ლაშა თვალაშვილი: ,,გერმანულ აკადემიურ სივრცეში ლექტორსა და სტუდენტს შორის ურთიერთობა უფრო ფორმალიზებულია”
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები თანამედროვე სტუდენტებისთვის არა მხოლოდ აკადემიური განვითარების, არამედ პიროვნული და კულტურული ზრდის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მაგალითია სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ლაშა თვალაშვილი, რომელმაც ERASMUS-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა.
ლაშა თვალაშვილი გერმანიაში, ტრირის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა გაიღრმავა, არამედ მრავალფეროვან კულტურულ გარემოში ყოფნით ახალი ხედვები ჩამოიყალიბა. როგორც თავად აღნიშნავს, პროგრამაში მონაწილეობის სურვილი თავიდანვე ძლიერი მოტივატორი იყო: „გამოცდილებებისთვის ყოველთვის მზად ვარ, ამიტომ ERASMUS-ში მონაწილეობა თითოეული გამოწვევის გადალახვაში მეხმარებოდა”, – ამბობს იგი.
გაცვლით პროგრამაში ჩართვა მარტივი პროცესი არ არის. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ, შემდეგ ეტაპზე კი გასაუბრებაა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტის უნარ-ჩვევებსა და აკადემიურ მოსწრებას. ლაშას თქმით, ბიუროკრატიული პროცედურები პროცესის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ტრირისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების საერთაშორისო ოფისებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მხარდაჭერამ ეს სირთულეები მნიშვნელოვნად შეამცირა. იგი განსაკუთრებულად აღნიშნავს თანატოლების დახმარებასაც, რომელთაც უკვე ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება და თავიანთი ცოდნა გაუზიარეს.
ტრირში ყოფნისას ლაშამ მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტი გაიცნო, რამაც მას სხვადასხვა კულტურის უკეთ გააზრების შესაძლებლობა მისცა. „მივიღე როგორც სოციალური, ისე კულტურული კაპიტალი, რაც საერთაშორისო სტუდენტისთვის განსაკუთრებით ღირებულია“, – ამბობს ლაშა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი როლი მის აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ითამაშა. თსუ-ში მიღებულმა განათლებამ და პროფესიულმა აკადემიურმა ქსელმა მას არა მხოლოდ ცოდნა, არამედ თანამოაზრე ადამიანებთან კავშირებიც მისცა. ლაშა ხაზს უსვამს ლექტორების განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც, რომელთათვისაც სწავლება მხოლოდ პროფესია კი არა, ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის გზაცაა.
ტრირის უნივერსიტეტში სწავლების პროცესზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ იქ სწავლების სისტემა მკაფიოდ სტრუქტურირებულია და სრულად ეფუძნება სილაბუსს. იქ პუნქტუალურობა და დროის პატივისცემა უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, რაც სწავლის პროცესს ეფექტიანს ხდის. მისი დაკვირვებით, გერმანულ აკადემიურ სივრცეში ლექტორსა და სტუდენტს შორის ურთიერთობა უფრო ფორმალიზებულია, მაშინ, როცა თსუ-ში ეს ურთიერთობა შედარებით უშუალოა, რაც ერთდროულად კულტურულ თავისებურებებსაც ასახავს და გარკვეულ გამოწვევებზეც მიუთითებს.
რაც შეეხება საკუთარ წარმატებას, ლაშა მოკრძალებით ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასავლელი, თუმცა უკვე მიღებული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა სტუდენტებისთვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.
