ნინო ზერეკიძის შთაბეჭდილებები მასარიკის უნივერსიტეტში გატარებულ ერთ სემესტრზე
გაცვლით პროგრამებში სტუდენტების ჩართულობა იმ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ცოდნის მიღების პარალერულად, უფრო ახლოს გაეცნონ სხვა ქვეყნების კულტურას, ტრადიციებს; გაანალიზონ – თუ რამდენად განსხვავდება თსუ-ში მიმდინარე სასწავლო პროცესი ევროპულისგან და სხვ.
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ნინო ზერეკიძე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩეხეთში, ქალაქ ბრნოში, მასარიკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, საიდანაც შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა.
„პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის გაცვლით პროგრამაში მოხვედრა მაინცდამაინც დიდ სირთულეებთან არ ყოფილა დაკავშირებული, რადგან პირველივე მცდელობაზე შევძელი კონკურსის წარმატებით გავლა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ იმ მეგობრების რჩევები და გამოცდილებაც გავითვალისწინე, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს. შეიძლება ითქვას, რომ თავად საკონკურსო ეტაპების გავლა არც თუ ისე იოლია: მოიცავს ენის ტესტს, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილების მომზადებას, საგნების შერჩევას მასპინძელ უნივერსიტეტში და, საბოლოოდ, ინტერვიუს. თუმცა, როგორც ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა, რაც, რა თქმა უნდა, გავითვალიწინე“, – ამბობს ნინო.
რა ცოდნა შეიძინა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში და რა გამოცდილება შესძინა მას საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლამ? – ამ კითხვაზე ნინო ზერეკიძეს თავისი მოსაზრება აქვს: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა მყარი აკადემიური საფუძველი, რაც განსაკუთრებით დამეხმარა საზღვარგარეთ სწავლის პროცესში. სწორედ თსუ-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გახდა ის საფუძველი, რომელმაც მომცა მოტივაცია და შესაძლებლობა ჯერ გაცვლით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო შემდეგ მიმღებ უნივერსიტეტში ყველა საგნის წარმატებით დასახურად.
მასარიკის უნივერსიტეტში სწავლების მეთოდები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თსუ-სგან. პირველ რიგში, განსხვავებული იყო საგნების სტრუქტურა, კრედიტებისა და შეფასების სისტემა. თუ თსუ-ში ყველა საგანი 100-ბალიანი სისტემით ფასდება, მასარიკის უნივერსიტეტში შეფასების კრიტერიუმებს თავად ლექტორები ადგენდნენ. მაგალითად, მქონდა საგანი, რომელიც 24-ქულიანი იყო და მხოლოდ 3 ქულის დაკლების შემთხვევაში უკვე B შეფასებას იღებდი. ასევე, ყველა ლექციას არ მოჰყვებოდა სემინარი, ზოგიერთ საგანში მაქსიმუმ ორი სემინარი ტარდებოდა. განსაკუთრებით მომეწონა ე.წ. *reading week*, რაც გულისხმობს ერთკვირიან შესვენებას, რომლის დროსაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა უკვე ახსნილ მასალას დაეწიონ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, თსუ-ში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ძალიან გამომადგა და განსხვავებულ აკადემიურ სისტემასთან ადაპტირება მარტივად შევძელი.
საზღვარგარეთ ერთი სემესტრით სწავლამ, აკადემიური გამოცდილების გარდა, საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც შემძინა და უფრო თავდაჯერებული გამხადა. სხვა ქვეყანაში დამოუკიდებლად მომიწია მრავალი გამოწვევის დაძლევა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავიცანი ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან, უკეთ გავეცანი სხვა კულტურებს, ვიმოგზაურე და მოვინახულე მრავალი ისტორიული ადგილი, რაც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო“, – ამბობს ნინო.
ნინო თვლის, რომ მის აკადემიურ მიღწევებში ძალიან დიდი წვლილი, პირველ რიგში, მეგობრებს ეკუთვნით. ,,როდესაც სამეგობროში ყველა ერთმანეთზე წარმატებულია, ავტომატურად გიჩნდება მოტივაცია, თავადაც მაქსიმალურად ჩაერთო ყველაფერში და თან მუდმივ მხარდაჭერასაც გრძნობ. პირველი კურსი ჩემთვის განსაკუთრებით რთული იყო, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია და ადაპტაციის პერიოდი გამიჭირდა. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერს გავუგე, დავიწყე სტიპენდიის მიღება, შემდეგ მონაწილეობა მივიღე გაცვლით პროგრამაში, ახლა კი უკვე მეორე გაცვლით პროგრამაშიც ჩავერთე“, – ამბობს ნინო ზერეკიძე, რომელმაც თავისი წარმატების ისტორია საზღვარგარეთ საუკეთესოდ სწავლის გამოცდილებითაც გაამდიდრა. მას წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და ფიქრობს, რომ დაგროვილ ცოდნას მომავლის სწორად დაგეგმვასაც შეუხამებს.
