დაგეგმილია „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ განახლებული, თანამედროვე გამოცემა, რის შესახებაც ღონისძიებაზე გაცხადდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული 28 აპრილს კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით გაგრძელდა. კონფერენციის ორგანიზატორი იყო თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც წელს 85 წელი შეუსრულდა.
კონფერენცია გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის დოქტორმა გიორგი ჭეიშვილმა, რომელმაც ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობაზე, ასევე გაიხსენა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დაარსების პერიპეტიები და ინსტიტუტში მოღვაწე მეცნიერების საქმიანობის ასპექტები.
„საქართველოში აღინიშნება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი. მისმა სამეცნიერო და საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ დიდად განსაზღვრა თანამედროვე საქართველოს და ქართველი ერის იერსახე. სასიხარულოა, რომ ამ დიდ თარიღთან დაკავშირებით პირველად მზადდება ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობის სრული აკადემიური გამოცემა, რომლის ინიციატორები და მხარდამჭერები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი. ვფიქრობ, ამ სამი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ჩართულობა განსაზღვრავს ამ გამოცემის მაღალ აკადემიურ ხარისხს. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ინსტიტუტის დაარსებიდან 85 წლისთავის შესახებ. ეს ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი პირველი დაწესებულება საქართველოში, რომელსაც დიდი ივანეს სახელი მიენიჭა და მას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ მეცნიერების კორიფეები, რომლებმაც ის ტრადიცია გააგრძელეს, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ავითარებდა. აქ ათწლეულების განმავლობაში უდიდესი მეცნიერები მოღვაწეობდნენ, მათი თავდადებული შრომის შედეგები კი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და იქმნებოდა ღირებული სამეცნიერო პროდუქცია ისტორიისა და ეთნოლოგიის მიმართულებით“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში გიორგი ჭეიშვილმა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, ასევე თსუ-ს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მნიშვნელობასა და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა მრავლმხრივ საქმიანობაზე: ,,ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია ამ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, რადგან უშუალოდ ჩემს კოლეგებს ვხვდები. გარდა ამისა, ეს ინსტიტუტი იყო ჩემი კვლევითი საქმიანობის პირველი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი – მის მდიდარ ბიბლიოთეკაში მუშაობა და იმ დიდ მეცნიერებთან ურთიერთობა, ან, უბრალოდ, მათთან შეხვედრა და მათი მოსმენა, ვინც ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მოღვაწეობდა. ეს ყოველივე ჩემთვის დღესაც დაუვიწყარია. ამ ინსტიტუტში არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი შეიქმნა და რამდენიმე დიდი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რითაც დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიის შესწავლაში. თუნდაც „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ რად ღირს, რომელიც 1970 წელს გამოიცა და ბევრისთვის დღესაც სამაგიდე წიგნია. დაგეგმილი გვაქვს, რომ მაისის თვიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროსთან ერთად, დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელიც იქნება „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ განახლებული, თანამედროვე გამოცემა, რომელშიც სხვადასხვა ინსტიტუცია ჩაერთვება და თითოეულ თქვენგანს შეეძლება წვლილის შეტანა”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი, რომელმაც საიუბილეო თარიღი მიულოცა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს და კონფერენციას წარმატება უსურვა.
კონფერენციის თემატიკა მოიცავდა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან. მეცნიერ-მკვლევრებმა წარმოადგინეს მოხსენებები: „ივანე ჯავახიშვილის წინაპრები“ (ნიკო ჯავახიშვილი, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი); „342-ის პროტესტი და ივანე ჯავახიშვილი“ (ვაჟა კიკნაძე, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი); „ივანე ჯავახიშვილი თანამედროვეთა თვალით“ (ოთარ ჯანელიძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ,,ეროვნული ისტორიოგრაფიის შექმნა ტრანსნაციონალური აკადემიური გაცვლის გზით – ივანე ჯავახიშვილი სანქტ-პეტერბურგს, ბერლინსა და სინას შორის“ (ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); „ივანე ჯავახიშვილი არქეოლოგიისა და სამუზეუმო საქმის სათავეებთან“ (იულონ გაგოშიძე, დავით გაგოშიძე, საქართველოს უნივერსიტეტი); „ქართულ ხელნაწერთა კოლექციის ფორმირების ისტორიიდან: მასალები ივანე ჯავახიშვილის არქივიდან“ (ვლადიმერ კეკელია, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი); „ივანე ჯავახიშვილი და სპეციალური საისტორიო დისციპლინების განვითარება საქართველოში“ (მზია სურგულაძე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი); „ქართული ნუმიზმატიკა ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობაში“ (მაია პატარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); „ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო“ (ზაზა ქარჩავა, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი); „ივანე ჯავახიშვილი და ძველი ქართული ნარატიული წყაროები“ (გონელი არახამია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია); „სამართლის ფილოსოფია და „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფო წყობა“ (ნიკოლოზ მესხიშვილი, თსუ); „ივანე ჯავახიშვილი ეთნოგრაფიული მასალის საისტორიო წყაროდ გამოყენების შესახებ“ (დავით სართანია, თსუ); „მხატვრული ქსოვილების აღმნიშვნელი ზოგიერთი ტერმინი ივანე ჯავახიშვილის შრომებში“ (ნაზი აზიკური, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი); „ხევსურული საქორწილო წამოსასხამი: VII-X სს. ქანდაკებებიდან ეთნოგრაფიულ კოსტიუმამდე – ივანე ჯავახიშვილის კვლევათა კვალდაკვალ“ (გულიკო კვანტიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი); „ივანე ჯავახიშვილი და სტრაბონის ცნობა იბერიის მოსახლეობის შესახებ“ (ვალერიან ვაშაკიძე, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი); „ქართველური ტომების ბინადრობის საკითხი ივანე ჯავახიშვილის მეცნიერულ მემკვიდრეობაში“ (ნანა ბახსოლიანი, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი); „ქართულ-ბიზანტიური პოლიტიკური ურთიერთობები და ტრაპეზუნის იმპერია ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო შემოქმედებაში“ (ერეკლე ჟორდანია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია); „გრიგოლ ბანდაისძის მიერ შედგენილი „ძეგლი ერისთავთა“ და ბანდაისძეთა საგვარეულოს ისტორიის საკითხები“ (თემო ჯოჯუა, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი); „მოძღვრება საზღვრებზე ივანე ჯავახიშვილის შემოქმედებაში“ (გიორგი ჭეიშვილი, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ევროპის უნივერსიტეტი);

სამეცნიერო კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდა თსუ-სა და თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში.
