სად გაიარეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სტაჟირება

თარიღი: 2026-10-08 17:49:05

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა პროფესიული პრაქტიკა გაიარეს გერმანიაში, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში და თურქეთში, რიზეს უნივერსიტეტში. საერთაშორისო სტაჟირებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა – გაცნობოდნენ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკას, მაღალი აკადემიური და კლინიკური სტანდარტების მქონე გარემოს და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.

სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები ყოველდღიურად ესწრებოდნენ დილის კლინიკურ კონფერენციებს, ექიმებთან ერთად განიხილავდნენ პაციენტების კლინიკურ შემთხვევებს და ეცნობოდნენ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს. მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ – დასწრებოდნენ სხვადასხვა ოპერაციას და მათში მონაწილეობა მიეღოთ  ასისტენტის რანგში, რაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას წარმოადგენდა.

როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, საუნივერსიტეტო კლინიკებში გაცნობილი ექიმების პროფესიონალიზმი, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა მათთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია გახდა. საერთაშორისო გამოცდილებამ მათ კიდევ ერთხელ დაანახა მუდმივი პროფესიული განვითარების, ახალი ცოდნის მიღებისა და საერთაშორისო სამედიცინო გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის მნიშვნელობა.

საერთაშორისო სტაჟირება სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც მათ, ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ახალი გამოცდილების, საერთაშორისო პროფესიული კავშირებისა და სამომავლო შესაძლებლობების შექმნაში ეხმარება.

ნინო გელენავა: „მე ვარ ნინო გელენავა, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი. გერმანიაში სწავლისა და პროფესიული განვითარების გაგრძელება ჩემი ბავშვობის ოცნება და მკაფიოდ დასახული მიზანია. ამ მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იენაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგიის განყოფილებაში გავლილი სტაჟირება. ეს გამოცდილება ჩემთვის მხოლოდ პროფესიული ცოდნის გაღრმავებას არ წარმოადგენდა – მან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორედ ამ გარემოში, მაღალი აკადემიური და სამედიცინო სტანდარტების სივრცეში, მსურს ჩემი პროფესიული მომავლის შექმნა. მჯერა, რომ დიდი მიზნები მხოლოდ ოცნებით არ სრულდება – მათ სჭირდება შრომა, ცოდნა, გამბედაობა და მუდმივი განვითარება. ეს გამოცდილება ჩემთვის სწორედ ამ გზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასაწყისია“.

ანა ვარდოსანიძე: „იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გავლილი სტაჟირება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პროფესიულად ნაყოფიერი გამოცდილება აღმოჩნდა. კლინიკაში პირველივე დღიდან ძალიან თბილად დაგვხვდნენ როგორც ქართველი, ისე გერმანელი ექიმები, რამაც მუშაობის პროცესი თავიდანვე სასიამოვნო გახადა. სტაჟირების ფარგლებში საშუალება მომეცა – სიღრმისეულად გავცნობოდი რადიოლოგიის სხვადასხვა მიმართულებას. ყოველდღიურად ვესწრებოდი დილის კონფერენციებს, ექიმებთან ერთად განვიხილავდით პაციენტების კლინიკურ ქეისებს. მივიღე დიდი პრაქტიკული ცოდნა. გარდა ამისა, რადიოლოგიის განყოფილების ექიმებს წარვუდგინე ჩემი პრეზენტაციაც – პაციენტის ქეისი, რამაც დამატებითი გამოცდილება შემძინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გინეკოლოგიის მიმართულებით გავლილი პრაქტიკა, რაც ქართველი ექიმების – ბატონ დავით ბოხუასა და ბატონ ლევან ძოწენიძის – დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. მათი დახმარებით დავესწარი სხვადასხვა ოპერაციას და მონაწილეობა მივიღე მათში, როგორც ასისტენტმა. გარდა პრაქტიკისა, გინეკოლოგიის განყოფილების ექიმებთან ერთად, გიდის თანხლებით, ქალაქის ტურზეც წავედით, სადაც იენის ისტორიას გავეცანით და ბევრი საინტერესო დეტალი შევიტყვეთ. შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებმაც იქაური ყოველდღიურობა ბევრად უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახადეს. იენის კლინიკაში გაცნობილი ექიმების პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმისადმი დამოკიდებულება ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის და მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მომავალ საქმიანობაში. მადლობა ჩემს უნივერსიტეტსა და „ერასმუს +“-ს“.

ელიზაბეტი ბასილაძე: „იენის კლინიკაში ყოფნა ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. საკმაოდ ბევრი ცოდნა მივიღე არა მარტო რადიოლოგიის კუთხით, არამედ სხვა სპეციალობებშიც. ყოველივე ზემოხსენებული გამოწვეული იყო იმით, რომ ექიმები ძალიან კარგად იყვნენ განწყობილი ჩვენ მიმართ, ცდილობდნენ – ყურადღება მოექციათ და რაც შეიძლება მეტის ათვისებასა და მასალების მოძიებაში დაგვხმარებოდნენ. არა მხოლოდ სხვადასხვა განყოფილების დათვალიერების შესაძლებლობა მოგვცეს, არამედ, ამავდროულად, შესაძლებლობა მოგვცეს – ექიმებისა და რეზიდენტების წინაშე წარგვედგინა მოხსენებები საკმაოდ საინტერესო და იშვიათი დაავადებების ქეისებზე. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მომეცა ეს შანსი – გამეღრმავებინა ცოდნა“.

ილია ბედუკაძე: „მე ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. 2026 წლის 14 აგვისტოს დაიწყო ჩემი სტაჟირება ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში და დასრულდა 14 სექტემბერს. ეს გახლდათ დიდი გამოწვევა ჩემი პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. ამ პროგრამამ მომცა საშუალება – გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მივიღე ზღვა გამოცდილება, ჩამომიყალიბდა ურთიერთობები როგორც ქართველ, ასევე გერმანელ კოლეგებთან. ასევე მსურს სწავლის გაგრძელება გერმანიაში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო – გავცნობოდი სისტემას და გერმანელ კოლეგებს. ისინი მოტივირებული სტუდენტების მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულებითა და უდიდესი კოლეგიალურობით გამოირჩეოდნენ. საბოლოოდ ვიტყვი იმას, რომ 2026 წლის „ერასმუს +“-ის გაცვლითი პროგრამა გახლდათ ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში უდიდესი ნაბიჯი, რომელიც არასდროს დამავიწყდება“.

Facebook
Twitter
LinkedIn