პროფესორ ნანი გელოვანის წიგნების პრეზენტაცია თსუ-ში
3 ივნისს თსუ-შიჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ნანი გელოვანის წიგნების – „ისლამი და მუსლიმები საქართველოში (1918-1991): ისტორიული და რეგიონული კონტექსტი“ და „ისლამური კულტურა და ცივილიზაცია“ – პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ ხაზი გაუსვა, რომ ნანი გელოვანის ყოველი ახალი ნაშრომი, უაღრესად აქტუალური თემატიკიდან გამომდინარე, ძალიან დიდ ინტერესს იწვევს სამეცნიერო საზოგადოებაში. „ამ ორი შესანიშნავი წიგნის ავტორია მეცნიერი, რომელიც „ანებივრებს“ ქართულ საზოგადოებას ახალი საინტერესო გამოცემებით. იგი აღიარებული მკვლევარი და არაერთი წიგნის ავტორი და თანაავტორია… ამასთან, ქალბატონი ნანი არა მარტო კარგი მეცნიერია, არამედ კარგი მთხრობელიცაა. ვულოცავთ აკადემიურ საზოგადოებას ამ შესანიშნავ შენაძენს“, – აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნების რედაქტორის, პროფესორ გიორგი ლობჟანიძის შეფასებით, ნანი გელოვანის ნაშრომები მაღალ შეფასებას იმსახურებს და, ამასთან, ძალიან სანდოა, რადგან მეცნიერი დიდი გულისყურით ეკიდება თითოეულ ფაქტს, რომლებიც ეყრდნობა შესაბამის წყაროებს. ,,ავტორმა წარმატებით წარმოაჩინა საკვლევი საკითხის ისტორიული და რეგიონული ასპექტები, რაც ნაშრომს განსაკუთრებულ მეცნიერულ ღირებულებას ანიჭებს. კვლევა ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის არქივებში დაცულ მრავალრიცხოვან დოკუმენტს, გამოირჩევა მეცნიერული არგუმენტაციითა და ანალიზის სიღრმით. ნაშრომის შედეგები მნიშვნელოვნად ავსებს საქართველოში ისლამისა და მუსლიმების შესახებ არსებულ ცოდნას და ქმნის საფუძველს შემდგომი კვლევებისათვის. ნანი გელოვანის ნაშრომებით ნებისმიერი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტი იამაყებდა. ნანი გელოვანი ამასთან არის გამორჩეული ლექტორი, რომლის მთავარი ღირსება სტუდენტების შთაგონების, ცოდნის სიყვარულის გაღვივებისა და პროფესიონალიზმის უნიკალური ნაზავია. ბედნიერია ის სტუდენტი, ვისაც მასთან ჰქონია ურთიერთობა“, – აღნიშნა გიორგი ლობჟანიძემ პრეზენტაციაზე.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილ წიგნებზე ვრცლად ისაუბრა ავტორმა, პროფესორმა ნანი გელოვანმა: ,,ნაშრომში – ,,ისლამი და მუსლიმები საქართველოში (1918-1991): ისტორიული და რეგიონული კონტექსტი“ – პირველად ქართულ და უცხოურ ისტორიოგრაფიაში, კომპლექსურადაა შესწავლილი, განხილული და გაანალიზებული საქართველოში ისლამისა და მუსლიმების ისტორიის სხვადასხვა ასპექტი ისტორიულ და რეგიონულ კონტექსტში (1918-1991). კვლევა ეფუძნება მრავალრიცხოვან საარქივო დოკუმენტს (300-ზე მეტი), რომელთა დიდ ნაწილს პირველად გაეცნობა სამეცნიერო საზოგადოება. წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა ამიერკავკასიის, მათ შორის, საქართველოს მუსლიმთა ორგანიზაციულ სტრუქტურას, ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობისა (1918-1920) და ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს (1944-1991) ადგილსა და როლს საქართველოს მუსლიმთა რელიგიურ ცხოვრებაში; უმაღლესი ადმინისტრაციის (შეიხ-ულ-ისლამი და მუფთი) მუშაობის მეთოდების დახასიათებას; მუსლიმ სასულიერო წოდებას ცვალებად სოციალ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარემოში; საბჭოთა ხელისუფლებისა და ისლამის ურთიერთმიმართების ევოლუციას; სსრკ სახალხო კომისართა საბჭოსა და მინისტრთა საბჭოსთან არსებული ინსტიტუციური მოდელების – რელიგიური კულტების საქმეთა საბჭოსა (1944-1965) და რელიგიების საქმეთა საბჭოს (1965-1991) საქმიანობის გაანალიზებასა და მათი ეფექტურობის ხარისხის გამოვლენას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მუსლიმი მოსახლეობის რელიგიურ ცხოვრებაზე კონტროლის თვალსაზრისით; საბჭოთა კავშირის რელიგიურ პოლიტიკას მუსლიმებთან მიმართებაში საქართველოს მაგალითზე; თბილისისა (შიიტური და სუნიტური) და ბათუმის მეჩეთებისა და მუსლიმური საზოგადოების ისტორიის ცალკეული ასპექტების (მეჩეთების რეგისტრაცია, საქმიანობა, შემოსავლები, კულტის მსახურები და სხვ.) განხილვა-გაანალიზებასა და დაზუსტებას; ისლამურ ყოფით ტრადიციებს საქართველოში მუსლიმთა კომპაქტური განსახლების რეგიონების მიხედვით. წარმოდგენილი პრობლემური საკითხების სიღრმისეული კვლევის შედეგად სამეცნიერო მიმოქცევაში შემოდის უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური ორგანოების, სსრკ-ის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო მმართველობის ახალი, სამეცნიერო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი დოკუმენტები.

წიგნი – ,,ისლამური კულტურა და ცივილიზაცია“ – არის ისლამური კულტურისა და ცივილიზაციის ისტორიის კომპენდიუმი: მთარგმნელობითი საქმიანობა და მუსლიმთა ინტერესი ანტიკური კულტურული მემკვიდრეობისადმი; საზოგადოებრივი (გეოგრაფია, მედიცინა, მათემატიკა, ასტრონომია, ფიზიკა, ქიმია) და საღვთისმეტყველო მეცნიერებების (ყურანი და მასთან დაკავშირებული დისციპლინები, ჰადისმცოდნეობა, ფიკჰი…) ინტენსიური განვითარება; განსხვავებები ისლამურ და არაისლამურ მეცნიერებებს შორის; ისლამური მედიცინა; მეცნიერება, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება; კალიგრაფია და წიგნის მინიატიურა; ისლამური ხელოვნება და არქიტექტურა; ისლამური ქალაქი, როგორც კულტურის ცენტრი; ისლამური ისტორიოგრაფიის მიღწევები; ფართო გეოგრაფიული არეალი – ადრეული ისლამის ეპოქა, არაბთა სახალიფოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდი, მუსლიმური ესპანეთი, სეფიანთა ირანი და ოსმალეთის იმპერია; ისლამის სინთეზური, შემოქმედებითი და ერთგვარი შუამავლის როლი ძველ ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციასა და ევროპული აღორძინების ეპოქას შორის; ქართულ-აღმოსავლური ურთიერთობის ასპექტები. რეგიონის კულტურულ-ისტორიული სპეციფიკის გათვალისწინებით, ისლამური კულტურისა და ცივილიზაციის წარმოშობისა და განვითარების ისტორიაა განხილული და გაანალიზებული ნაშრომში „ისლამური კულტურა და ცივილიზაცია“. წიგნში ისლამური ცივილიზაცია აღწერილია როგორც კომპლექსური ფენომენი, რომელშიც პოლიტიკა, ღვთისმსახურება, მეცნიერება, ხელოვნება, არქიტექტურა, ეკონომიკა, წარმოადგენს რთულ მთლიანობას“.
ნანი გელოვანის სიტყვა პრეზენტაციაზე გამოირჩეოდა მაღალი აკადემიზმით, არგუმენტირებული მსჯელობითა და კვლევის შედეგების პროფესიული წარმოჩენით, რამაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურა. ღონისძიებას მოჰყვა აქტიური დისკუსია, რაც წარმოდგენილი ნაშრომების აქტუალობასა და სამეცნიერო ღირებულებაზე მიუთითებს.
