თსუ-ის მეცნიერები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ,,ორი იბერია – ევროპის ორი კარიბჭე”

თარიღი: 2026-10-13 18:13:45

10-12 სექტემბერს მადრიდში (ესპანეთი) გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ორი იბერია – ევროპის ორი კარიბჭე”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტებიდან.

ორი იბერიის ურთიერთკავშირის საკითხის შემდგომი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლები

თსუ-ს არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა შესავალ მოხსენებაში – „ორი იბერია: მეზოგეოგრაფიული მიგრაცია“ – განიხილა პირენეს ნახევარკუნძულსა და კავკასიურ იბერიას შორის შესაძლო ისტორიული კავშირების არქეოლოგიური საფუძვლები. მოხსენების მთავარი კითხვა იყო – არსებობდა თუ არა ევროპიდან აღმოსავლეთისკენ გადაადგილებისთვის ისეთი გზები, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობის მიგრაციას კავკასიამდე შეეძლო მიეღწია. ავტორი ამ საკითხს ევროპისა და კავკასიის არქეოლოგიური მასალის შედარებით იკვლევს.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ძვ. წ. II–I ათასწლეულებით დათარიღებულ კერამიკასა და ბრინჯაოს ნივთებზე, რომლებიც ფართო რეგიონთაშორისი ურთიერთობების შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. კავკასიურ იბერიასა და კოლხეთში აღმოჩენილ კერამიკას პარალელები მოეპოვება ალპებისა და დუნაის აუზის არქეოლოგიურ მასალაში. ავტორი ასევე მიუთითებს საქართველოდან დასავლეთის მიმართულებით, კუნძულ სიცილიამდე, ბრინჯაოს ნივთების გატანაზე. მისი შეფასებით, ეს მასალა ორი იბერიის ურთიერთკავშირის საკითხის შემდგომი კვლევისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

ევროპასა და კავკასიას შორის კავშირების თვალსაჩინო მაგალითებად ვახტანგ ლიჩელი რამდენიმე არქეოლოგიურ აღმოჩენას ასახელებს: დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ ვიოლინოს ხემის ფორმის საკინძს – ფიბულას – ანალოგები აქვს ჩრდილოეთ იტალიასა და ცენტრალურ ევროპაში, სადაც ისინი დაახლოებით ძვ. წ. 1200 წლით თარიღდება; კავკასიურ იბერიაში აღმოჩენილი დისკოსებრი ბალთები ჰალშტატის კულტურას უკავშირდება, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში გამოვლენილ ჯვრისებრ საკიდებს ყველაზე ახლო პარალელები ბოსნია-ჰერცეგოვინის ძვ. წ. VIII–VII საუკუნეების მასალაში მოეპოვება. მოხსენებაში განხილულია ორმაგსპირალიანი საკიდებიც, რომელთა ანალოგები უნგრეთში ძვ. წ. XII–X საუკუნეებით თარიღდება. ავტორის შეფასებით, შესაბამისი ადგილობრივი პარალელების არარსებობა ამ ნივთების ევროპიდან შემოტანის ვარაუდს ამყარებს.

ევროპულ მასალასთან მსგავსება სხვა აღმოჩენებშიც იკვეთება: ჩრდილოეთ კავკასიაში ნაპოვნ ფირფიტისებრ სამაჯურებს ანალოგები აქვს უნგრეთში, ავსტრიასა და რუმინეთში, ბრინჯაოს რქისებრი საკიდების წინამორბედი ფორმები კი ტრანსილვანიაში დასტურდება. მოხსენებაში დასახელებულია ძვ. წ. IX–VIII საუკუნეების ბიკონუსური დერგები, რომლებიც კავკასიის გარდა, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის არქეოლოგიურ ძეგლებზეც გვხვდება. სოფელ თხმორში აღმოჩენილ კელტური ტიპის ცულს ავტორი, ტრადიციულად, ევროპიდან შემოტანილ ნივთად განიხილავს. წარმოდგენილი პარალელები ძირითადად ძვ. წ. XIII–VII საუკუნეების მასალას მოიცავს.

ინფორმაციას უძველეს იბერიაში ქალების შესახებ ნარატიული და ეპიგრაფიკული მასალები გვაწვდის

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე კობახიძემ, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორ ნათია ფიფიასთან თანაავტორობით, წარმოადგინა სესიის პირველი მოხსენება ,,ქალი ანტიკური ხანის იბერიაში (ქართლი)” (Woman in Iberia/Kartli in Classical Antiquity). მასში განხილული იყო ქალის სტატუსი იბერიაში/ქართლში, რომელიც  საქართველოში მაინცდამაინც კარგად არ არის შესწავლილი; ავტორთა თქმით, საკითხს ძალიან ცოტა სამეცნიერო ნაშრომი ეძღვნება და ეს საკითხი ძირითადად განხილულია მონოგრაფიებში, რომლებიც სხვა ასპექტებზეა ორიენტირებული, მაგალითად, ქართლის ზოგად პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ისტორიაზე კლასიკურ ანტიკურ ხანაში. ამიტომ, ნაშრომი მიზნად ისახავდა ამ ხარვეზის შევსებას სამეცნიერო ლიტერატურაში.

მოხსენების მიხედვით, ინფორმაციას უძველეს იბერიაში ქალების შესახებ ნარატიული და ეპიგრაფიკული მასალები გვაწვდის. ნარატიული წყაროები („ქართლის ცხოვრება“ და ბერძენი და რომაელი ავტორები), ეპიგრაფიკული მასალის ნაწილთან ერთად, კარგად არის ცნობილი მეცნიერებისთვის; წარწერების ნაწილი ხელმისაწვდომი გახდა უახლესი ტექნოლოგიების, კერძოდ, ბერძნული და ლათინური წარწერების მონაცემთა ბაზების საშუალებით. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ნაპოვნი წარწერები, ინფორმაციის თვალსაზრისით, ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივე, ნარატიული წყაროების გარდა, გვაწვდის ინფორმაციას ქალების პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თავად იბერიაში, რომელიც პროტოფეოდალური საზოგადოებაა, მონარქიაა, ქალებს არ შეეძლოთ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის დაკავება – მათ არ შეეძლოთ მმართველები გამხდარიყვნენ, თუმცა მათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა ჰქონდათ ქმრების მეშვეობით ან რეგენტები გამხდარიყვნენ გვირგვინოსნების ადრეულ წლებში.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე წარწერა, რომლებიც იბერიელ ქალებზე მოგვითხრობს, მაგალითად, დედოფალ ულპიას წარწერა და დედოფალ დრაკონტისის წარწერა, ასევე ოსტიას წარწერა მეფე ფარსმანის რომში ვიზიტის შესახებ, რომელიც მის ადრეულ მეუღლეს ახსენებს. ბერძნული და რომაული თხრობითი წყაროები მეტ დეტალს გვაწვდიან მეფე ფარსმან  I-ის ცოლის გავლენის შესახებ. სერაფიტას სტელა წარმოაჩნეს დინასტიური ქორწინებების მნიშვნელობას, რასაც ასევე ხაზს უსვამს „ქართლის ცხოვრება“. გვიან ანტიკურ ხანაში ქალთა სტატუსი შედარებით გაუმჯობესდა; ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ქალები ორჯერ მსახურობდნენ რეგენტებად, თუმცა დინასტიური ქორწინებები შენარჩუნდა, რაც არისტოკრატი ქალების უფლებების შეზღუდვის მანიშნებელია. მეორე მხრივ, საკმაოდ საინტერესოა, რომ ქრისტიანობაზე მოქცევამ არ შეზღუდა ქალების სტატუსი სხვა მხრივ – გვიან ანტიკურ ხანაში ქალები შეიძლებოდა რეგენტებად, ქონების მემკვიდრეებად და ა.შ. ჩაითვალოს. ჩვენი მოხსენების ცენტრში იყო ქალების პოლიტიკური სტატუსი იბერიაში კლასიკურ ანტიკურ ხანაში; ასევე განხილული იქნა სხვა ასპექტებიც, მაგალითად, კერძო საკუთრების ფლობის უფლება. დედოფალ დრაკონტისის წარწერა კარგი მაგალითია ამ უკანასკნელის შესასწავლად“, – ითქვა მოხსენების შესავალ ნაწილში.

მთავარი მიზანი იყო ახლად აღმოჩენილი მონეტებისა და მათი ქრონოლოგიის აღწერა და ანალიზი

სესიაზე ,,ისტორია და ანტიკურობის შესწავლა” პირველი მოხსენება წაიკითხა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტმა ევგენი ჭანიშვილმა და ისაუბრა მეათე საუკუნეში თბილისის საამიროში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე (Political and Economic Situation in the Tenth-Century Tbilisi Emirate). „IX საუკუნის მიწურულს, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე პოლიტიკურ ერთეულში – თბილისის საამიროში – ხელისუფლებაში ჯაფარიდების დინასტია მოვიდა. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, თბილისი კავკასიაში ყოველთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა. შუა საუკუნეების ქალაქის ბაზრისა და ეკონომიკის განვითარება პირდაპირ კავშირში იყო ადგილობრივ მონეტების გამოშვებასთან, რაც ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიების ძირითად ეკონომიკურ საჭიროებებს უზრუნველყოფდა. თავის მხრივ, ქალაქში მოჭრილი ადგილობრივი მონეტები იმ პერიოდის ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციის უმნიშვნელოვანეს და უტყუარ პირველწყაროს წარმოადგენს. ნაშრომის მთავარი მიზანი იყო ახლად აღმოჩენილი მონეტებისა და მათი ქრონოლოგიის აღწერა და ანალიზი; მასში საუბარია ისეთ მონეტებზე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ან საერთოდ არ მოგვეპოვება, ან არსებული ცნობები იმდენად მწირია, რომ ანალიზის ჩატარება საკმაოდ რთულია.

ეს პერიოდი აბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ დასუსტებას უკავშირდება, როდესაც სახალიფოს გავლენა აღარ ვრცელდებოდა იმ პროვინციებზე, რომლებიც ადრე იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ამ ტერიტორიებზე ხალიფას მმართველობა ნომინალური გახდა, რაც ნათლად აისახა X საუკუნეში თბილისის საამიროში მოჭრილ მონეტებზე. აღნიშნული მონეტების საფუძველზე, მომხსენებელმა წარმოაჩინა თბილისის საამიროს დე ფაქტო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბების ქრონოლოგია და ის, თუ რა გავლენა იქონია მასზე კავკასიაში მიმდინარე ეკონომიკურმა მოვლენებმა. ფუნდამენტური ანალიზის მიზნით, მომხსენებელმა განიხილა და  თბილისის საამიროს ახლად აღმოჩენილი მონეტები შეადარა X საუკუნის კავკასიის სხვა პოლიტიკური ერთეულების მონეტებსა და ეკონომიკურ სისტემებს.

. . .

საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ომარ ძაძამიამ წარმოადგინა მოხსენება  – „პროტეინის წყაროები ძველი იბერიისა და კოლხეთის კვებაში“ (Sources of Protein in the Diet of Ancient Iberia and Colchis).  საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორმა ლერი თავაძემ წარმოადგინა მოხსენება – ,,საქართველოს, ევრაზიის სტეპების იმპერია და ხალიფატი: პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები IX საუკუნეში” (Georgia, the Eurasian Steppe Empire, and the Caliphate: Political and Economic Relations in the First Half of the Ninth Century). კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი უგულავამ ისაუბრა მითრიდატული ომების ხანაში იბერიის სტატუსზე (Iberia’s Status during the Mithridatic Wars).

მესამე სესიაზე, რომელიც ლიტერატურას მიეძღვნა, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ნადარეიშვილმა წაიკითხა მოხსენება  – ,,მედეას რეცეფციაში ახალი ხედვის შესახებ” (A New Turn in the Georgian Reception of Medea).

სესიაზე, რომელიც მიეძღვნა ორი იბერიის ისტორიის საკითხებს ბიზანტიურ ხანაში ე. ჩიკვაიძემ და ა. ლეთოდიანმა წაიკითხეს მოხსენება ქართული აგიოგრაფიის კლასიფიკაციის და პერიოდიზაციის შესახებ ბიზანტიურ კონტექსტში (Classification and Periodization of Georgian Hagiography (Byzantine context)). შემდგომ სესიაზე, რომელიც ორი იბერიის ურთიერთობის საკითხებს ეხებოდა, თსუ-ის კურსდამთავრებულებმა, ძველი ენების და ცივილიზაციის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრმა გიორგი ბარნაბიშვილმა და კლასიკური ფილოლოგიის მაგისტრანტმა ბექა გელაშვილმა წაიკითხეს მოხსენება ორი იბერიის საკითხზე ქართველი და ესპანელი მმართველების მიმოწერაში (The Question of Two Iberias in Constantine Sophia’s Report on Iberia).

ქართველი მეცნიერების მიერ წაკითხულმა მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და გაიმართა საინტერესო დისკუსიები. მსგავსი ღონისძიებების როგორც ორგანიზება და მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარების მონაწილეობა ხელს უწყობს თსუ-ის ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო ჩართულობისა და რეიტინგის ამაღლებას.

Facebook
Twitter
LinkedIn