აუცილებლად წასაკითხი წიგნი ბევრი ისტორიული ფაქტის თავიდან აღმოჩენისთვის ივანე ჯავახიშვილზე

თარიღი: 2026-05-02 15:13:24

წიგნი – „ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა“ (მეორე გამოცემა)  – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ უნივერსიტეტის დამაარსებლის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზოგადოებას წარუდგინა. მონოგრაფიის ავტორი თსუ-ს პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, მეცნიერე­ბის დამსახურებული მოღვაწე, ცნობილი იურისტი, პირველი ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი სერგო ჯორბენაძეა, რომელსაც  დაბადებიდან 100 წელი უსრულდება. 1984 წელს ავტორს ამ წიგნისათვის მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია. წიგნის რედაქტორი გახლავთ აკადემიკოსი აკაკი შანიძე, რომელიც მონოგრაფიაში ასახულ სინამდვილესთან დოკუმენტურ შესაბამისობაში მოყვანას უადვილებდა ავტორს და ერთობლივი მუშაობისას თავისი ფენომენალური მეხსიერებით აღადგენდა დიდ ქართველთან ურთიერთობის ძვირფას დეტალებს.

როგორც მეორე გამოცემის შესავალში ვკითხულობთ, წიგნი „არა მარტო ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების აღწერას, არამედ XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ქართველი ერის გამოღვიძების პერიოდის შესწავლას მოიცავს.“ ეს ნიშნავს, რომ მკითხველი ერთდროულად ეცნობა მეცნიერის პირად ცხოვრებას, მისი სამეცნიერო საქმიანობის მასშტაბს და იმ ისტორიულ პროცესებს, რომლებმაც საქართველოს მომავალი განსაზღვრა.

ივანე ჯავახიშვილზე დაწერილ წიგნზე ერთგვარი შთაბეჭდილების შექმნისთვის წარმოგიდგენთ თავების სათაურებისა და ქვესათაურების სახით მისი ძირითადი შინაარსის მოკლე აღწერას, რაც ავტორის მიერ ნიჭიერად აქცენტირებულ აზრსა და არსსაც გადმოგვცემს: ,,ქართლისა და კახეთის წიაღში (18761895) – ზნემაღალი ოჯახი;  ცხოვრებისა და მოღვაწეობის პეტერბურგის პერიოდი (18951917)  – „ვინც მოწაფედ არ ყოფილა, ის მოძღვარი არ იქნების“; იმპერიის ერთადერთ საუნივერსიტეტო ფაკულტეტზე; სტუდენტური დუღილის წლები; თარგმანი – სულიერი აღებ-მიცემობის იარაღი; სტუდენტი – ქართული მეცნიერული ბიბლიოგრაფიის ფუძემდებელი; მოგზაურობისა და ცოდნის დაგროვების წლები; საპროფესორო წოდებისათვის მოსამზადებლად; ბერლინის უნივერსიტეტში; სინას მთაზე; პრივატდოცენტის წოდებაში; ჰიპოთეზა და მეცნიერული ჭეშმარიტება; მამულიშვილობა და მეცნიერება ისტორიულ სიმართლეს როდი უპირისპირდებიან; რევოლუციის დროინდელი გამოკვლევები;  მონოგრაფიების ქართულად შექმნის დაწყება, „საქართველოს ეკონომიური ისტორია“, სიმბოლური ჰონორარი; უკვდავი წიგნი ძღვნად დედისა და მამის წმინდა სახელებს;  გრანდიოზული წამოწყება; ქართული უნივერსიტეტის დაარსება (19171918) – სამშობლოსაკენ; პირველი ორგანიზაციული წარმონაქმნი; ხალხის სიყვარულის ძალა; სიხარულისა და მხარდაჭერის ნაცვლად ხელის შეშლა; ყველაზე მძიმე დღე ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებაში; პირველი ლექცია თბილისის უნივერსიტეტში; უნივერსიტეტის ერთადერთი ფაკულტეტის პირველი დეკანი; სარექტორო მოღვაწეობა (19191926) – რექტორი – თანასწორთა შორის პირველი; ინჟინერია ახალგაზრდობის ყველაზე პოპულარული სპეციალობაა; ქართველ იურისტთა და ეკონომისტთა აღზრდის პირველი კერა; პროფესორ დიმიტრი უზნაძის საპედაგოგიო-ფსიქოლოგიური მოღვაწეობის მხარდაჭერა;  ყველაზე დიდი აღმოჩენა ქართულ ფილოლოგიაში;  კულტურისა და განათლების საჭესთან; ერთ წელს გამოსული ორი წიგნი: ა) უძველესი ქართული დამწერლობა,  ბ) ყოველი ტექსტი სანდო როდია;  მთელი ვაკის ტერიტორია თბილისის უნივერსიტეტს; მეცნიერული შემოქმედების რთველი (19271937) –  ოცდარვა წელი ერთ წიგნზე მუშაობისა; ქართული სამართლის მეცნიერული ისტორიის მესაძირკვლე; სამუზეუმო საქმის განმაახლებელი საქართველოში; სახალხო მეურნეობის ისტორიისა და მატერიალური კულტურის მასშტაბური კვლევა; სომხეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ყველა ქართველმა უნდა იცოდეს; უშრეტი წყარო – „ვეფხისტყაოსანი“; დეპუტატი და აკადემიკოსი (19381940) – დაღლილი გული; გაბედული წიგნი; დიდ აკადემიაში; დიალოგი „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოზე;  სიკვდილის სიდიადე“.  

. . .

პირველი გამოცემიდან 40 წელზე მეტი გავიდა და ამ დროის განმავლობაში წიგნი იქცა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად. როგორც სერგო ჯორბენაძის ვაჟიშვილი, სანდრო ჯორბენაძე იხსენებს: „პირველი გამოცემის შემდეგ ის მეკობრული გზითაც კი გავრცელდა… ბატონმა სერგო ჯორბენაძემ ამას ხელი არ შეუშალა და თვითონაც კი ყიდულობდა ამ გზით გამოცემულ წიგნებს, რომ სხვებისთვის ეჩუქებინა“. ეს ისტორია არა მხოლოდ წიგნის პოპულარობაზე მეტყველებს, არამედ ავტორის დამოკიდებულებაზეც – ცოდნა უნდა გავრცელდეს, თუნდაც არაოფიციალური გზით. მეორე გამოცემა სწორედ ამ მოთხოვნის პასუხად იქცა, თუმცა ის მხოლოდ ხელახალი გამოცემა  არ არის. ტექსტში ვკითხულობთ, რომ წიგნი იწერებოდა 17 წლის განმავლობაში და აღსანიშნავია, რომ ავტორს „არ გამოუტოვებია არცერთი არქივი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, რათა მაქსიმალურად სრულად აღედგინა არა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის, არამედ მისი დროის საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრება. ახალი გამოცემა მართლაც უნიკალურ მოვლენად იქცა არა მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნი ხელახლა დაიბეჭდა, არამედ იმიტომ, რომ მან სრულიად ახალი სიცოცხლე შეიძინა.

წიგნის განმეორებით გამოცემაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომლის მხარდაჭერამ და ჩართულობამ ამ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. მისი შეფასება ასეთია: „ასეთი სრულყოფილი ბიოგრაფია იშვიათად თუ მინახავს… ამ სტრიქონების მიღმა დაინახავთ იმ სინამდვილეს, რომელიც იმ წლებში იდგა“. რექტორის თქმით, ეს წიგნი არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიოგრაფიული ნარატივით – იგი მკითხველს სთავაზობს იმდროინდელი რეალობის სიღრმისეულ აღქმას, აჩვენებს წინააღმდეგობებს, საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს და იმ რთულ გზას, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა გაიარა.

თსუ-ს გამომცემლობის ხელმძღვანელი კახაბერ რუსიძე აღნიშნავს, რომ წიგნის ხელმეორედ გამოცემა მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო: „როდესაც დადგა საკითხი – თუ რა წიგნი გამოგვექვეყნებინა იუბილის ფარგლებში, ყველას არჩევანი ამ წიგნზე შეჩერდა და ჩვენ უმოკლეს დროში შევძელით ამ გადაწყვეტილების განხორციელება“.

მეორე გამოცემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ახალი თაობა უკეთ გაეცნოს საკუთარ ისტორიას. როგორც სანდრო ჯორბენაძე აღნიშნავს : „ამ წიგნს რომ ახალგაზრდა წაიკითხავს, ის მიხვდება – რა არის პატრიოტიზმი, მამულიშვილობა, ქვეყნის მსახურება და სიყვარული“.  ეს სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში, როდესაც ისტორიის გააზრება ხშირად ზედაპირულად ხდება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია იმ ადამიანთა ჩართულობა, რომლებიც წიგნის განმეორებით გამოცემის იდეას მუდამ მხარში ედგნენ და აქტიურ როლს ასრულებდნენ ახალი  ვერსიის შექმნაში. კახაბერ რუსიძე, ნათია დვალი და თამარ გაბელაია იმ ადამიანთა შორის არიან, რომელთა ერთგულებამ და შრომამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროცესში. მათი მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასეთი პროექტები მხოლოდ პროფესიული მოვალეობა არ არის – ეს არის პასუხისმგებლობა კულტურის, ისტორიისა და მეხსიერების წინაშე.

წიგნის პრეზენტაციაზე   წიგნის ავტორის ღვაწლის შესახებ საინტერესოდ  ისაუბრეს აგრეთვე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ,  თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა  ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, თსუ-ს რექტორის მოადგილემ  კახაბერ  ჭეიშვილმა და სხვებმა..

მნიშვნელოვანია ისიც, რომ წიგნი დასრულებულ ისტორიად არ აღიქმება. როგორც სანდრო ჯორბენაძე აღნიშნავს, დიდი მამულიშვილის ცხოვრებისა და საქმიანობის კვლევა „დღესაც გრძელდება“, რაც ამ გამოცემას მომავალი კვლევებისთვის მნიშვნელოვან საძირკვლად აქცევს.

ამონარიდები სერგო ჯორბენაძის წიგნიდან, რაც ივანე ჯავახიშვილის ღვაწლს ეხება

როგორ გაიაზრა სტუდენტმა ივანე ჯავახიშვილმა ილია ჭავჭავაძისგან მიღებული პირადი რჩევა

ივანე ჯავახიშვილს გიმნაზიაში სწავლის ბოლო წლებში წინასწარ გადაწყვეტილი ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე შესვლა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ იყო ერთადერთი ქართული სიტყვიერების კათედრა, არამედ იმიტომ, რომ კარგად ესმოდა – ამ ფაკულტეტზე სწავლით მას მომავალში შეეძლო, ყველაზე მეტი სარგებლობა მოეტანა სამშობლოსათვის. სწორედ აღმოსავლეთის ქვეყნებთან კავშირ-ურთიერთობის მეცნიერულ გამოკვლევას შეეძლო საქართველოს ისტორიის მტვრით დაფარული მრავალი მოვლენის გამომზეურება. ივანე ჯავახიშვილი ამ სახელგანთქმული ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილების სტუდენტი ხდება.

მეფის ხელისუფლება სტუდენტობაში – რუსეთის ინტელიგენციის ამ ყველაზე მგრძნობიარე ნაწილში – ხედავდა მუდმივ მოწინააღმდეგეს. ამიტომ, უკანასკნელ დეტალებამდე იყო შემუშავებული ყველაფერი, რათა სტუდენტობა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოეშორებინათ. სტუდენტისათვის საჭირო დოკუმენტების მიღებისთანავე მოითხოვდნენ ხელწერილს, რომ სტუდენტობის დროს წესიერად მოიქცეოდნენ. 1895 წლის 5 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილი დებს ხელწერილს მასზედ, რომ პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტად ყოფნის პერიოდში ვალდებულებას იღებდა – არათუ არ გახდებოდა წევრი რომელიმე საიდუმლო საზოგადოებისა, არამედ თითოეულ ცალკეულ შემთხვევაშიც, უახლესი უფროსების ნებართვის გარეშე, არ შევიდოდა წევრად კანონით დაშვებულ საზოგადოებაში. ამ ხელწერილით გამოდიოდა, რომ ივანე ჯავახიშვილს მონაწილეობა არ უნდა მიეღო პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს საქმიანობაში, თუმცა პეტერბურგში ჩასვლისთანავე იგი ამ სათვისტომოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პირი ხდება.

იმ დროს ქართველი სტუდენტობა მწვავე გულისტკივილითა და მოძმის თანაგრძნობით გამოეხმაურა ბერძენთა გამათავისუფლებელ ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ. ბევრი მათგანი მზად იყო კიდეც, მოხალისედ ჩაწერილიყო ბერძენთა არმიაში და სიცოცხლე შეეწირა მისი გათავისუფლებისათვის. ქართველ სტუდენტობას კარგად ახსოვდა, რომ საქართველოშიც საზოგადოებრივი აზრი ასევე თანაგრძნობით იყო განწყობილი, მათ შორის ილია ჭავჭავაძეც, რომელიც თავის პოზიციას „ივერიაში“ გამოხატავდა. 1897 წელს საბერძნეთსა და ოსმალეთს შორის ომი ატყდა სწორედ კრეტის თაობაზე. პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომო, გამოხატავდა რა სრულ მხარდაჭერას ბერძენთა მიმართ, გადაწყვეტს, დელეგაცია გაგზავნოს საბერძნეთის საელჩოში. ელჩი მათ ურჩევს, რომ დეპეშას თვითონ ნუ გაგზავნიან: ეს თქვენთვის სახიფათოაო. ამ განზრახვის გამო ქართველი სტუდენტები წერილით მიმართავენ ილია ჭავჭავაძესა და გიორგი წერეთელს, რომელთაც რჩევას თხოვენ – თუ რა მოსაზრებით იხელმძღვანელონ საკითხის გადაწყვეტის დროს.

ილია ჭავჭავაძემ დიდ პირად პატივად მიიჩნია სტუდენტთა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცნენ ისინი. ილია გულწრფელად აღიარებს, რომ ამ წერილმა ორ ცეცხლს შუა დააყენა იგი. ძნელია,  – აღიარებდა ილია,  – ამ პატიოსან გულთაძვრას ცივი ანგარიში დაუყენო წინ, მაგრამ გულახდილი პასუხის გაცემას აუცილებლად თვლის: ,,ბერძნებს თქვენი თანაგრძნობა, რასაკვირველია, ეამებათ, მაგრამ ბევრს არას არგებს, თქვენ კი შეიძლება, დიდ ხიფათში ჩაიგდოთ თავი. ნუ მიწყენთ, რომ მოგახსენოთ ჩემით კი არა, ჩემისა და თქვენის ქვეყნის სახელით: სასწავლებლად წასულხართ, ისწავლეთ, ცოდნა შეიძინეთ, ჯერ ხანად ნურც აქეთ გადაიხედავთ, ნურც იქეთ, მარტო სწავლა-ცოდნას შეალიეთ თქვენი დღენი და ამ ორის უძლიერესის ფარ-ხმალით მოდით, ეპატრონეთ თქვენდა მოსავს ქვეყანასა, რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არა აქვს რა და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან  ხსნასა და ბედნიერებას. ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონება-გახსნილი, გულ-განათლებული კაცები არა ჰყავს. აი, თქვენი თავი რად გვიღირს ასე ძვირად, და სიძუნწეში ნურვინ ჩამოგვართმევს, რომ სხვისთვის არც ერთს თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ ვიმეტებთ: თქვენ თქვენის ქვეყნისათვის ხართ საჭირონი. …თქვენ რომ თქვენი პირდაპირი საქმე არ შეგასრულებინონ და ამის გამო შესაფერის სწავლა-ცოდნით და განათლებით არ მოუხვიდეთ თქვენს ქვეყანას, ვისისღა იმედზე დარჩეს? …უთქვენობა რომ ძვირად არ უჯდებოდეს ქვეყანას, არ ამოგიფრთხობდით გულიდგან მაგ პატიოსან გულთათქმას. შიში განსაცდელისა აქ საბუთია და სამართლიანი. გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერი, „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“, – ეს პასუხი ილია ჭავჭავაძისა, 5 აპრილის რიცხვით დაწერილი, ივანე ჯავახიშვილს პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარემ გააცნო.

ივანე ჯავახიშვილს შემდგომ, საქართველოს ისტორიის კვლევისას, მრავალჯერ აღუნუსხავს ის ზიანი, რაც შიშველ ძალგულოვნებას, სამშობლოს სიყვარულით დაუფიქრებელ, თუნდაც ვაჟკაცურ სიკვდილს ქვეყნისათვის ზიანიც მოუტანია, მაშინ, როცა შეიძლებოდა მოწინააღმდეგისაგან გაცლა, ძალების შენარჩუნება და ქვეყნის მცხოვრებთა დიდი მასის სიცოცხლის გადარჩენა უკეთესი მომენტის ლოდინში.

სინას მთაზე აღმოჩენილი 180-მდე ხელნაწერი და ნიკო მარის მიერ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ხელახალი მიგნების მნიშვნელობა

ივანე ჯავახიშვილმა ბერლინშივე მწვავედ იგრძნო ძველ საქრისტიანო ცენტრებში გაფანტული ქართული ხელნაწერების მეცნიერული შესწავლის აუცილებლობა. ამ ოცნებაზე იგი ბერლინიდან უზიარებდა თავის აზრებს ნიკო მარს. კითხვაც შეიძლება წამოიჭრას, რატომ სწორედ სინას მთით იწყებოდა ექსპედიცია?

საქართველოს გარეთ ყველაზე მეტი ქართული ხელნაწერი თავს იყრის სწორედ სინას მთაზე. სინას ყველაზე მაღალი ეკატერინეს მთის კალთებზე, 1528 მეტრის სიმაღლეზე, მდებარეობს წმინდა ეკატერინეს ეკლესია. ძველი საქართველოს მეფეები თავიანთ სიძლიერეს სინას მთის ამ ქართულ კოლონიაზე გაზრდილი ზრუნვით პასუხობენ. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს (ქართველი ერის ისტორია, ტ. II), დავით აღმაშენებელმა სინას მთის ის მწვერვალიც დაიკავა, სადაც, ებრაელთა გადმოცემით, ვითომ ღმერთი მოსე წინასწარმეტყველს ესაუბრებოდა – მისცა მათ ათი მცნება. სინას ნახევარკუნძულის ამ უმაღლეს მწვერვალზე მან საუცხოო ქართული ეკლესია ააგებინა და ქართული წირვა-ლოცვითურთ მოაწყო. რასაკვირველია, დავით აღმაშენებელი ამას ქრისტიანობის ზედმეტი სიყვარულისათვის როდი აკეთებდა. როგორც ივანე ჯავახიშვილი შენიშნავს, „ყველა ამას და ამის მსგავსს, რა თქმა უნდა, მარტო წმინდა სარწმუნოებრივი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არამედ ამავე დროს ეს მთელ მახლობელ აღმოსავლეთში და დასავლეთის ქრისტიან ხალხთა შორის საქართველოს პოლიტიკურ სახელგანთქმულობასაც უწყობდა ხელს“.

სინას მთაზე ექსპედიციისას ნიკო მარმა და ივანე ჯავახიშვილმა ქართული ხელნაწერები ორ თანაბარ ნაწილად გაიყვეს: პირველ ნაწილს ივანე ჯავახიშვილი სწავლობდა, მეორეს – ნიკო მარი. დღეები დღეებს მისდევდა. წინაპართა ნაფიქრ-ნააზრევის ახალი ფურცლები იშლებოდა. ყველაზე დიდი სიხარულის განცდა წინ იყო. ჯერჯერობით ვერ მიაგნეს 864 წლის სინურ მრავალთავს, რომელიც პირველად ალ. ცაგარელმა აღწერა. და სწორედ ამ ხელნაწერის ხელახალი მიგნება ივანე ჯავახიშვილს ჰხვდა წილად, ვინაიდან სწორედ მას ერგო აღსაწერად ეს უძველესი ხელნაწერი. აღტაცებული მოწაფე არა მარტო ზეიმით ამცნობს მასწავლებელს  ამ  დღემდე  უძველეს ქართულ თარიღიან ხელნაწერს, არამედ უთმობს კიდეც მას აღსაწერად. ნიკო მარი დიდად მადლიერია მოწაფის ამ გადაწყვეტილებისა, რომელიც სინაზე გამგზავრების მთავარ მიზნად სწორედ ამ ხელნაწერის გაცნობას სახავდა.

. . .

„ივერია“ 1902 წლის 10 სექტემბრის ნომერში წერდა: „ამ დღეებში დაბრუნდა სინას მონასტრითგან ბ-ნი ჯავახიშვილი, რომელიც პროფესორ ნ. მართან ერთად იკვლევდა იქაურ ქართულ ხელნაწერებს. ხუთი თვეა, რაც ეს ორი სწავლულნი წასულნი იყვნენ ამ საქმეზედ. ორი თვე გზას მოუნდნენ. სამ თვეს იკვლევდნენ ხელნაწერებს. სულ 180-მდე ხელნაწერი აღმოჩნდა იქ. მათ შორის ძალიან საყურადღებო არიან თურმე ეტრატზედ ნაწერნი. კატალოგი დაიბეჭდება ამ ერთი წლის განმავლობაში და გამოვა 500-600 გვერდიანი წიგნი“.

„ივერიის“ ცნობა ივანე ჯავახიშვილთან ინტერვიუს შედეგი უნდა იყოს. როგორც ჩანს, მასწავლებელსა და მოწაფეს მოფიქრებული ჰქონიათ – ერთობლივად გამოეცათ სინას მთის ქართული ხელნაწერების აღწერილობა ერთი წლის განმავლობაში. ამ განზრახვას განხორციელება არ ეწერა, მეტიც, ვერცერთი მკვლევარი ვერ მოესწრო სიცოცხლეში ხელნაწერების, მათი აღწერილობის სტამბურად დაბეჭდვას. ეს კია, რომ თვითონ მათ და სხვა დაინტერესებულ პირთ სრული საშუალება ჰქონდათ – ესარგებლათ თავიანთ ნაშრომებში ამ ხელნაწერებით. ნაწილი ხელნაწერებისა მათ თავიანთ მოწაფეებს დაუთმეს გამოსაქვეყნებლად. მარისეული აღწერა სინას მთის ხელნაწერებისა 1940 წელს გამოსცა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ, ხოლო ჯავახიშვილისეული აღწერა – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის რედაქტორობით.

თვით რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურები აღიარებენ ამ ექსპედიციის შედეგებს იმით, რომ პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში ხსნიან „ბერძნულ-აღმოსავლური ეკლესიის ისტორიის კათედრას (ქართული ეკლესიის ისტორიასთან ერთად)“. ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა ამ მეცნიერულ ექსპედიციას. უძველესი ქრისტიანული მწერლობის კორიფე ა. ჰარნაკი – აღფრთოვანებული ნიკო მარის მეთავეობით განხორციელებული ექსპედიციის შედეგებით, წერდა: „ამ ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ უძველეს ხალხთა უდიდეს ბერძნულ-ქრისტიანულ ოჯახს ეკუთვნიან ქართველებიც. გამოჩნდებიან განა ჩვენში ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც შეძლებენ შეისწავლონ ენა, მწერლობა და ისტორია ამ ხალხისა, რომელსაც თავისი ძველი კულტურით ძმური ნათესაობა ჰქონდა ჩვენთან და ახლოს გაგვაცნონ მისი საუნჯე“?

ქართული ქრისტიანული მწერლობის შესწავლას უაღრესი მნიშვნელობა ენიჭება მთლიანად საქრისტიანო აზროვნების ისტორიისათვის. ნიკო მარმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ხელახალი მიგნებითა და გამოცემით უდიდესი სამსახური გაუწია მთელ ქართულ კულტურას. ნიკო მარის ფუნდამენტურმა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ“ აღტაცებაში მოიყვანა სპეციალისტები. ერთი წლის შემდეგ, 1912 წელს, იგი ხომ რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრი ხდება. ივანე ჯავახიშვილი ყველგან და ყოველთვის უსაზღვრო აღტაცებას გამოთქვამდა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ამ გამოცემით და მიაჩნდა იგი ნიკო მარის წარუხოცელ დამსახურებად ქართველი ხალხის წინაშე. მთლიანად უნდა დავეთანხმოთ ექვთიმე თაყაიშვილის სიტყვებს: „ნიკო მარს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მეტი რომ არაფერი გაეკეთებინა ქართული კულტურის ისტორიისათვის (მაგრამ რამდენი კიდევ სხვა გააკეთა), ისიც კმაროდა, რათა მუდამ მისი მადლიერი ვყოფილიყავით“. ასე რომ, სინას სამეცნიერო ექსპედიციამ არა მარტო დიდება მოუტანა მის წევრებს, არამედ ქართველი ხალხის მეხსიერებაში სამუდამოდ ერთად აღბეჭდა ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის სახეები. ამ ექსპედიციამ, ელ. მეტრეველის სწორი სიტყვებით, დიდი როლი შეასრულა აგრეთვე ევროპელი ორიენტალისტების ჩამოშორებაში ევროპოცენტრიზმის პრინციპებიდან და ქართველოლოგიის ღრმა შესწავლის საერთაშორისო მნიშვნელობა აჩვენა.

რა მიზნით და როგორ ასაბუთებდა ივანე ჯავახიშვილი იმას, რომ საეკლესიო რეფორმის პროცესი საქართველოში უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპის ქვეყნებში

პირი, რომელსაც პეტერბურგის უნივერსიტეტში პრივატდოცენტად გახდომა სურდა, ფაკულტეტს მიმართავდა განცხადებით. მასში უნდა აღენიშნა, რომელ საგანში აპირებდა იგი მომავალში ლექციების კითხვას. ივანე ჯავახიშვილი თავის განცხადებაში ასახელებს სომხურ-ქართული სიტყვიერების კათედრას, სადაც იგი მომავალში აპირებს სხვადასხვა სპეცკურსის წაკითხვას. პირველი ლექციის თემა თვითონ მან შეარჩია: „ქართული ეკლესიის რეფორმა XI საუკუნეში“.

ივანე ჯავახიშვილი პირველ ლექციაში არსებული საეკლესიო წყობის კრიტიკით წარმოგვიჩენს XI საუკუნის საქართველოს სოციალურ ურთიერთობათა წინააღმდეგობებს. ჯერ კიდევ XI საუკუნის საეკლესიო რეფორმის ჩვენებით ავტორი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს პროცესი საქართველოში უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. ამით უარყოფილია შეხედულება აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესიის უძრაობის შესახებ. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ ნაჩვენები იქნეს იმდროინდელ საქართველოში მაღალი დონე აგიოგრაფიული ლიტერატურისა, ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნებისა. აქ ლექტორს სრული საშუალება ეძლევა – გამოამჟღავნოს თავისი ცოდნა. ლექციის მთავარი ძარღვი გიორგი მთაწმიდელის მოღვაწეობის ფონზე იშლება. ქართულად ეს ლექცია დამოუკიდებელი სახით არ დაბეჭდილა. მისი ცალკეული დებულებები და ნაწილები შემდგომ შევიდა „ქართული საისტორიო მწერლობისა“ და „ქართველი ერის ისტორიის“ II ტომში. რუსულად პირველი საცდელი ლექციის ძირითადი ტექსტი დაიბეჭდა „სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალის“ 1904 წლის თებერვლის ნომერში, სახელწოდებით: „საეკლესიო რეფორმის ისტორიისათვის ძველს საქართველოში, გიორგი ათონელი“.

ივანე ჯავახიშვილი იწყებს იმ შეხედულებათა კრიტიკით, რომ, თითქოს, მას შემდეგ, რაც გაძლიერდა აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია, მან მიიღო სტერეოტიპული ფორმები და გაქვავდა, ევროპაში კი შეუწყვეტლად მიმდინარეობდა ბრძოლა საეკლესიო რეფორმისათვის. გავრცელებულია აზრი, რომ ეკლესია ითვისებდა შუასაუკუნეობრივი ფეოდალური ინსტიტუტის ფორმას და ხდებოდა არისტოკრატიული დაწესებულება. ამ შეხედულების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ მეტად სუსტადაა შესწავლილი აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, კერძოდ, ქართული, სომხური და სირიული ეკლესიებისა. ამ ეკლესიათა ისტორიის ამსახველი პირველწყაროების გაცნობა წარმოგვიჩენს აღმოსავლეთში რელიგიურ-ზნეობრივი იდეალებისათვის, სასულიერო იერარქიის რეფორმისა და ეკლესიის დემოკრატიზაციისათვის ბრძოლის სურათს. საქართველოში მსგავსი რეფორმაციული მოძრაობის სურათს წარმოგვიდგენს თავის ლექციაში ივანე ჯავახიშვილი.

ქართული ეკლესია, ისე როგორც სომხური, თავისი არსებობის ძველ პერიოდში თავისი მკაცრად განსაზღვრული წოდებრივი წყობით უფრო რომაულ ეკლესიას ჰგავდა, ვიდრე ბიზანტიურს. მღვდლიდან დაწყებული – ეპისკოპოსითა და კათალიკოსით დამთავრებული, ყველა არისტოკრატიას ეკუთვნოდა. მხოლოდ აზნაურული წარმოშობის პირთ შეეძლოთ ეოცნებათ სასულიერო მოღვაწეობაზე. ასე იყო VII საუკუნიდან XI საუკუნემდე. ეკლესიის მსახურთა ამგვარ არისტოკრატიულ წარმომავლობას ის მოჰყვა შედეგად, რომ მათ თავიანთი იერარქიული ცნებები და ჩვევები გადაჰქონდათ საეკლესიო ურთიერთობაზე. მეტიც, როგორც სასულიერო იერარქებს, მათ თავიანთი საეკლესიო ქონება და ციხეები ჰქონდათ, თავიანთი შეიარაღებული პირებიც ჰყავდათ, რომელთა გამოყვანა შეეძლოთ მტრობის დროს. ერთი სიტყვით, მათ არა მარტო სასულიერო, არამედ საერო ხელისუფლებაც ჰქონდათ. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ საქმეებში და იმყოფებოდნენ იმ ფეოდალებს შორის, რომლებიც მეფეს ებრძოდნენ, ანდა მონარქიის მომხრენი იყვნენ. ივანე ჯავახიშვილს ამ დებულებათა დამახასიათებელი ისტორიული ფაქტები მოჰყავს. ამ გადაგვარების წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა მეთერთმეტე საუკუნეში სახელგანთქმულმა ქართველმა ფილოლოგმა, მრავალრიცხოვანი ფუძემდებლური შრომების ავტორმა, ქართული და ბერძნული ენების უბადლო მცოდნემ – გიორგი ათონელმა, რომელსაც უფრო ხშირად მთაწმიდელს უწოდებენ. ივანე ჯავახიშვილის ლექცია გიორგი ათონელის (მთაწმიდლის) მოღვაწეობის ყველაზე ნაკლებად შესწავლილ ასპექტს – ამ გამოჩენილი პიროვნების რეფორმისტულ მოღვაწეობას ეძღვნება. ეკლესიის დემოკრატიზაციის ეს ნაბიჯები დიდად უსწრებს ევროპაში ეკლესიის დემოკრატიზაციისათვის ბრძოლას, რომელიც მხოლოდ XIII საუკუნეში იწყება. ხუთ წელს აწარმოებდა ამ ბრძოლას გიორგი ათონელი საქართველოში. ეჭვი არ არის, მას იოლად არ ჩაუვლიდა ეს საქმე. იგი ქვეყანაში გავლენიანი ფენებიდან ბევრ მტერს იძენდა. ამით უნდა აიხსნას მისი წასვლა საქართველოდან. მას თავისი თანამდებობით არ შეეძლო დაწყებული რეფორმის დამთავრება. უღირს მღვდელთმსახურთა გადაყენება მხოლოდ საქართველოს საეკლესიო კრებას შეეძლო. ამგვარი საეკლესიო კრების მოსაწვევად ნიადაგი მაშინ მომზადებული არ ყოფილა. ეს მოხერხდა ნახევარი საუკუნის შემდგომ, როცა დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება მოიწვია. გიორგი მთაწმიდელმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში საეკლესიო რეფორმის ჩატარებას.

რით დაუპირისპირდა ივანე ჯავახიშვილი დასავლეთის მხრიდან აღმოსავლეთის ათვალისწუნების ჰიპოთეზას

ივანე ჯავახიშვილი მგზნებარედ ილაშქრებს ევროპოცენტრიზმის ცალკერძოების წინააღმდეგ, სწორედ იმის გამო, რომ მას მსოფლიო ცივილიზაციის წინსვლაში სხვა ხალხების ისტორიული როლის დამცირება აქვს მიზნად დასახული და მარტოოდენ ევროპა ჰყავს წარმოდგენილი ზოგადსაკაცობრიო იდეალის მატარებლად. ივანე ჯავახიშვილი პირველი არ იყო, ვინც წინ აღუდგა და აქარწყლებდა ამ დაუსაბუთებელ ჰიპოთეზას. უკვე ცნობილ არგუმენტებთან ერთად, იგი აყენებს ახალ არგუმენტებს. აღმოსავლეთის მიმართ დასავლეთის ავტორების მედიდურ შეხედულებას იგი აბათილებს უპირატესად საქართველოსა და სომხეთის ისტორიის ფაქტებითა და მოვლენებით. ივანე ჯავახიშვილი იწყებს იმის აღნიშვნით, რომ ეს შეხედულება აღმოსავლეთზე არ შეიძლება დამაჯერებელი იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ აღმოსავლეთის და მისი ისტორიის შესწავლა, არსებითად, ეს-ეს არის იწყება. ,,დღემდე,  – ამბობდა ივანე ჯავახიშვილი, – ისტორიის ფილოსოფია ვერ ასრულებს თავის მოვალეობას აღმოსავლეთის მიმართ. აღმოსავლეთის ასე უყურადღებოდ დატოვებისა და აბუჩად აგდების მიზეზი, ერთი მხრივ, ის არის, რომ აღმოსავლეთის ისტორია ჯერჯერობით ხეირიანად არ არის შესწავლილი, მეორე მხრივ, და განსაკუთრებით, ის გარემოება, რომ იმ მეცნიერებს, რომელნიც მსოფლიო ისტორიისა და ისტორიის ფილოსოფიის შესახებ თხზულებებს წერენ, თითქმის ყველას დასავლეთის ხალხთა წარსული აქვთ ხოლმე სპეციალურად შესწავლილი. ევროპის ხალხთა ისტორიის კვლევით გატაცებული და გათამამებული ეს მეცნიერები ეჭვის თვალით უცქერენ, ათვალისწუნებული ჰყავთ აღმოსავლეთი: მარტო აზიის ხალხების წარსულს კი არა, თვით იმ ევროპის ხალხების ისტორიასაც, რომელნიც დასავლეთის კულტურას მოწყვეტილნი იყვნენ, ამგვარი ეჭვის თვალით უცქეროდნენ. ამ ცამეტი წლის წინათ გერმანელი მეცნიერები იძულებულნი გახდნენ, დაემტკიცებინათ სხვა კოლეგებისათვის, რომ ბიზანტინოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას, აქვს უფლება არსებობისა“.

ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთის რომელიმე ხალხის ისტორიის გულდასმით შესწავლა ნამდვილად მოგვცემს საშუალებას – უარვყოთ მცდარი ჰიპოთეზა აღმოსავლეთის შესახებ. გასაგებია, რომ ივანე ჯავახიშვილი თავის საცდელ ლექციაში მხოლოდ საქართველოს და სომხეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებს ეხება ისე, რომ „დეტალებსა და გამოწვლილვას“ არ გამოჰკიდებია და ამ ორი ხალხის ისტორიის მონაცემებით აბათილებს სიყალბეს აღმოსავლური უძრაობისა და ჩამორჩენილობისას. ივანე ჯავახიშვილამდე საქართველოს მთელ ისტორიაში არ ყოფილა სხვა მკვლევარი, რომელსაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ისტორიის, ისტორიის ფილოსოფიის ღრმა ცოდნით შეძლებოდა წარმოედგინა საქართველოს ადგილი და როლი მთლიანად, მსოფლიო ისტორიის ჭრილში.

ივანე ჯავახიშვილისთვის სრულებით რ იყო მოულოდნელი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის სანიმუშო დისციპლინა და ორგანიზებული მოქმედება

ქართველი ხალხი უდიდესი ეროვნული ენერგიით მონაწილეობდა XX საუკუნის ყველაზე მასშტაბურ პირველ სახალხო რევოლუციაში – 1905-1907 წლების რუსეთის რევოლუციაში – კლასობრივი ბრძოლის ამ გიგანტურ აფეთქებაში. ივანე ჯავახიშვილის ამ პერიოდის გამოკვლევები, იმის მიუხედავად, რომელი საუკუნის ისტორიულ მოვლენებს ასახავენ ისინი, რევოლუციის გამაცოცხლებელი და გამწმენდი სიოთი სუნთქავენ. ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი ნაშრომთაგანი – რუსეთის პირველი რევოლუციის დროს დაწერილი – ეს არის 1906 წელს პეტერბურგში რუსულად გამოქვეყნებული გამოკვლევა „პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა XIX საუკუნის საქართველოში“. იგი დაიბეჭდა გამომცემლობა „საქართველოს“ მიერ. ავტორი ყველგან ისწრაფვის, XIX საუკუნის სოციალური და პოლიტიკური მოძრაობის ის შედეგები წარმოგვიჩინოს, რომელთაც XX საუკუნის დასაწყისში მოჰყვა საქართველოს მოქცევა საერთო რუსული რევოლუციური მოძრაობის ავანგარდში. XX საუკუნის საქართველოს გლეხთა რევოლუციურ გამოსვლებში ივანე ჯავახიშვილი ეროვნული სტიქიონის გამოვლინებასაც ხედავს. ივანე ჯავახიშვილი ნარკვევს იწყებს იმით, რომ საქართველოში გაშლილ რევოლუციურ მოძრაობას განიხილავს როგორც საქართველოს ცხოვრების ბუნებრივ-ისტორიული პროცესის შედეგს. იგი აღნიშნავს, რომ: „უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც მძლავრი სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში რუსეთის საზოგადოებრივ ყურადღებას იქცევს. უმეტესობას, თუ ყველას არა, ეს ეჩვენება მოულოდნელობად, უცაბედად აღმოცენებულ მოძრაობად და ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლებოდა გამომუშავებულიყო ის ერთსულოვნება, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიჩინა სოციალურ მოძრაობაში, საიდან მოვიდა ის სანიმუშო დისციპლინა და ორგანიზებული მოქმედება, რომლებიც ასე მკაფიოდ განასხვავებენ თავისი კულტურით ქართულ მოძრაობას რუსეთის სხვა მხარეების მისივე თანამედროვე მოძრაობისაგან“. ივანე ჯავახიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ სრულებითაც არ არის მოულოდნელი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის სანიმუშო დისციპლინა და ორგანიზებული მოქმედება. მაგრამ, თუ ეს არ არის საყოველთაოდ ცნობილი, ეს იმიტომ, რომ „უკანასკნელ დრომდე რუსულ ენაზე არ არსებობს ყველაზე მოკლე მიმოხილვაც კი XIX საუკუნის საქართველოში მოძრაობის ისტორიიდან“. სწორედ ამ ხარვეზების შევსების მიზანს ისახავს ივანე ჯავახიშვილის ეს ნარკვევი. მთელი ნარკვევი ოფიციალურ დოკუმენტებს, გამოკვლევებსა და უკვე გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა.

პირველი წყენის საბაბი ივანე ჯავახიშვილსა და ნიკო მარს შორის

პირველად 1905 წლის იანვარში იჩინა თავი ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის შეხედულებათა სხვაობამ ე.წ. აკადემიური თავისუფლების საკითხში. აი, როგორ მოხდა ეს: გიგანტური რევოლუციური ძვრების ტალღები საზოგადოების ყველა ფენას შეეხო. 1905 წლის 20 იანვარს გაზეთში „ნაშა ჟიზნ“ გამოჩენილი რუსი აკადემიკოსები ხელს აწერდნენ წერილს, რომელშიც საქვეყნოდ აცხადებდნენ, რომ: „ხალხის განათლების დარგში მთავრობის პოლიტიკა განმსჭვალულია უპირატესად პოლიციური ხასიათის თვალსაზრისით, წარმოადგენს მისი განვითარების მუხრუჭს, იგი აჩერებს ხალხის სულიერ ზრდას და სახელმწიფო დაკნინებამდე მიჰყავსო“. პატრიოტი მეცნიერები არ უმალავდნენ ხალხს სიმართლეს. მათ სრულიადაც არ ეშინოდათ, რომ ამით აშკარად არღვევდნენ აკადემიის გაქვავებული წესდების მოთხოვნებს. ამ წერილს, სხვა პრივატდოცენტებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილიც შეუერთდა. ამის გამო, 1905 წლის 25 იანვარს, ნიკო მარი წყენით სწერს: „ღრმად პატივცემულო ივანე ალექსანდრეს ძევ, უკანასკნელ ხანს, თითქმის ნახევარი წელია, მე ვამჩნევდი, რომ ჩვენი მეცნიერული კავშირურთიერთობა რაღაცათი წყდებოდა, ჩემთვის უხილავი დენით. უკანასკნელმა საუბარმა მე ნაწილობრივ გამარკვია თქვენი გულის აყრის წყაროზე ჩვენი მეცნიერული ურთიერთობის მიმართ. თქვენი განცხადება – გაზეთში „ნაში დნი“  – საბოლოოდ ჩემთვის სავსებით ნათელს ხდის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია – გულწრფელად ვიაროთ ერთი და იმავე მეცნიერული გზით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ხელიხელ ჩაკიდებული და ადრინდელ ახლო თანამშრომლობით ვიაროთ, როცა მეცნიერული და პოლიტიკური ინტერესების თანაფარდობა დიამეტრალურად სხვადასხვანაირად გვესმის, ჩემი ღრმა რწმენაა, რომ მეცნიერ პროფესორის მონაწილეობა პარტიულ-პოლიტიკურ ბრძოლაში საფრთხეს უქმნის მეცნიერების აკადემიურ თავისუფლებას ყველაზე მძიმე მორალური შედეგებით“.

ივანე ჯავახიშვილი არათუ არ ეთანხმება ნიკო მარს, ნებასაც არ აძლევს, ჩაერიოს მისი პიროვნების იმ შეხედულებებში, რომლებიც სრულიადაც არ ეხება მეცნიერულ ხელმძღვანელობას. 1905 წლის 26 იანვარს იგი სწერს ნიკო მარს: „მხოლოდ წმინდა სინდისით შემიძლია ვთქვა, რომ გულში არასდროს არ ვგრძნობდი თქვენთან მეცნიერულ კავშირურთიერთობაზე გულაცრუებას. ჩემთვის რასაკვირველია, ცნობილი არ იყო, რას ფიქრობდით და გრძნობდით თქვენ. ჩემი პოლიტიკური მიმართულება და მიზნები, მე მგონია, თქვენთვის ცნობილი იყო ადრეც, წინანდელი ჩვენი საუბრებიდან. ყოველ შემთხვევაში მე არასდროს არ შემეძლო ფიქრადაც მომსვლოდა, რომ მოთხოვნა ერთობლივი მეცნიერული მუშაობის შესაძლებლობისა იმისათვის, რომ ხელიხელ ჩაკიდებული ვიაროთ ერთი და იმავე მეცნიერული გზით, შეიძლება ისე შორს წასულიყო, რომ მე აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ჩემი პოლიტიკური და მორალური რწმენის ნიველირება და შეთანხმება თქვენ რწმენასთან“. ივანე ჯავახიშვილი თვლის, რომ გაზეთში გამოქვეყნებული წერილი „მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულებაა, ვინაიდან სახელმწიფოს ცხოვრების მსგავსს მომენტში, ყოველი მოქალაქის ვალია – ასეთია ჩემი ღრმა რწმენა – გამოვთქვა განსაზღვრულად ამა თუ იმ მხარის მიმართ დამოკიდებულება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი ქცევა ყველაზე ნაკლებად ემუქრება „აკადემიურ თავისუფლებას“, რომელიც ფაქტიურად, ცნობილია, არ არსებობს“.

უარყოფს რა მეცნიერისათვის შეუფერებელ „დუმილის თავისუფლებას“, ივანე ჯავახიშვილი ასე თანამიმდევრულად იცავს მეცნიერ ხელმძღვანელისაგან დამოუკიდებელი შეხედულების გამოთქმის უფლებას. სიმართლე მის მხარეზე იყო. ამასთან, ივანე ჯავახიშვილმა დაადასტურა, რომ ამ თავისუფალი რუსეთის დემოკრატიული ინტელიგენციის წარმომადგენელთა შორის ყოფნაში ხედავს თავის მოწოდებას და მომავალ თავისუფალ სამშობლოს.

ივანე ჯავახიშვილს ზაქარია ფალიაშვილმა მიუძღვნა ილია ჭავჭავაძის სიტყვებზე დაწერილი რომანსი  – „ნანა შვილო, ნანინავ“

1909 წლის ზაფხულში ივანე ჯავახიშვილს ხოვლეში მიჰყავს ზაქარია ფალიაშვილი, სადაც იგი ფონოგრაფზე იწერს ქართულ ხალხურ სიმღერებს ძმები კავსაძეების გუნდის შესრულებით. სიმღერათა შერჩევასა და მათი შესრულების სიზუსტეს ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. ხოვლედან,  სადაც ზაქარიამ ერთი კვირა დაჰყო, იგი ქართლის სხვა სოფლებში გაემგზავრა. იმ დროს ჩაიწერა ზაქარია ფალიაშვილმა „ქართული“ აბესალომ და ეთერისათვის, რომელსაც შინაურებში ხუმრობით ივანეს „ქართულს“ უწოდებდა.

მარტო მომღერალთა შეკრებით, სიმღერათა შესრულების სიზუსტეზე ზედამხედველობით, სოფელ-სოფელ მოგზაურობაზე თანამყოფობით როდი ამოიწურებოდა ივანე ჯავახიშვილის მხრივ მხარდაჭერა. მთავარი ის იყო, რომ ივანე ჯავახიშვილი მისთვის ჩვეული დარწმუნების განსაკუთრებული უნარით შთააგონებდა ზაქარია ფალიაშილს, რომ იგი ქართველი ხალხის წინაშე უკვდავ საქმეს აკეთებდა, ამასთან, მეტად საშურ საქმეს, რომელსაც დრო და უცხო გავლენა სდევნიდა და ამახინჯებდა. ყველაფერ ამას ივანე ჯავახიშვილი პატრიოტული შეგონებით კი არ აკეთებდა მხოლოდ, არამედ ქართული ხალხური სიმღერების მთელი უძველესი ისტორიის უღრმესი ცოდნით. ეს კი ყველაზე მეტად თვით ზაქარია ფალიაშვილის მიერ შეკრებილ სიმღერათა კრებულის წინასიტყვაობაშივე ჩანს. ჩვენ არ დაგვრჩა (ყოველ შემთხვევაში, ვერ მოვიპოვეთ) ივანე ჯავახიშვილის წერილები ფალიაშვილისადმი, მაგრამ ის, თუ რა გავლენა ჰქონდა ივანე ჯავახიშვილს პირველ ქართველ კომპოზიტორზე, ეს ყველაზე კარგად ჩანს თვითონ ზაქარია ფალიაშვილის წერილებში, რომლებიც ივანე ჯავახიშვილისადმია მიწერილი. ჩვენ მხოლოდ ნაწყვეტებს მოვიყვანთ ამ წერილებიდან. ისინი ყველაზე სანდო პირველი წყაროებია იმის დასადასტურებლად, თუ რა როლი შეასრულა ყველაზე დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა ყველაზე დიდი ქართველი კომპოზიტორის შემოქმედებით აღსვლაში. 1908 წლის 16 დეკემბერს თბილისიდან გაგზავნილ წერილში ფალიაშვილი აღწერს ილია ჭავჭავაძის დაღუპვის წლისთავის საღამოს მუსიკალურ განყოფილებას და წუხილით წერს: „ძალიან გულით მინდოდა, რომ თქვენ აქ ყოფილიყავით და მოგესმინათ ეს სიმღერები, რადგანაც ჩვენში მათი კარგისა თუ ავის აზრის გამომთქმელად მე თქვენ უფრო გაფასებთ, ვიდრემც „დიპლომიანებს“, ანუ ჩვენ ქართველ მუსიკოსებს“. იგი აცნობებს ივანე ჯავახიშვილს, რომ აკაკის იუბილეზე 1908 წლის დეკემბერში მან დაწერა „მრავალჟამიერი“, რომლის ნოტებს უგზავნის მას. ეს მრავალჟამიერი მეტად სადღესასწაულო გამოსულა. მას მოუთმენლად აინტერესებს ივანე ჯავახიშვილის აზრი: „ეს არის ჩემი პირველი ცდა ქართული მუსიკის შეთხზვაში. აქობამდე მარტო სახალხო სიმღერების შემატების ცდაში ვიყავ. და ეხლა კი გავბედე შეთხზვა და ვგონებ, რომ ნახავთ და გადაათვალიერებთ, ქართული ელფერი მეტად დაცული უნდა იყოს… გთხოვთ გადაათვალიეროთ ეს „მრავალჟამიერი“ და თქვენი აზრი დროზე მაცნობეთ“.

ნიშანდობლივია, რომ ივანე ჯავახიშვილს ზაქარია ფალიაშვილმა მიუძღვნა ილია ჭავჭავაძის სიტყვებზე დაწერილი რომანსი „ნანა შვილო, ნანინავ“. ივანე ჯავახიშვილი მეტად აღფრთოვანებულა ამ მიძღვნით. საპასუხოდ, ზაქარია ფალიაშვილი 1911 წლის 29 იანვარს მას სწერდა: „რაც შეეხება „ნანა, შვილოს“, რომელიც მე თქვენ გიძღვენით, სრულიად მადლობად არა ღირს და მერწმუნეთ, თქვენ, როგორც ერთადერთი გულწრფელი მოტრფიალე ქართული ხელოვნებისა, ბევრად მეტის ღირსი ხართ“. ზაქარია ფალიაშვილის ეს სიტყვები საუკეთესოდ წარმოგვიდგენენ ივანე ჯავახიშვილის წვლილს ქართული მუსიკალური კულტურის აყვავებაშიც.

Facebook
Twitter
LinkedIn