ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

თარიღი: 2026-07-07 19:01:59

გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და ფილოლოგის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გამართულმა ღონისძიებამ გააერთიანა ასზე მეტი ახალგაზრდა მკვლევარი, რომლებმაც თავიანთი მოხსენებები აუდიტორიას წარუდგინეს.

კონფერენცია გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ, რომელმაც ისაუბრა ზურაბ ჭუმბურიძის ფასდაუდებელ ღვაწლსა და ახალგაზრდა თაობის სამეცნიერო აქტივობებში ჩართვის მნიშვნელობაზე. მასთან ერთად სტუდენტებს მიესალმა და წარმატებები უსურვა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. რექტორმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტთა პირველ ნაბიჯებს დიდ მეცნიერებაში, რადგან სწორედ მათზე გადის ქართული საუნივერსიტეტო ტრადიციების მომავალი.

3 ივლისს ჩატარებული კონფერენციის მიმდინარეობაზე, ნაშრომების შერჩევის კრიტერიუმებზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო პოპიაშვილი. მისი თქმით, წარმოდგენილი 150-ზე მეტი განაცხადიდან საორგანიზაციო გუნდმა 120-მდე საუკეთესო თეზისი საგულდაგულოდ შეარჩია.

როგორც ნინო პოპიაშვილი აღნიშნავს, ეს გადარჩევა თანამედროვე აკადემიურ გამოწვევებსა და სტუდენტების მიერ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების ჭარბად გამოყენების ტენდენციას უკავშირდება. „ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ სამეცნიერო მუშაობაში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებასთან ერთად მკაცრად დავიცვათ აკადემიური ეთიკის პრინციპები. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ნაშრომების ორიგინალურობასა და ავტორების დამოუკიდებელ ანალიზს, რისთვისაც მჭიდროდ ვითანამშრომლეთ როგორც სტუდენტებთან, ისე მათ ხელმძღვანელებთან“, – გვითხრა ნინო პოპიაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში 10 სხვადასხვა სექციის სხდომა გაიმართა. ვინაიდან ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე თავისი მოღვაწეობით უპირველესად ფილოლოგი გახლდათ, სიმბოლური და დასამახსოვრებელი იყო, რომ სტუდენტებმა ყველაზე დიდი აქტივობა სწორედ ამ მიმართულებით გამოიჩინეს და მოხსენებათა უმრავლესობაც ფილოლოგიურ საკითხებს მიეძღვნა. თუმცა, ღონისძიებაზე ასევე იყო წარმოდგენილი ჰუმანიტარული მეცნიერებების ყველა ძირითადი და მომიჯნავე დისციპლინა – ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ფილოსოფია და კულტურის კვლევები. გარდა ამისა, ახალგაზრდა მკვლევართა ინტერესის სფეროში მოექცა ისეთი თანამედროვე და აქტუალური საკითხებიც, როგორებიცაა უფლებრივი (მათ შორის, ქალთა საკითხები) და პოლიტიკური დისკურსების ანალიზი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ მოხსენებებს შორის იყო: ,,ხელოვანისა და ხელისუფლების კონფლიქტი კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“ (მარიამ ხვიჩა), ,,ენათაშორისი ურთიერთობები: არაბული სიტყვები ქართულსა და სხვა ენებში” (დალი ლალიევი, ეკატერინე სულაკიძე) ,,ეთნოლინგვისტიკა:  ენა, როგორც კულტურის სარკე” (თეკლა ჩხეიძე), ,,ხელოვნური ენები, როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის საშუალება” (თათია ბაჩიაშვილი, თამარ ბერაია), ,,სიბრძნე, გამოცდილება და თვითშემეცნება ჰერმან ჰესეს რომანში „ზიდჰარტა“ (მარადი კაციაშვილი, ლუკა ცუხიშვილი), ,,ინგლისური საეკლესიო ტერმინებისა და მათი ქართული შესატყვისების ეტიმოლოგიურ-სემანტიკური ანალიზი” (ლიკა ბეჟანიშვილი), ,,კულტურული ტრავმის ენობრივი ასახვა: ამერიკული და ირლანდიური ნორმირებული ენები და მათი მიმართება კულტურულ მეხსიერებასთან” (ნინო ანანიძე), ,,ბედისწერა, არჩევანი და ,,მსხვერპლშეწირვის” მოდელი სოფოკლეს ,,ანტიგონეში” (ქეთევან ბაშაური), ,,შურისძიება და ადამიანური ურთიერთობები უილიამ შექსპირის პიესაში „ვენეციელი ვაჭარი“ (მარიამ დანელია, ლიზი თაკვარელია), ,,არაბი ისტორიკოსების ცნობები VIII საუკუნის საქართველოს შესახებ” (დავით წიკალური), ,,ომისშემდგომ იაპონიაში აღმოცენებული ნაციონალიზმი და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული იდეოლოგია: იუკიო მიშიმას მსოფლმხედველობა” (თაკო კოკოხაშვილი) და სხვა.

საყურადღებოა, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პერიოდულ ჟურნალში – „სტუდენტურ წელიწდეულში“ დაიბეჭდება. ამ გამოცემისთვის სტატიების მიღება უკვე დაწყებულია. ორგანიზატორები სტუდენტებს მოუწოდებენ – ხელმძღვანელების რეკომენდაციით  გადაამუშაონ თავიანთი მოხსენებები სრულფასოვან ნაშრომებად და სარედაქციო კომიტეტს გაუგზავნონ. გადარჩევის შემდეგ მკითხველი ნაშრომებს უკვე შემოდგომის სემესტრში იხილავს.

პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის მიმდინარე სასწავლო წლის ბოლო კონფერენცია იყო. საორგანიზაციო კომიტეტი დარწმუნებულია, რომ საზაფხულო არდადეგების შემდეგ, მომავალი სასწავლო წლიდან, ფაკულტეტი ახალი იდეებისა და ენერგიის წყალობით კიდევ უფრო საინტერესო აკადემიური პროექტებით შეუდგება ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას.

Facebook
Twitter
LinkedIn