გიორგი ტუხაშვილი ხელოვნური ინტელექტის „სწორად აზროვნებასა“ და სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებაზე
მათემატიკის სიზუსტე და ლოგიკა, აბსტრაქტული აზროვნებისა და რეალური სამყაროს ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა – სწორედ ამ ინტერესმა მიიყვანა გიორგი ტუხაშვილი ფიზიკამდე. დღეს მისი პროფესიული გზა ხელოვნური ინტელექტის სწორად აზროვნების მოდელების შექმნაზე გადის.
გიორგი ტუხაშვილის ბიოგრაფია სიღნაღის რაიონიდან იწყება – იქ დაიბადა, იქვე, სოფელ ბოდბისხევის სკოლაში დაიწყო სწავლა, შემდეგ კი თბილისის მე-10 საშუალო სკოლა დაამთავრა და უკვე ჩამოყალიბებული მიზნით შეუდგა ცოდნის გაღრმავებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენთან საუბარში გიორგი ამბობს, რომ ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარდა მათემატიკა: „მიზიდავდა მისი სიზუსტე და ლოგიკა. ფიზიკით კი იმიტომ დავინტერესდი, რომ თეორიული ფიზიკა, ჩემი აზრით, საუკეთესო გზაა, ერთდროულად გაიღრმავო მათემატიკური ცოდნა და ის ბუნების აღწერას მოახმარო. სწორედ ეს კავშირი – აბსტრაქტულ მათემატიკასა და რეალურ სამყაროს შორის – გახდა ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი“, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ფიზიკის მიმართულებით სწავლის გაგრძელების მნიშვნელობა მხოლოდ პროფესიული ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლება. ეს არის სფერო, რომელიც აზროვნებას ავითარებს და ადამიანს ისეთ ზოგად განათლებას აძლევს, რომელიც ცხოვრების არააკადემიურ ეტაპებზეც ეხმარება.
გიორგიმ 2012 წელს დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ფიზიკის მიმართულებით. 2014 წელს კი თეორიულ ფიზიკაში მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. მისი შეფასებით, თსუ ფიზიკის მიმართულების სასწავლო პროგრამა მრავალფეროვანი იყო, რამაც შესაძლებლობა მისცა, ესწავლა ის, რაც აინტერესებდა და აღმოეჩინა მიმართულებები, რომლებმაც შემდგომ მისი კვლევითი გზა განსაზღვრა.
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას გიორგი ტუხაშვილი ჩართული იყო სამეცნიერო კვლევებსა და სტუდენტური კონფერენციის ორგანიზებაში, სამაგისტრო პროგრამაზე კი მისი კვლევითი საქმიანობა უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდა – ამ პერიოდში გამოქვეყნდა პირველი სტატიები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში. თსუ-ში მიღებულ განათლებას იგი იმ საფუძვლად მიიჩნევს, რომელმაც შემდგომ ამერიკისა და კანადის უნივერსიტეტების სადოქტორო პროგრამებზე წარმატებული აპლიკაციების მომზადება და სწავლისა და კვლევის გაგრძელება გაუადვილა.
გიორგი ტუხაშვილი განსაკუთრებით გამოყოფს თსუ-ის ლექტორების: მერაბ ელიაშვილის, ნანა შათაშვილისა და გიორგი ციციშვილის ძალისხმევას: „მათ დიდი როლი ითამაშეს არა მხოლოდ ჩემი ცოდნის გაღრმავებაში, არამედ უშუალო დახმარებაც გამიწიეს სადოქტორო აპლიკაციების მომზადებაში. ამისთვის მათი მადლიერი ვარ“, – ამბობს იგი.
თსუ-ში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გიორგი ტუხაშვილმა სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (NYU) სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელა და 2020 წელს ფიზიკის დოქტორის ხარისხი მიიღო. ის მადლიერებით ახსენებს ამერიკული სამეცნიერო გზის მთავარ გზამკვლევს, სადოქტორო ხელმძღვანელს, გრიგოლ (გიგა) გაბადაძეს: „მასთან მუშაობამ არა მხოლოდ კონკრეტული სამეცნიერო საკითხების კვლევა მასწავლა, არამედ, სამეცნიერო კულტურა, ეთიკა და ასევე ის, თუ როგორ დასვა სწორი კითხვა და როგორ მიუდგე რთულ პრობლემას“, – ამბობს იგი.
გიორგის სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ადრეულ სამყაროს, გრავიტაციას, ნაწილაკებისა და მაღალი ენერგიების ფიზიკას. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, როცა იგი პრინსტონის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტ მკვლევარად გადავიდა, მისი კვლევა სწორედ გრავიტაციისა და ადრეული სამყაროს ფიზიკის საკითხებს შეეხებოდა.
უცხოურ უნივერსიტეტებში მიღებულ გამოცდილებას გიორგი ტუხაშვილი დღევანდელ თსუ-ში ფიზიკის სწავლების მდგომარეობასაც ადარებს. განსხვავებებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ახალგაზრდა მკვლევრებისა და ლექტორების როლს გამოყოფს: „თსუ-ში ფიზიკის მიმართულებით 40 წელზე ახალგაზრდა ლექტორი ძალიან ცოტაა. ამერიკულ უნივერსიტეტებში კი ახალგაზრდა მკვლევრები – პოსტდოქტორანტები და ასისტენტ-პროფესორები – სწავლებისა და კვლევის განუყოფელი ნაწილია და სწორედ მათ მოაქვთ ახალი იდეები და სიახლეები“, – აღნიშნავს გიორგი. მისი თქმით, თუ ეს საკითხი სამომავლოდ არ გამოსწორდა, შესაძლოა თაობებს შორის ცოდნის გადაცემაში წყვეტა გაჩნდეს: „ეს კი მძიმედ დააზარალებს არა მხოლოდ თსუ-ს, არამედ მთელ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას“, – ამბობს იგი.
დღეს გიორგი ტუხაშვილი ამერიკულ კომპანია ანთროპიკში (Anthropic – ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებისა და კვლევის კომპანია) მუშაობს. მისი საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის – claude.ai-ს, ფიზიკის კვლევაში გამოყენებასა და განვითარებას უკავშირდება. კონკრეტულად, იგი სწავლობს, სად და როგორ უშვებს ხელოვნური ინტელექტი შეცდომებს ფიზიკური ამოცანების გადაწყვეტისას, ეძებს მის სუსტ წერტილებს და მათ დახვეწაზე მუშაობს. „ეს საქმიანობა ორგანულად უკავშირდება ჩემს თეორიულ-ფიზიკურ განათლებას – სწორედ ფიზიკოსის ხედვა გეხმარება, შეაფასო, რამდენად სწორად „აზროვნებს“ მოდელი და სად სჭირდება გაუმჯობესება“, – ამბობს იგი.
მომავალზე საუბრისას გიორგი ტუხაშვილი ყურადღებას პირველ რიგში არა კონკრეტულ თანამდებობასა თუ ინსტიტუტზე, არამედ სამეცნიერო საქმიანობისთვის აუცილებელ თავისუფლებაზე ამახვილებს: „მომავალში ვისურვებდი, მქონდეს საკმარისი დამოუკიდებლობა, რომ ვიკვლიო და ვაკეთო ის, რასაც თავად მნიშვნელოვნად ჩავთვლი. სამეცნიერო საქმიანობისთვის ყველაზე ძვირფასი, ჩემი აზრით, სწორედ ეს თავისუფლებაა – შესაძლებლობა, დასვა შენი კითხვები და შენივე აღმოჩენილი ან მოძიებული გზით ეძებო მათზე პასუხი“.
