მთავარ საიუბილეო სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოთქმული შეფასებები ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებით
,,დიდი ივანე“ – ასე უწოდებდნენ ივანე ჯავახიშვილს მისი თანამებრძოლები, ასე მოიხსენიებდნენ მას აკაკი შანიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, კორნელი კეკელიძე, დიმიტრი უზნაძე და ქართული უნივერსიტეტის სხვა დამფუძნებლები. ეს არ იყო უბრალო წოდება – ივანე ჯავახიშვილმა ტიტანური შრომის ფასად შექმნა ის, რითაც დღეს ამაყობს ქართველი ერი – ქართული სამეცნიერო სკოლები და მისი მოღვაწეობის გვირგვინი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი!
23 აპრილს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიება გაიმართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი მის დამფუძნებელს და ქართული მეცნიერების პატრიარქს საიუბილეო კვირეული – ,,ივანე ჯავახიშვილი – 150“ – მიუძღვნა.
მთავარი საიუბილეო ღონისძიების დაწყებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი მიქანაძემ, თსუ-ს სტუდენტებმა, პროფესორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა უნივერსიტეტის ეზოში გვირგვინით შეამკეს ივანე ჯავახიშვილის საფლავი. უნივერსიტეტელებისგან ყვავილებით შეიმოსა დიდი ივანეს საფლავთან აღმართული ძეგლი, რომლის ავტორიც საქართველოს დამსახურებული მხატვარი, სახალხო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, პროფესორი თენგიზ ღვიანიაშვილია და რომელიც, თენგიზ ღვინიაშვილის სტუდენტობისდროინდელი სადიპლომო ნამუშევრის სახით, რექტორის – ნიკო კეცხოველის დროს დაიდგა. საფლავის გვირგვინით შემკობისას გადაიხადეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც, რომლის დროსაც იგალობა თსუ-ს ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „უნივერსიტეტმა“.


. . .
უნივერსიტეტის საატო დარბაზში გამართულ მთავარ საიუბილეო სხდომაზე, რომელიც 23 აპრილს საყოველთაო ზეიმის აღსანიშნად მოეწყო, მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რომელმაც კიდევ ერთხელ გააცნო საზოგადოებას ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიის ძირითადი ასპექტები, მოკლედ მიმოიხილა მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა და უნივერსიტეტის დაარსების ეტაპები: „ივანე ჯავახიშვილი აერთიანებდა უდიდეს ცოდნას. ის იყო ავტორი ფუნდამენტური გამოკვლევებისა – ქართველი ერის ისტორიაში, საქართველოს ლიტერატურის ისტორიაში, ენათმეცნირებაში, ეკონომიკის ისტორიაში, სამართლის ისტორიაში, მუსიკის ისტორიაში, არქეოლოგიაში, მედიცინის ისტორიაში, კავკასიოლოგიაში, ეთნოლოგიაში, სამხედრო საქმეში, გეოგრაფია-კარტოგრაფიაში, ეკლესიის ისტორიაში, არმენოლოგიაში, წყაროთმცოდნეობაში, პედაგოგიკაში, მუზეუმთმცოდნეობაში და სხვა. მაგრამ ყველაზე გამორჩეული საქმე, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელს უკავშირდება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაა. ივანე ჯავახიშვილი იყო და არის მაგალითი თავისი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, მოკრძალებით, თავმდაბლობით, პრინციპულობითა და სამშობლოსადმი სიყვარულით“.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი მიქანაძის თქმით, „ივანე ჯავახიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა უკეთესი, განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას, რომელიც, სიმცირის მიუხედავად, საკუთარ კვალს დაატყობდა მსოფლიო ცივილიზაციას თავისი უნიკალური კულტურითა და მდიდარი ისტორიით. იგი წლების განმავლობაში, დაუღალავი შრომის შედეგად, ამზადებდა ნიადაგს ქართულ ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისთვისა და ქართული მეცნიერების განვითარებისთვის. სწორედ ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა საფუძველი განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარ კერას, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს“.

საიუბილეო სხდომის მონაწილეებს ასევე მიესალმა საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო. „ჩვენი ერის ისტორია გამოარჩევს ისეთი ერისკაცების ღვაწლს, რომლებიც თავიანთი თავმდაბალი ცხოვრებით ყოველდღიურად ამოწმებენ ჭეშმარიტ სიყვარულს უფლის, სამშობლოსა და მოყვასისადმი. დღეს ჩვენ ვიხსენებთ არა უბრალოდ დიდ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, არამედ ადამიანს, რომელმაც ჩვენს ერს, მის მომავალ თაობას გაუკვალა ცოდნისკენ მიმავალი გზა. ივანე ჯავახიშვილი არ არის მხოლოდ რიგითი სახელი ჩვენს სასიქადულო მამულიშვილთა შორის. ის არის ცოდნის და საქმის სიყვარულზე დაფუძნებული ჭეშმარიტად თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ხატება, რომელმაც თავისი თავმდაბალი, დაუღალავი, შეუპოვარი შრომით ცოდნას მისცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მეცნიერებს კი – ეროვნული მისია“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ (ლადო) პაპავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილი არ არის უბრალოდ ისტორიული პიროვნება, რადგან ნებისმიერი თაობისთვის მან შექმნა ის, რაც ერს უნდა უძღოდეს წინ – განათლება – როცა ახალგაზრდებს ექმნებათ საშუალება, ეზიარონ მეცნიერებას და იზრუნონ ქვეყნის მომავალზე. „საზოგადოებამ იცის, რომ იმ რთული პერიპეტიების შემდგომ, რაც დიდმა ივანემ განვლო, მოხდა მისი რეაბილიტაცია და ის გახდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. რამდენად ბედნიერი იქნებოდა ის და ჩვენც რამდენად ამაყები ვიქნებოდით, რომ ივანე ჯავახიშვილი მოსწრებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაფუძნებას. სიმბოლურია, რომ წელს სრულდება 85 წელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან. ასევე სიმბოლურია, რომ ორივე ეს თარიღი ერთ თვეშია მოქცეული – 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა დედა უნივერსიტეტი და 1941 წლის 10 თებერვალს – მეცნიერებათა აკადემია. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, სტუდენტებს: ეს დღე თქვენთვისაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან გავა დრო და თქვენ დიდი სიამაყით გაიხსენებთ, რომ ხართ ივანე ჯავახიშვილის დაფუძნებული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მისი საქმის გამგრძელებელი“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

დიდი მეცნიერის საიუბილეო ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა: „ივანე ჯავახიშვილმა გადაიბარა ილიას სულიერი მემკვიდრეობა. ილიამ შექმნა საქართველო, ხოლო ამ ახალ საქართველოს ივანე ჯავახიშვილმა შთაბერა მეცნიერული სული. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილი შეადარა ტაო-კლარჯეთში მოღვაწე წმინდა მამებს და ათონელ ბერებს და მე არ შემიძლია – მას არ დავეთანხმო. ივანე ჯავახიშვილი იყო ჭეშმარიტად მარტვილი. მან მოწამეობრივი გზა გაიარა. წარმოუდგენელია, ყველაფერი ილაპარაკო – იმდენად დიდი და მასშტაბურია მისი მრავალმხრივი და მრავალგანზომილებიანი მეცნიერული მოღვაწეობა. საოცარი ისაა, რომ მან, წარმოუდგენელი წნეხის მიუხედავად, თავისი წილი ჯვარი ატარა და ბოლომდე მიიტანა დაწყებული საქმე. აქვე უნდა გავიხსენო ერთი ფაქტიც: გორის არქივში მუშაობისას წავაწყდი 1922 წლის 15 აგვისტოს დაწერილ ერთ შემზარავ წერილს, რომელშიც ივანე ჯავახიშვილი მიმართავს მაშინდელ საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს – მეხუთე ზაფხულია არ დამისვენია ჩემს მშობლიურ სახლშიო და სთხოვს, რომ დაუბრუნონ ხოვლეს ჩამორთმეული სახლი. მე ბედნიერი ვარ, რომ მრავალი წლის შემდეგ, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, დღეს ხოვლეს მართლაც რთულ მდგომარეობაში მყოფი სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.
საიუბილეო ღონისძიების სტუმართა შორის (პარლამენტის წევრები, საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები) იყვნენ საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები ყველა უნივერსიტეტში გაიმართა. უნივერსიტეტების სახელით მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ. მისი თქმით, „თუ განათლება და ცოდნის დონე არსებობს ამ ქვეყანაში, ეს ივანე ჯავახიშვილის და მისი თანამებრძოლების დამსახურებაა – დიდმა ერისკაცებმა მოასწრეს და დააფუძნეს ეს უნივერსიტეტი, რომელმაც გზა გაუხსნა არაერთ სამეცნიერო სკოლას საქართველოში“.


საიუბილეო სხდომის გახსნით ღონისძიებაზე თსუ-ს შემოქმედებითმა ჯგუფებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს. მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საგალობელი – „წმინდაო ღმერთო“.
სხდომის დასრულების შემდგომ მოწვეულმა სტუმრებმა თსუ-ს პირველ კორპუსში ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიასთან გახსნეს ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი, რომელიც ცნობილმა მოქანდაკემ ბიძინა ავალიშვილმა გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნა.

