ხელოვნური ინტელექტი ბიოლოგიასა და მედიცინაში – თსუ-ში სტუდენტთა და მოსწავლეთა XIII სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართა
2026 წლის 5 ივლისს თსუ-ში ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და მოსწავლეთა XIII სამეცნიერო სიმპოზიუმი გაიმართა. წლევანდელი ფორუმის თემა იყო „ხელოვნური ინტელექტი ბიოლოგიასა და მედიცინაში“, რომელმაც გააერთიანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის კლასიკური გიმნაზიის, საჯარო სკოლებისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც თანამედროვე მეცნიერების ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებაზე მუშაობენ.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ: თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნერებათა და მედიცინის ფაკულტეტები (პროფ. დიანა ძიძიგური, პროფ. მაია ბიწკინაშვილი); თბილისის კლასიკური გიმნაზია (თ. კაპანაძე); საორგანიზაციო კომიტეტში ჩართული იყვნენ ასევე: ტატო (ნიკოლოზ) ქოიავა (თსუ; მაგისტრატურის I კურსი); ელენე სოხაძე (თსუ, მაგისტრატურის I კურსი); ნიკოლოზ გაბროშვილი (თსუ, ბაკალავრიატის II კურსი); ანრი გორგილაძე (თსუ, ბაკალავრიატის II კურსი); სიმპოზიუმის სამეცნიერო ხემძღვანელი იყო თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დიანა ძიძიგური, ხოლო მონაწილეებს კონსულტაცია გაუწიეს ეკატერინე ბაკურაძემ (თსუ), ირინა მოდებაძემ (თსუ) და ეკატერინე მითაიშვილმა (თბილისის კლასიკური გიმნაზია).
სიმპოზიუმი ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მონაწილეთა შეკრებით დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს უნივერსიტეტის ისტორიის, მისი დაფუძნებისა და დამფუძნებლების შესახებ მოკლე გაცნობითი ინფორმაცია მიეწოდათ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ადამიანების ღვაწლის გახსენებას, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს საქართველოში უმაღლეს განათლებას. სიმპოზიუმის მონაწილეებმა პატივი მიაგეს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. „ეს ჩვენი სიმპოზიუმის ტრადიციაა, რითაც ახალგაზრდებს – სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს იმ ადამიანების დამსახურების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას, რომელთა მხრებზეც დგას თანამედროვე უმაღლესი განათლება საქართველოში. ვცდილობთ, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი და პანთეონი მათთვის დარჩეს ქართული ეროვნული საქმის სიმბოლოდ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში პროფესორმა დიანა ძიძიგურმა.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ სიმპოზიუმის მუშაობა მისალმებით გაიხსნა და დაიწყო სამეცნიერო მოხსენებების წარდგენა. პროგრამა ორ სესიად იყო დაყოფილი და მოიცავდა მრავალფეროვან თემებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავდა ბიოლოგიაში, მედიცინაში, დიაგნოსტიკაში, ნეირომეცნიერებაში, ეკოლოგიაში, სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვის მენეჯმენტში. მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაზე, ისე მათთან დაკავშირებულ ეთიკურ და სოციალურ გამოწვევებზე.
სიმპოზიუმზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ხელოვნური ინტელექტისადმი და მისი ინტეგრირების პერსპექტივები მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ის, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ისე სკოლის მოსწავლეები, რაც მეცნიერებით ადრეული დაინტერესებისა და აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.


მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა არაფორმალური შეხვედრა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ იდეები და ემსჯელათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
სიმპოზიუმის დასრულებისას ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი სამეცნიერო ფორუმში აქტიური მონაწილეობისათვის. ღონისძიება საერთო ფოტოსესიით დასრულდა, რომელმაც კიდევ ერთხელ ასახა ახალგაზრდა მკვლევართა ენთუზიაზმი, შემოქმედებითი პოტენციალი და მეცნიერების განვითარებისადმი ინტერესი.
ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და მოსწავლეთა XIII სამეცნიერო სიმპოზიუმი კიდევ ერთხელ იქცა სივრცედ, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ გამოცდილება, ინოვაციური იდეები და მომავალი მეცნიერების წარმომადგენლები. ხელოვნური ინტელექტის თემის არჩევამ კი ნათლად წარმოაჩინა, რომ თანამედროვე ბიოლოგიისა და მედიცინის განვითარება სულ უფრო მეტად უკავშირდება ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას.
. . .
სიმპოზიუმზე მოისმინეს მოხსენებები: „AI-ის ძირითადი კონცეფციები და მისი როლი მედიცინაში“ (ნინო ფალავანდიშვილი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის დეპარტამენტი, I კურსი); „რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს“ (ანასტასია ალექსიძე – თბილისის კლასიკური გიმნაზია – IX კლასი); ,,პროგრესი და ჩრდილი: ხელოვნური ინტელექტის ორბუნებრიობა” (რატი რატიანი, მართა ყვავილაშვილი და ნინო აფხაზავა; თბილისის მე-60 საჯარო სკოლა – XI კლასი); ,,უხილავი ასისტენტი – როგორ ცვლის ჭკვიანი ტექნოლოგიები ბიოლოგიასა და მედიცინას“ (დაჩი კაცაძე, თსუ, მედიცინის ფაკულტეტი, II კურსი); ,,ხელოვნური ინტელექტი ბიოლოგიაში“ (ჰოვანეს კოჩარიანი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, II კურსი); „ხელოვნური ინტელექტი ბიოლოგიურ მეცნიერებებში“ (დავით კუხალაშვილი; რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა – XII კლასი); „ინტელექტის უწყვეტი ჯაჭვი-უჯრედიდან ციფრულ ნეირონულ ქსელამდე“ (ანრი გორგილაძე, თსუ, მედიცინის ფაკულტეტი, I კურსი); „შეიძლება თუ არა, რომ რობოტმა ჩაანაცვლოს ადამიანი?” (გიორგი გოგიჩაიშვილი, თბილისის კლასიკური გიმნაზია – XI კლასი); „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში – დამხმარე თუ საფრთხე?“ (დანიელ ხახიაშვილი, საბა გარაყანიძე, თბილისის კლასიკური გიმნაზია – XI და X კლასები); ,,მიმდევრობათა აღქმა ბიოლოგიურ სისტემებში“ (ტატო (ნიკოლოზ) ქოიავა, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის დეპარტამენტი, სამაგისტრო პროგრამა: გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია – I კურსი); „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში, მომავალი ექიმი თუ ექიმის ასისტენტი“ (ნიკოლოზ გაბროშვილი, თსუ, მედიცინის ფაკულტეტი, II კურსი); „ხელოვნური ინტელექტი და სამედიცინო დიაგნოსტიკა“ (ნია ქარუმიძე, ნინო ლოლუა, თბილისის კლასიკური გიმნაზია – XI კლასი); „ნეიროვიზუალიზაციის ახალი ეპოქა ხელოვნურ ინტელექტთან სინერგიაში“ (გოჩა მახარაშვილი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის დეპარტამენტი, IV კურსი); „ფსიქიკური ჯანმრთელობა და ხელოვნური ინტელექტი“ (მარიამ მეტრეველი, თბილისის კლასიკური გიმნაზია – XII კლასი); ,,ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის მენეჯმენტში” (თამარ ზაკუტაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, I კურსი); „ავტომატიზაცია და მისი ეკონომიკური შედეგები ბიოლოგიურ და სამედიცინო კვლვებში” (ეკატერინე თორდია, თსუ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – I კურსი); „შეიძლება თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ქონდეს ემოციები“ (ლიზი მოქია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლა, XI კლასი); „ხელოვნური ინტელექტი და დიაგნოსტიკა“ (ცოტნე მესხი, ალექსანდრე ჯინჭარაძე, თბილისის კლასიკური გიმნაზია, IX კლასი); „ხელოვნური ინტელექტი ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობაში“ (ნიკოლოზ შახაძე, გიორგი გოჩიაშვილი და ნიკოლოზ ყარაშვილი, თბილისის კლასიკური გიმნაზია, IX კლასი); „ადამიანის ტვინის სიგნალების გაშიფვრა: სამედიცინო და ეთიკური გამოწვევები AI-ის ეპოქაში” (ნინო დიასამიძე, მაია ქემერტელიძე, თსუ, მედიცინის ფაკულტეტი, II კურსი); ,,ხელოვნური ინტელექტის როლი ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკასა და პერსონალიზებული მკურნალობის შემუშავებაში” (ნუცა ლაზარაძე, მარიამ კახიანი, ნინო დათიაშვილი, თსუ, მედიცინის ფაკულტეტი, II კურსი); ,,ნანოტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მედიცინაში: დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური მიდგომები” (მამუკა ლომთაძე და თამარ მეტრეველი, თსუ, მედიცინის ფაკულტეტი, I კურსი); ,,ამინომჟავების სიქვენსების 3D მოდელირება ხელოვნური ინტელექტით” (თამარ ქორთუა და მათე ქორთუა, თსუ, მედიცინის ფაკულტეტი, I კურსი); „ადამიანის ტვინის მოდელირება: სად მთავრდება მეცნიერება და სად იწყება ფანტასტიკა?“ (ეკატერინე სარიშვილი და აინურა აბდიევი, თსუ, მედიცინის ფაკულტეტი, II კურსი); „ხელოვნური ინტელექტი ეკოლოგიურ მონიტორინგში“ (ლიზა მურვანიძე, მარიტა გოგილავა, მარიამ ალიბეგაშვილი, თბილისის კლასიკური გიმნაზია, XI კლასი); „GeoAI – გეოსივრცითი ხელოვნური ინტელექტი და ეკოლოგიური კატასტროფების პროგნოზირების შესაძლებლობები” (ლიზა ჯოხაძე, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის საბაკალავრო პროგროგრამის I კურსი); ,,ხელოვნური ინტელექტი სოფლის მეურნეობაში” (ელენე სოხაძე, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის დეპარტამენტი, სამაგისტრო პროგრამა: გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია, I კურსი); „ხელოვნური ინტელექტი მურა დათვების ჰიბერნაციის შესწავლაში“ (ლია ხოზრევანიძე, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის დეპარტამენტი, III კურსი).
