მეცნიერების მომავალი თაობა მორფოლოგიის ინსტიტუტიდან
ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის ისტორია მხოლოდ სამეცნიერო აღმოჩენებითა და კვლევითი მიღწევებით არ იზომება. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია ყოველთვის იყო მომავალი თაობის მეცნიერების აღზრდა — ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობების შექმნა. სწორედ ამიტომ ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში მონაწილეობა, სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა და ახალგაზრდა მკვლევართა მომზადება წარმოადგენს.
განსაკუთრებული ეტაპი ამ მიმართულებით 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ერთეულად ჩამოყალიბდა. ამ პერიოდიდან ინსტიტუტი თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით ბაზად იქცა. ინსტიტუტის ლაბორატორიებსა და კვლევით სივრცეში ახალგაზრდა მეცნიერებმა შესაძლებლობა მიიღეს – საკუთარი სადისერტაციო თემები თანამედროვე კვლევითი მეთოდების გამოყენებით განეხორციელებინათ, ემუშავათ გამოცდილ მეცნიერებთან და უშუალოდ ჩართულიყვნენ იმ სამეცნიერო პროცესში, რომელსაც ინსტიტუტში ათწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ.
2011 წლიდან 2026 წლამდე მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე შესრულდა და დაცულ იქნა 22 სადისერტაციო ნაშრომი. დისერტაციები ერთმანეთისგან თემატურად განსხვავებულია, თუმცა ყველა მათგანი თანამედროვე ბიოსამედიცინო მეცნიერების მნიშვნელოვან საკითხებს ეხება — ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიებს, სიმსივნურ დაავადებებს, ენდოკრინულ სისტემას, დიაბეტს, პალიატიურ მზრუნველობას, ტრანსპლანტაციას, ექსპერიმენტულ ქირურგიასა და მედიკამენტების უსაფრთხოებას. ამ კვლევების ჩამონათვალი კარგად აჩვენებს, რამდენად ფართოა მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის სფერო.
2011 წელს
ელზა აზმაიფარაშვილი — „დუქტულური რეაქციის არსი და მექანიზმები ნაღვლის საერთო სადინარის გადაკვანძვიდან ადრეულ ვადებზე ვირთაგვებში“. ხელმძღვანელი: დიმიტრი კორძაია, პროფესორი.
2015 წელს
ირაკლი ლაცაბიძე — „დიაბეტის დროს პრეპარატ „პლაფერონის“ და სინთეზური რადიოინერტული ანდროგენ მეთილტრიენოლონის ზემოქმედების პირობებში პანკრეასში მიმდინარე კომპენსაციურ-ადაპტაციური პროცესები“. ხელმძღვანელები: თეიმურაზ ჯორბენაძე, პროფესორი; ნელი დიდებულიძე, ბიოლ. დოქტ.
2016 წელს
ჯუმბერ ფარცახაშვილი — „ღვიძლის ორთოტოპიული ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდი აუტოტრანსპლანტაციის ექსპერიმენტულ მოდელში“. ხელმძღვანელი: ნოდარ ხოდელი, ასოცირებული პროფესორი.
მარიამ ველიჯანაშვილი — „სიცოცხლის მიწურულს აღქმებისა და დამოკიდებულებების გათვალისწინების აუცილებლობა მოხუცთა პალიატიური მზრუნველობის მოდელის შემუშავებისას“. ხელმძღვანელები: დიმიტრი კორძაია, პროფესორი; სიმონ დალაქიშვილი, მედ. დოქტ.
ნათია რურუა — „Hashimoto-ს აუტოიმუნური თირეოიდიტის მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური დახასიათება“. ხელმძღვანელი: ლიანა გოგიაშვილი, პროფესორი.
2017 წელს
ნანა ჩიხლაძე — „სიცოცხლის მიწურულის აღქმები და დამოკიდებულებები სიცოცხლის შეზღუდული ხანგრძლივობის გაცნობიერების პირობებში: კიბოთი დაავადებულთა და მის გარეშე ჯგუფების შედარებითი ანალიზი (პალიატიური მზრუნველობის ოპტიმალური მოდელის შემუშავებისათვის)“. ხელმძღვანელი: პროფ. დიმიტრი კორძაია.
თამარ სალაძე — „აორტის სარქვლის ათეროგენული და დეგენერაციული გენეზის სტენოზის მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური დახასიათება“. ხელმძღვანელი: ლიანა გოგიაშვილი, პროფესორი.
სოფიკო კანდელაკი — „ტესტოსტერონის როლი დიაბეტით გამოწვეული მეტაბოლური პროცესების კორექციაში“. ხელმძღვანელები: დიმიტრი კორძაია, პროფესორი; ნელი დიდებულიძე, ბიოლ. დოქტ.
2020 წელს
ხათუნა ხაჭაპურიძე — „საკვერცხის კიბოს მკურნალობის ოპტიმიზაციისთვის: სიმსივნის მიკროსკოპული ავთვისებიანობისა და მაინფილტრირებელი T-ლიმფოციტების კომპლექსური ანალიზი ციტორედუქციული ოპერაციების დროს“. ხელმძღვანელები: დიმიტრი კორძაია, პროფესორი; მაია მჭედლიშვილი, მედ. დოქტორი.
2021 წელს
ნინო ქარუმიძე — „სხვადასხვა პათოლოგიის პირობებში ზრდასრული ვირთაგვას ღვიძლში კომპენსატორულ-ადაპტაციური მექანიზმების აქტივაციის თავისებურებები“. ხელმძღვანელები: ნოდარ ხოდელი, მედ. დოქტორი; ზურაბ ჩხაიძე, მედ. დოქტორი.
ნინო ინაური — „საპერფუზიო აპარატით ღვიძლის in situ პროლონგირებული პრეზერვაცია (ექსპერიმენტული კვლევა)“. ხელმძღვანელები: დიმიტრი კორძაია, პროფესორი; ნოდარ ხოდელი, მედ. დოქტორი.
ლეილა პატარაშვილი — „ღვიძლის მატრიქსის არქიტექტონიკის თავისებურებები (ადამიანის, სხვა ძუძუმწოვრების და ფრინველების ღვიძლის შემაერთებელქსოვილოვანი ჩონჩხის შედარებითი დახასიათება)“. ხელმძღვანელები: დიმიტრი კორძაია, პროფესორი; ილია ჭანუვაძე, პროფესორი.
ქეთი ცომაია — „ღვიძლის სტრუქტურული გარდაქმნა რეზექციისა და განმეორებითი რეზექციის შემდეგ“. ხელმძღვანელი: დიმიტრი კორძაია, პროფესორი.
2022 წელს
ირაკლი ბებიაშვილი — „ბილიური ობსტრუქციის თანმხლები დუქტულური რეაქციის პრეპროლიფერაციული, პროლიფერაციული და პარაპროლიფერაციული ტრანსფორმაციები“. ხელმძღვანელი: დიმიტრი კორძაია, პროფესორი.
თამუნა გვიანიშვილი — „ფარისებრი ჯირკვლის პაპილური მიკროკარცინომა: ჰისტოპათოლოგია, იმუნოჰისტოქიმია, პროგნოზი“. ხელმძღვანელი: ლიანა გოგიაშვილი, პროფესორი.
მარიამ კაკაბაძე — „ენის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მკურნალობა წამლის ლოკალური მიწოდების სისტემის გამოყენებით ცხოველებში“. ხელმძღვანელები: თამარ რუხაძე, პროფესორი; მანანა კაკაბაძე, მედ. დოქტორი.
2024 წელს
ლევან გოგიჩაიშვილი — „ჰეპატოცელულური კიბოს გამოსავალი, განვითარების რისკი და სისხლში მოცირკულირე ახალი, მაღალმგრძნობიარე სიმსივნის მარკერები, ლედიპასვირი/სოფოსბუვირით მკურნალობის დროს HCV-ით ინფიცირებულ პაციენტებში“. ხელმძღვანელები: გია ლობჟანიძე, პროფესორი; მიხეილ ჯანგავაძე, პროფესორი.
სალომე ხუბულავა — „სელენის ნანონაწილაკების 10%-იანი სუსპენზიის ეფექტურობა ექსპერიმენტული შაქრიანი დიაბეტის მონო- და ინსულინთან კომბინირებული მკურნალობისას და მისი უსაფრთხოება“. ხელმძღვანელები: ნოდარ ხოდელი, ასოც. პროფესორი; გიორგი ფიჩხაია, მედ. დოქტორი.
2025 წელს
ლაშა გულბანი — „ჰელიკობაქტერიების როლი ნაღვლის გზების პათოლოგიების განვითარებაში (ნაღვლის ბუშტის ჰისტოპათოლოგიური და ციტო- და ქემოკინების ცვლილებების ანალიზი ჰელიკობაქტერიებით ინფიცირებისას და მის გარეშე)“. ხელმძღვანელები: დიმიტრი კორძაია, პროფესორი; ვახტანგ გოდერძიშვილი, მედ. დოქტორი; ქეთი ცომაია, მედ. დოქტორი.
2026 წელს
სალომე გვიდიანი — „ნაღვლის საერთო სადინარის ოკლუზიის მოდელის სრულყოფისათვის“. ხელმძღვანელი: დიმიტრი კორძაია, პროფესორი.
ოთარ ფილიშვილი — „ორიგინალური საპერფუზიო აპარატით ღვიძლის ex situ პროლონგირებული პრეზერვაცია (ექსპერიმენტული კვლევა)“. ხელმძღვანელები: ნოდარ ხოდელი, მედ. დოქტორი; ზურაბ ჩხაიძე, მედ. დოქტორი.
მანანა მაჩიტიძე — „კლინიკური მომსახურების გაუმჯობესება მედიკამენტების უსაფრთხო ადმინისტრირების გზით (ჰოსპიტალურ სექტორში მომუშავე ექთნების ცოდნისა და პრაქტიკის სრულყოფისათვის)“. ხელმძღვანელები: დიმიტრი კორძაია, პროფესორი; ირმა გრძელიძე, მედ. დოქტ.
. . .
მორფოლოგიის ინსტიტუტი დღესაც აგრძელებს თავის ტრადიციას და უფრო მეტი თანამშრომელი ჩაერთო ახალგაზრდა კადრების მომზადებაში. დღეისათვის ინსტიტუტის ბაზაზე 27 დოქტორანტი მუშაობს თავის კვლევებზე. ეს რიცხვი მხოლოდ დღევანდელი რეალობის მაჩვენებელი არ არის — ის მომავლის იმედიცაა.
