პროფესორ ნანა გელაშვილს იაპონიის იმპერატორის უმაღლესი რანგის ჯილდო გადაეცა
19 ივნისს თსუ-ს პროფესორს, შორეული აღმოსავლეთის – იაპონისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ნანა გელაშვილს გადაეცა იაპონიის იმპერატორის უმაღლესი რანგის ჯილდო – ამომავალი მზის ორდენი.

საქართველოში იაპონიის ელჩის, ბ-ნი იშიძუკა ჰიდეკის სიტყვით, პროფესორმა ნანა გელაშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა იაპონისტიკის საქართველოში განვითარების მიმართულებით, მის მიერ გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა იაპონიის ისტორიისა და კულტურის შესახებ. მის ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევას კი წარმოადგენს 2023 წელს თსუ-ში იაპონისტიკის კომპლექსური და ორიგინალური საბაკალავრო პროგრამის დაარსება. პროფესორ ნანა გელაშვილის გადმოცემით, დაჯილდოების ცერემონია, იაპონური ტრადიციების სრული დაცვით, ჩატარდა საქართველოში იაპონიის ელჩის – ბ-ნ იშიძუკას რეზიდენციაში. ცერემონიას ესწრებოდნენ ელჩი, მისი მეუღლე და საელჩოს წარმომადგენლები. სტუმრების რანგში, საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთავაძე, იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა, და შორეული აღმოსავლეთის – იაპონისტიკის მიმართულების იაპონისტი პედაგოგები თ. მემარნიშვილი და ს. გუგუნავა.

ნანა გელაშვილის ინფორმაციით, ეს არის იაპონიის უმაღლესი ხარისხის ორდენი, რომლის ისტორია მე-19 ს-დან იწყება. კერძოდ, იაპონიის იმპერატორის, მუცუჰიტოს (რომელიც ასევე მეიჯის სახელითაა ცნობილი) 1875 წლის 10 აპრილის განკარგულებით შეიქმნა ამომავალი მზის ორდენი, როგორც პირველი სახელმწიფო ჯილდო. თავდაპირველად მისი მფლობელი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ მამაკაცი, 2003 წლიდან კი ორდენით დაჯილდოვება ნებადართული გახდა მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვისაც. „ მინდა აღვნიშნო, რომ ორდენი ვიზუალურდაც ძალიან ლამაზია… მასზე გამოსახულია ამომავალი მზის ოქროსფერი სხივები და პავლოვნიის ყვავილი, რომელიც დამშვენებულია ფოთლის ფორმის ორნამენტებით. თავად ორდენი მოოქროვილია (აქვე განვმარტავ, რომ პავლოვნია არის ფართოდ გავრცელებული ეგზოტიკური ხე, რომელიც თავისი სასარგებლო თვისებების გამო, იაპონიაში სამეფო ხედ იწოდება.) საყურადღებოა, რომ იაპონიის მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურ დოკუმენტებში პავლოვნიის გამოსახულებას იყენებს სამთავრობო ბეჭედზე, ის გამოიყენება პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ემბლემად, გამოსახულია ასევე 500 იენის მონეტაზე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორდენი გადაეცემათ პირებს, რომლებმაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იაპონიასა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებაში. ჩემ შემთხვევაში, ბრძანებულებაში შემდეგნაირი ფორმულირებაა „საქართველოში იაპონიისმცოდნეობის განვითარებისა და იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“, – ამბობს ნანა გელაშვილი.
მისივე თქმით, ამ ორდენის მიღება უაღრესად დიდი პატივია, – „შორეული იაპონიის საიმპერატორო კარის მიერ ჩემი შრომის ესოდენ მაღალ დონეზე შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დიდ მადლობას მოვახსენებ საქართველოში იაპონიის ელჩს – ბ-ნ იშიძუკა ჰიდეკის იმ ყურადღებისათვის, რომელსაც ის ჩვენი მიმართულების მიმართ იჩენს. ეს ყველაფერი არის დიდი სტიმულის მომცემი ჩემთვის, იმავდროულად მაკისრებს ვალდებულებას და ახალი გამოწვევების წინაშე მაყენებს, რათა მომავალში უფრო მეტი წვლილი შევიტანო საქართველო-იაპონიის ურთიერთობების გაღრმავებაში, ჩემ მიერ დაარსებული იაპონისტიკის საბაკალავრო პროგრამის გაუმჯობესებაში, თსუ-ს სტუდენტებში იაპონური ენის, ისტორიის და კულტურის მიმართ ინტერესის გაღვივებაში, სათანადო დონის სპეციალისტების მომზადებაში და სხვა. სწორედ აქეთკენაა მიმართული ჩემი სამომავლო გეგმებიც: ვაგრძელებთ ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, გამოსაცემად ვამზადებ კიდევ ერთ წიგნს თანამედროვე იაპონიის შესახებ (რიგით მეოთხეს), სტუდენტებში მოტივაციის ამაღლების მიზნით, ვაწყობთ შემოქმედებით საღამოებს, იაპონური ფილმების კინოჩვენებას, ვატარებთ ღია კარის დღეებს, საჯარო ლექციებს სტუდენტების მიერ შერჩეულ თემებზე და ა. შ. რაც შეეხება, იაპონიაში გამგზავრებას, რა თქმა უნდა, ამის დიდი სურვილი მაქვს, თუკი იქნება მიწვევა სამეცნიერო კონფერენციში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, კონკრეტულად ამის თაობაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი“, – აცხადებს ნანა გელაშვილი.
