ფილოლოგთა კლუბის პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც დავით წერედიანის ხსოვნას მიეძღვნა

თარიღი: 2026-03-30 19:53:53

25 მარტს თსუ-ს მუზეუმა ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის დავით წერედიანისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინნძლა. შეხვედრაზე მწერალი  მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა, ლიტერატორებმა, მთარგმნელებმა, პოეტებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა გაიხსენეს.

ღონისძიება გახსნა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა  დარეჯან თვალთვაძემ; მწერლისა  და მთარგმნელის შემოქმედებაზე ისაუბრეს ლევან ბრეგაძემ, მაკა ელბაქიძემ, ლია სტურუამ, ნანა ტონიამ, ზაზა აბზიანიძემ, ცისანა კვერნაძე-მიქაძემ, გიორგი ლობჟანიძემ და როსტომ ჩხეიძემ.

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგთა კლუბის ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში დავით წერედიანის ხსოვნას მიეძღვნა, ასევე,  ორდღიანი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა, სადაც სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.  ღონისძიების ბოლოს  კლუბის წევრების მონაწილეობით ,,გათამაშდა“  მცირე ინსცენირება სახელწოდებით  – „ვკითხულობთ დავით წერედიანის შემოქმედებას”, რომელშიც  კლუბის წევრები ანა წიქარიშვილი, გიორგი კალანდაძე, ნათია ერთგულაშვილი, ანამარია ალექსაშვილი, სალომე მამაგეიშვილი, ანანო ღარიბაშვილი, ლუკა ქავთარაძე და ანდრია ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. ასევე, მუზეუმში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც დავით წერედიანის ფოტოები, პირადი ნივთები, ხელნაწერები და მისი ლექსების მოტივზე შექმნილი სტუდენტთა ნახატები იყო წარმოდგენილი. აგრეთვე, განთავსებული იყო გამომცემლობა ,,ინტელექტის” დახლი, სადაც მსურველებს შეეძლოთ ფასდაკლებით ესარგებლათ და შეეძინათ დავით წერედიანის წიგნები.

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგთა კლუბის ხელმძღვანელის ბექა ბაღათურიას ინფორმაციით, 25 მარტის ღონისძიებით გაიხსნა ფილოლოგთა კლუბის პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ასევე დავით წერედიანის ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენცია ორ სესიად გაიმართა და მასში სხვადასხვა ფაკულტეტის 25-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 

„დავით წერედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფილოლოგთა კლუბისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი შესანიშნავი დღის ორგანიზებას მხოლოდ სტუდენტები ვერ შევძლებდით, რისთვისაც გვსურს – მადლობა გადავუხადოთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, დარეჯან თვალთვაძეს, ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკატერინე ნავროზაშვილს, რომელიც ჩვენი კლუბის მუდმივი მხარდამჭერია. აგრეთვე, დიდი მადლობა თსუ-ს მუზეუმს, მის ხელმძღვანელს – მაია გურაბანიძეს, მანანა ლილუაშვილს და სანდრო მარუაშვილს და, რასაკვირველია, მადლობას ვუხდით დავით წერედიანის მეუღლეს, ქალბატონ მანანა ღარიბაშვილს, რომელიც მუდამ თან გვედგა, რათა ღონისძიება ისეთი ყოფილიყო, როგორსაც ბატონი დავით წერედიანი იმსახურებდა“,  –  ამბობს ბექა ბაღათურია. 

. . .

დავით წერედიანმა 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. მან სიცოცხლეში თავისი პოეზია მხოლოდ ერთ პატარა კრებულად გამოსცა („ორიონი“), მისი გარდაცვალების შემდგომ კი დაიბეჭდა უფრო სრული კრებული „პარაპეტი“ (2020).

დავით წერედიანის ყველაზე ცნობილ თარგმანებს შორისაა ფრანსუა ვიონის  მთელი შემოქმედება („დიდი“ და „მცირე ანდერძები“ ჩართული ბალადებითურთ), იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“ (I ტ. – 2011 წ., II ტ. – 2017 წ.), ფედერიკო გარსია ლორკას, არტურ რემბოს, პოლ ვერლენის, პოლ ვალერის, პაულ ცელანის, ინგებორ ბახმანის, თომას მანის, თანამედროვე ფრანგი კლასიკოსის – პასკალ კინიარის – ქმნილებები. ასევე, მან თარგმნა და გამოსცა ძმები გრიმების ზღაპრების სამტომეული.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი სვანური ხალხური პოეზიის გამოცემის საქმეში, კერძოდ, 1968 წელს გამოიცა „ირინოლა“, 1977 წელს – „სვანური ხალხური ლექსები“, ხოლო 2011 წელს – „სვანური სიმღერების კვალდაკვალ“.

1984 წელს ფრანსუა ვიონის „მცირე ანდერძის“ თარგმანისთვის დავით წერედიანს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. 1995 წელს მას გადაეცა ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის პირველი პრემია ფრანგი სიმბოლისტების შედევრთა თარგმანისთვის. 2006 წელს ლიტერატურული წერილებისა და ესეების კრებულისთვის – „ანარეკლი“ – მან მიიღო სახელმწიფო პრემია, 2007 წელს კი – ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია „საგურამო“. 2011 წელს დავით წერედიანს მიანიჭეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 2012 წელს – ლიტერატურული პრემია „საბა“ იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტის“ I ტომის თარგმანისთვის. 2014 წელს ამავე პრემიით აღინიშნა დ. წერედიანის მიერ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DDV International-მა იგი დააჯილდოვა გერმანია-საქართველოს ერთობლივი პრემიით; 2018 წელს დ. წერედიანმა კვლავ მიიღო პრემია „საბა“ „ფაუსტის“ II ტომის თარგმანისთვის. გარდაცვალების შემდეგ, 2021 წელს, საკუთარი ლექსების კრებულისთვის – „პარაპეტი“ – მას მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პრემია.

Facebook
Twitter
LinkedIn