გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ნინი თედიაშვილმა უნგრეთში ისწავლა
როდესაც ნინი თედიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა არჩევანი, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გაცვლით პროგრამაში ჩართულიყო. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების მეოთხეკურსელი გულახდილად საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც კონკურსის გავლას თან ახლავს, თუმცა თვლის, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მას უკვე თავისი „წარმატების საიდუმლოც“ აქვს … „ბავშვობიდან კარგი მოსწავლე ვიყავი. ჰუმანიტარი მასწავლებლების შვილი ვარ და რაც თავი მახსოვს, სულ ბეჯითად ვსწავლობდი, პროფესიულად დედაჩემის გზას გავყვევი და მეც ინგლისური ფილოლოგია ავირჩიე, რადგან ენების მიმართ ინტერესი მქონდა და არც ათვისება მიჭირდა. სკოლაში ყველა აკადემიური ჯილდო მოვიპოვე, რაც საჭირო იყო, მაგრამ ჩემთვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სრული დაფინანსების მოპოვება იყო. შემდეგ თსუ-ს სტიპენდიატიც გავხდი. ასე ნელ-ნელა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის -გაცვლითი პროგრამისკენ – ვიკვლევდი გზას. ბევრი შრომის, ძალისხმევის და მიზანდასახულობის შედეგად ესეც გამოვიდა და ახლა უკვე მომდევნო ნაბიჯებზე ვარ ორიენტირებული“, – ამბობს ნინი.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ნინიმ უნგრეთში ისწავლა. ბუდაპეშტის კაროლი გასპარის რეფორმირებული ეკლესიის უნივერსიტეტიდან იგი ახალი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა.
ნინო თედიაშვილი:
საზღვარგარეთ სწავლა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ხუთი თვე არც ისე დიდი დროა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო ყოფნა ადამიანს ძალიან ცვლის. ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რაც პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში დამეხმარა. ცხოვრების ბევრ ასპექტს ახალი პერსპექტივით შევხედე. დამოუკიდებელი ყოველთვის ვიყავი, თუმცა ნახევარი წლის მანძილზე ქვეყნის, ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნამ პიროვნული განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადამიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ჩემს მიმღებ უნივერსიტეტს თსუ-სგან ბევრად განსხვავებული სტრუქტურა აქვს. სტუდენტები, რომლებიც მხოლოდ სემინარებს ირჩევენ, მათ შორის მეც, ფინალურ გამოცდებს აუდიტორიაშივე წერენ ბოლო სემინარზე. ხოლო სტუდენტები, რომლებსაც ლექციებიც აქვთ არჩეული, გამოცდებს საგამოცდო თვეშიც აბარებენ. ბუდაპეშტში ჩემი სემინარები უფრო პრაქტიკული ხასიათის იყო. სწავლება სრულიად ინგლისურენოვანი იყო და გვავალებდნენ აკადემიური ტექსტების რედაქტირებას, ანალიზს, არტიკლების წერას. გავიარე ინგლისური ენის ისტორია, სადაც პროფესორი ძველ ინგლისურ ტექსტებს გვიკითხავდა და გვასმენინებდა. შესაბამისად, გვასწავლა კონკრეტული ასო-ბგერების ცნობა და კითხვა. ჩემი დასკვნით, აქაური სემინარები უფრო ინტერაქციული და მრავალფეროვანია, თუმცა გააჩნია, რა საგანს გადიხარ. ვფიქრობ, ლექტორები ორივე უნივერსიტეტში ერთნაირად მომთხოვნები არიან. ბუდაპეშტში მიწევდა საკმაოდ ხანგრძლივი პრეზენტაციების წარდგენა, ჯგუფური მუშაობა და მოცულობით დიდი წერითი დავალების გზავნა. თუმცაღა, ექვივალენტურ საგნებში თსუ-შიც იგივე სახის დავალებებს მაძლევდნენ. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ალბათ ისაა, რომ თსუ-ში მომდევნო კვირისთვის დავალება ყოველთვის გაქვს და უფრო გადატვირთული ხარ. აქ კლასსგარეთ დავალება იშვიათად მქონდა შესასრულებელი და მეტი თავისუფალი დრო მრჩებოდა. თუმცაღა, შუალედურ და ფინალურ გამოცდებზე უფრო სერიოზული მუშაობა მიწევდა (არა თეორიული, არამედ პრაქტიკული კუთხით).
ვფიქრობ, თსუ უფრო თეორიულ ცოდნაზეა ორიენტირებული, ჩემი მიმღები უნივერსიტეტი კი – პრაქტიკულზე. თუმცა, განვმეორდები, გააჩნია საგანს. თსუ-ში სწავლა იმ მხრივ არის უფრო რთული, რომ ხშირად დიდი მოცულობის მასალის დამუშავება გვიწევს საკმაოდ მოკლე დროში. ამ მხრივ, ბუდაპეშტში სწავლა ნაკლებად შრომატევადი იყო, თუმცა მეტი პრაქტიკული სამუშაოს შესრულება და ბევრი წერა მიწევდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მეშინოდა, რომ გამოცდებს თავს ვერ გავართმევდი, მაგრამ ჩემი შიში ფუჭი აღმოჩნდა და თსუ-ში უმაღლესი ქულებით ვბრუნდები. ასევე, აქ განსხვავებული 5-სკალიანი შეფასების სისტემა აქვთ. თუმცაღა, შეფასების სისტემები ქვეყნების მიხედვით თითქმის ყოველთვის ვარირებს. ერასმუსის სტუდენტისთვის რთულია სრულყოფილად შეაფასოს მიმღებ უნივერსიტეტში არსებული სიტუაცია, რადგან ჩვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილობრივი სტუდენტების მდგომარეობისგან. მათ მეტი სავალდებულო საგანი აქვთ გასავლელი და გაცილებით მეტი შრომა უწევთ, ვიდრე ჩვენ. ყველაფრის გათვალისწინებით, მიმღები უნივერსიტეტის სემინარებით, ლექტორებით და საბოლოო გამოცდილებით ძალიან კმაყოფილი ვარ.
,,თერთმეტი ახალი ქვეყანა მოვინახულე“
გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ბევრი მოგზაურობაა, რაც ჩემთვის, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი ფაქტორიც იყო. ახალი ქვეყნების მონახულება ახალ სოციუმთან ურთიერთობას და ახალი ენების გაცნობას ნიშნავს, რაც ფილოლოგისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. საზღვარგარეთ ყოფნისას ბევრი ადამიანი გავიცანი – სხვადასხვა ასაკობრივი, რასობრივი, რელიგიური კატეგორიის ადამიანები, რაც ასევე გვეხმარება სოციალური უნარების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაში. საზღვარგარეთ ცხოვრების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს შენთვის შეუძლებელი აღარაფერია და არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებასაც დამოუკიდებლად ვერ შეძლებ. თერთმეტი ახალი ქვეყანა მოვინახულე, უამრავ საინტერესო ადგილს ვესტუმრე… ამ პერიოდში უნგრელი ხალხი ძალიან შევიყვარე. მოხარული ვარ, რომ ჩემი გაცვლითი სემესტრი ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში და ამ ხალხთან შედგა. ეს პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი, რომლისთვისაც მუდამ მადლობელი ვიქნები. პირველ რიგში, საკუთარი თავის მადლობელი ვარ, რომ ბოლომდე ვეცადე და ძალა არ დავიშურე მიზნის მისაღწევად.
,,ჩემთვის თსუ არის როგორც წარსული და აწმყო, ისე მომავალი“
თსუ-ში გავატარე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, აქ გავიცანი საუკეთესო ხალხი და გავიჩინე საუკეთესო მეგობრები. ყველაზე ტკბილად პირველი სემესტრი მახსენდება, რადგან ყველა დაბნეული და, ამავდროულად, მოლოდინებით სავსე ვიყავით. თსუ-ში პირველ რიგში მეგობრები შევიძინე. ასევე, აქ დავრწმუნდი, რომ სწორი კარიერული გზა მაქვს არჩეული და ზუსტად ვიცი – ცხოვრებაში რისი კეთებაც მინდა. აქ გავიცანი არაერთი შესანიშნავი ლექტორი და ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ შესაცვლელი და გასაუმჯობესებელია, ვფიქრობ, მაინც საუკეთესო უნივერსიტეტია. ჩემთვის თსუ არის როგორც წარსული და აწმყო, ისე მომავალი, რადგან მინდა ჩემი კარიერული გზა და წინსვლა ჩვენს უნივერსიტეტს დავუკავშირო. ბევრი მიზანი მაქვს და აქამდე რომ მოვედი, ეს თსუ-ში გატარებული წლების დამსახურებაც არის. მიხარია, რომ მოლოდინი გამიმართლდა და, მრავალი ფაქტორის მიუხედავად, თსუ-ში ჩაბარება არასდროს მინანია.
