თსუ-ს პროფესორის ნათია კუპრაშვილის პროექტი მსოფლიო მედიის პრესტიჟული ჯილდოს ფინალშია
მსოფლიო მედიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში – WAN-IFRA-ს Digital Media Awards Worldwide 2026 – საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდა: ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC – რომელიც თსუ-ს თან მემორანდუმით დაკავშირებული ორგანიზაციაა) მიერ შექმნილი პროექტი – AINews – გლობალური ფინალისტების სიაში მოხვდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორი არის ნათია კუპრაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ციფრული მედიისა და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამისა და მასკომუნიკაციების სადოქტორო პროგრამის თანაავტორი და თანახელმძღვანელი.
WAN-IFRA-ს კონკურსი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან მედიაორგანიზაციებს და ინოვაციურ პროექტებს. 2026 წელს: 78 ქვეყნის 811 განაცხადიდან JRC, სხვა 19 მედიასთან ერთად, გადავიდა მედიაში AI-ს საუკეთესო გამოყენების კატეგორიაში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან World News Media Congress 2026-ზე, მარსელში.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) მიერ შექმნილი პროექტი (AINews) ამ ეტაპზე კონკურენციაშია ისეთ გლობალურ მედიებთან, როგორებიცაა The New York Times, Financial Times, The Guardian და სხვა საერთაშორისო ლიდერები.

AINews წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც: აგენერირებს და ავრცელებს ახალ ამბებს; ეყრდნობა საერთაშორისო სანდო წყაროებს; ქმნის ქართულენოვან, ადაპტირებულ კონტენტს.
პლატფორმის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ცდილობს არა მხოლოდ თარგმნას, არამედ ინფორმაციის კონტექსტუალურ გააზრებას ქართულ ენაზე.
AINews არის ნაწილი იმ ფართო ეკოსისტემისა, რომელსაც JRC ავითარებს, მათ შორის:
- AI Shopping Hub – AI-ზე დაფუძნებული მარკეტინგული პლატფორმა;
- AI კონსალტინგი სხვადასხვა პროფესიული სფეროსთვის;
- IT და მედია სკოლები საქართველოს რეგიონებში;
- AI ნიუსრუმის საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივები;
პროექტის ავტორის, ნათია კუპრაშვილის შეფასებით: „ეს წარმატება არის იმის შედეგი, რომ შევძელით აკადემიური ცოდნისა და ტექნოლოგიური უნარების რეალურ პროდუქტად გარდაქმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ AINews-ის გუნდი უმეტესად დაკომპლექტებულია თსუ-ს სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით. ეს აჩვენებს უნივერსიტეტის მასშტაბს და მის შესაძლებლობას – შექმნას ინოვაციური, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი პროექტები“.
გლობალურ ფინალში მოხვედრა არის არა მხოლოდ ერთი პროექტის წარმატება, არამედ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა გადაიქცეს რეალურ, საერთაშორისო გავლენის მქონე ინოვაციად. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური სივრცისთვის, რომ განათლება, კვლევა და პრაქტიკა ერთად ქმნის მომავალს.
