80-წლიანი ისტორია მსხვილი პლანით

თარიღი: 2026-10-14 15:03:16

მორფოლოგიის ინსტიტუტი – ქართული მეცნიერების გამორჩეული კერა, რომლის ისტორიაც მხოლოდ წლებით არ იზომება…

ჯერაც არ გვაქვს სრულად გაცნობიერებული, რა წვლილი შეიტანეს აქ მოღვაწე მეცნიერებმა თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში და კიდევ რა შესაძლებლობებს შექმნის მათი ნააზრევი მომავლისთვის. ეს ქართული სამეცნიერო აზროვნების ფასდაუდებელი საგანძურია. სწორედ ამიტომ ტელეკომპანია „პულსი“ თავის პროფესიულ და საზოგადოებრივ ვალდებულებად მიიჩნევს, ყველაფერი გააკეთოს, რათა ამ კედლებში დაგროვილი ცოდნა, აქ მოღვაწე მეცნიერთა ნააზრევი და სამეცნიერო მემკვიდრეობა ფართო საზოგადოების წინაშე წარმოჩინდეს.

პირადად ჩემთვის მორფოლოგიის ინსტიტუტი ძვირფას და გამორჩეულ ადამიანებთან შეხვედრებისა და ურთიერთობების ისტორიაცაა. ბედნიერება მქონდა, პროფესორ დიმიტრი კორძაიას წყალობით, პირადად გამეცნო აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი და მქონოდა მასთან ურთიერთობის საშუალება. დღემდე განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ 2016 წელს, როდესაც მორფოლოგიის ინსტიტუტის იმჟამინდელმა დირექტორმა, პროფესორმა სოსო დალაქიშვილმა, აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედალი გადმომცა. არანაკლებ ძვირფასია ჩემთვის ინსტიტუტის ამჟამინდელ დირექტორთან, პროფესორ დიმიტრი კორძაიასთან, მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშესახები შედეგი – დოკუმენტური ფილმები ქართული სამედიცინო განათლებისა და სახელოვანი ქართველი მედიკოსების შესახებ.

„პულსის“ არქივში გამორჩეული ადგილი უჭირავს უნიკალურ კადრებს – მორფოლოგიის ინსტიტუტის სხვადასხვა თაობის დირექტორების – აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილისა და პროფესორ დიმიტრი კორძაიას – ერთობლივი ექსპერიმენტული ოპერაციის ჩანაწერს. დღეს ეს უბრალოდ სატელევიზიო მასალა აღარ არის – ეს ქართული სამედიცინო მეცნიერების ისტორიის ნაწილია, ერთ საოპერაციო მაგიდასთან შეხვედრილი ორი თაობის სამეცნიერო აზრი, გამოცდილება და ცოდნა.

დიდი კრძალვით ვულოცავთ მორფოლოგიის ინსტიტუტს 80 წლის იუბილეს და ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლის წლები ადამიანის ფენომენის შეცნობას მიუძღვნა!

თინათინ დაბრუნდაშვილი
ტელეკომპანია „პულსის“ დამფუძნებელი

Facebook
Twitter
LinkedIn