სტუდენტური კვლევა შავი ზღვის სანაპიროზე და თსუ-ს ლაბორატორიაში განახლებული ექსპერიმენტები

თარიღი: 2026-10-09 12:36:34

25-28 ივლისს განხორციელდა სტუდენტური პროექტი – „შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს დინამიკა (სტუდენტური კვლევა)“. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თსუ-ს დოქტორანტ ირმა მაკალათიას ინფორმაციით, მისი მიზანი იყო სტუდენტებისთვის ანაკლია-განმუხურის სანაპიროს შესწავლის შესაძლებლობის მიცემა, ბათუმისა და ფოთის პორტების, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფოთის ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფრასტრუქტურის გაცნობა. პროექტი ასევე ითვალისწინებდა საზღვაო ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების – ტალღების, ქარის, დინებებისა და წყლის დონის – დამუშავებას, სანაპიროს არსებული მდგომარეობისა და ეროზიულ უბნებზე მოქმედი ფაქტორების შეფასებას.

25 ივლისს მონაწილეებმა ბათუმის პორტი დაათვალიერეს და ადგილზე დარგის სპეციალისტებს შეხვდნენ. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ბათუმის პორტის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.

26-27 ივლისს სტუდენტებმა ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი შეისწავლეს. ირმა მაკალათიას ინფორმაციით, ზღვაში GPS-ისა და კატერზე დამონტაჟებული ექოლოტის დახმარებით 111 წერტილზე მოიპოვეს მონაცემები, რომელთა დამუშავების შედეგად ანაკლია-განმუხურის სანაპიროს ზღვის ბათიმეტრიული რუკა შექმნეს. მიღებული მონაცემები თსუ-ს ჰიდრომექანიკისა და ოკეანოლოგიის ლაბორატორიაში კვლევების გასაგრძელებლად იქნება გამოყენებული. პროექტის ხელმძღვანელის განმარტებით, ეს საქართველოში საზღვაო მიმართულების ერთადერთი ასეთი ლაბორატორიაა.

28 ივლისს პროექტის მონაწილეები ფოთის პორტსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჰიდროგრაფიულ სამსახურს ეწვივნენ. ისინი ფოთში მეტეოროლოგიური საჰაერო ზონდის გაშვებასაც დაესწრნენ. ანგარიშის მიხედვით, ზონდი 30-35 კილომეტრის სიმაღლემდე ასვლისას მეტეოროლოგიურ მონაცემებს აფიქსირებს, რომლებიც მსოფლიო მეტეოროლოგიურ ქსელს უკავშირდება. მისი გაშვება შესაბამისი ამინდის პირობებში კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება. სტუდენტებმა სანაპიროდან მყარი მასალის ნიმუშებიც აიღეს და კვლევის გასაგრძელებლად ლაბორატორიაში ჩამოიტანეს.

თსუ-ს ჰიდრომექანიკისა და ოკეანოლოგიის ლაბორატორია 1970 წელს დაარსდა, თუმცა 1990-იანი წლების შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. ლაბორატორიაში დამონტაჟებულია 10-მეტრიანი ტალღური არხი და 15-მეტრიანი ტალღური აუზი, რომლებიც ტალღის ოთხი ძირითადი პარამეტრის – სიგრძის, სიმაღლის, სიჩქარისა და პერიოდის – კვლევის შესაძლებლობას იძლევა.

ირმა მაკალათიას ინფორმაციით, 2026 წლის 2 აპრილს ლაბორატორიის ფუნქციონირება აღდგა და ანაკლია-განმუხურის სანაპიროსთვის გეომეტრიული მსგავსების პრინციპზე დაფუძნებული სქემატური მოდელირებით ექსპერიმენტი ჩატარდა. მისი მიზანი იყო შტორმული ტალღის პარამეტრების შემცირებისა და ეროზიული სანაპიროს აღდგენის შესაძლებლობების შესწავლა.

კვლევების განახლება დააჩქარა 2025 წლის შიდა საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში განხორციელებულმა ვიზიტმა. გუნდი ადგილზე გაეცნო მიმდინარე და სამომავლო სამუშაოებს. ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ პორტის დამცავი ნაგებობის – მოლოსა თუ ტალღმტეხელის – კვლევა ბელგიის ანალოგიურ ლაბორატორიაში მიმდინარეობდა, მაშინ, როდესაც შესაბამისი ბაზა თსუ-შიც არსებობს. ირმა მაკალათიას განმარტებით, ლაბორატორიის სრულად აღდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის მსგავსი კვლევების ადგილზე შეთავაზების შესაძლებლობას შექმნის.

თსუ-ს ჰიდრომექანიკისა და ოკეანოლოგიის ლაბორატორიაში გამართულ პრეზენტაციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, წამყვანი სპეციალისტები და თსუ-ს სტუდენტები ესწრებოდნენ. პროექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გუნდის მიერ შესრულებული სამუშაო – ტალღმტეხელის მოდელირება – დადებითად შეფასდა.

გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტებისთვის იკითხება კურსი „წყლის რესურსების ეკოლოგია“, რომელიც ზღვის სანაპიროს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც მოიცავს. საქართველოს სანაპირო ზოლი რთული გეოლოგიური პირობებით ხასიათდება. ანგარიშში მოყვანილი მონაცემებით, ანაკლია-განმუხურის სანაპიროზე პლაჟი ბოლო 20 წელიწადში 250 მეტრით შემცირდა და დღეს ეს ტერიტორია ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად უბანს წარმოადგენს.

ირმა მაკალათიას შეფასებით, აღნიშნული სანაპირო ხელსაყრელია ისეთი ახალი ტექნოლოგიების დასანერგად, რომლებიც შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებში – თურქეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში – უკვე გამოიყენება. თსუ-ს ლაბორატორიის აღდგენა კი ამ ტექნოლოგიების მოდელირებისა და ადგილობრივ პირობებში მათი დანერგვის შესაძლებლობების შესწავლის საფუძველს ქმნის.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ირმა მაკალათია, მარიამ მოდრეკელიძე და სესილი მელია. მასში 11 სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტის მენტორი იყო დოქტორი ნოდარ წივწივაძე.

,,ექსპედიციის მონაწილეთა სახელით, მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ჯაბა სამუშიას პროექტის ფინანსური მხარდაჭერისა და განხორციელების პროცესში გამოჩენილი თანადგომისთვის“, – აღნიშნავს ირმა მაკალათია.

Facebook
Twitter
LinkedIn