ვისთან ერთად გეგმავს თსუ მიხაკო წერეთლის ,,გილგამეშიანის” ახლად აღმოჩენილი ხელნაწერის აკადემიური ვერსიის გამოცემას

თარიღი: 2026-05-14 18:04:08

სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის არქივში „გილგამეშის ეპოსის“ მიხაკო წერეთლისეული თარგმანის – ,,გილგამეშიანის” – აქამდე უცნობ ხელნაწერს მიაკვლიეს. კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი პირველი ლიტერატურული ძეგლის ქართული თარგმანის ამ ხელნაწერის მოძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) პროფესორის ელზა ფუტკარაძის სამწლიანი საარქივო კვლევის შედეგად გახდა შესაძლებელი. ახლად აღმოჩენილი დოკუმენტი 11 მაისს ბსუ-ში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა წარადგინეს.

თსუ-ს ასირიოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორის ნინო სამსონიას განმარტებით, ის გზა, რაც მიხაკო წერეთელის თარგმანმა გაიარა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 1924 წელს კონსტანტინეპოლში დაბეჭდილი ,,გილგამეშიანი” საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო და, წიგნის ხელახალი გამოცემის სახით, საქართველოს მხოლოდ 2010 წელს დაუბრუნდა (თსუ-ს და კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომლობით). საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ფარულად სარგებლობდნენ მეცნიერები ქსეროასლებით. 2007 წელს კი ხელმისაწვდომი გახდა პროფესორ გიორგი თარხან-მოურავის მიერ ბუკინისტური წიგნების მაღაზიაში აღმოჩენილი ერთი ეგზემპლარი, რომელიც მან ნინო სამსონიას გადასცა. „2010 წელს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის მხარდაჭერით, კემბრიჯის უნივერსიტეტში გამართულ მსოფლიო კონგრესზე წარვადგინე მიხაკო წერეთლის ნაშრომი. სწორედ იქ კიდევ ერთხელ ამცნეს მსოფლიოს, რომ ქართული არის ერთ-ერთი პირველი ენა, რომელზეც ბაბილონური ეპოსი ითარგმნა ორიგინალიდან და მას პიონერული თარგმანი უწოდეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ამავე წელს თსუ-მ 1924 წლის გამოცემის რეპრინტი დასტამბა“, – იხსენებს პროფესორი ნინო სამსონია.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა მიხაკო წერეთლის ,,გილგამეშიანის” ხელახლა გამოცემული ვერსია, მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა უშუალოდ ავტორისეული ხელნაწერის მოძიება, რათა თარგმნის ურთულესი პროცესი შეესწავლათ. მიხაკო წერეთელმა ეპოსი პირდაპირ დედნიდან – ლურსმული ფირფიტებიდან თარგმნა.

„დედნიდან თარგმნა დღესაც კი ურთულესი საქმეა. ეს გულისხმობს სხვადასხვა განათების ქვეშ ლურსმული ნიშნის დადგენას, ტექსტის რეკონსტრუქციას და შემდეგ ტრანსლიტერაციას. მიხაკო წერეთელს თარგმანი აქვს შესრულებული ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ფირფიტებზე დაყრდნობით. ის თარგმნის ასურული ვერსიიდან, თუმცა პარალელურად იყენებს მე-18 საუკუნის ძველბაბილონურ ვერსიას, ასევე, ბოღაზქოის აქადურ ვერსიას. მან ბრწყინვალედ იცოდა ყველა ლურსმული დამწერლობა, ასევე ფლობდა ძველბერძნულსა და ძველ ქართულ ენას. იმდენად ზუსტად ზის ყველა ქართული სიტყვა იმ სემანტიკაზე, რასაც ლურსმული ტექსტი ატარებს, რომ ეს დღესაც აღფრთოვანებას იწვევს“, – აცხადებს ნინო სამსონია.

სწორედ ამ ენობრივ-კულტურულ ადაპტაციას უკავშირდება სათაური „გილგამეშიანიც“. ნინო სამსონიას განმარტებით, მიხაკო წერეთელმა ეს ფორმა მიზანმიმართულად შეარჩია, რადგან აქადურ ენაში სიტყვა „ეპოსი“ არ არსებობდა. აშურბანიპალის ბიბლიოთეკის კატალოგში ნაწარმოებს ძველი შუმერული სიტყვით „ეშგარ“ ეწოდებოდა, რაც ითარგმნება როგორც „საქმენი გილგამეშისანი“. ქართული საგმირო ეპოსების („თამარიანი“, „დავითიანი“, „ვისრამიანი“) ანალოგიით, მიხაკო წერეთელმა ტექსტს „გილგამეშიანი“ უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა ნაწარმოების ეპიკურ ჟანრსა და მრავალათასწლოვან ტრადიციას.

რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ ხელნაწერს, მკვლევართა შეფასებით აქ შესამჩნევია გარკვეული განსხვავებები 1924 წელს გამოცემულ საბოლოო თარგმანთან შედარებით. პირველადი ხელნაწერი სავსეა ჩანართებით და წარმოადგენს რთულ სამუშაო ვერსიას.

„ხელნაწერის შესწავლისას ვნახეთ, რომ მასში არის რამდენიმე კომენტარი და შენიშვნა, რომელიც 1924 წლის გამოცემაში არ შესულა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა მიხაკო წერეთლის მიერ ძველბერძნულიდან ნათარგმნი ჰომეროსის „ოდისეას“ პროლოგი, სადაც იგი სიტყვასიტყვით ადარებს მას „გილგამეშიანის“ პროლოგს. თუმცა, მისი სხვა კვლევები, მაგალითად, „ვეფხისტყაოსანთან“ მიმართებით, 1924 წლის გამოცემაშიცაა შეტანილი. უნდა აღინიშნოს, რომ ხელნაწერის სირთულის მიუხედავად, სტამბოლის გამოცემა, ფაქტობრივად, უშეცდომოა, რაც იმდროინდელი გამომცემლების, განსაკუთრებით კი მამა შალვა ვარდიძის დიდ ძალისხმევაზე მეტყველებს“, – აღნიშნავს ნინო სამსონია.

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს, ემიგრაციაში წასულმა მიხაკო წერეთელმა, სავარაუდოდ, დასრულებული ხელნაწერი კონსტანტინეპოლში 1924 წელს ჩაიტანა. საგულისხმოა, რომ კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანე ისტორიულად უცხოეთში ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმის უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა – აქ ემიგრაციაში მყოფი ქართველი მოღვაწეები საკუთარ ინტელექტუალურ საქმიანობას აგრძელებდნენ და ეროვნულ საუნჯეს იცავდნენ. თავისი ხელნაწერის ბოლოს, მინაწერში, მიხაკო წერეთელიც მადლობას უხდის მამა შალვა ვარდიძეს, პიო ბალიძესა და ალექსანდრე გახოკიძეს, რომლებსაც მან საკუთარი ფუნდამენტური ნაშრომი მიანდო.

ახლად აღმოჩენილი მასალის ისტორიული და აკადემიური მნიშვნელობიდან გამომდინარე, თსუ, ბსუ-სთან და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორ მარტინ უორთინგტონთან თანამშრომლობით, ხელნაწერის ახალი აკადემიური ვერსიის გამოცემას გეგმავს. ახალ რედაქციაში 12-ვე დაფასთან ერთად სრულად აისახება ის დამატებითი კომენტარები და შედარებითი ანალიზი, რომელიც ავტორისეულ ორიგინალშია დაცული.

ცნობისთვის: ,,გილგამეშის ეპოსი“ კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი პირველი ლიტერატურული ძეგლია. „გილგამეშის ეპოსი“, იგივე „გილგამეშიანი“ (ქართულ ენაზე) აქადური ენის ბაბილონურ დიალექტზე შეიქმნა და თარიღდება ძვ. წ. მესამე ათასწლეულით.  ეპოსის ტექსტი ეფუძნება შუმერულ თქმულებებს ქ. ურუქის მეფე გილგამეშზე, მოგვიანებით კი, ძვ. წ. VII საუკუნეში, ასურეთის მეფის – აშურბანიპალის – ბიბლიოთეკაში აქადური ენის ასურულ დიალექტზე გადაიწერა. აშურბანიპალის ასურულ ვერსიას დღეს სტანდარტულ ვერსიას ვუწოდებთ. ეპოსი 12 დაფას შეიცავს, თუმცა ეპოსის ორგანულ ნაწილს 11 დაფა წარმოადგენს.

Facebook
Twitter
LinkedIn