„როცა შვიდნი ვართ“

თარიღი: 2026-10-14 16:27:35

(ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავისათვის)

როსტომ ჩხეიძეს აქვს შესანიშნავი ესე — „როცა შვიდნი ვართ“. ის იწყება უილიამ უორდსუორთის ცნობილი ლექსის — „ჩვენ შვიდნი ვართ“ — განხილვით. ამ ლექსში გამვლელი რვა წლის გოგონას ხვდება სასაფლაოს მახლობლად და ეკითხება, რამდენი და-ძმა ხართო.

— ჩვენ შვიდნი ვართ, — პასუხობს გოგონა, — ორი სოფელში ცხოვრობს, ორი ზღვაშია გასული, ორი აქვე, სასაფლაოზე წევს, მეშვიდე კი მე ვარო.

გამვლელი გაოცებულია. ცდილობს გოგონას აუხსნას მარტივი არითმეტიკა: თუ შვიდნი იყავით და ორი გარდაიცვალა, შვიდნი ვეღარ იქნებით. მაგრამ გოგონა კვლავ იმეორებს: — ჩვენ შვიდნი ვართ. …და რაც უფრო დაჟინებით ცდილობს გამვლელი მის დარწმუნებას, მით უფრო ნათელი ხდება, რომ აქ საქმე არითმეტიკაში არ არის.

როსტომ ჩხეიძე ამ პატარა ამბავში ძალიან დიდ აზრს ხედავს: ყველანი ერთად არიან — „თუნდაც შორეულ გზაზე დამდგარნი, თუნდაც თვალთაგან მიფარებულნი, თუნდაც უკვე ზეცად წასულნი“… ერთად არიან, რადგანაც ის, ვინც წავიდა, სათვალავიდან არ ამოიშლება.

დიდებულია! ვინც გვერდით გიდგას, ისიც ხომ ვერ ამოიშლება სათვალავიდან, მაგრამ, თურმე, ვერც ის, ვინც მომავლიდან მოდის.

და როგორ არ გამახსენდეს ჩვენი სულმნათი პატრიარქის შეგონება: ადამიანს უნდა შეეძლოს სამ დროში ცხოვრება. ადამიანს! და განა ინსტიტუტს არა?

დღეს, როდესაც მორფოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და, ბუნებრივია, ჩვენს წარმატებასა და გამორჩეულობას გავუსვამთ ხაზს, მათ ბუნებრივ ახსნად და მთავარ მიზეზად იმ პატარა გოგოს რწმენა მეგულება — „რადგან შვიდნი ვართ“!

რამდენი თანამშრომელი ჰყავს დღეს მორფოლოგიის ინსტიტუტს? საკმარისია საშტატო განრიგსა და თანამშრომელთა სიას გადაავლოთ თვალი, რომ ზუსტი რიცხვი დაასახელოთ.

მაგრამ თუ გვკითხავენ — რამდენნი ვართ? — პასუხი გაცილებით რთული იქნება. ჩვენ ერთად ვართ — ვინც ეს ინსტიტუტი შექმნა, ვინც დღეს აგრძელებს მის ქმნადობას და ვისი მოღვაწეობაც ინსტიტუტის ხვალინდელ დღეს შექმნის — „ჩვენ შვიდნი ვართ“!

ალექსანდრე ნათიშვილის სახელი ჩვენი ინსტიტუტისთვის არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობაა, არამედ მეცნიერული აზრისა და ზნეობის შერწყმის ის მაგალითია, რომელზეც სწორება დღესაც გრძელდება.

აკადემიკოსი ალექსანდრე ნათიშვილი — ინსტიტუტის დამფუძნებელი და საქართველოში მეცნიერული ანატომიის სწავლებისა და კვლევის დამამკვიდრებელი — არის კაცი, რომლის პირველი ლექციითაც აქ, ამ უნივერსიტეტის კედლებში, დაიწყო სამედიცინო განათლება საქართველოში, ხოლო მისი სახელმძღვანელო „ადამიანის ნორმალური ანატომია“ დღესაც სამაგიდო წიგნად რჩება ექიმებისათვის.

ჩვენთან არის აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მორფოლოგიის ინსტიტუტს და რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ინსტიტუტის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო წარმატება — ქალბატონი, რომელმაც საქართველოში მეცნიერი და ლიდერი ქალის სახე დაამკვიდრა.

ჩვენთან არიან პროფესორები: ნოდარ ჭიჭინაძე — საქართველოში ანდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი; ზურაბ ცაგარელი — საქართველოში ელექტრონული მიკროსკოპიის პიონერი; უჩა გაბუნია — პათოლოგიურ ანატომიაში კარცინოგენეზის ინოვაციური კონცეფციის ავტორი; სოსო დალაქიშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც ინსტიტუტში გერონტოლოგიური კვლევები საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ჩამოყალიბდა. სულ რამდენიმე წელია, რაც ისინი მარადიული საქართველოს მკვიდრები გახდნენ, მაგრამ მათი ნაღვაწი მყარად დაფუძნებულა ინსტიტუტში, ისევე, როგორც მათი ქანდაკური პორტრეტები.

ჩვენთან არიან სულ ახლახან, ასე მოულოდნელად და ნაადრევად ჩვენგან წასული ზურაბ ჩხაიძე და გია ფიჩხაია, რომელთა ინოვაციურ პროექტებზე დღეს მუშაობენ მათი დოქტორანტები. ინსტიტუტის მიერ გაციფრებული გამოცემებით ხელახალ სიცოცხლეს იძენს მემედ კომახიძის, თეიმურაზ ღიბრაძის, ლეონარდო შელიას, ნათელა მამფორიას, მზია კორძაიას, ნინო გორდაძის ფუნდამენტური მონოგრაფიები და ლექსიკონები.

ამ გამოჩენილი მკვლევარების მიერ შექმნილი მიმართულებები, მათ მიერ დასმული სამეცნიერო კითხვები, მათ მიერ ჩამოყალიბებული ტრადიცია და ამ ტრადიციის გამგრძელებელი მათი მოწაფეები დღესაც ინსტიტუტის ყოველდღიურობაშია განფენილი… „რადგანაც ჩვენ შვიდნი ვართ“!

დღეს უნივერსიტეტში მოღვაწეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ექიმთა ფორუმის მიერ დაწესებული „ევროპის გამოჩენილი მეცნიერის“ ნომინაციის მქონე სამი და საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ნომინაციის მქონე ერთი მკვლევარი.

2010 წელს მორფოლოგიის ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა. ამ დროიდან მორფოლოგიის ინსტიტუტმა უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების საბაზისო სტრუქტურის როლი ითავა. საუნივერსიტეტო გარემომ მორფოლოგიის ინსტიტუტის ტრადიციულ კვლევით მიმართულებას საგანმანათლებლო აქტივობაში ჩართვის საშუალება, ხოლო ინსტიტუტის მკვლევართა ტიტულატურას აკადემიური წოდებები შემატა.

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი უნივერსიტეტის ორგანულ ნაწილად იქცა, ისევე, როგორც უნივერსიტეტი — მორფოლოგიის ინსტიტუტისა. და ის, რომ „…ჩვენ შვიდნი ვართ“, საოცრად ბუნებრივად აღიქმება თუნდაც იმის გამო, რომ ალექსანდრე ნათიშვილი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პირველი არჩეული დეკანი იყო. ინსტიტუტის ოთხი მეცნიერი თანამშრომელი დაჯილდოებულია უნივერსიტეტის მედლით; ინსტიტუტის ორ უცხოელ პარტნიორს მიენიჭა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ინსტიტუტის ბაზაზე უკვე უნივერსიტეტის 30-მდე დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია. დოქტორანტები, ფორმალურად, ცხადია, მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები არ არიან. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასა და სპეციალობას, მაგრამ სწორედ დოქტორანტები გადაიქცნენ ინსტიტუტის სამედიცინო კვლევების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად, რომლის წყალობითაც არაერთი ჰიპოთეზა შემუშავდა და ექსპერიმენტულ მოდელებზე შემოწმდა.

ამ კვლევების ზოგიერთმა შედეგმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და რეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებით გაზარდა ინსტიტუტის საერთაშორისო ცნობადობა. ზოგმა დოქტორანტმა (აწ უკვე დოქტორმა) თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშირა მორფოლოგიის ინსტიტუტს, ხოლო სხვები, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ დარგობრივ სფეროებს დაუბრუნდნენ, სამუდამოდ დარჩნენ მორფოლოგიის ინსტიტუტელებად და საიმედო კოლეგებად, მეგობრებად და კვლევით პარტნიორებად. ამიტომაც, როცა გვეკითხებიან — რამდენნი ვართ? — ცხადია, თითოეულ ჩვენს დოქტორანტსაც ვგულისხმობთ და „ჩვენ შვიდნი ვართ“.

მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებენ პარტნიორი კლინიკებისათვის ჰისტოპათოლოგიურ და მოლეკულურ დიაგნოსტიკას. ერთი შეხედვით, ეს თითქოს ჩვენი სამეცნიერო საქმიანობისაგან განსხვავებული სამუშაოა. სინამდვილეში კი სწორედ აქ ხვდება ერთმანეთს მორფოლოგია და კლინიკური მედიცინა. მიკროსკოპში დანახული მორფოლოგიური ცვლილება იქცევა დიაგნოზად, დიაგნოზი — კლინიკურ გადაწყვეტილებად, კლინიკური გადაწყვეტილება კი — კონკრეტული ადამიანის მკურნალობად.

ამ თანამშრომლობამ ისეთ ცნობილ კლინიკებთან, როგორებიცაა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“, „ფრიდონ თოდუას კლინიკა“, „ვივამედი“, „ალადაშვილის კლინიკა“ და სხვა, ერთი მხრივ, მკვეთრად აამაღლა ჩვენი თანამშრომლების სამეცნიერო დონე, რაც რეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული ათობით პუბლიკაციით დასტურდება, ხოლო, მეორე მხრივ, ინსტიტუტი კლინიკური მედიცინის ყოველდღიურ პრაქტიკასთან დააკავშირა.

ამიტომ ჩვენი პარტნიორი კლინიკებიც ჩვენი დიდი სამეცნიერო და პროფესიული სივრცის ნაწილია — „და ჩვენ შვიდნი ვართ!“

მეცნიერებას სახელმწიფო საზღვრები არა აქვს. დაარსებიდან უამრავი უცხოელი მეგობარი და პარტნიორი ჰყავდა მორფოლოგიის ინსტიტუტს. აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში ინსტიტუტმა წარმატებით დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო ასპარეზზე. მორფოლოგიის ინსტიტუტის მაგალითით შეიქმნა მორფოლოგიური კვლევის ცენტრები ბულგარეთსა და რამდენიმე საბჭოთა რესპუბლიკაში, ხოლო მორფოლოგიის ინსტიტუტში მოძებნილმა გასაღებმა მსოფლიო პრობლემისა — „რატომ ითრომბება სისხლძარღვთა პროთეზები?“ — ნინო ჯავახიშვილსა და მის კოლეგებს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, რასაც მოჰყვა ოფიციალური მოწვევა (სამწუხაროდ, მეცნიერული თავმდაბლობის გამო, გამოუყენებელი) ნობელის პრემიის კომიტეტიდან.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მორფოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობენ ისეთი სახელგანთქმული უცხოელი მკვლევარები, როგორებიცაა ხავიერ პადილო, კარლოს სენტენო, სალვადორ როდრიგესი (ესპანეთიდან), ჰენრი ლეუვენინკი (ნიდერლანდებიდან), ოტო რეინჰოპი (გერმანიიდან), სააკ ოვსეპიანი (დიდი ბრიტანეთიდან), სერგეი გუსევი (რუსეთიდან), სტეინ კაასა (ნორვეგიიდან), მარომ სარელი (ისრაელიდან), ნინა ათანასოვა (ბულგარეთიდან), სანგ-სუკ ლი (კორეიდან), ბერნდ მინიხი (ავსტრიიდან), მარია პია ფოსკინი (იტალიიდან), ალექსანდრე ტრუსკინოვსკი (აშშ-დან) და ბევრი სხვა. ჩვენთან ასევე აქტიურად თანამშრომლობენ უცხოეთში მოღვაწე ჩვენი სახელგანთქმული თანამემამულეები — ზაზა კოკაია და დავით ფრანგიშვილი.

ზოგიერთ მათგანთან თანამშრომლობა მრავალი წლის წინ დაიწყო, ზოგი მოგვიანებით შემოგვიერთდა. მათთან ერთად შევქმენით კონსორციუმები ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისათვის. ნამდვილად საამაყოა, რომ კონსორციუმის მონაწილეები დაგვთანხმდნენ, ერთად შეგვემოწმებინა მორფოლოგიის ინსტიტუტში დაბადებული ჰიპოთეზა — მანქანური პერფუზიის გამოყენებით გადასანერგი ღვიძლის ორგანიზმის გარეთ, კონტეინერში, რეგენერაციის შესაძლებლობა — და ამ მიზნით გამოგვეცადა მორფოლოგიის ინსტიტუტშივე შექმნილი უნიკალური, ავტომატიზებული საპერფუზიო ტუმბოს ეფექტიანობა.

ეს ექსპერიმენტები ახლაც მიმდინარეობს საგრანტო და კოლაბორაციული პროექტების ფარგლებში. ვამზადებთ ერთობლივ პუბლიკაციებს, ვცვლით მკვლევრებსა და დოქტორანტებს, ვსწავლობთ მათგან და, მინდა მჯეროდეს, ისინიც სწავლობენ ჩვენგან. დღეს ზოგიერთი მათგანი საქართველოშია — ინსტიტუტის საიუბილეო თარიღის მოსალოცად გვეწვია, ზოგი კი ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. მაგრამ უორდსუორთის პატარა გოგონას ლოგიკით მანძილი სათვალავს არ ცვლის, „რადგან შვიდნი ვართ“!

მორფოლოგიის ინსტიტუტი ყოველთვის სახელმწიფო ინსტიტუტი იყო თავისი ორგანიზაციითა და ცნობიერებით. ის სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდებოდა მაშინაც, როდესაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შემადგენლობაში იყო, და სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება დღესაც, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა მორფოლოგიის ინსტიტუტის კაპიტალური რემონტი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კვლევითი გარემო მეცნიერთათვის და სასწავლო გარემო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთათვის. სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს ჩვენი პროექტების დაფინანსების მთავარი დონორი და ახალი იდეების განვითარების ხელშემწყობი — რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიც, ასევე — კონკურენტული ინოვაციების ფონდი, რომლის დახმარებითაც მნიშვნელოვნად განახლდა ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ქალაქის საკრებულომ ინსტიტუტის მიმდებარე ქუჩას აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელი მიანიჭა, ქალაქის მერია კი ინსტიტუტის წინ ე. წ. „მორფოლოგთა სკვერის“ შექმნაში გვეხმარება.

მაგრამ ინსტიტუტის სახელმწიფოებრიობა მხოლოდ დაფინანსებით არ განისაზღვრება. ინსტიტუტი თავისი ცნობიერებითაა სახელმწიფოებრივი იმიტომ, რომ ის ამუშავებს გერონტოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის პრობლემებს, რომლებიც მთელი საზოგადოებისა და ქვეყნის საჭიროებას წარმოადგენს.

მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის ჩართულობით წარიმართა სახელმწიფო გრანტების სააგენტოს მიერ სულ ახლახან დაფინანსებული დემენციის მომავალი ეროვნული პროგრამისათვის „ჩარჩო კონცეფციის“ მომზადებაც (საქართველოს ნევროლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოებების წარმომადგენელთა ხელმძღვანელობით). სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის რწმენით მიმდინარეობს ჰისტოპათოლოგიური და მოლეკულური დიაგნოსტიკის ის სამუშაოებიც, რის თაობაზეც ზემოთ აღვნიშნე.

სახელმწიფოებრივი აზროვნების დასტურია ინსტიტუტის მიერ აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის მუზეუმის, დოკუმენტური ფილმების — „მორფოლოგიის ინსტიტუტისა“ და „ნინო ჯავახიშვილის“ — შექმნა (ტელეკომპანია „პულსთან“ ერთად), 2016 წელს ნინო ჯავახიშვილის პრემიისა და მედლის დაფუძნება და მათი მინიჭება ორ წელიწადში ერთხელ — მორფოლოგიის დარგში საუკეთესო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის. შევნიშნავ, ლაურეატთა შორის უცხოეთში მოღვაწე მკვლევარებიც არიან. სახელმწიფოებრივია, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ინსტიტუტის ბაზაზე კლინიკურ და ტრანსლაციურ მედიცინაში საუნივერსიტეტთაშორისო სადოქტორო პროგრამის ამოქმედების შეთავაზება.

ამიტომაც მივიჩნევთ, რომ მეცნიერებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურებიც — სამინისტროებით დაწყებული, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიითა და ფონდებით დასრულებული — ჩვენთან ერთად ქმნიან იმ სივრცეს, სადაც „შვიდნი ვართ“!

2019 წელს საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან ერთად თბილისში ვუმასპინძლეთ ექიმთა მსოფლიო ასოციაციის კონგრესს. მისი სამეცნიერო თემატიკა — „პალიატიური მზრუნველობა ყველასთვის, ვისაც ის სჭირდება“ — მორფოლოგიის ინსტიტუტის მიერ იყო შეთავაზებული. თბილისში ჩამოვიდა ორასზე მეტი დელეგატი მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტი ქვეყნიდან და პალიატიური მზრუნველობის ცხრა მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერტი.

მათთან ერთად შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ. ცოტათი უფრო ადრე კი საქართველოს პალიატიური მზრუნველობის ეროვნულ ასოციაციასთან ერთად ინსტიტუტმა მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა პალიატიური მზრუნველობის დარგში, რომლის შედეგადაც ოთხ კანონში შევიდა ცვლილებები.

მორფოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობს სამედიცინო დარგის 10-მდე პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მათ შორის — ანატომთა, პათოლოგთა, კარდიოლოგთა, გინეკოლოგთა, ქირურგთა და სტომატოლოგთა ასოციაციები და საზოგადოებები.

მრავალი წელია, მორფოლოგიის ინსტიტუტის დიდი მეგობარია საქართველოს ქალთა საბჭო — რარიტეტული საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნიკალური ისტორიითა და მიღწევებით.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს, კომპანიებს — „ავერსსა“ და „კოკა-კოლას“, რომლებთანაც საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს და რომლებმაც მოგვცეს საშუალება, მაქსიმალურად მასშტაბურად დაგვეგეგმა საიუბილეო ღონისძიებები.

ორგანიზაციების ჩამოთვლა შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. ყველა მათგანი სხვადასხვა საქმეს ემსახურება, სხვადასხვა ისტორია და ამოცანები აქვს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენი გზები გადაიკვეთა იმ წერტილებში, სადაც საერთო ამოცანები ან მეცნიერული იყო, ან ეროვნული. და ეს საერთო საქმიანობები წარმატებისთვის იყო განწირული, რადგანაც ჩნდებოდა შეგრძნება, „რომ ჩვენ შვიდნი ვართ“.

და არის კიდევ ერთი, განსაკუთრებით აღსანიშნავი: გასული საუკუნის 60-იან წლებში კორეელმა მეცნიერებმა აღწერეს მანამდე უცნობი ანატომიური სტრუქტურები, რომელთა ერთობლიობასაც დღეს „პირველადი მილოვანი სისტემის“ (ჩემი თარგმანია), ინგლისურად — „Primo Vascular System“-ის სახელით ვიცნობთ.

დიდხანს ამ აღმოჩენას სამეცნიერო სამყარო დიდი სიფრთხილით და ხშირად სკეპტიკურადაც უყურებდა. მორფოლოგიის ინსტიტუტი პირველი ინსტიტუციაა ევროპაში, რომელმაც ამ ახალი სისტემის ექსპერიმენტული კვლევა დაიწყო. ამ კვლევამ კორეელ მეცნიერებთან დაგვაკავშირა. მათთან ერთად ვსწავლობთ სტრუქტურებს, რომელთა არსებობის, ფუნქციისა და მნიშვნელობის შესახებ ჯერ კიდევ გაცილებით მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. მე მიხარია, რომ დღეს ჩვენი კორეელი მეგობრები თბილისში არიან ინსტიტუტის საიუბილეო თარიღის მოსალოცად.

მჯერა, უახლოეს ხანებში მრავალი ახალი აღმოჩენა გველის. და ყველა ის ადამიანი და ინსტიტუცია, რომელიც სწავლობს ან მომავალში შეისწავლის ამ ახალ სისტემას, ჩვენთან ერთად შექმნის იმ კვლევით სივრცეს, სადაც „შვიდნი ვიქნებით“.

დღეს, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის საიუბილეოდ, როდესაც ვცდილობ, პასუხი გავცე კითხვას — რას წარმოვადგენთ და რამდენნი ვართ? — ვხვდები, რომ ჩვეულებრივი არითმეტიკა არაფერში გამოგვადგება.

ჩვენ ერთად ვართ — ვინც ეს ინსტიტუტი შექმნა, ვინც დღეს აგრძელებს მის ქმნადობას და ვისი მოღვაწეობაც ინსტიტუტის ხვალინდელ დღეს შექმნის: ჩვენი მასწავლებლები და მოწაფეები; ჩვენი დოქტორანტები; ჩვენი კლინიკური პარტნიორები; ჩვენი უცხოელი კოლეგები; სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლებთან ერთადაც საერთო საქმე გვიკეთებია; ჩვენი მეგობრები.

და, ალბათ, ისინიც, ვინც მომავალში უნდა მოვიდნენ ამ ინსტიტუტში, დასვან კითხვები, რომლებიც ჩვენ არ დაგვისვამს, დაინახონ ის, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ, აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენთვის დაფარული დარჩა.

როსტომ ჩხეიძე თავის ესეში უორდსუორთის ლექსის არსს ასეთ ორკითხვიან ფრაზაში მოაქცევს:

„რამდენნი ვართ და რისი იმედი გვასულდგმულებს?“

ოთხმოცი წლის მორფოლოგიის ინსტიტუტის სახელით პირველ კითხვაზე — რამდენნი ვართ? — ჩემი პასუხი ასეთია:

ჩვენ იმდენნი ვართ, რამდენმაც ამ ოთხმოცი წლის განმავლობაში ამ ინსტიტუტს თავისი ცოდნა, შრომა, აღმოჩენა, იდეა, სიყვარული ან მეგობრობა შემატა, და კიდევ იმდენნი, რამდენიც მომავალში შემატებს.

და თუ მაინც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რამდენნი ვართ, მაშინ უორდსუორთის პატარა გოგონასავით მეც ჯიუტად გავიმეორებ:

ჩვენ შვიდნი ვართ!

ხოლო მეორე კითხვის — „რისი იმედი გვასულდგმულებს?“ — პასუხად ასე ვიტყვი:

ჩვენ მუდამ შვიდნი ვიქნებით!

                                                                                                                       დიმიტრი კორძაია

                                                მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი

Facebook
Twitter
LinkedIn