პირველკურსელი ნანუკა ხარაბაძე: ,,ლექტორების პროფესიონალიზმის შესახებ ჩემი მოლოდინები ნამდვილად გამართლდა“
გაიცანით ნანუკა ხარაბაძე — თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი, რომელიც წელს ზუსტად იქ სწავლობს, სადაც მოხვედრა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაისახა მიზნად. ბავშვობის გატაცებაზე, იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მიღებულ გამოცდილებასა და სტუდენტური ცხოვრების მოლოდინებზე ნანუკა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ ესაუბრა.
სტუდენტის თქმით, უნივერსიტეტის არჩევისას მთავარი ფაქტორი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საუკუნოვანი ისტორია და გამოცდილი პროფესურა იყო. თავად სამართლის სფეროსადმი მისი ინტერესი კი აგათა კრისტის დეტექტივებიდან იწყება, როცა წიგნის კითხვისას თავად ცდილობდა გამოეცნო – თუ ვინ იყო დამნაშავე. მოგვიანებით ეს ინტერესი პრაქტიკულმა გამოცდილებამაც გაამყარა: 161-ე საჯარო სკოლაში სწავლისას ნანუკა აქტიურად მონაწილეობდა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, სადაც სკოლის დირექტორი, პროფესიით იურისტი, მოსამართლის ამპლუაში აძლევდა რჩევებს მოსწავლეებს. როგორც თავად იხსენებს, სწორედ ამ სასკოლო პროექტმა დაანახა, თუ როგორი ემოციებითა და პასუხისმგებლობითაა დატვირთული სასამართლო პროცესები.
ახლა ნანუკა უკვე საუნივერსიტეტო რიტმს ეჩვევა. პირველი შთაბეჭდილებები ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც მოელოდა: „აუდიტორიები უკვე ძალიან შემიყვარდა, რადგან ძველებურია, ლამაზია და ძალიან ესთეტიკური. ლექტორებს რაც შეეხება, მათი პროფესიონალიზმის შესახებ ჩემი მოლოდინები ნამდვილად გამართლდა. მათი მოსმენა მოტივაციას მაძლევს, რომ გავაგრძელო ჩემი მიზნისკენ სწრაფვა. მინდა, რომ მათსავით ბევრი ვიცოდე. მაგალითს მაძლევენ და ყოველ ახალ დავალებას მხიარულად ვასრულებ“, — აღნიშნავს ნანუკა და დასძენს, რომ პირველ კურსზე განსაკუთრებით ნანა ჭიღლაძის ლექციები მოსწონს. მომავალ სტუდენტებსაც ურჩევს, მისი საგნის გავლის შანსი ხელიდან არ გაუშვან.
აკადემიური მიზნების პარალელურად, ის აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაშიც ჩაერთო და უკვე გახდა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის წევრი. „მგონია, რომ წინ საინტერესო და ახალი თავგადასავლებით სავსე წლები მელოდება. ვაპირებ, ყველა სიახლეს გავეცნო და სხვადასხვა პროექტში მივიღო მონაწილეობა. მინდა, ბევრი ადამიანი გავიცნო და ის გამოცდილება დავაგროვო, რაც კარიერულ წინსვლაში დამეხმარება. ვეცდები, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვცადო და მომავალში ჩვენი უნივერსიტეტიც ვასახელო“, — ამბობს ის.
თსუ-ში გატარებული ყოველი დღე ნანუკასთვის ახალი ცოდნის შეძენისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობაა. თუ ბავშვობაში სისხლის სამართალი იზიდავდა, დღეს დიდი ინტერესით ეუფლება საკონსტიტუციო თუ კერძო სამართალს. ჯერ არ გადაუწყვეტია, საჯარო სექტორში იმუშავებს თუ კერძო კომპანიაში, თუმცა სჯერა, რომ შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და პროფესიისადმი სიყვარული მას საშუალებას მისცემს, რომ თავისი საქმის წარმატებული სპეციალისტი გახდეს.
