ნინო პოპიაშვილს ფრიდრიხ ნიცშეს სახელობის სტიპენდია მიენიჭა

თარიღი: 2026-09-28 15:38:15

2026 წელს, ვაიმარის კლასიკის ფონდის: (Klassik Stiftung Weimar) გადაწყვეტილებით, ფილოლოგიის დოქტორს, განათლების მეცნიერებების დოქტორს, ნინო პოპიაშვილს, ფრიდრიხ ნიცშეს სახელობის სტიპენდია მიენიჭა. ახალგაზრდა მეცნიერისთვის ეს ჯილდო მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. ფრიდრიხ ნიცშეს სახელობის სტიპენდია გაიცემა ფილოსოფიის, კულტურის კვლევების, ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროებში. სტიპენდიატებს არჩევს ვაიმარის კლასიკის ფონდის ფრიდრიხ ნიცშეს კოლეჯი.

აღსანიშნავია, რომ ვაიმარის კლასიკის ფონდი გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კულტურული დაწესებულებაა, რომელიც  აერთიანებს 31 მუზეუმსა და კულტურის ძეგლს, მათ შორის იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაში არსებულ 12 ძეგლს, რომელთა შორის არის გოეთეს ეროვნული მუზეუმი, გოეთესა და შილერის არქივი, ჰერცოგინია ანა ამალიას ბიბლიოთეკის ისტორიული და ახალი შენობები, ფრიდრიხ ნიცშეს არქივი, შილერის მუზეუმი, ვილანდის მამულები ოსმანშედტში, ისევე, როგორც ბაუჰაუსის მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილია ბაუჰაუსის მოძრაობის ისტორია და თანამედროვე განვითარების საკითხები, ახალი ვაიმარის მუზეუმი, რომელიც მოიცავს ნიცშეს, როგორც ახალი დროის მოძღვრების ფენომენის ფუძემდებლის მიერ შექმნილ ფუნდამენტურ ღირებულებეს, რაც სათავეს უდებს ახალი ვაიმარის შექმნას და სხვა.

ნინო პოპიაშვილის ინფორმაციით, ვაიმარის კლასიკის ფონდი შეიქმნა გამორჩეული აკადემიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი პროექტების მხარდასაჭერად. ფონდი შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშაონ კვლევით პროექტზე გამორჩეული კულტურული მნიშვნელობის მქონე ქალაქ ვაიმარში. ამასთან, ფონდი სტიპენდიატებს იწვევს მის მიერ ორგანიზებულ აკადემიურ და კულტურულ ღონისძიებებზე, სამეცნიერო კოლოკვიუმებზე, ფესტივალებზე და სხვა.

„ვაიმარის კლასიკის ფონდის ფრიდრიხ ნიცშეს კოლეჯი წარმოადგენს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევისა და მსჯელობის სივრცეს, ამავდრულად, ეს არის ფორუმი   ადამიანის, საზოგადოებისა და კაცობრიობის თანამედროვე თუ მომავალზე ორიენტირებულ საკითხებზე დისკუსიისათვის. კოლეჯი ეფუძნება გერმანელი მოაზროვნისა და ფილოსოფოსის მრავალპერსპექტიულ მემკვიდრეობასა და მის გააზრებას.  კოლეჯი ასევე  ორგანიზებას უწევს მრავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებას: კონფერფერენციებს, წიგნის პრეზენტაციებს და სხვა“, – აღნიშნავს მეცნიერი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  ნიცშეს სტიპენდია გაიცემა წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებული სამეცნიერო, ფილოსოფიური ან კულტურული პროექტების დასაფინანსებლად და უპირატესობა ენიჭება პროექტებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი მომავალი კვლევებისათვის აკადემიური სექტორის შეზღუდვების მიღმა. ვაიმარის კლასიკის ფონდი გასცემს სტიპენდიებს იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შემოქმედების კვლევებისთვის, ასევე, ბაუჰაუსის, როგორც მნიშვნელოვანი არქიტექტურული და კულტურული მოვლენის კვლევებისთვისაც. ფონდის სტიპენდიატები სხვადასხვა დროს იყვნენ ქართველი მკვლევრებიც. მათ შორის, პროფესორი ნოდარ კაკაბაძე, პროფესორი კონსტანტინე ბრეგაძე, პროფესორი ნუგეშა გაგნიძე და სხვ. ნინო პოპიაშვილის კვლევა ეხება ნიცშეს ფილოსოფიის ლიტერატურულ რეპრეზენტაციას ქართულ ლიტერატურაში (საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქები).

„აღსანიშნავია, რომ ნიცშეს ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას ქართველი მოაზროვნეები საკმაოდ ადრე დაუკავშირდნენ. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იმართებოდა განხილვები და დისკუსიები ნიცშეს შემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩემი კვლევის მთავარი მიზანია, შევისწავლო ნიცშეს შემოქმედების გააზრება ქართულ ლიტერატურაში, იმ ტრადიციების წარმოჩენა, რომელიც  მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებობდა, ასევე, საბჭოთა ეპოქაში, იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად. ასევე, წარმოვაჩინო ნიცშეანური პარადიგმების რეპრეზენტაცია ქართულ ლიტერატურაში (საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქები). ჩემთვის, როგორც ქართველი მეცნიერისათვის, განუზომლად საინტერესოა, ყურადღება მივაქციო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდების ქართულ ლიტერატურაში ნიცშეს შემოქმედების ლიტერატურულ რეპრეზენტაციას, თუ როგორ ტრანსფორმირდა ნიცშეს ნააზრევი თავისუფლების, დამოუკიდებლობის სიმბოლოებთან ქართული ლიტერატურის მაგალითზე“, – ამბობს ნინო პოპიაშვილი.

მეცნიერის თქმით,ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედება და მისი რეცეფცია ქართულ ლიტერატურაში მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. „ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ფილოლოგიური საქმიანობის პარალელურად, ჩემთვის ძალზე საინტერესოა გერმანული ფილოსოფია. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში ჩემთვის გერმანული ფილოსოფია  ახლობელი გახდა  მამაჩემის, პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილისაგან (1944–1998), რომელმაც  ჩემში ბავშვობიდან გააღვივა გერმანული ენის, კულტურის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის მიმართ ინტერესი. იგი საბჭოთა ეპოქაში იკვლევდა გერმანელ ფილოსოფოსებს, ფიხტეს, კირკეგორს, ნიცშეს და სხვა.  განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონოგრაფია: „ინდივიდის პრობლემა სიორენ კირკეგორისა და ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიაში“ (თბილისი, 1988), რომელიც დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა ქართულ უნივერსიტეტებში. სწორედ ეს ფაქტი გახდა ჩემი მოტივაციის მთავარი მიზეზი. როდესაც განაცხადის მომზადებაზე ვმუშაობდი,  თავდაპირველად იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შემოქმედების რეცეფციების კვლევის თაობაზე ვფიქრობდი, თუმცა ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედება, როგორც ქართული ლიტერატურის კვლევის პერსპექტივიდან, ისე, ჩემთვის, სუბიექტურად, მამაჩემის ბოლო წლების ფუნდამენტური კვლევის თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამიტომაც, ფრიდრიხ ნიცშეს სტიპენდიის მიღება ჩემთვის ერთდროულად არის დიდი სიხარულიც და დიდი პასუხისმგებლობაც. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ქართული ლიტერატურის, ნიცშეს რეცეფციის და მამაჩემის ხსოვნის მიმართაც“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნინო პოპიაშვილმა.

მეცნიერი ვაიმარში ამ წლის ზაფხულში იმყოფებოდა. როგორც თავად იხსენებს, მისი  იქ ყოფნის დრო დაემთხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებას: ფესტივალი, კონფერენცია, წიგნების პრეზენტაციები, ლიტრატურული საღამოები და სხვ. მას,  როგორც ფონდის სტიპენდიატს, საშუალება ჰქონდა, დასწრებოდა ყველა ღონისძიებას. ასევე, საშუალება ჰქონდა არქივებში, ბიბლიოთეკებსა და ვაიმარის კლასიკის ფონდის ყველა მუზეუმში ემუშავა მისთვის საინტერესო თმატიკაზე.  

„ვაიმარი პატარა, მაგრამ დიდი კულტურის, დიდი სახელოვნებო ტრადიციების ქალაქია. სწორედ ამ კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება ვაიმარის კლასიკური ფონდი. ეს არის თვითკმარი ქალაქი, რომელშიც გოეთეს, შილერის, ნიცშეს, ლისტის, ბახის, ვილანდის, ჰერდერის, ლუთერის, ჰერცოგებისა და ჰერცოგინიების, ბაუჰაუსის მოძრაობის და გერმანული და ევროპული კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის შემოქმედება იქმნებოდა. ვაიმარი არის ასევე ვაიმარის რესპუბლიკის ქალაქი, სადაც დაფუძნდა გერმანიის დემოკრატია, თუმცა, ვაიმარი ასევე  ნაციონალ-სოციალიზმის აღზევების ქალაქიცაა. ეს ისტორიული გამოცდილებები, ასევე კულტურული, სახელოვნებო, ლიტერატურული, მუსიკალური, მხატვრული, არქიტექტურული, რელიგიური და სხვა პერსპექტივები ერთიანდება ამ შესანიშნავ ქალაქში. სწორედ ამ ქალაქში  შესაძლებლობა მქონდა მემუშავა ნიცშეს არქივსა და ხელნაწერებზე, რომლებიც დაცულია  გოეთესა და შილერის, ჰერდერის, ლისტის, თომას მანის და სხვა გერმანელი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერებთან ერთად. ნიცშეს ხელნაწერები იუნესკოს მატერიალური კულტურის ძეგლებად არის აღიარებული. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, თავდაპირველად ხელნაწერების ელექტრონული ვერსიები შემომთავაზეს, ხოლო საგანგებო თხოვნის შემდეგ, გამონაკლისის სახით, შესაძლებლობა მომეცა, მენახა ნიცშეს ხელნაწერები და დავკვირვებოდი დიდი გერმანელი ფილოსოფოსისა და მწერლის შემომქმედებით ლაბორატორიას. ნიცშე წერდა პატარა, წიგნივით აკინძულ, ცარცის ქაღალდზე. ხშირად ტოვებდა ერთ ან ორ გვერდს. წერდა ძალიან წვრილი და გაკრული ხელით. ზარატუსტრას პირველი ნაწილი ნიცშეს ჩაუწერია უკვე ნახევრად შევსებული წიგნაკის ბოლოში. ამისთვის კი გადმოუბრუნებია წიგნაკი. მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებისთვის საგანგებო წიგნაკებია გამოყენებული. აფორიზმები კი  ჩაუწერია ცალ-ცალკე, გვერდების გამოტოვებით. ძალზე საინტერესო იყო იმაზე დაკვირვებაც, თუ როგორ მუშაობდა ნიცშე საკუთარ ხელნაწერებზე, – ამისათვის წინასწარ ტოვებდა წიგნაკებში ადგილებს. ნიცშეს ხელნაწერებზე ჩანს გამომცემლის კვალიც, რაც, ძირითადად, ტექსტების გამოსაცემად მომზადებისათვის წითელი მელნით გვერდების ნუმერაციის შეცვლითა და გვერდების მონიშვნით შემოიფარგლება.

ვაიმარში ყოფნის დროს წავიკითხე  მოხსენება ფრიდრიხ ნიცშეს კოლეჯის მუდმივმოქმედ სემინარზე. ჩემი მოხსენება  შეეხებოდა ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებით რეცეფციას ქართულ ლიტერატურაში, მეცნიერებასა და აზროვნებაში მე-19 საუკუნიდან დღემდე, საბჭოთა ეპოქის გავლით. მოხსენებაში გამოვყავი ის ეტაპები, როდესაც ნიცშეს შემოქმედების კვლევა და მისი რეცეფცია თავისუფალი იყო და ის ეტაპებიც, როდესაც ნიცშეს შემოქმედების კვლევა მხოლოდ საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში იყო შესაძლებელი“, – იხსენებს ნინო პოპიაშვილი.

მისივე თქმით, მეტი თვალსაჩინებისათვის, მეცნიერმა მოხსენებაში ცალკე ადგილი დაუთმო საქართველოს ისტორიული, კულტურული და ლიტერატურული განვითარების საკითხებს, განსაკუთრებით, XIX საუკუნის ბოლოდან დღემდე, რადგან, როგორც იგი აღნიშნავს, „სწორედ ისტორიულ-კულტურული განვითარების მიხედვით ჩანს, რომ ნიცშეს რეცეფცია საქართველოში არ წარმოადგენს მხოლოდ ევროპული ფილოსოფიური იდეების გადმოტანის მაგალითს, იგი ასახავს ქართული ინტელექტუალური კულტურის დიალოგს ევროპულ აზროვნებასთან და მჭიდროდ უკავშირდება თავისუფლების, პიროვნებისა და კულტურული იდენტობის გადააზრების პროცესს“.

Facebook
Twitter
LinkedIn