მარიამ ნიკურაძე: ,,მიმღებ უნივერსიტეტში სწავლების პროცესი უფრო მეტად პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე იყო ორიენტირებული”

თარიღი: 2026-03-29 13:08:04

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მეოთხე  კურსის სტუდენტმა  მარიამ ნიკურაძემ ჯერ კიდევ აბიტურიენტობიდან  ერთ-ერთ  მთავარ მიზნად დაისახა  საზღვარგარეთ სწავლა.   ფიქრობს, რომ  ეს შესაძლებლობა ყველაზე სწორ დროს მიეცა, რადგან  მეოთხე კურსზე სტუდენტს უკვე შესწავლილი აქვს ძირითადი აკადემიური კონცეფციები, გავლილი აქვს სავალდებულო საგნები და უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი პროფესიული ინტერესები. სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ მეოთხე კურსის პირველი სემესტრი იდეალური პერიოდია საზღვარგარეთ სწავლისთვის.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში  იგი  რიგაში, ლატვიის უნივერსიტეტში მოხვდა,  სადაც ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა  აკადემიურ მიმართულებასთან დაკავშირებულ საგნებს. ამბობს, რომ საზღვარგარეთ სწავლამ მის  მოლოდინებს გადააჭარბა: „საზღვარგარეთ სწავლისას  არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ მნიშვნელოვანი პიროვნული გამოცდილებაც შევიძინე, ვისწავლე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საერთაშორისო გარემოში ადაპტაცია. ეს სემესტრი ჩემთვის გახდა თვითგანვითარებისა და პროფესიული ხედვის გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩემი ცხოვრების ეს თავი სამუდამოდ მემახსოვრება.  ეს იყო მხოლოდ ხუთი თვე, მაგრამ შინაარსობრივად და ემოციურად ძალიან დამუხტული,  ვინაიდან ისეთი მდიდარი გამოცდილება მივიღე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პიროვნულად მნიშვნელოვნად გავიზარდე და, ამავდროულად, გამიჩნდა კიდევ უფრო ძლიერი მოტივაცია პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნავს მარიამ ნიკურაძე.

მიმღებ უნივერსიტეტში სწავლების პროცესი უფრო მეტად პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე იყო ორიენტირებული.  როგორც მარიამი ამბობს, დიდი ყურადღება ექცეოდა პროცესებში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას, ჯგუფურ მუშაობას, პრეზენტაციებსა და კვლევით პროექტებს, მაშინ, როცა საქართველოში სწავლება უფრო თეორიულ ჩარჩოებს ეფუძნება.  სწორედ ამ განსხვავებას უსვამს ხაზს სტუდენტი და აღნიშნავს: ,,ამ განსხვავებამ მნიშვნელოვნად გამიუმჯობესა დამოუკიდებელი მუშაობისა და კრიტიკული ანალიზის უნარები.  ჩემზე  განსაკუთრებული  შთაბეჭდილება მოახდინა ერთ-ერთმა საგანმა, რომელიც ფოკუსირებული იყო განათლების გარემოზე:  ჩვენ  ვესტუმრეთ  სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებს, მათ შორის, მონტესორისა და ვალდორფის სკოლებს, სადაც სტუდენტები ვაკვირდებოდით სწავლა-სწავლების პროცესსა და გაკვეთილის მიმდინარეობას.  ასევე, ჩვენ ვეწვიეთ განათლების სამინისტროს, სადაც სიღრმისეულად გავეცანით განათლების სისტემას, როგორც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. ამავე საგნის ფარგლებში მე წარმოვადგინე საქართველოს განათლების სისტემა და სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს გავაცანი ქართული საგანმანათლებლო სივრცის თავისებურებები, პარალელურად კი გავეცანი სხვა ქვეყნების განათლების მოდელებს. ამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიღრმავა ინტერესი განათლების მეცნიერებების მიმართ და დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანახვა“.

რაც შეეხება თსუ-ში სწავლას, მარიამი ამ კუთხით პირველ რიგში ლექტორების პროფესიონალიზმს და მათ მხარდაჭერას გამოყოფს. მისი მიზადასახულობა კი წარმატების საწინდრად მიაჩნია: „ჩემი „წარმატების ისტორია“ არის მიზანდასახულობის, შრომისა და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის შედეგი. თითოეული  გამოწვევა,  რომელსაც  გზაზე  შევხვდი,  დამატებით მოტივაციად ვაქციე და საბოლოოდ მივაღწიე მიზანს – საერთაშორისო  აკადემიური გამოცდილების  მიღებას.  ჩემი უდიდესი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა მიიღოს საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება, თუნდაც ერთი სემესტრის განმავლობაში. ეს პერიოდი რადიკალურად ცვლის ადამიანის შინაგან სამყაროს, ემოციურ მდგომარეობასა და თვითშეფასებას; ამავდროულად, ავითარებს მრავალმნიშვნელოვან  უნარ-ჩვევას,  რომლებიც  დამოუკიდებელ  ცხოვრებასთან არის დაკავშირებული“, – ამბობს მარიამ  ნიკურაძე. 

Facebook
Twitter
LinkedIn