ახალი ფილმის აქცენტი: ,,დიდმა ივანემ ლეგენდას ლეგენდა უწოდა და ფაქტებით დაადასტურა  ყველაფერი მასში, რაც კი შეუქმნია“

თარიღი: 2026-05-01 19:08:22

,,გაივლის წლები და შინაპატიმრობაში მყოფი, ფანჯარასთან მდგომი ივანე ჯავახიშვილი იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, როცა პეტერბურგში, ლახტინის ქუჩის სახლში ქართველები შეკრიბა და ჩუმად გაუზიარა თავისი გულის წადილი – საქართველოში უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო”, – ამ ფრაზით იწყება დოკუმენტური ფილმი ,,ივანე ჯავახიშვილი – 150”, რომლის პრემიერაც საუბილეო კვირეულის ფარგლებში თსუ-ს სააქტო დარბაზში გაიმართა. ფილმი, უნივერსიტეტის დამფუძნებლის სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, მის პირად ცხოვრებასა და აქამდე ნაკლებად ცნობილ დეტალებს ასახავს.

როგორც ფილმის ავტორი, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე იხსენებს, პროექტის იდეა თსუ-ს რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ეკუთვნის. სამუშაო პროცესში კი აქტიურად იყო ჩართული ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია. „გასულ წელს, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული განძის სამშობლოში დაბრუნებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნებოდა, ჩვენ ერთობლივად მოვამზადეთ ფილმი. თითქოს ეს ხაზი ახლაც ბუნებრივად გაგრძელდა – მოგვიახლოვდა ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე და რექტორის ინიციატივით ამ ახალ პროექტზეც ერთად დავიწყეთ მუშაობა,“ – აღნიშნავს მარიკა ბაკურაძე.

ახალ დოკუმენტურ ფილმში ოთხი მთავარი მთხრობელია, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე გვიამბობენ. კერძოდ, უნივერსიტეტის დაარსების რთულ და საინტერესო პროცესზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი საუბრობს. ივანე ჯავახიშვილის პირად ცხოვრებას, მეუღლესთან საოცარ ურთიერთობასა და წერილებში შემონახული ერთგულების მაგალითებს თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი მიმოიხილავს. მეცნიერის ცხოვრების ყველაზე მძიმე წლებს – თუ როგორ მიუსია მას საბჭოთა რეჟიმმა კომკავშირელი სტუდენტები, როგორ აგდებდნენ საკუთარი ლექციებიდან, აყენებდნენ შეურაცხყოფას და როგორ მოუწყვეს ე.წ. სასამართლო – თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია და ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია იხსენებენ.

ფილმის შემქმნელი მარიკა ბაკურაძე ამბობს: ,,დედა უნივერსიტეტს ახლა უკვე 7 ფაკულტეტი აქვს 20-მდე კორპუსით და 26 ათასი სტუდენტით, მაგრამ როგორ მოვედით აქამდე – ეს იმ კაცის ჩანაფიქრია, რომელიც მიხვდა, რომ განათლება ქვეყნის მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო”. მისი თქმით, წერილების კითხვისას და საარქივო მასალებზე მუშაობისას კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა ივანე ჯავახიშვილის მონუმენტური სამეცნიერო მემკვიდრეობა: „ამ კაცმა მთლიანად მოაშორა ქართულ ისტორიას ლეგენდები… ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ, არის ზუსტი და ნამდვილი, იქიდან გამომდინარე, რომ დიდმა ივანემ ფაქტებით დაადასტურა  ყველაფერი მასში, რაც კი შეუქმნია“…

საგანმანათლებლო ტრადიციის უწყვეტობის ისტორიულ კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას აკადემიკოსი როინ მეტრეველი და უნივერსიტეტის გახსნის თარიღის სიმბოლურ მნიშვნელობას განმარტავს: ,,მე-4 საუკუნეში ჩვენ გვქონდა უნივერსიტეტი – ეს იყო ფაზისის რიტორიკული სკოლა, გვქონდა ეკლესია-მონასტრებში არსებული სასწავლებლები… მწვერვალი გახლდათ მე-12 საუკუნე, როდესაც დავით აღმაშენებელმა დააფუძნა გელათის უნივერსიტეტი – გელათის აკადემიად წოდებული. ივანე ჯავახიშვილი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო 26 იანვარს, სწორედ იმიტომ, რომ ეს დღე დავით აღმაშენებლის, დიდი ქართველი განმანათლებლის, მეფის, პოლიტიკოსის მოხსენიების დღეა. ეს იყო ხაზგასმა, რომ უნივერსიტეტი არის მემკვიდრე დავით აღმაშენებლის დაფუძნებული იმ გელათისა, რომელიც საუკუნეების წინ გვქონდა”.

დოკუმენტურ ფილმში  – ,,ივანე ჯავახიშვილი – 150”  – გაცოცხლებულია სხვადასხვა ისტორიული დეტალი, მაგალითად, შინაპატიმრობაში მყოფი ივანე ჯავახიშვილი, რომელიც უსმენს ზაქარია ფალიაშვილს… სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ეკლესიაში ქართველი კომპოზიტორი ორღანზე უკრავს, რათა მძიმე წუთებში მეგობარი ივანე გაამხნეოს.

ფილმში ასევე მოთხრობილია – თუ როგორ არემონტებდნენ პროფესორ-მასწავლებლები საკუთარი ხელით ოთახებს, ღებავდნენ კედლებს, ამზადებდნენ მერხებსა და სკამებს. ივანე ჯავახიშვილის შვილი წერილში იგონებს, თუ როგორ დაზიანდა მამამისის ჯანმრთელობა ამ დროს: „მახსოვს, ერთხელ სახლში დაბრუნდა და უფროსებში დიდი შეშფოთება გამოიწვია მისმა იერმა. გამოირკვა, რომ მერხების გადაზიდვის დროს, რომელშიც თვით მამა, ყიფშიძე, შანიძე და სხვები იღებდნენ მონაწილეობას, ერთი მერხი გადმოვარდნილიყო, მამას დასცემოდა და კინაღამ მოეკლა. ასე საკუთარი ხელით აწყობდნენ აქეთ-იქიდან მოგროვილი მერხებითა და ხელსაწყოებით მამა და მისი თანამებრძოლნი უნივერსიტეტის შენობას, სადაც იმხანად ჯერ კიდევ ნაწილობრივ სამხედრო ჰოსპიტალი იყო მოთავსებული“.

დამოუკიდებელი საქართველოს ეს უდიდესი მონაპოვარი და თავდადებული შრომის შედეგი მალევე აღმოჩნდა უდიდესი საფრთხის წინაშე, რადგან ახალდაარსებული კერა საბჭოთა კავშირისთვის სერიოზულ სამიზნეს წარმოადგენდა.

,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომელსაც, ზოგადად, ქვეყანა უნდა გადაერჩინა. საბჭოთა რეჟიმს არ აწყობდა, რომ არსებულიყო ასეთი დამოუკიდებელი კუნძული საქართველოს წიაღში”, – ამბობს თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია ფილმში.

როგორც მარიკა ბაკურაძე საარქივო მასალებზე დაყრდნობით ჰყვება, წითელი არმიის შემოსვლამ პირდაპირი დარტყმა მიაყენა უნივერსიტეტს, თებერვლის დღეები და ღამეები კი ივანე ჯავახიშვილისთვის კრიტიკული აღმოჩნდა. ქვეყნის საგანძურის ნაწილი იმ დროისთვის სწორედ უნივერსიტეტში ინახებოდა და ღამით, ივანეს ინიციატივით, განძის გადარჩენაზე ზრუნვა დაიწყო. ის და ექვთიმე თაყაიშვილი მთელი ღამის განმავლობაში აბარგებდნენ და ამზადებდნენ ყუთებს გასამგზავრებლად. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ივანეს მანქანა გაუგზავნა და საფრთხის გამო შენობის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია, ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის გასაღები ჩაიბარა და შენობაში დარჩა.

სწორედ ამ და სხვა ემოციურ დეტალებს, უდიდეს სამეცნიერო მემკვიდრეობასა და პიროვნული თავდადების ისტორიებს აერთიანებს ახალი ნამუშევარი, რომლის ჩვენებაც ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საუბილეო კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ კინოჩვენების შემდეგ აღნიშნა: „ივანე ჯავახიშვილმა ჩვენს ქვეყანას უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა. ეს ფილმი, რომელიც მას ეძღვნება, გვარწმუნებს იმაში, რომ განათლებას, რომელიც ეროვნული იდენტობის ძლიერ საძირკველზე დგას, ვერავინ და ვერაფერი მოერევა. მადლობას ვუხდი ფილმის ავტორს – მარიკა ბაკურაძესა და შემოქმედებით ჯგუფს. ვფიქრობ, რომ ეს ფილმი არის მნიშვნელოვანი ნამუშევარი ივანე ჯავახიშვილის როლის, უნივერსიტეტის იდეისა და ჩვენი მთავარი ღირებულებების შესახებ“.

ცნობისთვის: დოკუმენტური ფილმი „ივანე ჯავახიშვილი – 150“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედისა“ და თსუ-ს ერთობლივი პროექტია. უნივერსიტეტში გამართულ პრემიერას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Facebook
Twitter
LinkedIn