საუბრები ივანე ჯავახიშვილზე სკოლის მოსწავლეებთან დაგეგმილი შეხვედრებისას

თარიღი: 2026-04-03 13:21:50

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბმა დაიწყო სტუდენტებთან და მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი. მაგალითად, 1 აპრილს ბიბლიოთეკის   მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში  ახალი ქართული სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებს უმასპინძლეს თსუ-ს სტუდენტებმა, რომლებმაც  ისაუბრეს დიდი ისტორიკოსისა და უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მოსწავლეებს, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა – დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და გაცნობოდნენ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ წიგნებს.

როგორც  ახალი ქართული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელენე  გაბუნიამ აღნიშნა,  მოსწავლეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარ ღონისძიებებზე დასწრება: „ჩვენი სკოლა აქტიურად მონაწილეობს მსგავს შემეცნებით ღონისძიებებში – ამის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ  სკოლის დირექტორისგან,  ნანა მონიავასგან. არაერთხელ ვყოფილვართ თსუ-ს ბიბლიოთეკის კლუბის მიერ გამართულ შეხვედრებზე. ვთვლი, რომ  მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – უფრო მეტი გაიგონ უნივერსიტეტის ისტორიასა  და აქ მოღვაწე მეცნიერების შესახებ. ძალიან საინტერესო იყო ამ კუთხით დღევანდელი შეხვედრაც“, – აღნიშნა ელენე გაბუნიამ.

თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს სკოლის მოსწავლეებმაც: „ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თითოეული მოსხენება, რადგან მოვისმინე და გავიგე მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტები ივანე ჯავახიშვილის შესახებ. ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა აზრი – სწავლა ამ სასწავლებელში გავაგრძელო“, – გვითხრა ახალი ქართული სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ  დიმიტრი ქაჯაიამ. 

„ძალიან საინტერესო იყო თითოეული მოხსენება,  რაც ამ შეხვედრაზე მოვისმინეთ. სტუდენტებმა საინტერესოდ ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის შესახებ.  სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანს აუცილებლად ამ უნივერსიტეტზე შევაჩერებ“, – აღნიშნა  ახალი ქართული სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ პატრიცია ლეთოდიანმა. 

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ გულუამ სკოლის მოსწალეებთან შეხვედრისას საინტერესო თემა – „ივანე ჯავახიშვილი მუსიკის შესახებ“ –  წარმოადგინა. „ჩემთვისაც ძალიან საინტერესო ოყო ამ კუთხით დიდი მეცნიერის ნაშრომის გაცნობა, სადაც იგი ქართულ ინსტრუმენტებსა და მუსიკოსებზე საუბრობს. მოხარული ვიქნები, თუ მოსწავლეებს მოეწონათ ჩემ მიერ წარმოდგენილი მოხსენება“, – აღნიშნა თსუ-ს ბიბლიოთეკის კლუბის წევრმა  მარიამ გულუამ.  

როგორც თსუ-ს ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ხელმძღვანელმა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა მურთაზ მატარაძემ გვითხრა, წელს მათი ინიციატივით კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გაიმართება: „როგორც მოგეხსენებათ, 2026 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება  ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილე.  ცხადია, დედაუნივერსიტეტი განსაკუთრებულად ემზადება ამ მოვლენის აღსანიშნავად. დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებების ციკლი, რაშიც აქტიურად არის ჩართული თსუ-ს ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი. ძალიან ბევრ საინტერესო და შემოქმედებით ღონისძიებას ვგეგმავთ ამ კუთხით. ერთ-ერთი იყო დღევანდელი შეხვედრა, რომელზეც სტუდენტებმა წარმოადგინეს  თავიანთი მოხსენებები ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პირადად მე, შეხვედრაზე ვისაუბრე ივანე ჯავახიშვილის ძირითადი  ბიოგრაფიული ცნობების შესახებ, მის განვლილ გზაზე – თუ როგორ ჩაუყარა მან  საფუძველი კავკასიაში პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას. ასევე, ვისაუბრე იმ სირთულეების შესახებ, რომელიც მეცნიერს შეხვდა ამ გზაზე. ამ ინფორმაციის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას ჩვენი კლუბი სამომავლოდაც გეგმავს, როდესაც მათ მრავალ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ“, – განაცხადა მურთაზ მატარაძემ.

Facebook
Twitter
LinkedIn