სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „ენა და კულტურული იდენტობა – II“
28 მაისს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტის ეგიდით (თსუ-ს ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით) სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „ენა და კულტურული იდენტობა – II“ გაიმართა.
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მაია ლომიას ინფორმაციით, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურული იდენტობა“ წელს მეორედ ჩატარდა. ის შარშან დაფუძნდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ქართული ენის ს/ს ინსტიტუტის პროფესორის, ქალბატონ დარეჯან თვალთვაძის იდეითა და ინიციატივით. „აღნიშნული ღონისძიება განკუთვნილია სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის. კონფერენციის თემატიკა იძლევა საშუალებას – მასში სხვადასხვა მიმართულებისა და პროგრამის სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა, ამიტომ მას ინტერდისციპლინური ხასიათი აქვს. წელსაც საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა. ამგვარი აქტივობა სტუდენტებს აძლევს საშუალებას – იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, შეეჩვიონ მეცნიერულ მსჯელობას, კამათს, თვალსაზრისების შეჯერებას“, – აღნიშნა მაია ლომიამ. მისივე ინფორმაციით, კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტს ჩაფიქრებული აქვს მომავალ წელს კიდევ უფრო გაზარდოს ღონისძიების მასშტაბი და მოიწვიოს სტუდენტები სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის, უცხოეთიდანაც.

სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა საინტერესო და მრავალფეროვანი იყო: თავიანთი მოხსენებები წარმოადგინეს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა: საბა ცაავამ (ქართველური ენათმეცნიერება „არ“ ნაწილაკის ფუნქცია „ვინც / რაც / სადაც… (არ) უნდა იყოს“ ტიპის კონსტრუქციებში“; ლელა მამულაძემ (ქართველური ენათმეცნიერება. ენობრივი შეცდომები საბუნებისმეტყველო საგნების საბაზო საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოებში“); ნინო ღვედაშვილმა (ქართველური ენათმეცნიერება. სომატონიმები მევენახეობის ლექსიკაში); მარიტა აშორტიამ (ქართველური ენათმეცნიერება. სოფელ ხუნწის (მარტვილის მუნიციპალიტეტი) პარალელურ მიკროტოპონიმთა ენობრივი ანალიზი); ხატია კიკალეიშვილმა (ქართული ფილოლოგია. ლექსემა „დედის“ მონაწილეობით შექმნილ შესიტყვებათა სტრუქტურული ანალიზი გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ მიხედვით); რუსუდან სულუაშვილმა და ლიზა ქავთარაძემ (ქართული ფილოლოგია. ქართული ფულის სახელწოდების აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები (კ.დანელიას საგაზეთო სტატიის მიხედვით).
კონფერენციის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ პროფესორ კოტე ლერნერის წიგნი „ქართველურ ტომთა უძველესი ისტორია სიტყვებში“ და სერტიფიკატები.
