მაგალითის ძალის მქონე კაცები

თარიღი: 2026-10-14 17:34:14

მოწაფეობისა და სტუდენტობის დროინდელი ერთი, ძალზე გახმაურებული გამონათქვამი უნდა მოვიხმო, რომელსაც სახალხო განათლების ცნობილი მესვეური, იუნესკოს მიერ პედაგოგიური აზროვნების განმსაზღვრელ პედაგოგთა ოთხეულთაგან ერთ-ერთი – ანტონ მაკარენკო – ბრძანებდა თურმე: „აღვზარდოთ მომავალი თაობა პირადი მაგალითის ძალითო“.

მახსოვს, როგორ ამუშავდა ამ შეგონების კონვეიერი სკოლაში — დირექციიდან მასწავლებლებამდე და ინსტიტუტში კიდევ — რექტორატიდან ფაკულტეტებამდე და, შემდგომ, თითოეულ სტუდენტამდე…

ბედისა და ცხოვრებისაგან განებივრების წყალობით, მაგალითის ძალის მქონე ბევრი მასწავლებელ-დამმოძღვრავი მყავდა. არც უმაღლესი სასწავლებლის კვალობაზე დამკლებია ამგვარ ადამიანთა სიმრავლე. შემდგომი პერიოდი კი უფრო „ნაყოფიერი“ გამოდგა. ჩემი მოკრძალებული სამეცნიერო კარიერა ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გავატარე, რომელთა უმრავლესობაც (აკადემიკოსები ვალერიან ცანავა, შოთა გოლიაძე, გენო ჩხაიძე, ნიკოლოზ მაისურაძე) ჩემთვის (და არა მარტო) მაგალითის ძალის მქონენი იყვნენ მეცნიერებაშიც და კაცობაშიც…

ჩემთვის „სწავლა-დაბრძენების“ პერიოდმა კოლხეთში განვლო, სადაც, საქართველოს სხვა კუთხეების დარად, მისაბაძი კაცების სიმწირე არ იგრძნობოდა.

საკმაო ასაკისა და გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების მქონეს „სიბერემდე სწავლის“ სენტენციამ ნაადრევი დასკვნის გაკეთების უაზრობაში დამარწმუნა. მიმასწავლა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სასიამოვნო წუთი მელოდა მისაბაძი კაცების გასაცნობად — მათგან სიბრძნისა და კაცობის გაკვეთილების სასწავლად…

დიდებული სამეცნიერო კოლექტივი, სადაც ბედისა და ცხოვრებისეული გამართლების წყალობით მოვხვდი, ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გახდა.

გარკვეული გამოცდილების მქონეს ძალზე გამიჭირდა პირველსაწყისად ჩემთვის უცნობი, განსხვავებული პროფილის მქონე კოლექტივისთვის ალღოს აღება, სიახლეთა ათვისება…

ჩემი დამკვალიანებელი, გზის მაჩვენებელ-დამმოძღვრავი, პირველსაწყისად, ბატონი დიმიტრი გახდა… მისი მეოხებით, სხვა მრავალთაგან, კაცურკაცების ოთხეულს გავეცანი (ნოდარ ჭიჭინაძე, უჩა გაბუნია, იოსებ დალაქიშვილი, ზურაბ ცაგარელი).

ნაღდი მეცნიერების, მისაბაძი პიროვნებების, სამეცნიერო სკოლათა შემქმნელების ეს ცნობილი ოთხეული სამართლიანად ითვლება პირადი მაგალითის ძალის მქონედ, მეცნიერებასა და კაცობაში კეთილი კვალის გამვლებად…

ბატონი ნოდარ ჭიჭინაძე, რომელმაც სამუშაო ოთახში, მასთან ერთად, მუშაობის უფლება დიდსულოვნად დამრთო, ჩემს მეხსიერებაში დახვეწილობის, ხალასი ჭკუა-გონების, სხარტი აზროვნებისა და მახვილგონიერების სიმბოლოდ დარჩა… კეთილგასახსენებელია მისეული რჩევა-დამოძღვრანი ჩემთვის უცნობი საკითხების განხილვისას. ყოველი შეხვედრისას ამ ბრძენკაცს ახალი უნდა ეთქვა. თხრობის მისეული მანერა ცალკე აღნიშვნის ღირსია იმის დასტურად, რაც მას სხვებისაგან გამოარჩევდა. მისეული ოსტატობით გამარკვია და გამაცნობიერებინა მისეული სამეცნიერო სკოლის — ანდროლოგიის — ზოგიერთი დეტალი. ზოგიერთს კი მისეული იუმორის ფონზე მაცნობდა. აღმერთებდა ფილოსოფიას, უყვარდა პოეზია. გოეთეს მოძღვრებანი ორიენტირად მიაჩნდა… ჩემი მოკრძალებული ნაშრომების მთავარი შემფასებელიც იყო. მაოცებდა მისეული რჩევების სიღრმე… ყველაზე დიდი ჯილდო — კეთილწყალობა — ჩემთვის იყო და არის მისგან ბოძებული უფლება, მისი უმცროსი მეგობარი ვყოფილიყავი… მისგან ბოძებულ სამკერდე ნიშანს, მისივე დაფუძნებული სამეცნიერო მიმართულებისა, დღესაც სიამაყით ვატარებ…

ბატონი უჩა გაბუნია ამ ოთხეულის განსაკუთრებული წარმომადგენელია. ჩემს მეხსიერებაში ეს ადამიანი დარჩა კაცურკაცობის, ნაღდი მეცნიერ-აღმზრდელის სიმბოლოდ. ბატონი დიმიტრი, ხატოვანი გამოთქმით, „პათოლოგთა ავთანდილად“ მოიხსენიებდა. ბატონი უჩას შეფასებისას ისევ ბატონ დიმიტრის უნდა ვესესხო:

„ვისაც გული სწორად უძგერს,
უჩას ხელი გაწვდილი აქვს,
კაცად გიცნონ — ძნელი არის,
უჩასათვის ადვილია“…

წარმომიდგენია მისი მოწაფე-დამოძღვრილთა მადლიერება ამ ჭეშმარიტი მეცნიერის ღვაწლისადმი…

რატომღაც მგონია, და სწორადაც, რომ ბატონი იოსებ დალაქიშვილი იქ უნდა ბრძანებულიყო, სადაც იყო, და იმ საკითხებზე უნდა ემუშავა, რასაც ემსახურა. ეს ზრდილობიანი და ზნედახვეწილი ადამიანი კერძო საუბრის დროსაც „გერონტოლოგიური პროფილით“ მუშაობდა. მასთან ყოველი შეხვედრა რაღაც ახალს (ახალ წუთსაც) მატებდა ყველას… კეთილად მახსენდება მასთან საუბარი დღეგრძელობის ფენომენზე. აფხაზეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. კეთილგანწყობით იგონებდა ბატონ შოთა გოგოხიას, რომელიც, ასევე, დღეგრძელობის საკითხებს იკვლევდა…

ბატონი ზურაბ ცაგარელი, გარდა იმისა, რომ დიდი სპეციალისტი ბრძანდებოდა მინდობილი საქმისა, ასევე დიდხელოვნად ფლობდა ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებასაც. ერთი მოკრძალებული წიგნი გამოვეცი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტში, 2010 წელს. მასში, სხვა საკითხებთან ერთად, იყო პოლიემბრიონიის შესახებ ჩემეული მოკრძალებული გამოკვლევის მასალები. ბატონი ზურაბის მიერ გაკეთებული შეფასება-რჩევები დიდწილად დასამახსოვრებელ-გასათვალისწინებელი გამიხდა შემდგომი მუშაობისას…

ამ საამაყო სამეცნიერო კოლექტივის ფასზე და ღირსებებზე, ბუნებრივია, ვერ გავბედავ რამის აღნიშვნას. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ ჩემთვის, როგორც რიგითი წევრისათვის, აქ გატარებული ყოველი წუთი დიდად საამაყო და სასახელოა…

პირადი მაგალითის ძალის მქონე ამ ოთხი დიდკაცის ბიუსტებთან გაჩერება და ალალი მადლობა მათი ნათელი ხსოვნის სურვილის ალალ დასტურად მინდა ჩამეთვალოს…

ზურაბ  ბუკია

მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

Facebook
Twitter
LinkedIn