თეკლა ხაჩიძეს ირლანდიაში სწავლამ ახალი პროფესიული პერსპექტივები გაუხსნა

თარიღი: 2026-06-05 14:36:41

საერთაშორისო განათლების მიღება ბევრი სტუდენტისთვის ოცნებაა, თუმცა ამ ოცნების რეალობად ქცევა ხშირად რთულ და მრავალსაფეხურიან გზასთან არის დაკავშირებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის თეკლა ხაჩიძის ისტორია სწორედ იმ ახალგაზრდების მაგალითია, რომლებიც მიზნის მისაღწევად გამოწვევებს არ უშინდებიან და საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს მუდმივად აფართოებენ.

თეკლა ხაჩიძე სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. საერთაშორისო განათლების მიღება მისთვის ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჩამოყალიბებული მიზანი იყო. ევროპულ უნივერსიტეტებთან არსებული მჭიდრო კავშირები და მაღალი აკადემიური სტანდარტები ის მნიშვნელოვანი ფაქტორები აღმოჩნდა, რომლებმაც არჩევანი თსუ-ზე შეაჩერებინა.

მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი პროგრამით სარგებლობა ყოველთვის სურდა, ბაკალავრიატის პირველი სამი წელი სხვა მიმართულებით ვითარდებოდა. თეკლა აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა მოკლევადიან საგანმანათლებლო და მოხალისეობრივ პროგრამებში, თუმცა ერთსემესტრიანი საერთაშორისო მობილობა მისთვის ჯერ კიდევ შორეულ და რთულად მისაღწევ მიზნად რჩებოდა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მაღალი კონკურენცია იყო. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა დიდი ნაწილი აკმაყოფილებს საერთაშორისო პროგრამების აკადემიურ და ენობრივ მოთხოვნებს, რაც კონკურსს განსაკუთრებით ძლიერს ხდის. თუმცა, თეკლას აზრით, კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემას დეზინფორმაცია წარმოადგენს. მისი დაკვირვებით, ბევრი სტუდენტი ფიქრობს, რომ საერთაშორისო პროგრამებში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ერთი „იდეალური“ პროფილი არსებობს, ისინი კი ამ სტანდარტს სრულად ვერ აკმაყოფილებენ და ამიტომ განაცხადის გაკეთებასაც ვერ ბედავენ. თეკლას ისტორია სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხვრევაა. თეკლა ხაჩიძე ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

გაცვლითი პროგრამა მისთვის მხოლოდ აკადემიური გამოცდილება არ აღმოჩნდა. ირლანდიაში გატარებულმა ერთმა სემესტრმა მნიშვნელოვნად შეცვალა მისი წარმოდგენები დამოუკიდებლობაზე, პასუხისმგებლობასა და საერთაშორისო გარემოში ინტეგრაციაზე. უცხო ქვეყანაში ცხოვრება, ყოველდღიური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, განსხვავებული კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა და სრულიად ახალი სოციალური გარემოს ნაწილად გახდომა იმ გამოცდილებად იქცა, რომელიც აუდიტორიის მიღმა შეიძლება შეიძინო.

განსაკუთრებული ადგილი მის მოგონებებში სტუდენტურ ცხოვრებას უკავია. ლიმერიკის უნივერსიტეტის კამპუსური გარემო, მრავალფეროვანი აქტივობები და საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მისთვის დიდი ხნის ოცნების ახდენა იყო: ,,ლიმერიკის უნივერსიტეტმა შემახვედრა იმ ადამიანებს, რომლებიც, რადიკალურად განსხვავებული წარმომავლობის, კულტურის, რელიგიისა თუ შეხედულებების მიუხედავად, ახლა ჩემი ახლო მეგობრები არიან“, –  გვიამბო მან.

თეკლა ხაზს უსვამს იმ პასუხისმგებლობასაც, რომელიც გაცვლითი პროგრამის მონაწილეს ეკისრება. მისი აზრით, სტუდენტი უცხოეთში მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენს, ის საკუთარი უნივერსიტეტისა და ქვეყნის სახეც ხდება. ამიტომ, ქართველ მონაწილეებთან ერთად, აქტიურად ცდილობდა უცხოელი თანაკურსელებისთვის საქართველოს კულტურისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცნობას. ეს მისთვის საერთაშორისო გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

აკადემიური თვალსაზრისით, ირლანდიაში სწავლამ ახალი პროფესიული პერსპექტივებიც გაუხსნა. რადგან ირლანდია პრეცედენტული სამართლის ქვეყანაა, სამართლის სწავლების მეთოდები, გარკვეულწილად, განსხვავდებოდა იმ მოდელისგან, რომელსაც თსუ-ში ეცნობოდა. მიუხედავად ამისა, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული ფუნდამენტური ცოდნა დაეხმარა ახალ სისტემასთან სწრაფად ადაპტირებაში. ლიმერიკის უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა კვლევას, ინტერპრეტაციასა და სამართლებრივი საკითხების შედარებით ანალიზს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება აღმოჩნდა. თეკლას შეფასებით, თსუ-მ მას მხოლოდ იურიდიული განათლება არ მისცა. უნივერსიტეტმა მოამზადა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხვდება ადამიანს. სწორედ აქ ისწავლა დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობის აღება, დროის მართვა და რთული გადაწყვეტილებების მიღება. მისი თქმით, გაცვლითი პროგრამის პერიოდში წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ იმ გამოცდილებამ შეასრულა, რომელიც თსუ-ში სწავლის განმავლობაში დააგროვა. „აქვე აუცილებლად აღსანიშნავია თსუ-ს აკადემიური პერსონალის სურვილი – მოამზადოს სტუდენტი იმ დაბრკოლებებთან გასამკლავებლად, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გარდაუვალია“, – ამბობს იგი.

დღეს თეკლა ხაჩიძე საკუთარ წარმატებას მხოლოდ პირად მიღწევად არ განიხილავს. მისი საქმიანობისა და განვითარების მთავარი მიზანი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით ისეთი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში მონაწილეობის მიღებაა, რომელშიც საერთაშორისო განათლება ახალგაზრდებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება. სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ ნებისმიერი მიღწევა მხოლოდ მაშინ იძენს ნამდვილ მნიშვნელობას, როდესაც ის სხვებისთვისაც შთაგონების წყაროდ იქცევა: „საბოლოო რჩევა, რომელსაც ახალგაზრდებს მივცემდი, შემდეგია: გადადგან სპონტანური ნაბიჯები საკუთარი მომავლისთვის, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები და არასოდეს თქვან უარი იმ შანსის გამოყენებაზე, რომელიც მათ ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის“, – ამბობს თეკლა ხაჩიძე.

Facebook
Twitter
LinkedIn