გიორგი ხეცურიანი: „პროფესიის არჩევა მაშინ იწყება, როცა საკუთარ ინტერესებს იაზრებ“
სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრებით დასრულება, სამართლისადმი ბავშვობიდან ჩამოყალიბებული ინტერესი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სურვილი – ეს იყო გიორგი ხეცურიანის მოტივაცია, რამაც განაპირობა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხვა და იმ პირველკურსელთა შორის მოხვედრა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები უმაღლესი ქულებით დაასრულეს და სასურველ სასწავლებლებსა და სპეციალობებზე მოხვდნენ. გიორგი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტს“ პროფესიულ მომავალზე, საკუთარ ინტერესებსა და იმ პასუხისმგებლობაზე ესაუბრება, რომელიც არჩეულ პროფესიას ქვეყნის წინაშე აკისრია.
გიორგი ხეცურიანი, როგორც ბევრი სხვა აბიტურიენტი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამთავრების შემდეგ პროფესიის არჩევანის წინაშე დადგა. სკოლის პერიოდში განსაკუთრებით ჰუმანიტარული დარგები, მათ შორის, ისტორია, აინტერესებდა, სამართლის მიმართ ინტერესი კი თანდათან ჩამოუყალიბდა და ამ არჩევანს, როგორც თავად ამბობს, როგორც პირადი მოსაზრებები, ისე ოჯახის პროფესიული ტრადიცია დაედო საფუძვლად: „ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი პოლიტიკით, იურისპრუდენცია კი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ჩემი ინტერესი ამ პროფესიის მიმართ ოჯახის დამსახურებაცაა – ჩემი მშობლები და ბაბუა იურისტები არიან“, – ამბობს იგი.
საკუთარი პროფესიული გზის დასაწყისად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩია, რადგან მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თსუ-ს ისტორიული ღირებულება და ის რეპუტაცია, რომელიც უნივერსიტეტმა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ათწლეულების განმავლობაში შეიძინა.
თსუ-ს არჩევის კიდევ ერთი მიზეზი მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებია. მისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების მიღება და განსხვავებულ საგანმანათლებლო გარემოში სწავლის შესაძლებლობა. მიაჩნია, რომ საერთაშორისო დონეზე მიღებული გამოცდილება პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.
უნივერსიტეტში სწავლის დაწყებასთან ერთად, უკვე გამოიკვეთა ის მიმართულებაც, რომელიც ამ ეტაპზე გიორგის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მას ყველაზე მეტად საკონსტიტუციო სამართალი აინტერესებს – სახელმწიფოს მოწყობის, ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობის საკითხები, თუმცა სპეციალიზაცია ჯერ საბოლოოდ არ აურჩევია, რადგან მიაჩნია, რომ პირველი კურსი სწორედ სხვადასხვა მიმართულების გაცნობისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის პერიოდია: „არ მინდა პირველივე კურსზე საბოლოოდ განვსაზღვრო ჩემი სპეციალიზაცია. ვფიქრობ, უნივერსიტეტში სწავლისას ბევრ საინტერესო სფეროს გავეცნობი, ამიტომ მინდა სხვადასხვა მიმართულება საფუძვლიანად შევისწავლო და შემდეგ უფრო გააზრებულად ავირჩიო მიმართულება“, – ამბობს გიორგი.
მისი აზრით, პროფესიის არჩევა მხოლოდ სკოლის დასრულებისთანავე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას არ უნდა ნიშნავდეს. ამ ასაკში მნიშვნელოვანია, ახალგაზრდამ იცოდეს, რა აინტერესებს და რა მიმართულებით სურს განვითარება, თუმცა პროფესიული არჩევანის დაზუსტებისთვის გამოცდილების მიღებასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისივე თქმით, პროფესიის არჩევისას მხოლოდ პრესტიჟსა და ფინანსურ შესაძლებლობებზე ორიენტირება სწორი არ არის. აუცილებელია, გაითვალისწინო საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები და ისიც, რამდენად წარმოუდგენია თავი კონკრეტულ სფეროში რამდენიმე წლის შემდეგ: „ჩემი აზრით, უნივერსიტეტის სტუდენტობა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ადამიანს შეუძლია იფიქროს, ინტერესები უფრო კარგად გამოკვეთოს და საბოლოო პროფესიული მიმართულება გააზრებულად აირჩიოს“, – აღნიშნავს იგი.
სწავლის პარალელურად გიორგის სხვა ინტერესებიც აქვს. თავისუფალ დროს კრივზე დადის და სპორტს მხოლოდ ფიზიკური მომზადების საშუალებად არ აღიქვამს, მისთვის ის დისციპლინასთან და ფსიქოლოგიურ გამძლეობასთანაც არის დაკავშირებული. კვლავაც აინტერესებს ისტორია, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები. თავისუფალ დროს კითხულობს, ფილმებსა და სერიალებს უყურებს და მეგობრებთან ერთად ატარებს დროს.
უნივერსიტეტშიც მისი ინტერესები მხოლოდ სასწავლო პროცესით არ შემოიფარგლება. სურს, აქტიურად ჩაერთოს სტუდენტურ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებებში, დისკუსიებსა და სხვადასხვა პროექტში. მიაჩნია, რომ უნივერსიტეტი სტუდენტს არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობასაც აძლევს.
სამომავლო მიზანიც სწორედ პროფესიულ განვითარებას უკავშირდება – სურს მიიღოს სიღრმისეული განათლება, გახდეს კარგი სპეციალისტი და დაგროვებული ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმაროს: „ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმით“, –ამბობს იგი და ამიტომაც თსუ-ში ჩარიცხვას მხოლოდ სკოლის შემდეგ სწავლის გაგრძელებად არ განიხილავს. მისთვის ეს ახალი ეტაპია, საიდანაც, პროფესიულ განვითარებასთან ერთად, პიროვნული ზრდაც იწყება.
ახალი ეტაპის მთავარი ამოცანა გიორგი ხეცურიანისთვის სწორედ ეს არის – მაქსიმალურად გამოიყენოს უნივერსიტეტის შესაძლებლობები, მიიღოს კარგი განათლება, შეიძინოს ახალი გამოცდილება და ადამიანებთან ურთიერთობით საკუთარი ხედვები კიდევ უფრო გააფართოოს. საბოლოო მიზანი კი უცვლელია: მიღებული პროფესიული ცოდნა მომავალში საქართველოს განვითარებას მოახმაროს.
