ზიზი გალუსტაშვილის წარმატების გასაღები თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) გახდა
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებულ როლს ასრულებს (ISET), რომელიც მაღალი სტანდარტებითა და კონკურენტული გარემოთი გამორჩეულ ახალგაზრდებს აერთიანებს. სწორედ ამ საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ზიზი გალუსტაშვილი – კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებული. მის მიერ განვლილი სტუდენტური გზა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მიზანსწრაფულობასა და მულტიდისციპლინურ მიდგომას საფუძველი ჩაუყაროს წარმატებულ საერთაშორისო კარიერას.
ბევრის მსგავსად, ზიზიმაც სკოლის პერიოდში ზუსტად არ იცოდა, თუ რომელ პროფესიას აირჩევდა, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ახსოვდა – უნდოდა ისეთი სფერო, რომელიც მათემატიკასთან იქნებოდა დაკავშირებული. არჩევანი ეკონომიკაზე შეაჩერა, ISET-მა კი მას ზუსტად ის შესთავაზა, რასაც ეძებდა: ინგლისურენოვანი სწავლება და მაღალი აკადემიური დონე. სწორედ აქ მიღებული განათლება დაეხმარა იმაში, რომ ძალები თსუ-ის გაცვლით პროგრამებშიც ეცადა.
პორტუგალიის პრესტიჟულ ავეიროს უნივერსიტეტში მოხვედრამდე გზა მარტივი არ ყოფილა – იყო რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, რომლებმაც ახალგაზრდა სტუდენტს ხელი კი არ ჩააქნევინა, არამედ უფრო მეტი მოტივაცია მისცა. „თსუ-ის გაცვლით პროგრამებში მოხვედრა საკმაოდ კონკურენტული პროცესია. რამდენიმეჯერ მივიღე მონაწილეობა კონკურსში, იყო უარებიც, თუმცა ეს დამატებითი მოტივაცია გახდა. მჯეროდა, რომ წარმატება მხოლოდ მათთან მიდის, ვინც მცდელობას არ წყვეტს. საბოლოოდ, ავეიროს უნივერსიტეტში მოვხვდი და ეს გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. ISET-ში სწავლის პროცესმა დამარწმუნა, რომ აქ მყოფი სტუდენტები კონკურენტუნარიანები არიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ვფიქრობ, მიღებული განათლება, აკადემიური გარემო და ძლიერი სტუდენტური საზოგადოება გვაძლევს ყველა საჭირო საფუძველს იმისთვის, რომ წარმატებით დავიმკვიდროთ თავი ჩვენს სფეროში“, – ამბობს ზიზი.
ეს წარმატება შემთხვევითი არ არის, რადგან ISET-ში გატარებული წლები სტუდენტს ცვლის და ზრდის. როდესაც ზიზი საუნივერსიტეტო წლებს აჯამებს, იგი ხაზს უსვამს იმ პოზიტიურ ცვლილებას, რომელიც ამ გარემომ მისცა – ეს იყო არა მხოლოდ წიგნებიდან მიღებული ცოდნა, არამედ აზროვნებისა და საკუთარი თავის რწმენის ახალ საფეხურზე აყვანა. „ამ საკითხზე შემიძლია საკმაოდ დიდხანს ვისაუბრო, რადგან ISET-ში გატარებული წლები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. პირველ რიგში, უზომო მადლიერებასა და პატივისცემას ვგრძნობ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქმნის ამ გარემოს ლექტორების, ადმინისტრაციისა და სტუდენტების მიმართ. როდესაც ვადარებ იმას, როგორი ვიყავი ISET-ში პირველ დღეს და როგორი ვარ ახლა, ვხედავ ძალიან დიდ, მაგრამ პოზიტიურ ცვლილებას. ეს არ არის მხოლოდ აკადემიური განვითარება, ეს არის აზროვნების, მიდგომებისა და თვითდაჯერებულობის ცვლილებაც. ISET-მა მომცა შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამომეყენებინა მისი რესურსები – იქნება ეს მაღალი დონის აკადემიური გარემო, ლექტორებისგან მიღებული ცოდნა თუ სტუდენტებთან ყოველდღიური ურთიერთობა. მე კი, ჩემი მხრივ, მაქსიმალურად შევეცადე ამ შესაძლებლობების გამოყენებას. შედეგად, ვფიქრობ, ეს წლები იყო ერთგვარი კოლაბორაცია ჩემს პირად ძალისხმევასა და ISET-ის გარემოს შორის, რომელმაც ჩამომიყალიბა ის უნარები, რაც დღეს მეხმარება პროფესიულ განვითარებასა და საკუთარი თავის რეალიზებაში“, – ამბობს იგი.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ზიზის თანატოლებისთვისაც აქვს მარტივი და მეგობრული რჩევები, რაც სტუდენტური ცხოვრების სწორად მართვაში დაეხმარებათ. მისი აზრით, მთავარია ადამიანებმა საკუთარი თავის ირწმუნონ, არ შეუშინდეთ უარყოფით პასუხებს და ისწავლონ თავად სწავლის პროცესით სიამოვნების მიღება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ადამიანების გაცნობა, რადგან კარგი გარემო და მეგობრები წარმატების გზაზე დიდი ძალაა. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს ბალანსი – დროის სწორად გადანაწილება სწავლასა და დასვენებას შორის ხშირად რთულია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს გვეხმარება ენერგიისა და სიმშვიდის შენარჩუნებაში.
წინ კი კიდევ უფრო დიდი მიზნებია, რომლებიც ევროპისა თუ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებს უკავშირდება. ზიზი გალუსტაშვილი უკვე იწყებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებას და სამომავლო გეგმებსაც საინტერესოდ სახავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველაფრის წინასწარ გაწერა აუცილებელი არ არის და ცხოვრებამ თავისი რიტმით უნდა წაიღოს პროცესები. „დიახ, მსურს სწავლა ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ ძლიერ უნივერსიტეტში გავაგრძელო. საერთაშორისო გამოცდილებას პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად მივიჩნევ. ჩემი მიზანია ისეთ აკადემიურ გარემოში მოხვედრა, რომელიც ახალ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს მომცემს. უკვე დაწყებული მაქვს პრაქტიკული გამოცდილების მიღება და მსურს კარიერის გაგრძელება იმ სფეროში, რომელიც ჩემს აკადემიურ ცოდნასა და ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება. გრძელვადიან გეგმებზე ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ და ამას ბუნებრივ პროცესად მივიჩნევ. სკოლამ და უნივერსიტეტმა ჩემთვის მრავალი შესაძლებლობის კარი გააღო, ხოლო ჩემი მიზანია მათ შორის ყველაზე სწორი გზის არჩევა“, – აღნიშნავს იგი. თსუ-ის მთავარი მისია ხომ სწორედ ეს არის – მისცეს სტუდენტებს მყარი საფუძველი, რათა მათ მომავალში ნებისმიერი სწორი კარის გაღება შეძლონ.
