საერთაშორისო კონფერენცია და კულტურის კვლევების ინსტიტუტის სამომავლო გეგმები
5 მარტს თსუ-ს კულტურის კვლევების ინსტიტუტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „იდენტობა, მეხსიერება და XX-XXI საუკუნეების ისტორიული ტეხილები“. ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი მკვლევრები მოხსენებებით წარსდგნენ და თანამედროვეობის აქტუალური საკითხები განსხვავებული პერსპექტივებიდან განიხილეს.
,,მე-20 და 21-ე საუკუნეები გარდამტეხი ისტორიული მოვლენებით გამოირჩევა. მსოფლიო ომებმა, რევოლუციებმა, ცივი ომის დასრულებამ და რუსეთის ომმა უკრაინაში არაერთხელ შეცვალა მსოფლიო წესრიგი. ეს პროცესები დღესაც გრძელდება და დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების იდენტობასა და კოლექტიურ მეხსიერებაზე. ევროპასა და კავკასიაში ეს ცვლილებები განსაკუთრებით მწვავედ აისახა. ჩვენი კონფერენციის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ამ რთული პოლიტიკური პროცესების, კულტურული ტრავმებისა და დაგროვილი გამოცდილების შესახებ ცოდნა ერთმანეთს გავუზიაროთ და ახალ კვლევებს შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და, ამავდროულად, მომხსენებელი გახლდათ.
კონფერენციის მთავარ სტუმრად მიწვეული იყო ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მკვლევარი, აშშ-ს ილინოისის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი მარია ტოდოროვა. მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომის და ავიამიმოსვლის გლობალური შეფერხების გამო მან თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, პროფესორი დისტანციურად სრულად იყო ჩართული სესიებში. თავის საჯარო ლექციაზე მან ქართული აუდიტორიისთვის საინტერესო პარალელები გაავლო ილია ჭავჭავაძისა და ბულგარელი ეროვნული გმირის, ვასილ ლევსკის ფიგურებს შორის, ასევე მე-19 საუკუნის საქართველოში ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებას დაუკავშირა. ორგანიზატორთა შეფასებით, საქართველოს ისტორიის მსგავს გლობალურ კონტექსტში შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ნორვეგიის ნორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენკ იაკობი, რომელმაც რევოლუციების ტიპოლოგიაზე ისაუბრა. ამის გარდა, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ილია ჭავჭავაძის ფიგურის რეკონსტრუქცია 1980-იან წლებში (ირაკლი ჩხაიძე), გმირის წინააღმდეგობრივი სახე კოლექტიურ მეხსიერებაში: ზვიად გამსახურდია (ნინო ჩიქოვანი), ნათან ელიაშვილის თარგმანები, როგორც მედიუმები ცვლილებათა ეპოქაში (ქეთევან კაკიტელაშვილი), „კომუნიზმის მშენებელი“ როგორც იდენტობა – ცენზურა 1920-1930 წლების კომუნისტურ საქართველოში (დალილა გოგია), ბალკანეთის რეგიონის თავისებურებები (მარია ტოდოროვა) და სხვა.
კულტურის კვლევების ინსტიტუტის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მაისში ინსტიტუტის დოქტორანტები სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან ნორვეგიაში მოკლევადიან სასწავლო კურსზე. მანამდე ქართველი პროფესორებიც ეწვევიან ნორდის უნივერსიტეტს ევროკომისიისთვის წარსადგენი დიდი საერთაშორისო პროექტის მოსამზადებლად. გარდა ამისა, ინსტიტუტი შემოდგომაზე თბილისში კიდევ ერთი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გეგმავს, სადაც ნორვეგიელი, სლოვენიელი და ისრაელელი კოლეგების, ასევე მარია ტოდოროვას სტუმრობას ელიან.
რაც მთავარია, ამ დროისთვის ინსტიტუტის ბაზაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებულ სამ კვლევით პროექტზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ამ სამეცნიერო პროექტების შემაჯამებელი შედეგების წარდგენა მომავალში უკვე გლობალურ ასპარეზზე – აშშ-ში, ილინოისის უნივერსიტეტსა და ევროპაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში იგეგმება.
