კესო კაკაურიძემ გერმანიაში სწავლისას უნიკალური გამოცდილება მიიღო

თარიღი: 2026-03-13 16:23:57

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი კესო კაკაურიძე გერმანიაში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. მისთვის ეს განსაკუთრებული გამოწვევა იყო – ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტმა ერთი სემესტრი ზაარლანდის უნივერსიტეტის „ევროპის ინსტიტუტის“ (Europa-Institut) ევროპული და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა. იქ მას ლექციებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები და ევროკავშირის უმაღლესი რანგის პრაქტიკოსები უკითხავდნენ.

როგორც კესო ამბობს, გაცვლითი პროგრამების კონკურსის მთავარი სირთულე მაღალი კონკურენციაა, რის დასაძლევადაც მხოლოდ კარგი ნიშნები საკმარისი არ არის. ,,კანდიდატებს სჭირდებათ მკაფიო მიზნები, ძლიერი მოტივაცია და მზადყოფნა საერთაშორისო აკადემიურ გარემოში მუშაობისთვის“, – აღნიშნა სტუდენტმა ჩვენთან საუბარში.

საზღვარგარეთ სწავლა კესოსთვის არა მხოლოდ აკადემიურად და პიროვნულად, არამედ პროფესიულადაც მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, უცხო ქვეყანაში ცხოვრება და სწავლა აყალიბებს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, აძლიერებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარს და განამტკიცებს საკუთარი შესაძებლობების რწმენას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამდე კესო საჯარო სამსახურში მუშაობდა და ევროკავშირის დირექტივების ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანის პროცესში იყო ჩართული. გერმანიაში მიღებულმა გამოცდილებამ კი ეს ყველაფერი ახალი კუთხით დაანახა.

„ევროკავშირის სამართლის სიღრმისეულმა შესწავლამ ბევრად უფრო ნათლად გამაგებინა სამართლებრივი ლოგიკა, ინსტიტუციური მექანიზმები და ნორმების პრაქტიკული ფუნქციონირება. ჩემთვის განსაკუთრებულად ღირებული იყო ის, რომ სასწავლო პროცესში ბრიუსელიდან, ლუქსემბურგიდან და სტრასბურგიდან მოწვეული ევროკავშირის ინსტიტუციურ სივრცეში მოქმედი პრაქტიკოსები იყვნენ ჩართულნი. ასეთი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების ერთ სივრცეში მიღება უნიკალური შესაძლებლობა იყო“, – იხსენებს სტუდენტი.

კესოსთვის განსხვავებული და მოულოდნელი აღმოჩნდა სასწავლო პროცესის დინამიკაც ზაარლანდის უნივერსიტეტში. „თუ საქართველოში მთელი სემესტრის განმავლობაში ერთ საგანს ვსწავლობთ, იქ მაქსიმალური ინტენსივობა დამხვდა: ერთი კონკრეტული კურსი დილიდან საღამომდე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაშინვე გამოცდით სრულდებოდა. ერთ კვირაში უნდა ამეთვისებინა მასალა, რომელსაც საქართველოში თვეებს ვუთმობთ. თავიდან ეს პროცესი რთული იყო, თუმცა საბოლოოდ მასწავლა მთავარი – როგორ შევინარჩუნო მაღალი პროდუქტიულობა მცირე დროში და როგორ ვმართო ინტელექტუალური რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად“.

მიუხედავად ახალი გამოწვევებისა, ევროპულ სისტემასთან ადაპტაციაში მას მშობლიურ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა დაეხმარა. თსუ-მ მას მისცა შესაძლებლობა, ესწავლა ქართული კანონმდებლობის შემქმნელებისგან და გამოემუშავებინა სამართლებრივი მსჯელობისა თუ კრიტიკული აზროვნების უნარი. ასე რომ, თსუ-სა და გერმანიაში შეძენილი ცოდნა კესოს მომავალი პროფესიული განვითარებისთვის ძლიერ საფუძველს ქმნის.

Facebook
Twitter
LinkedIn