ლიზი სისაურმა ერთი სემესტრი ვილნიუსის უნივერსიტეტში გაატარა
„კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სრულიად ახალ კულტურულ სივრცეში ცხოვრება დამეხმარა – უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი გავმხდარიყავი“, — ასე აფასებს ვილნიუსის უნივერსიტეტში გატარებულ სემესტრს ლიზი სისაური. ის თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია, რომელმაც საკუთარი მიზანი რეალობად აქცია და ლიეტუვაში საერთაშორისო აკადემიურ გარემოში მრავალმხრივი გამოცდილება მიიღო.
ლიზის პირველ კურსზევე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გაცვლით პროგრამაში სურდა მონაწილეობა და შეძლო კიდეც. მას იმ ეტაპებზე ვკითხეთ, რაც თსუ-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად გაიარა. „მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრება, არამედ გამართული სამოტივაციო წერილი და გასაუბრებაც. მზადების პროცესში ჩემთვის ყველაზე რთული საკუთარი გამოცდილებისა და მიზნების სწორად წარმოჩენა აღმოჩნდა. შევეცადე, ჩემი განაცხადი მხოლოდ ფორმალურ პასუხებზე არ ყოფილიყო აგებული და მკაფიოდ მეჩვენებინა – რა მინდოდა მიმეღო ამ გამოცდილებიდან და როგორ გამოვიყენებდი მიღებულ ცოდნას მომავალში“, — იხსენებს სტუდენტი.
საზღვარგარეთ გატარებული დრო, ლიზის თქმით, მნიშვნელოვანი საფეხური იყო როგორც პიროვნული, ისე პროფესიული თვალსაზრისით. მრავალფეროვანმა გარემომ და განსხვავებულ კულტურებთან შეხებამ მისი მსოფლმხედველობა მნიშვნელოვნად გააფართოვა. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებთან ურთიერთობით ლიზიმ ახალი მეგობრებიც შეიძინა და საერთაშორისო გარემოში კომუნიკაციის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებიც გამოიმუშავა.
საერთაშორისო პოლიტიკის მომავალი სპეციალისტი ორ უნივერსიტეტს შორის სწავლების მეთოდებსაც ადარებს. თუ თსუ-მ მას ფუნდამენტური თეორიული ცოდნა მისცა და საკითხების კრიტიკული შეფასება ასწავლა, ვილნიუსში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდებოდა დამოუკიდებელ კვლევებსა და პრაქტიკულ სემინარებზე. „სტუდენტებს მუდმივად გვიწევდა აქტიური ჩართვა დისკუსიებსა და პრეზენტაციებში. ამან კიდევ უფრო განმივითარა დამოუკიდებლად მუშაობისა და აკადემიური კვლევის უნარები, რაც იდეალურად ავსებს იმ საბაზისო ცოდნას, რომელიც თსუ-ში მივიღე“, – აღნიშნავს ლიზი. იგი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს თსუ-ს ლექტორების მიმართ, რომლებმაც თეორიულ მასალასთან ერთად მას დამოუკიდებელი აზროვნება და მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა ასწავლეს.
ვილნიუსის უნივერსიტეტში მიღებულმა გამოცდილებამ ლიზი სისაურს დაანახა – თუ რა შედეგი მოაქვს მიზნისკენ მიმავალ თანმიმდევრულ შრომას. წელს იგი ბაკალავრიატს ამთავრებს და სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებას კვლავ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აპირებს. მისი მთავარი ინტერესი ახლა კვლევითი საქმიანობაა — სურს, დაგროვილი ცოდნა იმ საკითხების შესწავლას მოახმაროს, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონულ დონეზე.
