სტუდენტის არჩევანი: მათემატიკური სიზუსტე, პოდიუმი და ევროპული გამოცდილება

თარიღი: 2026-06-19 11:00:42

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და რჩება იმ ნიჭიერი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად, რომლებიც არ უშინდებიან დიდ გამოწვევებს და საკუთარ თავს სხვადასხვა, ხშირად სრულიად განსხვავებულ სფეროებში ცდიან. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, 22 წლის თამუნა ბუკია,სწორედ ამ თაობის გამორჩეული წარმომადგენელია. ის ერთდროულად ახერხებს, იყოს წარმატებული მომავალი ეკონომისტი და ასევე აქტიურად საქმიანობდეს სამოდელო ინდუსტრიაში. დღეს თამუნა უკვე კომპანია „დიპლომატში“ მუშაობს, სადაც საუნივერსიტეტო ცოდნას პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნის, ზურგს კი გერმანიის ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტშიგაცვლითი პროგრამით მიღებული მდიდარი გამოცდილება უმაგრებს.

პროფესიული არჩევანი ახალგაზრდებისთვის ხშირად რთული და ბუნდოვანი პროცესია, თუმცა, თამუნას შემთხვევაში, ციფრების სიყვარული ბავშვობიდანვე გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, იგი მიიჩნევს, რომ ძიების პროცესი 18 წლის ასაკში არ სრულდება და ეს სრულიად ბუნებრივია.

„ ვფიქრობ, არაფერია გასაკვირი იმაში, თუკი 18 წლის მოზარდს ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი, რა იქნება მისი სამომავლო პროფესია. წლიდან წლამდე ადამიანები საკუთარ თავში ბევრ სიახლეს ვპოულობთ, რაც ჩვენი ინტერესების სფეროს აფართოებს და, შესაბამისად, ახალი პროფესიის დაუფლების სურვილსაც აჩენს. არ გამოვრიცხავ, მომდევნო ეტაპებზე ჩემ შემთხვევაშიც ასე იყოს. თუმცა, მე ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მათემატიკურ განხრას ავირჩევდი, რადგან სკოლაში მათემატიკა ჩემი საყვარელი საგანი იყო, ამოცანების ამოხსნა კი ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მე-10 კლასიდან აქტიურად ვადევნებდი თვალს სხვადასხვა ფაკულტეტის ინფორმაციას და მარტივად გადავწყვიტე, რომ ჩემი არჩევანი თსუს ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი იქნებოდა. ამისთვის ბევრი ვიშრომე და ნამდვილად ღირდა – ახლა ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს“, – ამბობს იგი.

ბევრისთვის მათემატიკისა და მოდის სფეროს შეთავსება წარმოუდგენელი ჩანს, თუმცა თამუნამ ეს მოცემულობა საკუთარ უპირატესობად აქცია. 18 წლიდან სამოდელო სივრცეში ტრიალებს და მიიჩნევს, რომ ამ ორმხრივმა ინტერესმა მისი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა. სწორედ ამ თვისებამ – საკუთარი თავის მუდმივმა გამოცდამ და მაქსიმალისტურმა ბუნებამ – მიიყვანა იგი გაცვლით პროგრამამდე, რომელმაც გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში აპოვნინა ადგილი.

„ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, არასდროს ვკმაყოფილდები იმით, რასაც ვაკეთებ და საკუთარ თავს ყოველთვის უფრო მეტს ვთხოვ. ევროპულ გამოწვევას წინ უსწრებდა დიდი სურვილი, მესწავლა ევროპის რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში და საკუთარი შესაძლებლობები სულ სხვა კუთხით დამენახა. მინდოდა კიდევ ერთხელ გამომეცადა საკუთარი თავი, თუ როგორ შევძლებდი უცხო გარემოში წარმოშობილ სირთულეებთან გამკლავებას. რა თქმა უნდა, ამ გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას, რაც სტუდენტებს ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება. იყო ბევრი უძილო ღამე, ნერვიულობა დოკუმენტების შეგროვებისას თუ გასაუბრების პროცესში, თუმცა ამ ყველაფერმა საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო გამიძლიერა“, – გვიყვება თამუნა.

გერმანიაში გატარებულმა თვეებმა თამუნას მისცა შანსი, უშუალოდ შეხებოდა ევროპული განათლების სპეციფიკას და პრაქტიკაში განეცადა  ბოლონიის პროცესის სიკეთეები. ინტერკულტურულ გარემოში ინტეგრაციამ, ახალმა აკადემიურმა მიდგომებმა და ინოვაციების გაცნობამ მისი პროფესიული ხედვა სრულიად შეცვალა. მოდელის სტატუსით აზიურ ქვეყნებში მიღებული გამოცდილების შემდეგ, გერმანია მისთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარად იქცა.

მშობლიურ უნივერსიტეტსა და უცხოურ გამოცდილებაზე საუბრისას, თამუნა აღნიშნავს, რომ ორივე სასწავლებელში მიღებული ცოდნის სინთეზი მას ადგილობრივ თუ საერთაშორისო შრომის ბაზარზე ბევრად უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. თუმცა, ბევრი ახალგაზრდისგან განსხვავებით, რომლებიც კარიერის აწყობას საზღვარგარეთ ამჯობინებენ, თამუნას გეგმები მყარად უკავშირდება საქართველოს.

„გერმანიაში სწავლამ იმდენად სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა, რომ ამჯერად ვფიქრობ, მაგისტრატურის საფეხურიც საზღვარგარეთ გავაგრძელო, თუმცა საბოლოოდ ჯერ არ გადამიწყვეტია. კარიერის აწყობა კი ცალსახად საქართველოში მინდა. ე.წ. „ტვინების გადინება“ ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, თუმცა მე ნაკლებად მინდა ამ პროცესის ნაწილი ვიყო. პირიქით, ვფიქრობ, აუცილებელია საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება სწორედ აქ, ჩვენს სამშობლოში მოვახდინოთ“, – ამბობს იგი.

თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, წარმატებული სტუდენტი თანატოლებს ურჩევს, არასოდეს შეუშინდენ პროცესის დასაწყისისთვის დამახასიათებელ ქაოსსა და ბუნდოვანებას. მისი თქმით, მთავარია საკუთარი თავის რწმენა, მიზანმიმართული მუშაობა, ინფორმაციის აქტიური მოძიება და იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომელთაც ეს გზა უკვე გაიარეს.

სამომავლოდ, თამუნა საკუთარ თავს ეკონომიკის სფეროში ხედავს და სურს, მთელი თავისი ენერგია იმ საქმის განვითარებას მოახმაროს, რომელიც უყვარს და აბედნიერებს. თსუ კი კვლავაც სიამაყით დაუჭერს მხარს მის თითოეულ ნაბიჯს ამ საინტერესო და მრავალმხრივ გზაზე.

Facebook
Twitter
LinkedIn