როინ მალაყმაძის საჯარო ლექცია: „სტამბოლის ქართული სავანე – ეროვნული სულის თავშესაფარი უცხოეთში“

თარიღი: 2026-04-08 17:33:38

არის ადგილები, რომლებიც რუკაზე შეიძლება პატარა წერტილად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში მთელი ერის ისტორიას ატარებს. სტამბოლის ქართული სავანე სწორედ ასეთი ადგილია – სივრცე, სადაც საქართველო არასდროს იკარგება მაშინაც კი, როცა მისგან ათასობით კილომეტრით შორს ხარ.

დღეს, როცა სამყარო უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე და ადამიანები ხშირად კარგავენ საკუთარ იდენტობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ – როგორ ინარჩუნებდნენ ქართველები საკუთარ თავს მაშინ, როცა ამისთვის თითქმის არაფერი ჰქონდათ, გარდა რწმენისა, ენისა და ერთმანეთისა. სწორედ ამ თემაზე  იყო საუბარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე, რომელიც ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ ისტორიის მოყოლა. ეს იყო შეხვედრა წარსულთან – ძალიან ცოცხალი, ძალიან ადამიანური…

ლექციის იდეა თსუ-ს პროფესორ ია ხუბაშვილს ეკუთვნის – და ეს იდეა შემთხვევით არ გაჩენილა. მისი თქმით, ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა სტამბოლის ქართული სავანის შესახებ გამოცემულ მასალებს გაეცნო და მიხვდა, რომ ეს ისტორია სტუდენტებამდე აუცილებლად უნდა მისულიყო. მის სიტყვებში იგრძნობოდა არა მხოლოდ პროფესიული პასუხისმგებლობა, არამედ რაღაც უფრო პირადი: მე ძალიან ნიჭიერი სტუდენტები მყავსვიცი, რომ ისინი, მომავალში, ქვეყნის სათავეში მოვლენ და საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. და მინდა, ეს გადაწყვეტილებები იყოს გააზრებული ისტორიაზე დაფუძნებული, – ეს არ იყო უბრალოდ ფრაზა, ეს იყო მოლოდინი  და ერთგვარი იმედიც.

ლექციის დასაწყისში სიტყვით გამოვიდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე – ადამიანი, რომელმაც ეს ადგილი საკუთარი თვალით მოინახულა. მისი მონათხრობი განსაკუთრებით ემოციური იყო. ის არ ლაპარაკობდა მხოლოდ როგორც მეცნიერი, ის საუბრობდა როგორც ადამიანი, რომელიც ამ  სივრცეს შეეხო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეს ადგილი ჯერ ბოლომდე არ არის აღმოჩენილი და შესწავლილი: იქ არის ზღვა მასალაისეთი, რომელიც, უბრალოდ, ელოდება რომ ვინმემ აიღოს, წაიკითხოს, გააცოცხლოს. საოცარია, როგორ შეძლეს ქართველებმა ამდენი სირთულის გადალახვა და ამ სავანის შენარჩუნება სტამბოლის შუაგულში. ეს არ არის უბრალოდ შენობა ეს არის ისტორიის, შრომისა და სიყვარულის შედეგი. ამ სიტყვებში იგრძნობოდა გაოცებაც, პატივისცემაც და ცოტა სევდაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქ იბრძოდა, მუშაობდა და ინარჩუნებდა ქართველობას. პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მასალებზე, რომლებიც სავანეშია დაცული. მისი თქმით, ეს არის უდიდესი სამეცნიერო რესურსი, რომლის სრულფასოვანი კვლევა ჯერ კიდევ წინ არის. და, ალბათ, სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა – ვინ უნდა იყოს ის, ვინც ამ საქმეს გააკეთებს? პასუხი ამ კითხვაზე, თითქოს, თავად ლექციის შინაარსში იდო – ისინი უნდა იყვნენ სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები!

ღონისძიება მიეძღვნა შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორის, ისტორიის დოქტორის, პროფესორ როინ მალაყმაძის საჯარო ლექციას თემაზე – „სტამბოლის ქართული სავანე – ეროვნული სულის თავშესაფარი უცხოეთში“.   იგი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების მოწვევით იმყოფებოდა  თსუ-ში.  მისი საუბარი არ ყოფილა მშრალი აკადემიური ტექსტი – ეს იყო ისტორია, რომელიც გულიდან მოდიოდა. მან ხმამაღლა თქვა ის, რასაც ხშირად ვგრძნობთ, მაგრამ იშვიათად ვამბობთ:
ეროვნული შეგრძნება ნელ-ნელა სუსტდება და თუ ამას არ მივხედავთ, შეიძლება უბრალოდ გაქრეს.  ეს არ იყო პათეტიკა. ეს იყო გაფრთხილება! 

ლექციაზე წარმოდგენილი იყო ახალი კვლევებიც, თუმცა მთავარი იყო განცდა – თითქოს წარსულს კი არ უსმენდი, არამედ საკუთარ თავთან ახლოს რაღაცას ეძებდი.
მისი საუბრის მთავარი ხაზი იყო ერთი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გააზრება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ცნობისთვის: წლების განმავლობაში ქართულ სავანეში მუშაობდნენ და დღემდე მუშაობენ ქართველი ისტორიკოსები და მეცნიერები ქალბატონ შუშანა ფუტკარაძის თაოსნობით. სწორედ მისი ხელმძღვანელობითაა შესწავლილი სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკა და არქივი. ამ კვლევის შედეგები ასახულია მისი თანაავტორობით გამოცემულ მონოგრაფიაში – ,,წერილები სტამბოლის ქართული  სავანიდან”, I-II ტომი; აღნიშნული სავანის კვლევას ეხება ასევე მისი მონოგრაფია ,,სტამბოლის ქართული სავანე”, რომელიც  ქართულ და თურქულ ენებზეა გამოცემული (,,Istanbul gürcü ocagı”).

მთელი ლექციის მანძილზე პროფესორი როინ მალაყმაძე ხაზს უსვამდა იმას, რომ უცხოეთში არსებული ქართული კერები არ არის უბრალოდ ისტორიის ნარჩენები. ეს არის ცოცხალი სივრცეები, სადაც ქართული სული დღემდე სუნთქავს. და მათი გაცნობა მხოლოდ წარსულის გახსენება კი არა – საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენაა. ამ კონტექსტში სტამბოლის ქართული სავანე გამორჩეული მაგალითია – არა უბრალოდ ძეგლი, არამედ „ცოცხალი ორგანიზმი“, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შეძლო ენის, კულტურისა და სულის გადარჩენა.

გთავაზობთ ძირითად სათქმელს როინ მალაყმაძის ლექციიდან.

იქ, სადაც ისტორია ჯერ კიდევ სუნთქავს

სტამბოლი უბრალო ქალაქი არ არის – ყოველთვის მიყვარს ამ ისტორიის ასე დაწყება, რადგან სხვანაირად ვერ აღვწერ იმ შეგრძნებას, რასაც ეს ქალაქი ტოვებს. ეს არის ადგილი, სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდება, სადაც კულტურები იკვეთება და საუკუნეების განმავლობაში უამრავი ამბავი იწერებოდა. ქართველებისთვისაც ეს ქალაქი ყოველთვის რაღაცით ახლობელი იყო. სწორედ აქედან შემოდიოდა ევროპული კულტურა საქართველოში, აქ იკვეთებოდა გზები, აქ ჩნდებოდა ახალი აზრები. მაგრამ, თუ დღეს სტამბოლში გაივლი, ქართულ კვალს ყველგან ვერ ნახავ. დრო ბევრს შლის. და მაინც, ერთი ადგილი დარჩა. ეს არის ფერიქოის ქართველ კათოლიკეთა მონასტერი – ადგილი, სადაც ქართული სული ჯერ კიდევ სუნთქავს.  

ერთი ადამიანის გადაწყვეტილება

როცა ამ ისტორიას ვყვები, ყოველთვის ვამბობ – ყველაფერი ერთი ადამიანით იწყება – პეტრე ხარისჭირაშვილი. იგი არ იყო, უბრალოდ, სასულიერო პირი. ის იყო ადამიანი, რომელმაც დროულად დაინახა ყველაზე დიდი საფრთხე – ენის დაკარგვა. და იცოდა, რომ ენის დაკარგვა ყველაფრის დაკარგვას ნიშნავდა. 1861 წელს მან სტამბოლში შექმნა სავანე. მაგრამ, სინამდვილეში მან ააშენა ადგილი, სადაც ქართველობას უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება. იმ დროს ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება – ეს იყო პასუხისმგებლობა და რისკი. როცა ეს მხარე თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ქართველებს მძიმე არჩევანი ჰქონდათ: ბევრმა კათოლიკობა მიიღო, მაგრამ ზეწოლა მაინც არ შეჩერებულა. სწორედ ამ ფონზე ჩნდება პეტრე ხარისჭირაშვილი – ადამიანი, რომელმაც გზა სხვანაირად დაინახა. მან გააცნობიერა, რომ ბრძოლა იარაღით კი არა, განათლებით უნდა გაგრძელებულიყო. სტამბოლში შექმნილი სივრცე მალე იქცა ადგილად, სადაც ქართველი ბავშვები სწავლობდნენ – მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ტყვეობიდან იხსნა. ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ სკოლა. ეს იყო შანსი…

დროის განმავლობაში სავანე იქცა პატარა საქართველოდ – შორს, მაგრამ მაინც ცოცხლად. და აქ, 1914 წელს, გაჩნდა კიდევ ერთი იდეა – საქართველოს ხსნის კომიტეტი. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ გადარჩენა. ეს იყო ბრძოლა მომავლისთვის.

ადგილი, რომელიც ადამიანებს აერთიანებდა

სტამბოლის ქართული სავანე უბრალოდ მონასტერი არ ყოფილა.
ეს იყო სივრცე, სადაც ადამიანი მარტო არ იყო – სადაც სწავლობდნენ, ცხოვრობდნენ და ინარჩუნებდნენ იმას, რაც უცხოეთში ყველაზე რთულია: საკუთარ თავს. აქ ერთად იყვნენ სხვადასხვა სარწმუნოების ქართველები – კათოლიკეები, მართლმადიდებლები, მუსლიმებიც კი. როცა საქმე ქართველობას ეხებოდა, განსხვავებები ქრებოდა. მთავარი კითხვა იყო არა „ვის რა სწამს?“, არამედ – „ვინ ხარ შენ?“ და პასუხი ყოველთვის ერთი იყო – ქართველი!

დღეს აქ წირვა თურქულად ტარდება, მაგრამ ყოველ 11 თებერვალს ისევ ისმის ქართული ლოცვა.
სავანე თავისი არქივითა და ბიბლიოთეკით კვლავ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული კერაა, სადაც კვლევა დღესაც გრძელდება.

რთულ დროს – ომებსა და დევნილობაში – ეს ადგილი იქცა თავშესაფრად.
აქ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც სამშობლოსგან იყვნენ მოწყვეტილნი და აქ პოულობდნენ იმას, რაც ყველაზე მეტად აკლდათ – სიმშვიდეს და იმედს.

ყველაზე ძლიერი კი მაინც ადამიანების ხმაა – წერილებში, მოგონებებში, სიტყვებში:
„მე საქართველო ჯერ არ მინახავს, მაგრამ უკვე მიყვარს იგი…“
ეს გვახსენებს – სამშობლო შეიძლება გულშიც არსებობდეს. მიუხედავად სირთულეებისა და შეჩერებული გეგმებისა, იდეა არ გამქრალა.
დღესაც ეს სავანე გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ ენა, იდენტობა და ერთიანობა მაშინაც კი, როცა გარემო წინააღმდეგია.

სტამბოლის ქართული სავანე არის ადგილი, სადაც ისტორია არ დასრულებულა.
ის აგრძელებს ცხოვრებას და გვახსენებს: ქართველობა არ არის მხოლოდ ადგილი,
ეს არის არჩევანი და პასუხისმგებლობა.

როცა ისტორია რთულდება

1919 წელი. ქართველი ბერები ათონის მთიდან გამოაძევეს. წარმოიდგინეთ – ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება სულიერებას მიუძღვნეს, ერთ ღამეში რჩებიან ქუჩაში. მოხუცები, უძლურები, სიცივეში  და ყინვაში დატოვებულები… ამ დროს მათთვის ერთი გზა დარჩა – სტამბოლი. და იცით სად მივიდნენ? სწორედ ამ სავანეში. ამ მომენტში ეს ადგილი უბრალოდ მონასტერი აღარ არის. ეს არის თავშესაფარი – ადგილი, სადაც ადამიანი ისევ ადამიანი ხდება.   

სავანის მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათელი ხდება, როცა მის საგანმანათლებლო როლს ვუყურებთ. აქ გაიხსნა სასწავლებლები, სადაც ასობით ახალგაზრდა სწავლობდა. სწავლება მიმდინარეობდა  ქართულ ენაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. მე ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ: ეს არ იყო უბრალოდ სწავლა,  ეს იყო გადარჩენა… შემდეგ ისინი სწავლობდნენ სხვა ენებსაც, იღებდნენ ცოდნას, ფართოვდებოდა მათი სამყარო, მაგრამ საფუძველი მაინც ერთი რჩებოდა – ქართული.

                                              სტამბოლის ქართული სავანის არქივი

სტამბოლის ქართული სავანის არქივი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, სადაც დაცულია ათიათასობით მასალა – მრავალენოვანი დოკუმენტები, პირადი წერილები, ხელნაწერები, წიგნები. ეს ყველაფერი მხოლოდ ისტორიული წყარო არ არის; ეს არის ემოციური ხიდი წარსულთან. როგორც ხშირად ამბობენ – „ზღვა მასალაა, რომელიც შესწავლასა და პოპულარიზაციას იმსახურებს“ – და სწორედ ამიტომ, კვლევა დღემდე გრძელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული ისტორია ჯერ კიდევ იწერება. მაგრამ ეს სივრცე მხოლოდ არქივი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ისტორიას შეგიძლია მოუსმინო – წერილებში, ჩანაწერებში, პატარა დეტალებში ადამიანები გელაპარაკებიან, გიყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე, ტკივილსა და იმედზე. და ამ დროს განსაკუთრებით მძაფრად გრძნობ – რამდენი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით…

სივრცე, სადაც მომავალზე ზრუნავდნენ

სტამბოლის ქართული სავანე მხოლოდ თავშესაფარი არ ყოფილა – ეს იყო ადგილი, სადაც საქართველოს მომავალზეც ფიქრობდნენ.

აქ შეკრებილი ქართველებისთვის მთავარი კითხვა იყო – როგორ გადარჩებოდა ქართული იდენტობა და როგორ დაუბრუნდებოდა სამშობლოს დაკარგული ნაწილები. ამ იდეით ცხოვრობდნენ სავანის მოღვაწეები. აქ მოდიოდნენ და ამ სულით ერთიანდებოდნენ ადამიანები – მემედ და ჰაიდარ აბაშიძეები, ისკენდერ ცივაძე, ჯემალ ხიმშიაშვილი. სავანე იქცა სივრცედ, სადაც ქართველები არა მხოლოდ ინარჩუნებდნენ საკუთარ თავს, არამედ ერთმანეთს აძლიერებდნენ. სწორედ აქ ისწავლა ქართული წერა-კითხვა ახმედ მელაშვილმა – ადამიანმა, რომელსაც შემდეგ ილია ჭავჭავაძესაც ადარებდნენ.

მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე დიდი გეგმები არსებობდა – განათლების გავრცელება, სკოლების გახსნა, ეროვნული მოძრაობის გაძლიერება. მაგრამ ისტორია ისევ ჩაერია – პირველმა მსოფლიო ომმა ბევრი რამ შეაჩერა. თუმცა, იდეა არ გამქრალა…
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაინც გადაიდგა – შეიქმნა ქართული ანბანი მუსლიმი ქართველებისთვის. ეს იყო მცდელობა, რომ ენა მაინც გადარჩენილიყო.

ადგილი, სადაც იმედი არ ჩაქრა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება სტამბოლის ქართულ სავანეში დიდი სიხარულით მიიღეს. გაჩნდა იმედი, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა – იგეგმებოდა განათლების აღორძინება, ახალი სკოლების გახსნა. ამ იდეით 1920 წელს საქართველოში ჩამოვიდა ელისაბედ ბეჟანიძე, რომელსაც ქალთა განათლების განვითარება სურდა. მაგრამ ეს პერიოდი მალე დასრულდა. 1921 წელს, ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, დევნილმა მთავრობამ სწორედ ამ სავანეს შეაფარა თავი. ადგილი, რომელიც წინსვლის სიმბოლო იყო, ისევ თავშესაფრად გადაიქცა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სავანეში არ ჩაქრა მთავარი იდეა, საქართველოს თავისუფლების რწმენა ისევ ცოცხალი დარჩა. სტამბოლის ქართული სავანე სწორედ ამის მაგალითია – როგორ შეიძლება პატარა სივრცე იქცეს დიდი იდეის მატარებლად.

ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი შეინარჩუნეს, ისტორიამ დაიმახსოვრა. განსაკუთრებით ემოციურია ზაზაძეების ოჯახის ისტორია, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სავანის შენარჩუნებაში.

                                                                            . . .

როინ მალაყმაძის მოხსენების მთავარი თემების გააზრება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლექცია გასცდა აკადემიურ ჩარჩოებს და იქცა დიალოგად – წარსულსა და თანამედროვეობას შორის. ბატონი როინი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ერთ მნიშვნელოვან საკითხს: ეროვნული შეგრძნება ახალგაზრდებში სუსტდება, ამიტომ საჭიროა ასეთი თემები ახალგაზრდებამდე მივიტანოთ არა მხოლოდ როგორც ისტორია, არამედ როგორც განცდა… სწორედ ამიტომ, მისი ლექცია მხოლოდ ფაქტების წარმოდგენას როდი მოიცავდა, ეს იყო მცდელობა – ახალ თაობაში გაეღვიძებინა რაღაც უფრო ღრმა. რა მოხდებოდა მაშინ, ეს სავანე რომ არ არსებულიყო? მის გარეშე თურქეთში მცხოვრები ქართველების ასიმილაცია გაცილებით სწრაფად მოხდებოდა. სწორედ ამ სავანემ შეძლო მათი გაერთიანება, ქართული განათლების გავრცელება, ბიბლიოთეკისა და არქივის შექმნა და ენის შენარჩუნება – მათ შორის სპეციალური ანბანის მეშვეობითაც.  

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ქართულ სავანეში შესვლა დღესაც შესაძლებელია – ტაძარი ღიაა ყველასთვის, თუმცა მხოლოდ დღის პირველ ნახევარში. იქ მისვლა და მოლოცვა ნებისმიერ ქართველს შეუძლია. სავანის მთავარი საგანძური – ბიბლიოთეკა და არქივი – ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. იქ დღესაც მიმდინარეობს კვლევა და მასალების დამუშავება. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ჯერ კიდევ იწერება და ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა თურქეთის სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე.

ლექციის ბოლოს როინ მალაყმაძემ დიდი მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვედრის ორგანიზებისთვის.

Facebook
Twitter
LinkedIn