ერთი გაცვლითი პროგრამა და მარიამ შენგელიას შესაძლებლობების  ახალი გზა

თარიღი: 2026-09-23 18:41:01

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტი მარიამ შენგელია წელს უკვე მეოთხე კურსზე იწყებს სწავლას. მისთვის თსუ თავიდანვე არ ყოფილა შემთხვევითი არჩევანი – უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულმა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების სიუხვემ და აკადემიური ზრდის პერსპექტივამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პროფესიული გზის შერჩევაში.

დღეს მარიამის აკადემიური პორტფოლიო საკმაოდ დატვირთულია: იგი არის საფრანგეთის რენის უნივერსიტეტის (Université de Rennes) Erasmus+ გაცვლითი პროგრამის მონაწილე, ევროპული კვლევებისა და საერთაშორისო კონფერენციების აქტიური მომხსენებელი, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEA) ქსელის მენტორი საქართველოში და თსუ-ს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მრავალგზის მონაწილე და მკვლევარი. ამ შედეგების მიღმა დგას ყოველდღიური სისტემური შრომა, ფორსმაჟორულ სიტუაციებთან გამკლავება და საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების გადალახვა.

საზღვარგარეთ სწავლის სურვილს ბუნებრივად ახლავს მაღალი კონკურენცია და დაძაბულობა, მით უმეტეს, როდესაც სასურველ ევროპულ უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილია გამოყოფილი. კონკურსის ეტაპები – ენობრივი კომპეტენციის დადასტურება, მაღალი GPA და გასაუბრება – მარიამმა წარმატებით გაიარა, თუმცა პროცესი მარტივი არ ყოფილა. გადამწყვეტი გასაუბრებისას იგი შვეიცარიაში იმყოფებოდა Erasmus+-ის სხვა პროგრამით, საიდანაც დისტანციურად მოუწია კომისიასთან დაკავშირება. დისტანციურ ფორმატში საკუთარი მოტივაციისა და მზაობის სრულად წარმოჩენა დამატებით შფოთვას იწვევდა, თუმცა შედეგმა აჩვენა, რომ მომზადება და მონდომება სასურველ ნაყოფს ყოველთვის გამოიღებს.

ნამდვილი ბიუროკრატიული გამოწვევა კი მაშინ დაიწყო, როდესაც საფრანგეთში, რენის უნივერსიტეტში გამგზავრების დასტური მოვიდა. იმ პერიოდში მარიამი თსუ-ის დელეგაციასთან ერთად, DAAD-ის კვლევითი პროექტის ფარგლებში, გერმანიაში იმყოფებოდა. „არ შემიძლია არ გავახსენო ის წამი, როდესაც საფრანგეთში ჩემი გამგზავრების შესახებ შევიტყვე; იმ წუთებში ამ დიდ სიხარულს თითქოს ბოლომდე ვერც კი ვაცნობიერებდი“, –  იხსენებს იგი. უცხოეთში ყოფნისას, ფაქტობრივად, 15 დღის ვადაში მოუწია ყველა ადმინისტრაციული პროცედურის მოწესრიგება, ფრანგული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასწავლო კურსების შეთანხმება და გამგზავრების ორგანიზება. თსუ-ისა და ფრანგული მხარის მჭიდრო თანამშრომლობით, ეს პროცესი წარმატებით დასრულდა. მსგავსი ფორსმაჟორი ადამიანს პრაქტიკულად ცვლის – ასეთი გამოცდილების შემდეგ ნებისმიერი შემდგომი დაბრკოლება ბევრად მარტივად გადასალახი ეჩვენება.

საფრანგეთში გატარებულმა სემესტრმა მარიამს სწავლების განსხვავებული მეთოდოლოგია გააცნო. ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მთავარი აქცენტი კეთდება არა თეორიული მასალის მექანიკურ დაზეპირებაზე, არამედ სიღრმისეულ კრიტიკულ აზროვნებასა და პრაქტიკულ დებატებზე. ლექციებსა და სემინარებს ჰარვარდისა და ოქსფორდის პროფესორები, მოწვეული მკვლევრები და საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ. მარიამმა გაიარა ისეთი სპეციფიკური დისციპლინები, როგორებიცაა ევროკავშირის სამართალი და მდგრადი განვითარება (EU Law and Sustainable Development), შედარებითი კონსტიტუციური სამართალი (Comparative Constitutional Law), საოჯახო სამართალი (Family Law), საერთაშორისო და ევროპული გარემოსდაცვითი სამართალი (International and European Environmental Law) და ევროპული ინტეგრაცია და საჯარო პოლიტიკა (European Integration and Public Policy). ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად პარალელურად სწავლობდა CIREFE-ს ცენტრში, სადაც ფრანგული ენისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღრმავდა და სამომავლოდ DELF-ის საერთაშორისო სერტიფიკატის აღებაც დაეგეგმა.

აკადემიური მობილობის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მონაწილეობამ ფრანგულ-ქართულ სასწავლო კვირეულში (French-Georgian Training Week), სადაც ორივე ქვეყნის 22 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის მარიამმა, როგორც რენის უნივერსიტეტში მყოფმა ქართველმა სტუდენტმა, საკუთარი აკადემიური გამოცდილება გააზიარა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რენის უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (FGU) მჭიდრო თანამშრომლობაში საკუთარი წვლილის შეტანა მისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპი გახდა.

საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებების საფუძველი თსუ-ში მიღებული ბაზაა. „თსუ არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც თეორიულ ცოდნას იღებ – ეს არის სივრცე, რომელიც გისახავს მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, გივითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კვლევით უნარებსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას,” – აღნიშნავს მარიამი. სტუდენტურ წლებში მან რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა განახორციელა: თსუ-ს 84-ე სტუდენტურ კონფერენციაზე წარადგინა ნაშრომი პატიმარ სტუდენტთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და რესოციალიზაციის შესახებ (2014-2024 წწ.); 83-ე კონფერენციაზე განანიხილა პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობისა და სკეპტიციზმის განმსაზღვრელი ფაქტორები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხოლო მსოფლიო ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IV ეროვნულ კონფერენციაზე შეადარა საბჭოთა და თანამედროვე საქართველოს კონსტიტუციები სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების ჭრილში.

ეს კვლევითი გამოცდილება შემდგომში საერთაშორისო პროექტებშიც დაეხმარა. საფრანგეთში სწავლისას მან მონაწილეობა მიიღო Sciences Po Rennes-ის მიერ ორგანიზებულ გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში (SpriMUN), სადაც, როგორც დელეგატმა, აქტიური როლი შეასრულა დიპლომატიურ დებატებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების რეზოლუციების შემუშავებაში. სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე იმუშავა სომხეთში, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) საერთაშორისო სემინარზე. გარდა ამისა, თსუ-სა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში – Black Sea Summer University (“Shifting Tides II”) – ქართველ და უცხოელ მკვლევრებთან ერთად, შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურ დინამიკას იკვლევდა. ამასთანავე, მოამზადა განაცხადი ევროპის საბჭოში (სტრასბურგი) ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მონაწილეობის სასწავლო პროგრამისთვის.

მარიამისთვის უცხოეთში გატარებული პერიოდი, დამოუკიდებელი ცხოვრება და ბიუროკრატიული თუ ლინგვისტური ბარიერების გადალახვა აღმოჩნდა არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავების, არამედ პიროვნული და პროფესიული თავდაჯერებულობის ამაღლების ეტაპი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მარიამი აღნიშნავს, რომ მისი უახლოესი მიზანია მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკის მიმართულებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში (განსაკუთრებით საფრანგეთში ან იტალიაში) ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიღებული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კვლევით ცენტრებში, სადაც წვლილს შეიტანს რეგიონული უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, საბოლოო მიზანი კი ამ გამოცდილების საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ რეალიზებაა.

Facebook
Twitter
LinkedIn