსტიტუტის თანამშრომლებს ამ მნიშვნელოვან თარიღს და ვუსურვებთ წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობასა და ახალგაზრდა მკვლევართა ახალი თაობების აღზრდას.
თსუ-ს ფარგლებში ინსტიტუტის საქმიანობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მრავალწლიანი სამეცნიერო ტრადიცია და თანამედროვე კვლევები უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
ჯაბა სამუშია, თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი
