ვინ წარადგინა თსუ-დან მოხსენებები სტამბოლში გამართულ კონფერენციაზე – „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“

თარიღი: 2026-06-05 15:03:23

ახლახანს სტამბოლში (თურქეთი) გაიმართა IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია  – „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“. კონფერენციის  მაღალ აკადემიურ სტატუსსა და მასშტაბურობას განაპირობებდა მის ორგანიზებაში მონაწილე წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტიტუციები: საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „მეცნიერება და ინოვაცია“; თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი და მისი რეცენზირებადი გამოცემა ,,TJRC Academic Review“; კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს მეგობრობათა საზოგადოება; ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება;  ეკონომიკის კვლევის და განვითარების ინსტიტუტი საქართველოდან,    თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.   აღსანიშნავია, რომ კონფერენციას უმასპინძლა მსოფლიო საპატრიარქოს კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) ედირნეკაპის წმ. გიორგის ქართულმა სამრევლო კომპლექსმა, რამაც სამეცნიერო დისკუსიებს განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული კონტექსტი შესძინა.  

გლობალურ სამეცნიერო სივრცეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და ავტორიტეტი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმზე, სადაც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა უმნიშვნელოვანესი ემპირიული და თეორიული კვლევის შედეგები გაუზიარა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებას. კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები როგორც საქართველოდან, ისე თურქეთიდან, პოლონეთიდან, უზბეკეთიდან, ლიტვიდან, კამბოჯიდან, მიანმარიდან და სხვა ქვეყნებიდან, ინტერდისციპლინური და გლობალური თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად იქცა. ამ მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის მთავარ მოვლენად იქცა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის ეთერ ხარაიშვილის გამოსვლა, რომელიც საზოგადოების წინაშე წარსდგა უაღრესად აქტუალური და ინოვაციური მოხსენებით – ეკონომიკური კვლევა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციური მიდგომები მეთოდოლოგიურ გარდაქმნებში. მოხსენება ეძღვნებოდა თანამედროვე ეკონომიკურ კვლევებში მეთოდოლოგიის ტრანსფორმაციის პროცესს ხელოვნური ინტელექტის პირობებში და წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სამეცნიერო საკითხს. კვლევის მთავარი იდეა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური პროცესების დინამიკური და მრავალფაქტორული ხასიათი, მონაცემთა მოცულობის ექსპონენციური ზრდა და არაწრფივი კავშირების მრავალფეროვნება ტრადიციული ეკონომეტრიკული მეთოდების შესაძლებლობებს, გარკვეულწილად,  ზღუდავს, რის გამოც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები ეკონომიკური კვლევის ახალ პარადიგმად ყალიბდება. კვლევის განსაკუთრებული სამეცნიერო სიახლე მდგომარეობდა იმაში, რომ ავტორმა ერთიან მეთოდოლოგიურ ჩარჩოში წარმოადგინა ტრადიციული სტატისტიკურ-ეკონომეტრიკული მიდგომები და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტები. ემპირიული ანალიზის ფარგლებში მომხსენებელმა წარადგინა საქართველოში ხორბლის წარმოების პროგნოზირების სამი განსხვავებული მეთოდი:   ტრადიციული მეთოდი (CAGR), ექსპონენციური ზრდისა და ხელოვნური ინტელექტის LSTM ნეირონული ქსელის მოდელები.

პროფესორმა ეთერ ხარაიშვილმა კვლევის შედეგებით მკაფიოდ ჩამოაყალიბა ეკონომიკური კვლევის ახალი პარადიგმა, სადაც კლასიკური ეკონომიკური თეორია შერწყმული იყო  მონაცემებზე ორიენტირებულ ინტელექტუალურ მოდელებთან. მომხსენებელმა  დაამტკიცა, რომ ჰიბრიდული მიდგომების გამოყენება (სტატისტიკურ-ეკონომეტრიკული და ხელოვნური ინტელექტის ღრმა ნეირონული ქსელების სინთეზი) წარმოადგენს ოპტიმალურ პირობას პროგნოზირების სიზუსტისა და ეკონომიკური ინტერპრეტაციის ბალანსისათვის.  მოხსენებაში პრაქტიკული თვალსაზრისით წარმოდგენილი იყო  ზუსტი პროგნოზული მოდელები, რაც  კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის პოლიტიკის დაგეგმვის, ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების შემცირების, შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისა და ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმირებისათვის. პროფესორ ეთერ ხარაიშვილის მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების უდიდესი ინტერესი და მაღალი შეფასება დაიმსახურა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თსუ-ს ეკონომიკური სკოლის მოწინავე პოზიციები გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.

კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევრები. წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავდა ხელოვნური ინტელექტის, ეკონომიკური პოლიტიკის, კორპორაციული მართვის, საგადასახადო სისტემის, სიღარიბის, აგრობიზნესის, მარკეტინგის, სოციალური პასუხისმგებლობის, ციფრული ეკონომიკის, ტურიზმის, მწვანე ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების აქტუალურ საკითხებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბაბულია მღებრიშვილისა და მაია სეთურის მოხსენებებმა გამორჩეული აქტუალური და ღირებული სამეცნიერო მიგნებებით.  კონფერენციაზე, ასევე, წარადგინეს ნაშრომები  მანანა ლობჟანიძემ, გულნაზ ერქომაიშვილმა, ია ნაცვლიშვილმა, თეა მუნჯიშვილმა, მარინე კობალავამ, ნინო დამენიამ, მაია გიორგობიანმა, ხათუნა ბარბაქაძემ, ნატო კაკაშვილმა, რამაზ ფუტკარაძემ, შოთა შაბურიშვილმა, მარიამ ვარდიაშვილმა, ნათია კახნიაშვილმა, თამარ ლაზარიაშვილმა, ლელა ადუაშვილმა, მარიამ სეთურმა, ზვიად სიგუამ და რუსუდან მაისურაძემ. კვლევები გამოირჩეოდა მაღალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობით, რამაც ხელი  შეუწყო კონფერენციის ფარგლებში სამეცნიერო დისკუსიის სიღრმისეულად და თემატური მრავალფეროვნების მიხედვით წარმართვას. 

კონფერენციის ფარგლებში გამართული აკადემიური დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები და არაფორმალური პროფესიული კომუნიკაცია მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა ახალი საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და არსებული თანამშრომლობის გაფართოებისათვის. კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა გამოხატეს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების, საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებისა და აკადემიური მობილობის გაძლიერების მიმართულებით  თანაშრომლობის მზადყოფნა. მათ განსაკუთრებით აქტუალურ საკითხად მიიჩნიეს სამომავლოდ ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ეკონომიკის, მდგრადი განვითარების, ინოვაციური მენეჯმენტის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელება.

კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მომდევნო ღონისძიებები დაგეგმილია ერევანსა და ბერლინში, რაც მონაწილე მკვლევრებს ახალი აკადემიური დიალოგისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეუქმნის.

Facebook
Twitter
LinkedIn