დაჩი ჩიხრაძემ სტუდენტობის პერიოდში უკვე ორჯერ მოასწრო საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამით წასვლა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მეოთხე კურსის სტუდენტმა დაჩი ჩიხრაძემ სტუდენტობის პერიოდში უკვე ორჯერ მოასწრო საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამით წასვლა და უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა. თსუ-ში მიღებული განათლება და ევროპული უნივერსიტეტების გარემო დაჩისთვის საუკეთესო საყრდენი აღმოჩნდა კარიერულ გზაზე, მისი ისტორია კი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ინტერესებისა და მიზნების სწორად მართვა.
პროფესიული თვითგამორკვევა ყოველი ახალგაზრდის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ეტაპია, რადგან ხშირად 18 წლის ასაკში აბიტურიენტებს ზუსტად არ აქვთ გააზრებული, თუ რაზე უნდათ დააფუძნონ თავიანთი მომავალი კარიერა. გამონაკლისი არც დაჩი ჩიხრაძე ყოფილა, თუმცა მისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან ყოველთვის ზუსტად იცოდა, რომ ტექნიკური განხრით წავიდოდა – მათემატიკა ყოველთვის უფრო მეტად იზიდავდა, ვიდრე ჰუმანიტარული საგნები. ამას დაემატა ახალშეძენილი ინტერესი ბუღალტერიისა და აუდიტის მიმართ, ასევე ინგლისურ ენაზე კომუნიკაციისა და სწავლის სურვილი. „სწორედ მე-11 კლასში აღმოვაჩინე ISET – თსუ-ს ინგლისურენოვანი ეკონომიკის ფაკულტეტი – და უკვე ვიცოდი, რომ ეს უნივერსიტეტი ჩემთვის იყო შექმნილი, სხვა არჩევანი არც განმიხილავს და აქ მოხვედრით ძალიან ბედნიერი დავრჩი“, – აღნიშნავს დაჩი და იხსენებს, რომ უნივერსიტეტმა მას ზუსტად ის მრავალფეროვანი გარემო შესთავაზა, რომელიც ახალი გამოცდილებების მიღებას, მოგზაურობასა და საინტერესო ადამიანების გაცნობას ითვალისწინებდა.
სტუდენტური ცხოვრების დაწყებისთანავე მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამით წასვლა იყო. ეს გამოწვევა რეალობად იქცა, როდესაც იგი თურქეთში, ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში გადიოდა თავის პირველ გაცვლით პროგრამას. სწორედ იქ მეგობრებთან ერთად ყოფნისას გაიგო, რომ გერმანიაში, აახენის უნივერსიტეტშიც შეძლებდა სწავლის გაგრძელებას. იმ პერიოდში მას უკვე ნახევრად გამოცდილი ჰქონდა უცხო ქვეყანაში ადაპტაციის სირთულეები, ბარიერები თუ ის ამაღელვებელი ემოციები, რაც მობილობას ახლავს, ამიტომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე გადაწყვიტა ამ გზის კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავლა. საერთაშორისო ასპარეზზე ორჯერ გასვლა მას აფიქრებს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ნამდვილად შეძლო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება, რადგან სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მას ქვეყნების მიღმა, მრავალფეროვან გარემოში მუშაობისა და ადაპტაციის უდიდესი გამოცდილება შესძინა, რაც სამომავლოდ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გარანტია.
საერთაშორისო აკადემიური სივრცე მშობლიური გარემოს ახლებურად დანახვის შესაძლებლობებსაც აჩენს. მშობლიურ ISET-თან შედარებით, სადაც ბევრად პატარა გარემოა და დაახლოებით მხოლოდ 600 სტუდენტი სწავლობს, აახენის უნივერსიტეტმა იგი სრულიად მასშტაბურ, 50 000-იან სტუდენტურ სივრცეში მოახვედრა, სადაც ყოველდღე ახალ ადამიანებს ხვდებოდა. ამ მასშტაბების გარდა, ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული უსაზღვრო შესაძლებლობებია, რაც სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყანაში ტრენინგებზე, სამუშაოდ თუ მეტი განათლების მისაღებად მარტივად მიმოსვლის საშუალებას აძლევს. რაც შეეხება უშუალოდ სწავლის პროცესსა და ხარისხს, დაჩი აღნიშნავს: „პრინციპი ორივეგან მსგავსია, ვინაიდან თსუ-შიც სწავლება მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და სტუდენტები ზუსტად იმავე მასალას გადიან, რასაც გერმანიაში. უცხოურ სალექციო კურსებთან ინტეგრაციისა და მასალის ათვისების პრობლემა საერთოდ არ შემქმნია“.
ამგვარი წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნების შესახებ, რადგან ბევრი მათგანი კარიერის აწყობას უცხოეთში ამჯობინებს. დაჩი ჩიხრაძე საზღვარგარეთ გატარებული დროით ძალიან კმაყოფილია და სამომავლოდ მაგისტრატურის კვლავ უცხოეთში გავლის დიდი სურვილი აქვს. თუმცა, იმასთან დაკავშირებით, თუ სად ააწყობს კარიერას, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან სამშობლო და უცხოეთი მას სრულიად განსხვავებულ და თავისებურად საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობენ, რაც წინ საკმაოდ რთულ არჩევანს უყენებს. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს გარკვეული წლების შემდეგ იგი ცალსახად ეკონომიკის სფეროში ხედავს და მიზნად ისახავს – ცხოვრებაში აკეთოს მხოლოდ ის, რაც უყვარს და რაც მუდმივად ახალ, საინტერესო გამოცდილებას შესძენს.
მათ კი, ვისაც საზღვარგარეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის სურვილი აქვთ, დაჩი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ურჩევს, პირველ რიგში, კარგად ჩამოყალიბდნენ საკუთარ მიზნებში და გააანალიზონ, თუ როგორ შეცვლის ეს ნაბიჯი მათ ყოველდღიურ პერსპექტივას. „საჭიროა სასურველი სასწავლებლების სიის დეტალური მოძებნა, მუდმივი მოტივაცია და იმის ჩვენება, რომ ამ რთული გზისთვის მენტალურად მზად ხარ, რადგან მაღალი კონკურენციის პირობებში პროცესი მარტივი არ არის“, – ამბობს ის. მისი თქმით, პირველ ცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი არავინ უნდა დანებდეს, ხოლო წარმატების მიღწევის შემდეგ აუცილებელია იმ სტუდენტებთან დაკავშირება, რომელთაც ეს გზა უკვე გაიარეს, რადგან რეალური და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება ახალ გარემოში ადაპტაციის საუკეთესო გასაღებია.
