ანამარია ბარბაქაძის გერმანული გამოცდილება

თარიღი: 2026-09-28 18:38:38

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების III კურსის სტუდენტმა ანამარია ბარბაქაძემ გაცვლითი პროგრამის პერიოდი  გერმანიაში, ტრირის უნივერსიტეტში გაატარა.

როგორც თავად ამბობს,   მისთვის  გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აღმოჩნდა, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიიღო. თავიდან ეს პროცესი საკმაოდ რთულად ეჩვენებოდა, რადგან კონკურსში მონაწილეობას ბევრი სტუდენტი ცდილობს და საჭიროა არა მხოლოდ კარგი აკადემიური შედეგები, არამედ საკუთარი მოტივაციისა და შესაძლებლობების სწორად წარმოჩენაც, – გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პროცესი მოიცავს სამოტივაციო წერილის დაწერას მასპინძელი უნივერსიტეტისთვის, რაშიც მკაფიოდ უნდა იყოს  დასაბუთებული – რატომ სურს სტუდენტს სწორედ ამ უნივერსიტეტის კონკრეტულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელება.

„სტუდენტებს გვაქვს მიზანი და მიზეზი, რის გამოც გვინდა ამ კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლა…  კონკურსის დროს გასათვალისწინებელია, რომ   დაანახო კომისიას, რა ღირებულებებს ვანიჭებთ პრიორიტეტს, რამდენად გამოადგება ეს გამოცდილება შენსა და უნივერსიტეტის განვითარებას. ამიტომ კონკურსისთვის მომზადებისას პირველ რიგში ყურადღება მივაქციე აკადემიურ მოსწრებასა და უცხო ენის ცოდნას, რაც კომუნიკაციისა და სწავლისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. დავიწყე უნივერსიტეტებისა და კონკრეტული პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რათა მცოდნოდა, რომელ მათგანში შემეძლო ჩემი მიმართულებით – პოლიტიკის მეცნიერებით სწავლა“, – ამბობს ანამარია.

მისი თქმით, ამ პროცესმა ასწავლა, რომ მთავარია საკუთარ შესაძლებლობებზე კონცენტრირება და კარგად მომზადება, არ უნდა დაელოდო “იდეალურ მომენტს” და ყველანაირად ეცადო, მიზანს მიაღწიო. „საბოლოოდ, ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო და გაცვლითი პროგრამით სწავლის შესაძლებლობა მივიღე. ეს გამოცდილება ჩემთვის მხოლოდ უცხოეთში ერთი სემესტრის გატარებას არ ნიშნავს. ეს არის შესაძლებლობა, მიიღო განსხვავებული აკადემიური გამოცდილება, გაიცნო ახალი ადამიანები, გახდე დამოუკიდებელი და უკეთ გაიაზრო საკუთარი პროფესიული მიზნები“, – ამბობს ანამარია.

საზღვარგარეთ სწავლამ, უპირველეს ყოვლისა, ანამარიას  დამოუკიდებლად ცხოვრება, დროისა და ფინანსების სწორად დაგეგმვა და სრულიად ახალ გარემოსთან ადაპტაცია ასწავლა: „ჩვენ საკუთარ ქვეყანაში უმეტესწილად, „კომფორტის ზონაში“ ვიმყოფებით,  საზღვარგარეთ კი ამის შესაძლებლობა არ არის  და  სირთულეების დაძლევა საკუთარი ძალისხმევით გვიწევს, რაც მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს.  ჩემთვის იქ სწავლის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემისა და სწავლების მეთოდების გაცნობა. უცხოელ სტუდენტებთან ერთად სწავლამ დამანახა განსხვავებული შეხედულებები და მიდგომები, რამაც ჩემი კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყო ხელი. როგორც პოლიტიკური მეცნიერებების სტუდენტისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო საერთაშორისო გარემოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განხილვა და სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების პერსპექტივების მოსმენა“.

 კითხვაზე, რა გამოცდილება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს, ანამარია გვპასუხობს: „ეს იყო საუკეთესო გამოცდილება.  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ლექტორების მადლიერი ვარ, რადგან მათი  პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენ გვეძლევა საშუალება, საფუძვლიანად გამოვიყენოთ მათ მიერ მოცემული ცოდნა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ყოველთვის ვცდილობდი გამომეყენებინა ახალი შესაძლებლობები და მიმეღო გამოცდილება, რომელიც ჩემს აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაში დამეხმარებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახალი ენის სწავლა და აკადემიური კვალიფიკაციის გაღრმავება. ტრირის უნივერსიტეტში სწავლება უფრო მეტად სტუდენტის აქტიურ მონაწილეობასა და პრაქტიკულ მუშაობაზე იყო ორიენტირებული. ლექციებთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სემინარებს, სადაც სტუდენტები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, აკეთებდნენ პრეზენტაციებს და დამოუკიდებლად მუშაობდნენ სხვადასხვა საკითხზე. ხშირად საჭირო იყო სამეცნიერო ლიტერატურის წინასწარ გაცნობა და შემდეგ მისი განხილვა სემინარზე, რაც, ასე თუ ისე, განსხვავდება თსუ-ს სწავლისგან, ასევე,  შეფასების სისტემა და აკადემიური მოსწრება გერმანიის უნივერსიტეტებში სრულიად განსხვავებულია. თსუ-ს გაცვლითი პროგრამის სტუდენტებისთვის გასაკვირი იყო ისიც, რომ გერმანიის უნივერსიტეტებში შუალედური გამოცდები არ ტარდება“, _ ამბობს ანამარია.

ანამარიას სამომავლო გეგმები პირველ რიგში პროფესიულ განვითარებას  უკავშირდება. სურს, სწავლა განაგრძოს პოლიტიკური მეცნიერებებისა და გერმანისტიკის მიმართულებით, გაიღრმავოს მიღებული ცოდნა და მომავალში აკადემიური კვალიფიკაციაც  საზღვარგარეთ აიმაღლოს –  მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ პროექტებში.  „ჩემი მიზანია, მიღებული აკადემიური ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში გამოვიყენო და ჩემი სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო“, – ამბობს ანამარია ბარბაქაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn