ნინა ზიგერი ტრირის უნივერსიტეტში საკუთარი პროფესიული ინტერესების შესაბამის რამდენიმე საინტერესო საგანს გადის

თარიღი: 2026-06-09 17:45:06

„გერმანია ჩემთვის უცხო ქვეყანა არ არის. იქ დავიბადე და გავიზარდე. თუმცა, სწორედ ამიტომ არის ეს გამოცდილება განსაკუთრებული: ქვეყანა ნაცნობია, მაგრამ უნივერსიტეტის გარემოში, სრულიად ახალ სოციალურ კონტექსტში, საკუთარ თავს მაინც სხვა პერსპექტივიდან შევხედე“, – ამბობს ნინა ზიგერი, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის – „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ – პირველი კურსის სტუდენტი. ნინა ამჟამად ,,ერასმუს +” გაცვლითი პროგრამით გერმანიაში, ტრირის უნივერსიტეტში სწავლობს, სადაც პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად ახალ აკადემიურ და პიროვნულ გამოცდილებას იძენს.

გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტთან” საუბარში სტუდენტმა აღნიშნა, რომ ტრირის უნივერსიტეტში საკუთარი პროფესიული ინტერესების შესაბამის რამდენიმე საინტერესო საგანს გადის. როგორც თავად განმარტავს, მაგალითად, კურსი „გეოპოლიტიკა და მსოფლიო ეკონომიკა“ მას გლობალური ეკონომიკური პროცესებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ურთიერთკავშირის გაგებაში ეხმარება, რაც დიპლომატიაში ფუნდამენტური საკითხია; ხოლო „ევროპის სამართლებრივი ისტორია“ აძლევს იმ ინსტიტუციური ჩარჩოს საფუძვლიან ცოდნას, რომელშიც დღევანდელი ევროპული პოლიტიკა ფუნქციონირებს და რომლის გაზიარებაც საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე აუცილებელია.

საერთაშორისო პოლიტიკის პარალელურად, თავისუფალი კრედიტების ფარგლებში, ნინა ზიგერმა გერმანისტიკის უმაღლესი კურსების გავლაც გადაწყვიტა, რათა მშობლიურ ენას უფრო პროფესიულ, მაღალკვალიფიციურ დონეზე დაუფლებოდა. აღსანიშნავია, რომ გერმანული ენის სწავლება მისი ყოველდღიურობის ნაწილია – მას თბილისის ერთ-ერთ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება უკვე აქვს. ენისა და ფილოსოფიისადმი ეს ინტერესი ნინასთვის ოჯახურ მემკვიდრეობასაც უკავშირდება. მისი ბაბუა – ავთანდილ პოპიაშვილი – გერმანული ფილოსოფიის ისტორიის ცნობილი მკვლევარი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და თსუ-ს პროფესორი იყო, რომელიც კანტის, ნიცშეს, ფიხტესა და კირკეგორის შრომებს შეისწავლიდა. ,,იგი იყო დიდი პატრიოტი და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი. ბაბუას მხოლოდ ოჯახის წევრების მოგონებებიდან ვიცნობ, თუმცა მისი შვილიშვილობა განსაკუთრებით მეამაყება”, – გვითხრა ნინამ.

ორი უნივერსიტეტის შედარებისას სტუდენტი ამბობს, რომ თსუ მდიდარი აკადემიური ტრადიციით გამოირჩევა, სადაც საქართველოს გეოპოლიტიკური კონტექსტი საერთაშორისო პოლიტიკის სწავლებას განსაკუთრებულ სიღრმესა და აქტუალობას მატებს, ხოლო, ტრირის უნივერსიტეტი სტუდენტებს მწვანე კამპუსით, თანამედროვე დარბაზებით, მრავალფეროვანი სტუდენტური კლუბებითა და მყუდრო ბიბლიოთეკით კომფორტულ სასწავლო გარემოს უქმნის. „სწავლების პროცესი არსებითად მსგავსია, თუმცა ტრირში საშინაო დავალებებისა და დამოუკიდებელი მუშაობის მოცულობა შედარებით მეტია. კურსების ფარგლებში ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებს ვეხებით, რომლებსაც ადრე ასე სიღრმისეულად არ შევხებივარ, რაც ჩემს თვალსაწიერს აფართოებს“, – ამბობს ნინა ზიგერი.

ჩვენს რესპონდენტს გაცვლითი პროგრამის პერიოდში მოგზაურობის გამოცდილებაზე ვკითხეთ. როგორც გვიამბო, სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობა მოინახულა და პლენარულ სხდომას დაესწრო – ,,იმ სივრცის ნახვა, სადაც ევროპის მომავალზე გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩემთვის, როგორც მომავალი დიპლომატისთვის, განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა“, – აღნიშნავს ნინა. საკუთარ დაბადების დღეზე პარიზს ეწვია, ხოლო ტრირის უნივერსიტეტის საერთაშორისო ცენტრის პროგრამით საფრანგეთის მყუდრო ქალაქ მეცსაც ესტუმრა. 

,,ამ მოგზაურობებს კიდევ უფრო ფასეულს ჩემი აქ შეძენილი მეგობრები ხდიან.  ჩვენ, პრაქტიკულად, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ – ერთად ვმოგზაურობთ, ერთად ვიკვლევთ ახალ ადგილებს და ერთად ვქმნით სამომავლო გეგმებს. ამსტერდამი და ლუქსემბურგიც სწორედ მათთან ერთად ვნახე – ამსტერდამი თავისი არხებით, ველოსიპედებით და კოსმოპოლიტური ატმოსფეროთი, ლუქსემბურგი კი – პატარა, მაგრამ გასაოცრად ლამაზი, მწვანე, დახვეწილი არქიტექტურითა და დიდი ისტორიითაა დატვირთული. მომავალში ბრიუსელსა და ლონდონში ჩასვლა მაქვს გეგმაში“, – გვიყვება ნინა.

მისთვის გაცვლითი პროგრამის პერიოდში ყველაზე დიდი დრო მაინც სახელმძღვანელოებზე დამოუკიდებლად მუშაობას მიაქვს. ხელმისაწვდომია ნებისმიერი საარქივო თუ თანამედროვე მასალა და სტუდენტებს თავად უწევთ წიგნების შერჩევა. მისი თქმით, ეს გამოცდილება, პირველ რიგში, კომფორტის ზონიდან გამოსვლის ძალას აჩვენებს და ახალ გარემოსთან, ადამიანებთან და ენებთან ადაპტაციის უნარებს უვითარებს. უცხოელ ლექტორებთან ურთიერთობა, სადაც ყურადღება დამოუკიდებელ აზროვნებასა და კრიტიკულ ანალიზზე მახვილდება, მას სამომავლო გეზის დაკონკრეტებაში ეხმარება. „მადლობელი ვარ ჩემი მშობლიური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩემი ლექტორების, რომლებმაც მომცეს საშუალება – განათლების თანამედროვე საფეხურები უფრო შინაარსიანად განვვლო და გავხდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი“, – აღნიშნავს ნინა ზიგერი.

Facebook
Twitter
LinkedIn