ახალი კვლევები ივანე ჯავახიშვილზე (და არა მარტო) საერთაშორისო კონფერენციისას განხილვა-დისკუსიის საგნად იქცა
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 300-მდე ქართველ მეცნიერთან ერთად 15 ქვეყნის 20-მდე უცხოელი მკვლევარი მონაწილეობდასაიუბილეო კვირეულის ფარგლებში 23-24 აპრილს გამართულ ორდღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ივანე ჯავახიშვილი – 150“, რომლის ორგანიზატორიც თსუ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია იყო.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰიროტაკე მაედამ (Hirotake Maeda) ისაუბრა თემაზე: „აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება შედარებითი ისტორიოგრაფიის პერსპექტივიდან: აღმოსავლეთი და დასავლეთი“. მოხსენებაში მან განიხილა ივანე ჯავახიშვილის (1876-1940), როგორც ისტორიკოსის, სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მახასიათებლები იმდროინდელი მსოფლიო ისტორიოგრაფიული ტენდენციების კონტექსტში. ნაშრომში გაანალიზებულია ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადრეული ეტაპი, რაც ნათლად წარმოაჩენს იმ პერიოდის საქართველოში არსებულ სამეცნიერო გარემოს. მასში აღნიშნულია, რომ „XIX საუკუნის მეორე ნახევარში იაპონიაშიც დაინერგა თანამედროვე ისტორიოგრაფია გერმანული მოდელის გავლენით. პირველი თაობის იაპონელი ისტორიკოსების გამოცდილების პარალელურად განხილვა საშუალებას გვაძლევს – გამოვკვეთოთ ორი ქვეყნის ისტორიული მეცნიერების განვითარების მსგავსება და განსხვავება“.
ჰიროტაკე მაედას მოხსენების შემდგომ ნაწილში ყურადღება გამახვილდა ჯავახიშვილის მოღვაწეობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდგომ პერიოდში. ავტორმა გააკეთა შედარებითი ანალიზი იმდროინდელ ქართულ და იაპონურ აკადემიურ წრეებსა და წამყვან ისტორიკოსებს შორის. კვლევის სავარაუდო დასკვნით, „დასავლური მეცნიერების ათვისების პროცესში ორივე ქვეყანამ შეიძინა „აღმოსავლეთის“ ისტორიისადმი მეცნიერული მზერა, თუმცა, ამავდროულად, შეინარჩუნა „აღმოსავლეთის“ ნაწილად ყოფნის თვითმყოფადობა (განსაკუთრებით იაპონიაში). ორივე შემთხვევაში, ისტორიოგრაფიამ ხელი შეუწყო მოდერნიზაციასა და ნაციონალიზმის ჩამოყალიბებას დასავლური რაციონალური სულისკვეთების საფუძველზე, თუმცა, იაპონიაში ზოგიერთი მეცნიერი ცდილობდა „აღმოსავლური“ იდენტობის გააზრებით გადაელახა დასავლური აკადემიური ჩარჩოები. ამ მხრივ იკვეთება განსხვავება საქართველოსთან, სადაც, ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდის გარდა, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის პირობებში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული იყო. „შედარებითი ისტორიის პერსპექტივიდან ორი ქვეყნის ისტორიოგრაფიული განვითარების ანალიზი უაღრესად საინტერესოა. ამ კონტექსტში, ივანე ჯავახიშვილის, როგორც ემპირისტული ისტორიოგრაფიის ერთგული მეცნიერის, მოღვაწეობისა და მისი ეპოქის შესწავლა მნიშვნელოვან აკადემიურ მცდელობას წარმოადგენს“, – ითქვა ჰიროტაკე მაედას მოხსენებაში.
* * *
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა მრავალფეროვან სამკვლევრო არეალს და ყოველ მათგანს გასდევდა ერთიანი კონცეფცია – მეცნიერება, რომელსაც საქართველოში ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა საფუძველი და რაც, თანამედროვე ქართველ მკვლევართა ძალისხმევით, არ ჩამოუვარდება მსოფლიო სამეცნიერო დონეს.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა შორის ჩვენ შევარჩიეთ ის მოხსენებები, რომლებიც უშუალოდ ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობის გაგრძელებაა და გარკვეულ სიახლეს მოიცავს. შერჩეულ მოხსენებათა ძირითადი ნაწილი შეეხება ჰუმანიტარულ, სამართლის, განათლების, მედიცინის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს.
ივანე ჯავახიშვილი, როგორც პოლიტიკოსი
ბონდო კუპატაძის (თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) ნაშრომი განიხილავს ჯავახიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებსა და საქმიანობას. იგი წარმოდგენილია როგორც აქტიური მოქალაქე, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვასა და სახელმწიფოებრივ პროცესებში მონაწილეობას მნიშვნელოვანად მიიჩნევდა.
ნაშრომში მითითებულია: ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის ფონზე მისი პოლიტიკური შეხედულებები და საქმიანობა მისი ბიოგრაფიის შედარებით შეუსწავლელი ეპიზოდებია. ივანე ჯავახიშვილის პუბლიკაციები იძლევა გარკვეული დასკვნების საშუალებას. 1904 წელს გამოცემულ წიგნში – „მამულიშვილობა და მეცნიერება“ – ის ავითარებს თვალსაზრისს, რომ მეცნიერი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე და იბრძოდეს დემოკრატიული ცვლილებებისთვის.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ივანე ჯავახიშვილი ხელისუფლების აქტიური დამხმარე და კონსულტანტია ისტორიული გეოგრაფიის, კარტოგრაფიის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხების განხილვისას. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ 1917-1921 წლებში ივანე ჯავახიშვილი, რომლის ძირითადი საისტორიო ინტერესი მედიევისტიკა იყო, ინტენსიურად აქვეყნებს ნაშრომებს საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო საკითხებზე. ივანე ჯახიშვილი უწევს კონსულტაციებს პარიზის საზავო კონფერენციაზე მიმავალ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციას და ამარაგებს მათ საჭირო მასალით. ის აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების (ეროვნული საბჭო, დამფუძნებელი კრება) განათლების, სახელოვნებო კომისიებთან.
ივანე ჯავახიშვილი პოლიტიკური მრწამსით ყველაზე ახლოს იყო ეროვნულ-დემოკრატებთან, თუმცა არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. მხოლოდ ერთხელ, 1919 წელს, თავის მეგობრებთან ერთად (ზურაბ ავალიშვილი, კოტე აფხაზი, კოტე მაყაშვილი..) ის აყალიბებს საარჩევნო გაერთიანებას – „დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირს“, რომელიც საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობს მე-2 ნომრად.
ივანე ჯავახიშვილი აქტიურად იყენებდა თავის კავშირებს ხელისუფლებასთან უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ. იგი იყო ემიგრაციაში ეროვნული განძის გატანის ინიციატორი. ბოლშევიკური ოკუპაციის დროს გამოკვეთილია მისი პოლიტიკური პოზიცია, როდესაც უნივერსიტეტში ქმნის დამხმარე შტაბს და სტუდენტებს მოუწოდებს იარაღით ხელში სამშობლოს დაცვისაკენ. შემდგომში მისი შევიწროება და სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისგან ჩამოცილების მიზეზი, „ბურჟუა მეცნიერად“ შერაცხვის გარდა, მისი პოლიტიკური შეხედულებებიც იყო. მას არასდროს გაუზიარებია საბჭოთა ხელისუფლების იდეოლოგია, თუმცა 12-წლიანი იზოლაციის შემდგომ, როდესაც მისი რეაბილიტაციის საკითხი დადგა, ივანე ჯავახიშვილი თავისი ერის ინტერესების გამო აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. 1938 წელს იგი ვაკის N 1 საარჩევნო ოლქიდან უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. მისი პოლიტიკური კრედო ნათლად ჩანს წინასაარჩევნო მიმართვაში, სადაც თავისი ცხოვრების მიზნად თავისი ქვეყნის და ხალხის სამსახურს მიიჩნევს.

უმაღლესი განათლებისადმი სწრაფვა მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველ მოსახლეობაში (ივანე ჯავახიშვილის პირადი არქივის მასალის მიხედვით)
მზია შელიას (თსუ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი) ნაშრომი იკვლევს XX საუკუნის დასაწყისში ქართველთა სწრაფვას უმაღლესი განათლებისადმი (ჯავახიშვილის არქივის მასალებზე დაყრდნობით). დგინდება, რომ იმ პერიოდის საქართველოში განათლებისადმი ძლიერი ინტერესი არსებობდა მიუხედავად ინფრასტრუქტურის ნაკლებობისა. ეს გახდა საფუძველი ეროვნული უნივერსიტეტის შექმნისთვის.
ნაშრომში აღნიშნულია, რომ ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში ინახება 1909-1913 წლებში რუსეთის იმპერიისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველ სტუდენტთა მიერ შევსებული კითხვარები, რომელიც მათ ყოფა-ცხოვრებასა და საგანმანათლებლო ინტერესებს ეხება.
,,ამ მასალის გაღრმავებულმა დამუშავებამ საშუალება მოგვეცა შეგვეფასებინა იმდროინდელი ქართული საზოგადოების მისწრაფება უმაღლესი განათლებისადმი. გამოვლინდა, რომ, იმ პერიოდში საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების არარსებობის მიუხედავად, მოსახლეობაში უმაღლესი განათლების მიღების სურვილი მძაფრი იყო და საქართველო იმდროინდელ მსოფლიო ლიდერ ქვეყნებს არ ჩამორჩებოდა ყოველ 10 000 კაცზე სტუდენტთა რიცხოვნობით. ეს მაშინ, როცა ქართველ ბავშვთა უმრავლესობას საშუალო ზოგადი განათლების მიღების პრობლემა ჰქონდა. რუსეთის იმპერიისა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში მიმობნეული ქართველი სტუდენტების პროფესიული სპექტრი მეტად ფართო იყო. ქართველ ახალგაზრდებში საუნივერსიტეტო განათლებისაკენ სწრაფვა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სპეციალური სასწავლებლებისაკენ. სტუდენტები ყველაზე მეტად სამედიცინო განათლებას ეუფლებოდნენ. თუმცა, იმდენად მრავალფეროვანი იყო მათი პროფესიული არჩევანი, რომ, საქართველოში უნივერსიტეტის გახსნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა პროფესურა ეროვნული კადრებით დაკომპლექტებულიყო, მით უმეტეს, რომ თითქმის ყოველი მეოთხე სტუდენტი სამეცნიერო წრეების საქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩართული. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა პეტერბურგელი სტუდენტობა, რამაც, საბოლოოდ, დიდი როლი ითამაშა 1918 წელს საქართველოს პირველი ქართული უნივერსიტეტის პროფესურით დაკომპლექტებაში. ქართველ ქალთა წილი ქართველ სტუდენტებში ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე მთელ რუსეთის იმპერიაში; ისინი, მაშინდელი შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, უფრო მეტად სპეციალიზდებოდნენ პედაგოგიური და სამედიცინო მიმართულებით. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ სამართლით, ინჟინერიით, ეკონომიკითა და აგრონომიით, რაც აჩვენებს მათ ფართო პროფესიულ ინტერესებს.
ივანე ჯავახიშვილი საქართველოში ემპირიული კვლევის ფუძემდებლია; ქართველ სტუდენტთა კვლევა კი, თავისი მეცნიერული მიდგომებით, პრობლემის ღრმა გააზრებით, სასწავლო მიგრაციის შესწავლის პირველი მცდელობაა საქართველოში და, სავარაუდოდ, მთელ მსოფლიოშიც“, – ვკითხულობთ მოხსენებაში.
საქართველოს ისტორიის 1943 წლის სახელმძღვანელო: შექმნისა და გამოცემის კონტექსტი
ზაზა ქარჩავას (თსუ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი) ნაშრომი იკვლევს 1943 წლის „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოს შექმნისა და გამოცემის პროცესს. გამოკვეთილია, რომ ტექსტი მკაცრი იდეოლოგიური კონტროლის პირობებში იქმნებოდა, თუმცა ავტორებმა ნაწილობრივ შეძლეს სამეცნიერო პოზიციების შენარჩუნება. სახელმძღვანელო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დღემდე არსებულ ისტორიულ ნარატივებზე.
1943 წელს ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო – „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე“. სახელმძღვანელოზე მუშაობა ავტორთა ჯგუფმა 1936 წელს დაიწყო და ეს პროცესი თითქმის 6 წელი გაგრძელდა. სახელმძღვანელოს გამოცემიდან მალევე წიგნი რუსულადაც თარგმნეს, რის შემდეგაც სახელმძღვანელოს ავტორებმა სტალინური პრემია დაიმსახურეს.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელოს შექმნის პროცესი მეტად საინტერესოდ წარიმართა, ხოლო ქართული ისტორიოგრაფიის სამი გამორჩეული წარმომადგენლის ავტორობით დაწერილი სახელმძღვანელო იქცა ერთგვარ შეჯამებად იქამდე წარმოებული სამეცნიერო კვლევა-ძიებისა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წიგნი 1953 წლიდან კრიტიკის მძაფრ ქარ-ცეცხლში გაეხვა, სახელმძღვანელოში წარმოდგენილი საისტორიო ნარატივები დღემდეა დამკვიდრებული როგორც ვიწრო სამეცნიერო წრეებში, ასევე, ფართო კოლექტიურ მეხსიერებაში.
„მოხსენების მომზადებისას მაქსიმალურად ვეცადეთ წარმოგვეჩინა ის ისტორიული დისკურსი, რომლის ფონზეც იქმნებოდა სახელმძღვანელო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სახელმძღვანელოს რედაქტორის ფუნქციას, სიმონ ჯანაშიასთან ერთად, ითავსებდა საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი. სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის სტალინთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც ავტორებს თავისი მოსაზრებები და სურვილები გააცნო სახელმძღვანელოს ზოგი საკითხის შესახებ, სახელმძღვანელომ ისევ განიცადა გარკვეული, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ფაქტობრივად, იოსებ სტალინი სახელმძღვანელოს კიდევ ერთ რედაქტორად მოგვევლინა. კვლევის პროცესმა ნათლად ცხადყო, რომ სახელმძღვანელოზე მუშაობა მკაცრი იდეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სახელმძღვანელოს ავტორებმა ზოგიერთი იდეოლოგიური ხასიათის შენიშვნა არ გაითვალისწინეს და მოახერხეს, რომ თავდაპირველი მოსაზრებანი უცვლელად დარჩენილიყო სახელმძღვანელოში“, – ითქვა კონფერენციაზე.

ივანე ჯავახიშვილის კვლევები ქართულ ფეოდალურ სამართალში გარიგების ფორმის შესახებ
გიორგი ამირანაშვილის (თსუ,იურიდიული ფაკულტეტი) მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ივანე ჯავახიშვილი ქართული სამართლის ისტორიის ფუნდამენტურ ნაშრომებში დეტალურად იკვლევს ფეოდალურ ხანაში გარიგებათა ფორმის საკითხს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ზეპირ და წერილობით ფორმებს შორის ურთიერთობასა და მათი მოქმედების პირობებზე.
მოხსენებაში აღინიშნა: „ივანე ჯავახიშვილის კვლევით დგინდება, რომ ძველ ქართულ სამართალში გარიგება ორნაირად იდებოდა: ზეპირად (მოწმეთა თანდასწრებით) და წერილობით. თავად წერილობითი ფორმის არჩევანი კი მხარეთა ნებაზე ან ვალდებულების მნიშვნელობაზე იყო დამოკიდებული. ჯავახიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანივთო სამართლის სფეროში, განსაკუთრებით საკუთრების გადაცემასთან დაკავშირებით, კანონმდებლობა მკაცრ მოთხოვნებს აწესებდა საბუთის შინაარსობრივი მხარის მიმართ. მისივე დაკვირვებით, საბუთი უნდა შეიცავდეს მხარეთა ვინაობას, გარიგების საგნის ზომასა და მდებარეობას, მოწმეთა და მწიგნობრის ვინაობას, რათა მას იურიდიული ძალა ჰქონოდა. ამ მოთხოვნების დაუცველობა იწვევდა საბუთის გაცუდებას“, ანუ ძალის დაკარგვას“.
ნაშრომის ავტორი ასევე ხაზს უსვამს ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას მემკვიდრეობითი სამართლის ძეგლის – ანდერძის – შესახებ, რომლის მიხედვითაც ძველ ქართულ სამართალში ანდერძის მოქმედების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა მისი წერილობითი ფორმა, რომელშიც მკაფიოდ უნდა ყოფილიყო ასახული მოანდერძის ნება, მისი განწყობილება, გონებრივი სიჯანსაღე და პირადი ხელმონერა. ამ მოთხოვნების ერთობლიობა უზრუნველყოფდა ანდერძის უდავობას.
„ამრიგად, ივანე ჯავახიშვილის კვლევები ცხადყოფს, რომ ქართულ ფეოდალურ სამართალში გარიგების ფორმა არ იყო ერთგვაროვანი. მიუხედავადად იმისა, რომ ზეპირი ფორმა ფართოდ იყო გავრცელებული, წერილობითი ფორმა სავალდებულოდ მიიჩნეოდა ისეთ მნიშვნელოვან საქმეებში, როგორიცაა საკუთრების გადაცემა ან უკანასკნელი ნების გამოხატვა“, – აღნიშნა გიორგი ამირანაშვილმა.

ივანე ჯავახიშვილი და ოსური ენის შესწავლისა და სწავლების საკითხები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ნაირა ბეპიევის (თსუ, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი) ნაშრომი აჩვენებს, რომ ივანე ჯავახიშვილმა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისთანავე განსაზღვრა კავკასიური ენების, მათ შორის, ოსურის შესწავლის აუცილებლობა. მისი ინიციატივით დაიწყო ოსური ენის სწავლება, რაც დაევალა გიორგი ახვლედიანს. ავტორი ხაზს უსვამს ამ ტრადიციის გაგრძელებას თანამედროვე სამეცნიერო ცენტრებისა და კვლევების ფარგლებში.
„უნივერსიტეტის დასაარსებლად თბილისში გამართულ სხდომაზე 1917 წლის 12 მაისს ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება ,,ქართული უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობის შესახებ“. ნიშანდობლივია, რომ პირველივე მოხსენებაში ივანე ჯავახიშვილი უკვე საუბრობდა კავკასიის ხალხების კულტურის შესწავლის აუცილებლობაზე და დასაარსებელ ქართულ უნივერსიტეტს ერთ-ერთ ამოცანად უსახავდა კავკასიელი ხალხების განათლებაზე ზრუნვას: ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კავკასიის ერების ენებისა და ზეპირსიტყვიერების, აგრეთვე, ზნე-ჩვეულებათა მეცნიერული შესწავლა უნდა ყოფილიყო.
1918 წლის 2 მაისის სხდომაზე ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება „კავკასიის სხვადასხვა მთიელთა ენების შესწავლის შესახებ“. აქვე, ოქმში, დაფიქსირებულია განაჩენი: „თბილისის უნივერსიტეტში მომავალ ენკენისთვიდანვე დაიწყოს ოსური ენის სწავლება და ამ საქმის ხელმძღვანელობა მიენდოს პროფესორის მოადგილეს გიორგი ახვლედიანს (აგრეთვე აფხაზური ენისა. მოწვეულ იქმნას პ. ჭარაია). შემდეგ თანდათანობით სამეცნიერო ძალთა და საშუალებათა მიხედვით, მოეწყოს დაღესტნისა და საჩაჩნოს ენების შესწავლაც“ (ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბილისი, 2006).
ივანე ჯავახიშვილის მიერ დაფუძნებული ტრადიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობითაც, ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, გამოიცემა სასწავლო და სამეცნიერო კრებულები, წიგნები, მონოგრაფიები“, – აღნიშნა ნაირა ბეპიევმა.
ივანე ჯავახიშვილი და ქართულ ხალხურ დღესასწაულთა კვლევის ისტორია („თოდრ“)
როზეტა გუჯეჯიანის (თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) ნაშრომი განიხილავს ჯავახიშვილის წვლილს ქართული ხალხური დღესასწაულების კვლევაში, განსაკუთრებით რელიგიური სინკრეტიზმის კონტექსტში. „თოდრის“ მაგალითზე ნაჩვენებია წარმართული და ქრისტიანული ელემენტების შერწყმა და მათი კულტურული მნიშვნელობა.
,,ივანე ჯავახიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ტრადიციული ქართული სულიერი კულტურის კვლევის საქმეში. მისი დამსახურებით აღდგენილია ქართველი ერის ადრეული რწმენა-წარმოდგენებისა და ღვთაებათა პანთეონის სურათი. ქართველი ხალხის ეთნოგენეზის, ისტორიის, ტრადიციული ყოფისა და კულტურის თემატიკის კვლევისას ივანე ჯავახიშვილი ყურადღებას ამახვილებს რელიგიური სინკრეტიზმის კვლევის პრობლემაზეც. სინკრეტიზმის კვლევა რელიგიის ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია და ის განსაკუთრებით საყურადღებოა ხანგრძლივი ისტორიის მქონე ეთნოსთა კულტურის შესახებ მსჯელობისას. ეთნოგრაფიული მასალის დეტალური ანალიზი ავლენს ქართველთა რწმენა-წარმოდგენათა ფორმირების ეტაპებსა და ეპოქალურ ცვლილებათა დინამიკას.
ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით, ქართველთა ტრადიციულ რელიგიურ კულტურაში გარკვევით იკითხება რელიგიურ სისტემათა შერევისა და ტრანსფორმაციის ელემენტები. მეცნიერი წარმოაჩენს ქართველთა ქრისტიანობამდელი რელიგიის არსს და უძველეს რწმენა-წარმოდგენათა ანარეკლს აფიქსირებს XX საუკუნის დასაწყისის ყოფაშიც. იგი კონკრეტული ფაქტების განზოგადებით მსჯელობს არქაული კულტურის ქართული ნაირსახეობის შესახებ.
ივანე ჯავახიშვილის მიდგომა ხალხურ დღესასწაულთა კვლევის პრობლემისადმი აქტუალურია ჩვენს დროშიც და მისი არაერთი მოსაზრება დადასტურებულია ქართველ ეთნოანთროპოლოგთა შემდგომი ნაშრომებით. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა სვანეთში ჩვენს დრომდე შემონახული ერთი ხალხური დღეობის ამსახველი ეთნოგრაფიული მასალა. დღეობას სვანურად ჰქვია „თოდრ“. ის ამ ეტაპზე აღინიშნება ზემო სვანეთის რამდენიმე თემში (კალა, მულახი, ლახამულა).
დღეობა „თოდრ“ საეკლესიო კალენდარს მიჰყვება და აღინიშნება წმ. თევდორე ტირონის ხსენების დღეს (ძვ. სტილით. 17 თებერვალი, ახ. სტილით 1 მარტი). ამ დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ ზემოთ დასახელებული სოფლების ბავშვები და მოზარდები. ისინი კარდაკარ შემოივლიან სოფელს, ხელთ უპყრიათ ჯვარი და ამ ჯვრით ლოცავენ ყველა ოჯახს. ლოცვას აგვირგვინებენ „ამენ!“-ის შეძახილით. სვანეთში დღემდე ცოცხალი დღეობა ,,თოდრ“ მჭიდრო კავშირს ავლენს კონკრეტულად წმ. თევდორეს ხსენების კალენდარულ დღესა და სიმბოლურ არსთან“, – ნათქვამია მოხსენების აბსტრაქტში.
ივანე ჯავახიშვილი „სააჯო კარისა“ და გაერთიანებული საქართველოს (XI–XIV საუკუნეები) სხვა სასამართლო დაწესებულებების შესახებ
გიორგი დავითაშვილის (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი) მოხსენებაში ხაზგასმულია ჯავახიშვილის მიერ გაერთიანებული საქართველოს სასამართლო სისტემის რეკონსტრუქცია. გამოყოფილია სამეფო და საეკლესიო სასამართლოები, „სააჯო კარი“ და სპეციალიზებული ინსტიტუტები, რაც მიუთითებს სამართლებრივი სისტემის კომპლექსურობაზე.
ივანე ჯავახიშვილმა პირველმა განიხილა ყოვლისმომცველად გაერთიანებული საქართველოს სასამართლო დაწესებულებანი. ივანე ჯავახიშვილი გამოყოფს აღნიშნული პერიოდის ორ სასამართლო უწყებას: სამეფოს და საკათალიკოსოს. ამ უკანასკნელს ექვემდებარებოდა ყველა ეკლესიისა და მონასტრის მსახური და ყმა, სხვა დანარჩენი მოსახლეობა კი – სამეფო სასამართლო უწყებას. უზენაეს მოსამართლეს გაერთიანებულ საქართველოში წარმოადგენდა მეფე, რომელიც პირადად განიხილავდა მნიშვნელოვან საქმეებს. განსაკუთრებით რთული საქმეების გადასაწყვეტად მეფე იწვევდა დარბაზის სხდომას უზენაესი სასამართლოს რანგში. დავით აღმაშენებელმა საქვეყნო საქმეების გამო, მოუცლელობის მიზეზით, თავისი სამოსამართლეო უფლებების დელეგირება მოახდინა სამართლიან პირებზე („კაცნი მართლად მცნობელნი და გამკითხველნი“). ივანე ჯავახიშვილის მტკიცებით, ამიერიდან უზენაესი მართლმსაჯულების განმახორციელებელნი მეფის ნაცვლად სწორედ ისინი იყვნენ.
ჯავახიშვილის მიხედვით, უმაღლეს სასამართლო დაწესებულებას (დავით აღმაშენებლის დროიდან მაინც) ასრულებდა „სააჯო კარი“, სადაც ორშაბათობით მწიგნობართუხუცესი -ჭყონდიდელი – თავის თანაშემწეებთან ერთად განიხილავდა ქვრივ-ობოლთა და მიმძლავრებულთა საქმეებს. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, კვირის სხვა ხუთ დღეს „სააჯო კარში“ საქმეებს განიხილავდნენ დავით აღმაშენებლის მიერ განმწესებული მოსამართლეები.
სასამართლოს ფუნქციებით აღჭურვილ დაწესებულებად ივანე ჯავახიშვილი განიხილავს ასევე „სამპარავთმეძებლო“ სასამართლოს, რომელსაც, ქურდების დევნის, შეპყრობის და მათთვის დაკისრებული სასჯელის აღსრულების ფუნქციის გარდა, მათი გასამართლების უფლებამოსილებაც ჰქონდა. ამიტომ, ჯავახიშვილის მტკიცებით, იგი არა ზოგადი კომპეტენციის, არამედ განსაკუთრებული დანიშნულების სასამართლო იყო.
ივანე ჯავახიშვილი საქართველოში ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის საფუძველზე აფიქსირებს წოდებრივი სასამართლოების არსებობას, რომელთაც პირველი ინსტანციის სასამართლოებად განიხილავს. მისი მტკიცებით, სამივე წოდებას (აზნაურებს, გლეხებს, ვაჭარ-ხელოსნებს) თავისი მოსამართლეები ჰყავდათ.
ივანე ჯავახიშვილი ცალკე გამოყოფს ასევე საკორპორაციო სასამართლოებს. მას მხედველობაში აქვს მონასტრებისა და ამქრების სასამართლოები, რომლებიც ამ კორპორაციების შიგნით ახორციელებდნენ მართლმსაჯულებას. „განსაკუთრებულ სამსჯავროდ” მოიხსენიებს ივანე ჯავახიშვილი სასამართლოს, რომელიც ერთ კონკრეტულ საქმეზე ჩატარდა თამარის დროს. მისი განსაკუთრებულობა მის არაორდინარულ შემადგენლობაში გამოიხატა. ეს იყო მხოლოდ ამ კონკრეტული საქმისთვის მოწვეული ავტორიტეტული სასულიერო და საერო პირებისაგან შემდგარი სასამართლო, რომლის შემადგენლობას, ზოგადად, სასამართლო ფუნქციები არ ჰქონდა. სავარაუდოდ, ასეთი „განსაკუთრებული სამსჯავრო” შესაძლოა სხვა შემთხვევებშიც შემდგარიყო“, – ნათქვამია მოხსენების აბსტრაქტში.
ივანე ჯავახიშვილი და გრაკლიანის არქეოლოგია
ვახტანგ ლიჩელის (თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) მოხსენებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია გრაკლიანი გორის არქეოლოგიური აღმოჩენების მნიშვნელობა, რომელიც ადასტურებს ჯავახიშვილის მოსაზრებებს ქართული დამწერლობის უძველესობის შესახებ.
ავტორი აღნიშნავს: „1949 წელს ბატონი ივანე წერდა: „ყველა გარემოებათა და დაკვირვებათა მიხედვით, უფლება გვაქეს ვიფიქროთ, რომ თუმცა ქ.შ. V-VI საუკუნეებზე უწინარესი ქართული დამწერლობის ძეგლები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ეს შემთხვევითი მოვლენა უნდა იყოს… თავისთავად კი ქართული დამწერლობა და ანბანი… ძველი, წარმართობის დროინდელი ჩანს“.გრაკლიან გორაზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა ბატონი ივანეს ეს მოსაზრება დაადასტურა. კერძოდ, გრაკლიან გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. X საუკუნის წარწერები, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამლოცველოს ცენტრში, თიხის პოსტამენტზე ამოკვეთილი წარწერა. წარწერის თარიღი დადგენილია მსოფლიოს სამ საუკეთესო ლაბორატორიაში – ფლორიდის ბეტა ლაბორატორიაში, ციურიხისა და გრონინგენის უნივერსიტეტის ლაბორატორიებში.
ასეთი ინტელექტუალური სიახლე განპირობებული იყო შიდა ქართლის მძლავრი ეკონომიკური აღმავლობით, რისი ერთ-ერთი დასტურიც არის საკუთარი წონის სისტემის შემოღება (363 გრამი, რასაც მე „იბერიული მინა“ ვუწოდე), რომელიც შეესაბამებოდა საერთაშორისო სავაჭრო წონის – კარხემიშული მინის 1,5 ნაწილს. ეს დამოკიდებულება ამარტივებდა საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაციას.
ამავე დროს, ფართოდ ვრცელდება საბეჭდავების გამოყენების ტრადიცია. საბეჭდავების (უკეთესი ტერმინია „ტვიფარი“) დიდი რაოდენობით აღმოჩენა გრაკლიან გორაზე მიუთითებს კერძო საკუთრების აღიარებაზე, თუმცა, ტვიფარებს სხვა მრავალგვარი გამოყენებაც ჰქონდა.
გრაფიკული თვალსაზრისით, გრაკლიანის ცენტრალური წარწერა გარკვეულ მსგავსებას იჩენს ძველ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ არამეულ დამწერლობასთან, თუმცა, როგორც სისტემა, იგი სრულიად ორიგინალურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წარწერა ქართულ ენაზე არის შესრულებული. შესაბამისად, ქართული დამწერლობის ისტორია იწყება წარმართულ ხანაში (როგორც ამას ვარაუდობდა ბატონი ივანე!) და იგი 3 000 წელს მოითვლის. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა გრაკლიანის კიდევ ერთი აღმოჩენა – ქვისაგან გამოთლილი ლანგარი, რომლის კიდეზე ამავე ქართული დამწერლობის ორი ასო არის ამოკვეთილი და, ასევე, რიცხვი „ორი“. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ეს ჭურჭელი არის საწყაო, რომელშიც ზუსტად ორი „იბერული მინა“ ეტევა და ამ მოკლე წარწერის შინაარსი სწორედ ეს არის.
ცალკე არის აღსანიშნავი ბატონი ივანეს მოსაზრება ეტრატის, ანუ პერგამენტის საქართველოში წარმოებასთან დაკავშირებით: „რასაკვირველია, ეტრატი საქართველოში მარტო უცხოეთიდან მოტანილი საქონელი არ იქნებოდა, არამედ, ცხადია, ეტრატის გაკეთება საქართველოში უნდა სცოდნოდათ” და იგი აქვე აღწერს ეტრატის დამზადების ტექნოლოგიას. გრაკლიანი გორის მეოთხე ტერასაზე აღმოჩნდა ყველა ის კომპონენტი, რაც ბატონ ივანეს აქვს მითითებული მაღალი ხარისხის ტყავის წარმოებასთან დაკავშირებით. ამდენად, მისი ეს მოსაზრებაც დადასტურდა, თუმცა, პერგამენტის წარმოებაზე დაბეჯითებით საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია“, – აღინიშნა მოხსენებაში.
ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესწავლის დასაწყისი
მალხაზ მაცაბერიძის (თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) კვლევა ეხება ივანე ჯავახიშვილის როლს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესის გააზრებასა და შესწავლაში. ნაჩვენებია, რომ იგი დამოუკიდებლობას აღიქვამდა როგორც მრავალსაფეხურიან პროცესს, სადაც უნივერსიტეტისა და ეკლესიის ავტოკეფალიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. მისი ხედვა გამოირჩევა სტრატეგიული და ეტაპობრივი მიდგომით.
ნაშრომში განხილულია საკითხი – თუ რამდენად რეალისტური და თანმიმდევრული იყო ჯავახიშვილის კონცეფცია რუსეთის იმპერიის რღვევის ფონზე. იკვეთება პრობლემა – რატომ ანიჭებდა იგი პრიორიტეტს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას და ქართული უნივერსიტეტის დაარსებას პოლიტიკური დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და როგორ პასუხობდა იგი იმდროინდელ ოპონენტებს, რომლებიც პროცესების დაჩქარებას ან დაყოვნებას ითხოვდნენ.
კვლევის შედეგად დგინდება, რომ ივანე ჯავახიშვილისთვის დამოუკიდებლობის აღდგენა იყო არა ერთჯერადი აქტი, არამედ მრავალმხრივი პროცესი, სადაც ეკლესიის ავტოკეფალია და ეროვნული უნივერსიტეტი სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი იყო. მისი ხედვით, რუსეთიდან ეტაპობრივი და არა მკვეთრი გამოყოფა იყო პრაგმატული ნაბიჯი ქვეყნის გადასარჩენად. უნივერსიტეტის დაარსება და დამოუკიდებლობის აღდგენის შემსწავლელი კომიტეტის შექმნა ადასტურებს, რომ ივანე ჯავახიშვილი მეცნიერულ პლატფორმას სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მთავარ ინსტრუმენტად განიხილავდა.

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების ჩამოყალიბება
მაია ბიწკინაშვილის, ნატო ფიცხელაურისა და ნინო ჩიხლაძის (თსუ, მედიცინის ფაკულტეტი) ნაშრომი მიმოიხილავს ივანე ჯავახიშვილის როლს საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში. აღწერილია მისი ევროპულ მოდელზე დაფუძნებული ხედვა, ფაკულტეტის შექმნის პროცესში არსებული სირთულეები და აკადემიური კადრების ფორმირება. ავტორთა დასკვნით, მისი მემკვიდრეობა განსაზღვრავს თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლებს საქართველოში.
,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება 1918 წელს და მასში სამკურნალო ფაკულტეტის ჩამოყალიბება განისაზღვრა როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ამოცანა, მიუხედავად ქვეყანაში არსებული პროფესიული კადრების და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დეფიციტისა. ივანე ჯავახიშვილის ძალისხმევით მოხდა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის სამედიცინო სკოლების კურსდამთავრებული და მოქმედი ქართველი ექიმების მოწვევა. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ფორმირებისთვის და საქართველოში საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრაციისთვის. ივანე ჯავახიშვილი იზიარებდა ევროპულ, განსაკუთრებით კი გერმანულ საუნივერსიტეტო ტრადიციებს, რაც შესაბამისად აისახა სამკურნალო ფაკულტეტის სტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებში.
ივანე ჯავახიშვილის კონცეპტუალური ხედვა საფუძვლად დაედო ქართულ საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებას და განსაზღვრა მისი გრძელვადიანი განვითარების მიმართულება“, – ნათქვამია ნაშრომის აბსტრაქტში.
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში (X X საუკუნის 50–60–იანი წლები)
მიხეილ ქართველიშვილის (თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) კვლევა ეხება გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებას საბჭოთა ქართული ისტორიოგრაფიის 1950–1960-იან წლებში. ნაჩვენებია, როგორ ხდებოდა ივანე ჯავახიშვილის ობიექტური შეფასებების რევიზია და მათი ჩანაცვლება იდეოლოგიურად მორგებული ინტერპრეტაციებით (საბჭოთა პოლიტიკის გავლენით).
ნაშრომში ნათქვამია, რომ გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით ისტორიკოსების შეხედულებები განსხვავებულია. ავტორი საბჭოთა ისტორიოგრაფიის შესწავლისას გამოყოფს გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებულ რამდენიმე ეტაპს და მათგან გამოყოფს მეოცე საუკუნის 50-60-იანი წლებს – პერიოდს, რომელიც უკაშირდება ივანე ჯავახიშვილის ფუნდამენტური ნაშრომის „ქართველი ერის ისტორიის“ მეხუთე ტომის გამოცემას 1953 წელს. მასში, სხვებთან ერთად, შევიდა მისი ნაშრომი „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“, რომელშიც ობიექტურად არის შეფასებული და შესწავლილი გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ (როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში სამართლიანად მიუთითებენ) სიმონ ყაუხჩიშვილმა, 1953 წელს, ივანე ჯავახიშვილის ტექსტის გამოცემის დროს, „მწვავე შეფასებები ამოიღო და ტექსტი შეარბილა“, ივანე ჯავახიშვილისეული შეფასებები მაინც მიუღებელი გახდა. აღნიშნული პერიოდის ქართული ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი სწორედ დიდი ქართველი ისტორიკოსის შეფასებების რევიზიაა, რამაც მეცნიერულზე უფრო მეტად პოლიტიკურ-იდეოლოგიური ხასიათი მიიღო.
მოხსენებაში დეტალურად იქნა განხილული საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ მეხუთე ტომის აკრძალვაში გამოიხატა, მეორე მხრივ კი, აქტიურად დაიწყო დიდი ქართველი მეცნიერის შეხედულებების კრიტიკა და მის ნაცვლად საბჭოთა ხელისუფლების სასარგებლო მოსაზრებების დამკვიდრება.
„თეთრი გიორგის ღამეები” – დიუმეზილის პირად არქივში დაცული უცნობი ხელნაწერის მიხედვით
რუსუდან მიქელაძის (თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) ნაშრომი ეფუძნება ჟორჟ დიუმეზილის არქივში აღმოჩენილ უცნობ მასალას, რომელიც უკავშირდება ივანე ჯავახიშვილის ტექსტებს ქართველთა წარმართობის შესახებ. გაანალიზებულია „თეთრი გიორგის ღამეების“ რიტუალი და მისი კავშირი მთვარის კულტთან. მასში იკვეთება, რომ ჯავახიშვილი სტრუქტურალისტურ მიდგომებს იყენებდა და, გარკვეულწილად, წინ უსწრებდა ევროპულ სამეცნიერო სკოლებს.
1938 წლის 15 აპრილს, ფრანგული ირანისტიკის საზოგადოების მიწვევით, ჟორჟ დიუმეზილი მონაწილეობდა პარიზის აზიური ხელოვნების მუზეუმში (Musée Guinet) გამართულ (საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ) ყოველკვირეულ საჯარო კონფერენციათა ციკლში. ფართო საზოგადოების წინაშე დიუმეზილი წარსდგა მოხსენებით: „მთვარის ფოლკლორი ანატოლიაში“. მეცნიერის პირად არქივში დაცულია ამ მოხსენების ჩანაწერი და მასთან ერთად (სავარაუდოდ, გამოყენებული ბიბლიოგრაფიის სახით) ერთი ქართული ხელნაწერი, რომლის შინაარსიც უკავშირდება 1917 წელს ქუთაისში გამოცემული ივანე ჯავახიშვილის წიგნის – „ქართველი ერის მოკლე ისტორია“ (წიგნი პირველი, უძველესი დროიდან პირველ საუკუნემდე) – მეოთხე თავს სახელწოდებით: „ქართველების წარმართობა“.
მოხსენების ავტორი ამბობს: „არქივმცოდნეები ეჭვობენ, რომ ქართული ტექსტი, შესაძლოა, თავად ჟ. დიუმეზილს გადაეწერა. ჩემი დაკვირვებით, ზოგიერთი პარაგრაფის ხელწერა წიგნის ავტორს უნდა ეკუთვნოდეს. ეს ამ ეტაპზე უცნობია და, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, მიმდინარეობს კვლევა გადამწერის ვინაობის დასადგენად. რაც შეეხება საარქივო მასალის შინაარსს, ის აღწერს სოფელ აწყურში წმინდა გიორგის ხატობის რიტუალს – ,,თეთრი გიორგის ღამეებს“. ივანე ჯავახიშვილის აზრით, 14 აგვისტოს, სავსე მთვარეობისას, მწუხრის დროს, იმიტომ იწყებოდა ხოლმე ,,თეთრი გიორგობა“, რომ ის უკავშირდებოდა წარმართობის დროიდან არსებულ მთვარის ხატობას. მისივე სიტყვებით: „ქართველი ხალხის აზროვნებაში წმინდა გიორგის ძველის (წარმართობის დროინდელის) ქართველების მთავარი ღვთაების – მთვარის – ადგილი უკავია“. ამ სიტყვების დასამოწმებლად ჯავახიშვილი კომპარატიულ მეთოდს იყენებს და სტრაბონის მიერ აღწერილ ალბანელთა სარწმუნოებას უდარებს კახეთში განთქმულ თეთრ გიორგობას. ივანე ჯავახიშვილი სწავლობს ქართველთა წარმართობას არა მარტო როგორც ისტორიკოსი, არამედ, როგორც სტრუქტურალისტი; ერთმანეთთან აკავშირებს, სულ ცოტა, 19 საუკუნით დაშორებულ რიტუალებს, აყალიბებს ენათმეცნიერულ და ანთროპოლოგიურ სტრუქტურას და დაადგენს, რომ, როდესაც მისი თანამედროვე ხევსურები, ფშავები და სვანები წმინდა გიორგის „პირდაპირ ღმერთად იხსენიებენ“, ადგილი აქვს მამა მთვარე ღმერთის წინაშე აღავლენილ სარიტუალო ლოცვას.
ჟორჟ დიუმეზილის პირად არქივში დაცული მასალის მიხედვით, ქართული სტრუქტურალიზმი, ივანე ჯავახიშვილის სახით, ათეული წლით წინ უსწრებს ფრანგულ სკოლას და წარუშლელ კვალს ტოვებს დიუმეზილის კვლევის მეთოდოლოგიაზე“.
ივანე ჯავახიშვილი და ქართული უნივერსიტეტის პირველი წლები მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში
თამარ ორჯონიკიძის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი) კვლევა ეხება ივანე ჯავახიშვილისა და თბილისის უნივერსიტეტის რეპრეზენტაციას ისტორიის სახელმძღვანელოებში (მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში). შედარებითი ანალიზი აჩვენებს – როგორ იცვლებოდა მისი შეფასება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებში; გამოვლენილია გარკვეული ხარვეზები თანამედროვე სახელმძღვანელოებში.
მკვლევარი წერს: ,,პოსტსაბჭოთა საქართველოში ისტორიის გადაფასება და დეპოლიტიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ათწლეულების განმავლობაში ისტორიული ნარატივი საბჭოთა ცენზურას ექვემდებარებოდა. აუცილებელია იმის დადგენაც – თუ რამდენად თავისუფალია თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსები საბჭოთა ინერციისა და პროპაგანდისტული კლიშეებისგან“.
ნაშრომი ახდენს სხვადასხვა ეპოქის (1961 წლის, 1990 წლის, 2012 წლისა და შემდგომი პერიოდის) ისტორიის 11 სახელმძღვანელოს შედარებით ანალიზს, რითაც ავლენს დინამიკას – თუ როგორ იცვლებოდა აქცენტები ივანე ჯავახიშვილისა და უნივერსიტეტის პოლიტიკურ ეროვნულ მნიშვნელობაზე საუბრისას. იმის გათვალისწინებით, რომ ივანე ჯავახიშვილზე და სახელმწიფო უნივერსიტეტზე საბჭოთა ხელისუფლებამ რამდენჯერმე განახორციელა შეტევა, ხოლო საქართველოს ოკუპაციისას სნორედ ივანე ჯავახიშვილი იყო უნივერსიტეტის რექტორი, საინტერესოა იმ ინფორმაციის გაანალიზება, როგორ წარმოადგენდა ამ დამოკიდებულებას სახელმძღვანელოების საშუალებით საბჭოთა პროპაგანდა. მოცემული ნაშრომის მიზანია, იკვლიოს – თუ რა ისწავლებოდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში სკოლის სახელმძღვანელოებით ივანე ჯავახიშვილისა და ქართული უნივერსიტეტის შესახებ; იღებენ თუ არა სრულყოფილ ცოდნას მოსწავლეები ჯავახიშვილისა და უნივერსიტეტის როლის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირების პროცესში.
ნაშრომში გამოყენებულია თვისებრივი კვლევა და შედარებითი ანალიზი: საბჭოთა პერიოდის 6 სახელმძღვანელოსა და პოსტსაბჭოთა (2012 წლის შემდგომი) 6 სახელმძღვანელოს შეპირისპირება.
,,აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილის, როგორც გამოჩენილი მეცნიერის, შესახებ ინფორმაციას მოსწავლეებს როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე დამოუკიდებელ საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოები აწვდის. ამასთანავე, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება (ე.წ. „პერესტროიკა“) სახელმძღვანელოებზეც აისახება – საბჭოთა პერიოდის სახელმძღვანელოებში ივანე ჯავახიშვილზე ინფორმაცია თანდათან ჩნდება და მოცულობაში იზრდება (1961 წლის სახელმძღვანელოებში არაფერია ნახსენები ივანე ჯავახიშვილზე). 1990 წელს კი მასზე შედარებით ვრცელ (თუმცა არასაკმარის) მასალას ვხვდებით. კვლევისას გამოიკვეთა, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის სახელმძღვანელოებში ყურადღება გამახვილებულია ივანე ჯავახიშვილის წვლილზე უნივერსიტეტის დაარსებაში, მის სამეცნიერო მოღვაწეობასა და რექტორობაზე, თუმცა არ არის ნახსენები უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების პოზიცია 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს“, – აღნიშნავს მომხსენებელი.



საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი სხვა მოხსენებების თაობაზე
კონფერენციის 300-მდე მონაწილემ წარმოადგინა მოხსენებები უახლესი კვლევების შესახებ ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ, ფსიქოლოგიისა და განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, სამართლის, მედიცინის სექციებში. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
,,ივანე ჯავახიშვილის ,,მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის“ – უნიკალური ეთნოგრაფიული წყარო“ (ქეთევან ხუციშვილი, თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი). ნაშრომი მიმოიხილავს ივანე ჯავახიშვილის რედაქციით გამოცემულ ეთნოგრაფიულ ხუთტომეულს. ხაზგასმულია მისი მაღალი მეცნიერული ღირებულება, საველე კვლევების მასშტაბი და მნიშვნელობა ქართული კულტურისა და ყოფის შესწავლისათვის.
„ივანე ჯავახიშვილის ღვაწლი ქართული ხალხური ფეიქრობის საკითხთა შესწავლის საქმეში“ (ნანული აზიკური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი). მოხსენებაში გაანალიზებულია ქსოვისა და რთვის უძველესი ისტორია, რაზეც მიუთითებს უძველეს არქეოლოგიურ ნამოსახლარებზე აღმოჩენილი ნემს-მახათები, კვირისტავები და პრიმიტიული ქსელვა-ქსოვილისთვის გამოყენებული სხვადასხვა ნივთი.
„ისტორია და ეგზისტენცია ივანე ჯავახიშვილის მიხედვით“ (ირაკლი ბრაჭული, თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი). მოხსენებაში განხილულია ჯავახიშვილის ისტორიის ფილოსოფიური ხედვა, რომლის მიხედვითაც ისტორია არის ერის თვითშექმნის ნარატიული ფორმა და რომ ისტორიული მეხსიერება განსაზღვრავს როგორც ინდივიდის, ისე ერის იდენტობას; ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნული ცნობიერების ფორმირებაში.
,,ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა და საქართველოს გეოგრაფია“ (ნოდარ ელიზბარაშვილი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი). მოხსენება მიმოიხილავს ივანე ჯავახიშვილის გეოგრაფიულ ნაშრომებს, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს ბუნებრივი გარემო, რესურსები და ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებები. მეცნიერის აზრით, ივანე ჯავახიშვილის კვლევები გეოგრაფიის მიმართულებით ქვეყნის განვითარების კომპლექსურ სურათს ქმნის.
„ივანე ჯავახიშვილი საქართველოში ტყავის დამუშავებისა და ფეხსაცმლის წარმოების შესახებ“ (მაია გრძელიძე, ირინე ჩარკვიანი, ნანა თხელიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი). ნაშრომი ეყრდნობა ჯავახიშვილის მიერ დამუშავებულ ეთნოგრაფიულ მასალას და აღწერს საქართველოში ტყავის დამუშავებისა და ფეხსაცმლის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებს. ნაჩვენებია, რომ ეს დარგი ასახავს როგორც ეკონომიკურ, ისე კულტურულ და ტექნოლოგიურ განვითარებას.
„ივანე ჯავახიშვილი და ქართული მუსიკის მრავალხმიანობა“ (ნატალია ზუმბაძე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი). ნაშრომი ეხება ჯავახიშვილის კვლევას ქართული მრავალხმიანი მუსიკის შესახებ. აღნიშნულია, რომ მრავალხმიანობა წარმოადგენს ქართული მუსიკალური კულტურის უნიკალურ მახასიათებელს და კოლექტიური შესრულების ტრადიციას.
„ივანე ჯავახიშვილის 1917 წლის მოხსენების ლინგვისტური ანალიზი“ (ნათია კენჭიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი). ნაშრომი აანალიზებს ჯავახიშვილის მოხსენების ენობრივ და რიტორიკულ სტრუქტურას. ნაჩვენებია, რომ ტექსტი აერთიანებს აკადემიურობასა და ემოციურობას და ემსახურება ეროვნული იდენტობის გაძლიერებას.
„ივანე ჯავახიშვილის არმენოლოგიური მემკვიდრეობა“ (აშოტ მელქონიანი, სომხეთი, ისტორიის ინსტიტუტი). ნაშრომი ასახავს ივანე ჯავახიშვილის არმენოლოგიურ მემკვიდრეობას და მის წვლილს კავკასიოლოგიაში. განხილულია მისი კვლევები საქართველოსა და სომხეთის ისტორიულ-პოლიტიკურ სტრუქტურებზე, რელიგიურ ურთიერთობებსა და საზღვრის საკითხებზე. დასკვნით იკვეთება, რომ ჯავახიშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა არმენოლოგიის განვითარებაში.
„ივანე ჯავახიშვილი – ქართული პოეტური და დოკუმენტური პროზის კვალდაკვალ“ (რუსუდან ნიშნიანიძე, თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი). ნაშრომი აანალიზებს ივანე ჯავახიშვილის სახეს ქართულ პოეტურ და დოკუმენტურ პროზაში. იკვეთება, რომ მასში ჯავახიშვილი აღიქმება – როგორც ეროვნული ისტორიის სიმბოლური და ინტელექტუალური ფიგურა.
„ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა და მისი პოსტკოლონიური წაკითხვა“ (თეა ქამუშაძე, თსუ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი). ავტორი ნაშრომში განიხილავს ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობას პოსტკოლონიალური თეორიების კონტექსტში. მისი ისტორიოგრაფია შეფასებულია როგორც ეროვნული ეპისტემური ავტონომიის შექმნის მცდელობა, სადაც ქართული ნარატივი დამოუკიდებლად ფორმირდება. ასევე გაანალიზებულია – რატომ ვერ გაგრძელდა ეს ინტელექტუალური პროექტი სრულად თანამედროვე ეპოქაში.
„ნაკლებად ცნობილი და უცნობი ეპიზოდები სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის ისტორიიდან“ (ნიკო ჯავახიშვილი, თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი). კვლევა წარმოგვიდგენს ივანე ჯავახიშვილის საქმიანობის ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებს სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში.
„ადამიანი ფილოსოფიურ ანთროპოლოგიურ დისკურსში ივანე ჯავახიშვილთან“ (დემურ ჯალაღონია, თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი). ნაშრომი აანალიზებს ადამიანის კონცეფციას ჯავახიშვილის ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიურ ხედვაში, სადაც ადამიანი წარმოდგენილია როგორც თავისუფალი, გონიერი და მოქმედი სუბიექტი, რაც ქართული ჰუმანისტური ტრადიციის საფუძველს ქმნის.

. . .
„მოდერნული ქართული იდენტობის გენეზისი ლიტერატურულ დიალოგებში მამათა და შვილთა შორის“ (ლადო გამსახურდია, თსუ, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი); „ჰელიკობაქტერია პილორის როლი ნაღვლის გზების პათოლოგიების განვითარებაში“ (გია ლობჟანიძე, ლაშა გულბანი, ვახტანგ გოდერძიშვილი, თსუ, მედიცინის ფაკულტეტი); „ომით ტრავმირებულ პოპულაციებში საარჩევნო გადაწყვეტილების მიღება: დასწავლილი უსუსურობისა და კონტროლის აღქმის ფსიქოლოგიური დინამიკა“ (ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ, მედიცინის ფაკულტეტი); „ეთნიკური უმცირესობების განათლების უფლების უზრუნველყოფა საქართველოში: სამართლებრივი სტანდარტები და პრაქტიკა ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) ფარგლებში“ (ირინე ქურდაძე, ეკა სირაძე, თსუ, იურიდიული ფაკულტეტი); „გაფანტვის ამოცანა სავალენტო ელექტრონის მოდელის პოტენციალისთვის“ (თეიმურაზ ნადარეიშვილი, ანზორ ხელაშვილი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი) და სხვა არაერთი მოხსენება იყო წარმოდგენილი საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავს მიეძღვნა.
