მეწარმეობასთან დაკავშირებული გამოწვევების სისტემური კვლევა და ანალიზი გულნაზ ერქომაიშვილის ახალ ნაშრომში

თარიღი: 2026-03-26 20:59:45

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება ქვეყნისთვის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის წინაპირობაა. რას აკეთებს სახელმწიფო ამ სექტორის გაძლიერებისთვის? ინფორმაციისთვის: „აწარმოე საქართველოში“ 2026 წლისთვის გეგმავს ახალ ინიციატივებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს სესხის პროცენტის სუბსიდირების განაკვეთის 2 პროცენტული პუნქტით გაზრდას და მეწარმეების ფინანსური ტვირთის მნიშვნელოვან შემცირებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ინერგება ინდივიდუალური საგამოფენო გრანტების სისტემა, რომელიც ექსპორტიორებს საშუალებას აძლევს თავად შეარჩიონ პრიორიტეტული ბაზრები და მიიღონ ხარჯების 90 %-მდე დაფინანსება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე, რაც მოიცავს სპეციალურ საგრანტო კომპონენტს წარმოების ავტომატიზაციისა და ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისთვის. პარალელურად, მაღალტექნოლოგიური ჰაბის ფორმირების მიზნით, ძალაში შედის 5%-იანი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი კვლევისა და განვითარების (R&D) სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის. მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30,000 ლარამდე იზრდება, ხოლო პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ენერგოეფექტური და „მწვანე“ ტექნოლოგიების სტიმულირება ადგილობრივ წარმოებაში. ასეთი გახლავთ ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ქართული პრესის საშუალებით.

უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის დეფიციტი, რომელიც მეწარმეობის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს გააშუქებდა. სწორედ ამ სიცარიელის შევსებაში ითამაშა განსაკუთრებული როლი თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა გულნაზ ერქომაიშვილმა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მეწარმეობასთან დაკავშირებული გამოწვევების სისტემური კვლევა და ქართულ აკადემიურ სივრცეს არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი შესძინა. მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ ნაშრომებს, როგორებიცაა: „მეწარმეობის ფორმირებისა და განვითარების თავისებურებანი საქართველოში“ (2004), „მეწარმეობის საფუძვლები“ (2009), „რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა – ბიზნესმეწარმეობიდან სოციალური მეწარმეობისაკენ მამოძრავებელი ძალა“ (2019), „მეწარმეობის წარმოშობისა და განვითარების ისტორია საქართველოში“ (2022), რაც თანმიმდევრულად გვაჩვენებს, როგორ ვითარდებოდა ეს სფერო საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე იდგა. ამ მრავალწლიანი მუშაობის ერთგვარ შეჯამებად შეიძლება ჩაითვალოს 2026 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნი – მეწარმეობის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“, რომელიც ავტორის დაგროვილ გამოცდილებას და ხედვას ერთ სივრცეში აერთიანებს.

                      ,,საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიის ანალიზი“

„მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში იგივე გამოწვევები დგას, რაც მრავალ განვითარებად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის მოქმედი საწარმოების უდიდესი ნაწილი, მათი წვლილი მთლიან სამამულო პროდუქტში კვლავ ძალიან დაბალია“, – ვკითხულობთ წიგნის შესავალში, სადაც მცირე და საშუალო მეწარმეობის როლი თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად არის წარმოდგენილი.

ნაშრომში მეწარმეობა განხილულია როგორც ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ფენომენი, რომელიც აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტებს. ავტორი მკითხველს სთავაზობს ფართო სურათს – დაწყებული მეწარმეობის არსის განსაზღვრიდან, დამთავრებული მისი განვითარების ისტორიული რეტროსპექტივით საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში არსებულ სამეწარმეო პრაქტიკას, საბჭოთა პერიოდში არსებული ეკონომიკური ელემენტების თავისებურებებს და გარდამავალი პერიოდის გამოწვევებს, როდესაც ქვეყანა საბაზრო ეკონომიკის პირობებში იწყებდა ფუნქციონირებას. ამ ისტორიული ჭრილის ფონზე ნათლად იკვეთება თანამედროვე ეტაპის სპეციფიკაც, მათ შორის, საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიის ანალიზი, რაც მკითხველს აძლევს შესაძლებლობას – დაინახოს მეწარმეობის განვითარების დინამიკა დროში.

ავტორი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ინოვაციის მნიშვნელობას, როგორც მეწარმეობის განუყოფელ ნაწილს. ხაზგასმულია, რომ ახალი კონკურენტების გამოჩენა მეწარმეებს აიძულებს მუდმივად ეძებონ სიახლეები და შეიმუშაონ ინოვაციური სტრატეგიები, რაც საბოლოოდ ზრდის როგორც კონკრეტული ბიზნესის, ისე ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას. ამავე კონტექსტში განხილულია სახელმწიფო პოლიტიკის როლიც – დეტალურად არის შეფასებული ისეთი პროგრამები, როგორებიცაა – „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, „სტარტაპ საქართველო“, ENPARD და „დანერგე მომავალი“, რომლებიც მიზნად ისახავს დამწყები მეწარმეების მხარდაჭერას და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას.

რატომ ფასდება დადებითად ახალი საგადასახადო სისტემა?

პროფესორ გულნაზ ერქომაიშვილისნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საგადასახადო პოლიტიკას, როგორც მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ ინსტრუმენტს. განხილულია საგადასახადო სისტემის ევოლუცია საქართველოში, გადასახადების სახეები და მათი გავლენა ბიზნესგარემოზე.  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელსაც. ავტორი ამას საკმაოდ მარტივად ხსნის და აღნიშნავს, რომ ახალი საგადასახადო სისტემა, საერთო ჯამში, დადებითად უნდა შევაფასოთ. მისი თქმით, უკვე ჩანს კონკრეტული შედეგები – იზრდება ინვესტიციები და ქვეყნის ეკონომიკის საერთო მოცულობაც მატულობს. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზეც და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე.

                              ბიზნესკომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ხელოვნება

ეკონომიკური ურთიერთობების სირთულიდან გამომდინარე, წიგნის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ბიზნესკომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ხელოვნებაზე. ნაშრომში დეტალურად არის განხილული შეთანხმებების მიღწევის, კონტრაქტების გაფორმებისა და საქმიანი ურთიერთობების მართვის სტრატეგიები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე გლობალიზებულ ეკონომიკაში.

როგორც თსუ-ს ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი  აღნიშნავს: „ნაშრომში განხილულია მოლაპარაკებების წარმართვის, შეთანხმებების მიღწევისა და  ხელშეკრულებების გაფორმების  ხელოვნება.  წინა პლანზე წამოიწია   მეწარმეობის განვითარებაში ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებმა. ეკონომიკური დიპლომატია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის დაცვის ძლიერი ინსტრუმენტია. იგი, როგორც საჯარო ადმინისტრირების მექანიზმი, ხელს უწყობს სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობის ზრდას“.

ნაშრომში რისკის თემაც საკმაოდ გასაგებად არის გადმოცემული. მეწარმეობა, როგორც ავტორი წერს, „რისკიანი საქმეა“, ამიტომ აუცილებელია მისი შეფასება და მართვა. აქვე საუბარია სადაზღვევო სისტემაზე და იმაზე, რომ საქართველოში ეს სფერო თანდათან ფართოვდება, რაც ბიზნესისთვის დამატებით უსაფრთხოებას ქმნის.

                          ,,ხელოვნური ინტელექტი არ ანაცვლებს მეწარმეს

წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული ტექნოლოგიების როლს ეკონომიკის განვითარებაში. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებთან სწრაფი ინტეგრაცია და ციფრული სამეწარმეო კულტურის განვითარება. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხელოვნური ინტელექტის როლის განხილვა მეწარმეობაში. ნაშრომში წარმოდგენილია როგორც მისი უპირატესობები, ასევე გამოწვევები. ავტორი მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ ხელოვნური ინტელექტი არ ანაცვლებს მეწარმეს, არამედ აძლიერებს მას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის განვითარებისთვის.

ტექსტი ასევე ეხება სოციალური მეწარმეობის საკითხს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება. გაანალიზებულია ამ სფეროს განვითარების ტენდენციები საქართველოში, გამოვლენილია ხელშემშლელი ფაქტორები და წარმოდგენილია წარმატებული მაგალითები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც წარმოდგენილია როგორც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.

                                                                        . . .

წიგნი  – „მეწარმეობის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“ – წარმოადგენს არა მხოლოდ აკადემიურ ნაშრომს, არამედ პრაქტიკულ გზამკვლევსაც, რომელიც ერთდროულად საინტერესოა სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვისა და ბიზნესით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. წიგნის რედაქტორია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი და თსუ-ს ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის პროფესორი რევაზ გველესიანი,  ხოლო რეცენზენტი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი  გივი ბედიანაშვილი. ნაშრომი შესრულდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრაზე.

Facebook
Twitter
LinkedIn