ვახტანგ ლიჩელი დაკარგული ქალაქის – ფასისის – მიკვლევის ახალ ეტაპს იწყებს
2026 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ტრიერის (გერმანია) უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ერთ-ერთი შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო ურთიერთობების დამყარება არქეოლოგიის მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ ვახტანგ ლიჩელსა და ტრიერის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს პროფესორ ტორსტენ მატერნს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული და საინტერესო პრობლემა – ბერძნული კოლონია ფასისის ლოკალიზაციიის საკითხი. პრეზენტაცია ამ სკითხის შესახებ გააკეთა პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა:
– ბატონო ვახტანგ, როდის დადგა ფასისის ლოკალიზაციის საკითხი მეცნიერების წინაშე და რა ეტაპზეა ამჟამად პრობლემის გადაწყვეტის საკითხი?
– ფასისის ლოკალიზაციის საკითხი მეცნიერების წინაშე დადგა ჯერ კიდევ 1832-34 წლებში, როდესაც შვეიცარიელმა მეცნიერმა და მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ, კოლხეთში მოგზაურობის დროს, სცადა რომაული ხანის ფასისის მდებარეობის დადგენა და როგორც მისი ჩანაწერებიდან და ჩანახტებიდან ჩანს, მან, მართლაც, მიაკვლია გეგმაში მართკუთხა ნაშთებს, თუმცა, ამ ნაშთების ხელახალი მიკვლევა შეუძლებელი აღმოჩნდა. არ არის მიკვლეული ფასისის დაარსების პერიოდის ნაშთები. ასე, რომ კოლხეთის ეკონომიკურად და კულტურლად ყველაზე დაწინაურებული და მდიდარი ქალაქის მდებარეობა დღემდე უცნობია.
– ეს თემა არა მხოლოდ მეცნიერების, არამედ ფართო საზოგადოების ინტერესსაც წარმოადგენს. ამიტომ, მოკლედ გავიხსენოთ ამ ქალაქის ისტორია.
– ფასისი დაარსდა იმ მასშტაბური მიგრაციული პროცესის დროს, რომელსაც დიდი ბერძნული კოლონიზაცია ეწოდება და გრძელდებოდა ძვ.წ. VIII საუკუნიდან ვიდრე ძვ.წ.VI საუკუნემდე. თუმცა, არსებობს კოლონიციის მეორე ტალღაც – ე.წ. იონიური კოლონიზაცია, რომელიც ძვ.წ. V საუკუნეში განვითარდა. ფასისი დაარსებულია მილეთელების მიერ ძვ.წ. VI საუკუნეში. ჩვენთვის ცნობილია დამაარსებლის, ანუ ოიკისტის სახელი – თემისტაგორე.
ფასისის შესახებ არსებობს მრავალი წერილობითი წყარო, თუმცა, მათი გამოყენება ფასისის ადგილმდებარეობის ზუსტად დასადგენად აქამდე ვერ მოხერხდა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ფასისის ლოკალიციის თემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ მრავალმა მეცნიერმა სცადა ბედი ამ მიმართულებით. ბატონმა გელა გამყრელიძემ გააანალიზა ყველა გამოთქმული მოსაზრება და მივიდა იმ დასკვნაამდე, რომ დღეისათვის არსებობს ფასისის ლოკალიზაციის 12 განსხვაავებული ვერსია და, რაც უაღრესად საინტერესოა, ყველა მათგანის საფუძველი ლოგიკური და მეცნიერულად გამართულია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არც ერთ მათგანს მყარი არქეოლოგური დასტური არ აქვს, ანუ, ქალაქი არ არის არქეოლოგიურად მიკვლეული. საზოგადოებაში არსებული მოსაზრება ფოთისა და ფასისის იდენტობის შესახებ ასახავს მხოლოდ შუასაუკუნეების ვითარებას (იმედია, ჩემი მეგობარი ფოთელები არ მიწყენენ!) და არა ფასისის დაარსებისა და განვითარების ადრეულ ეტაპს. სხვათა შორის, შუასაუკუნეების ფასისის არქეოლოგია და ამ ქალაქის განსაკუთრებული მნიშვნელობა შესანიშნავად გამოიკვლია ჩვენმა კურსდამთავრებულმა დავით ნასყიდაშვილმა, რომელიც ამჟამად ლონდონის უნივერსიტეტის ლექტორია.
ფასისის მნიშვნელობა რომ საზოგადოებისათვის უფრო ცხადი იყოს, შეგახსენებთ ორ კარგად ცნობილ ფაქტს: პირველი – ფასისის ცნობილი აკადემია, ანუ კოლხეთის საზოგადოების მაღალი ინტელექტუალური განვითარების რეალური სურათი -– ბერძენი ფილოსოფოსი თემისტიონის ცნობა (ახ.წ. IV საუკუნე): „მეც, აგრეთვე, ჭაბუკო კეთილო, რიტორიკის ნამყოფნი მოვიმკე… პონტოს კიდეში, ფასისის მახლობლად, სადაც თესალიიდან წამოსულმა „არგომ“ დაისადგურა“. მეორე – ფასისის საერთაშორისო ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ:ახ.წ. V საუკუნის ანონიმური ავტორის ცნობა, რომელსაც ძვ.წ. III – II საუკუნის ავტორს ფსევდო-სკიმნოსს მიაწერენ: „ფასისის მარცხენა მხარეს მდებარეობს მილეთელების ბერძნული ქალაქი, ფასისად წოდებული, სადაც როგორც ამბობენ, თავს იყრის სამოცი სხვადასხვა ტომი, სხვადასხვა ენაზე მოუბარი. მათ რიცხვში, ამბობენ, ჩამოდიან ბარბაროსები ინდოეთიდან და ბაქტრიიდან“. ამ ფრაზის მიხედვით, ფასისის სავაჭრო პოტენციალი სრულიად აშკარაა. მასალა ბევრია, მაგრამ ეს სპეციალური პუბლიკაციის თემაა.
– ამ ახალი პროექტის მიზანი რა არის?
– მიზანი მარტივია: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ ერთხელ ვცადოთ კოლხეთის ყველაზე დიდი, ყველაზე დაწინაურებული, ყველაზე განვითარებული და ამავე დროს, სრულიად უკვალოდ გამქრალი ქალაქის მოძიება. ეს იქნება მე -13 მოსაზრება ფასისის ლოკალიზაციის შესახებ და გულისხმობს მის ძიებას კოლხეთის შუა ნაწილში, ზღვის თანამედროვე ნაპირიდან საკმაოდ შორს. ამ მოსაზრების განსახილველად და ფასისის ლოკალიზაციის კვლევის მიზნით, გერმანიაში, ტრიერის უნივერესიტეტში, შეიქმნა ინტერდისციპლინური ჯგუფი, რომელშიც შედიან: პროფ. ვახტანგ ლიჩელი – ხელმძღვანელი, პროფ. ტორსტენ მატერნი – თანახელმძღვანელი გერმანიის მხრიდან, პროფ. ლეიფ შაუერმანი -კულტურული მემკვიდრეობის დიგიტალიზაციის სპეციალისტი, პროფ. ჰანეს ლერმანი – გეოგრაფი, პროფ. იოჰანეს შტოფელი – გეოინფორმატიკის სპეციალისტი, პროფ. ქრისტოფერ შეფერი – ექსპერიმენტული ნაოსნობის სპეციალისტი. ცხადია, პროექტის განხორციელებაში ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.
ტრიერში ჩატარდა, აგრეთვე, ამ საკითხთან დაკავშირებული პრეზენტაცია, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გერმანელ სტუდენტებს შორის გამოიწვია და მე ვფიქრობ, რომ მომავალში შევძლებთ მათ ჩამოყვანას გათხრებზე. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სტუდენტების ტრიერის უნივერსიტეტში წასვლის საკითხი უკვე მოგვარებულია, რაც ჩვენი უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დიდი დამსახურებაა.
ბოლოს, ერთ მნიშვნელოვან ფაქტს მინდა გავუსვა ხაზი: როგორც უკვე აღვნიშნე, ფასისის შესახებ ბევრი სერიოზული გამოკვლევა არსებობს და მათი ავტორების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. უმეტესი ნაშრომებისა ეკუთვნით ქართელ მკვლევრებს. ამ, ანუ ჩემი პროექტის, საწყისი 2025 წელია, როდესაც პროექტის შესახებ პირველი საერთაშორისო განაცხადი გავაკეთე. ეს თარიღი ემთხვევა ერთ საყურადღებო მოვლენას, რომლიდანაც 25 წელი გავიდა – 2000 წელს გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში დაიბეჭდა პროფესორ ოთარ ლორთქიფანიძის მონოგრაფია „ფასისი-ქალაქი და მდინარე“, რომელშიც თავმოყრილია დღემდე ქართულ, ასევე, თანამედროვე უცხოურ, ძველ ბერძნულ და ლათინურ წერილობით წყაროებში არსებული ცნობები ფასისის შესახებ. ეს ნაშრომი ბატონი ოთარის მორიგი სამეცნიერო წარმატება იყო და სამეცნიერო წრეებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მე მადლობელი ვარ ჩემი გერმანელი კოლეგების, რომლებმაც დიდი სიამოვნებით გაიზიარეს ჩემი შეთავაზება იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო პროექტი „ფასისი-დაკარგული ქალაქი“ მიეძღვნას პროფესორ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდეს სამეცნიერო დამსახურებას. ბატონი ოთარი იყო პირველი ქართველი არქეოლოგი, მეცნიერი, რომელმაც ქართული არქეოლოგიური მონაპოვრების საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენით – ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში! – ამცნო გარე სამყაროს იმის შეაახებ, რომ არსებობს დიდი ცივილიზაციის მქონე მცირერიცხოვანი ერი, რომელსაც საკუთარი წარსული, საკუთარი ქართული ეროვნული ღირსება და ტრადიციები აქვს.
– ამჯერად რა ეტპაზე არის პროექტის მომზადება?
– ტრიერში შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ყველა ჩვენგანი დაიწყებს უკვე შეთანხმებული პროგრამით წინასწარული გამოკვლევების ჩატარებას საკუთარი პროფესიის მიხედვით. დეკემბრის ბოლოსათვის ეს სამუშაო დასრულებული იქნება. 2027 წელს დაიწყება შემდეგი ეტაპი, რაც წინასწარული საველე სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს.
